x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
საბჭოთა კავშირის ინტერვენცია ავღანეთში

imageავღანეთში ჯარის შეყვანა საბჭოთა მოქალაქეებისთვის ამოუხსნელი მოვლენა იყო. რისთვის იყო ეს საჭირო? ერთერთი ვერსია ის გახლდათ, თითქოს ავღანეთში ამერიკელები "პერშინგის" რაკეტების განთავსებას აპირებდნენ, ანუ გამოდიოდა, რომ საბჭოთა ინტერვენცია ამერიკელების მიერ იყო ინსპირირებული. შინაურულად უფრო მეტად იმაზე საუბრობდნენ, რომ ავღანეთში ფუნდამენტალისტური ისლამის გავრცელება საბჭოთა შუა აზიას ემუქრებოდა.

ავღანეთი ერთი უაღრესად ჩამორჩენილი, გარეშე სამყაროსაგან მივიწყებული ქვეყანა იყო. 1933 წლიდან მას მეფე ზაჰირ შაჰი მართავდა. ქაბულს კარგი ურიერთობა ჰქონდა მოსკოვთან, ცოტ-ცოტას ვაჭრობდა აღმოსავლეთის და დასავლეთის ქვეყნებთანაც. ავღანეთში მრავალი წლის სიმშვიდე 1973 წელს დაირღვა, როდესაც სამეფო ოჯახის წევრმა მუჰამედ დაუდმა სახელმწიფო გადატრიალება მოაწყო და საკუთარი თავი ავღანეთის რესპუბლიკის პრეზიდენტად გამოაცხადა. ზაჰირ შაჰი იძულებული გახდა საფრანგეთში წასულიყო ემიგრაციაში. ამ დღიდან იწყება და ჯერაც გრძელდება ავღანეთის ტრაგედია.

1978 წელს ავღანეთის სახალხო-დემოკრატიული პარტიის წევრმა სამხედროებმა და ადგილობრივმა კომუნისტებმა საკუთარ რეზიდენციაში მოკლეს დაუდი და ამას საურის, ანუ აპრილის რევოლუცია დაარქვეს. უმაღლეს ხელისუფლებად რევოლუციური საბჭო გამოცხადდა, ხოლო ქვეყანას ახლა ავღანეთის დემოკრატიული რესპუბლიკა დაარქვეს. რევსაბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარედ გამოცხადდა ნურ მუჰამედ თარაქი, ხოლო მის მოადგილედ – ჰაფიზულა ამინი. თარაქი პირწავარდნილი მარქსისტი იყო, ამიტომ მისი ხელისუფლებაში მოსვლა მოსკოვში დიდ წარმატებად ჩათვალეს. საბჭოთა კავშირმა ცნო ახალი ხელისუფლება. მოსკოვმა მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებაც კი გააფორმა ქაბულთან. იმავდროულად ავღანეთში და პაკისტანის ტერიტორიაზე იქმნება ოპოზიციური ორგანიზაციები, რომლებსაც ხელმძღვანელობენ მომავალში ცნობილი ჰეკმათიარი და რაბანი.
1978 წლის დეკემბერში ტერორისტებმა ქაბულში გაიტაცეს აშშ-ის ელჩი, რომელიც მისი განთავისუფლების ოპერაციის დროს დაიღუპა. ქაბულსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობა გაუარესდა. ქვეყნის პროვინციებში ქაბულის ახალი რეჟიმის წინააღმდეგ მღელვარება დაიწყო, რითაც ოპოზიციური დაჯგუფებები სარგებლობდნენ. თარაკიმ თხოვნით მიმართა მოსკოვს სამხედრო დახმარების შესახებ, რაზეც კრემლში ერთხანს ფიქრობდნენ. მოგვიანებით ცნობილი გახდა კოსიგინის სატელეფონო საუბარი თარაქისთან.
საბჭოთა პრემიერი დაინტერესდა, თუ მოსახლეობის რაოდენ დიდი ნაწილი უჭერდა მხარს ავღანეთის მთავრობას. თარაქის პასუხიდან კოსიგინმა დაასკვნა, რომ რეალურად მისი მხარდამჭერები მხოლოდ საბჭოთა ჯარისკაცები იქნებოდნენ, რის გამოც მან ამ თხოვნაზე ფაქტობრივად უარი განაცხადა.

1979 წლის ივლისში ქაბულს მაღალი დონის საბჭოთა პარტიული დელეგაციაც ეწვია, რომელსაც თარაქიმ კვლავ მიმართა თხოვნით სამხედრო დახმარების შესახებ. ქვეყანაში ფაქტობრივად უკვე სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა, მაგრამ მოსკოვი ჯერ მოვლენებს აკვირდებოდა. იმავე წლის 14 სექტემბერს ამჯერად ვიცე-პრემიერმა ჰაფიზულა ამინმა მოაწყო გადატრიალება. მან თარაქი ჯერ დააპატიმრა, ხოლო შემდეგ, რამდენიმე დღეში მოაკვლევინა კიდეც. საბჭოთა კავშირი იძულებული იყო ეღიარებინა ამინის ხელისუფლება, თუმცა მოსკოვში საკმაოდ შეშფოთებული იყ­ვნენ ბოლო მოვლენებით. საბჭოთა ხელმძღვანელობა ამინს თითქმის არ იცნობდა, სპეცსამსახურები კი ამერიკის კაცად მიიჩნევდნენ მას და არ ენდობოდნენ. გაჩნდა ეჭვი, რომ ამინი ეგვიპტის პრეზიდენტ სადათივით უპირებდა საბჭოთა კავშირს "გაცურებას".
ქვეყნის მართვის საქმეებში ამინი რადიკალი აღმოჩნდა. მან დაიწყო მიწის რევოლუციური რეფორმის განხორციელება, რითაც ყველა დაიპირისპირა. ჩამორჩენილ, ფეოდალურ ავღანეთში ამინის "პროგრესულმა" პოლიტიკამ შეიარაღებული ბუნტები გამოიწვია. სიტუაციის დასარეგულირებლად ამინმა ამერიკელებთან დაიწყო ურთიერთობების ძიება, რითაც კიდევ უფრო გაამწვავა მოსკოვის ეჭვები.
ამინი გრძნობდა მოახლოებულ საფრთხეს, რის გამოც მან ოპოზიციისაგან საკუთარი რეზიდენციის დასაცავად მოსკოვს ორი ბატალიონის გაგზავნა სთხოვა. ამ თხოვნაზე მოსკოვი უცბად დათანხმდა. ოღონდ, სრულიად საიდუმლოდ, სამხედროებთან ერთად ქაბულში ამინის ყოფილი მარჯვენა ხელი – ბაბრაკ ქარმალიც გააგზავნეს.
image
25 დეკემბერს დაიწყო სამხედრო ინტერვენცია. საბჭოთა სადესანტო ჯარებმა დაიკავეს აეროპორტი და ყველა სხვა სტრატეგიული ობიექტი. წინა დღეს ავღანელი ჯარისკაცების ფორმაში გადაცმულმა საბჭოთა “ალფა" და "ზენიტის" სპეცრაზმებმა პრეზიდენტის სასახლეში ამინი სიცოცხლეს გამოასალმეს. ვერაგობა ის იყო, რომ სპეცრაზმები, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამინმა თავის დასაცავად მიიწვია ავღანეთში. რამდენიმე საათში ავღანეთის ახალმა "ლიდერმა" ბაბრაქ ქარმალმა რადიოთი მიმართა ხალხს და მხარდაჭერა სთხოვა.
უაღრესად საყურადღებოა, რომ იმჟამად ქარმალს ქაბულში არანაირი ოფიციალური პოსტი არ ეკავა, იგი ჩეხოსლოვაკიაში მუშაობდა ელჩად.
ახლა კი ქარმალი ქვეყნის პრემიერ-მინისტრად და მმართველი სახალხო-დემოკრატიული პარტიის გენერალურ მდივნად "ინიშნებოდა". ამგვარად, მორიგი სისხლიანი გადატრიალება ქაბულში უკვე საბჭოთა ოკუპანტებმა განახორციელეს.
მსოფლიო აღშფოთებული იყო საბჭოთა ინტერვენციის გამო. აშკარა პროტესტს გამოთქვამდნენ მოსკოვისადმი კეთილგანწყობილი მიუმხრობელი ქვეყნებიც კი, მაგალითად, ინდოეთი. აღარაფერს ვამბობთ დასავლეთის ქვეყნებზე. ერთია, როდესაც საბჭოთა ჯარი მოსკოვის გავლენის სფეროში – უნგრეთში, ჩეხოსლოვაკიაში, გდრ-ში "დასეირნობდა", მაგრამ ავღანეთი ხომ ნეიტრალური ქვეყანა იყო. ვინ მიიწვია საბჭოთა ჯარი ავღანეთში? ვინ იყო ქარმალი? ვინ დანიშნა იგი პრემიერ-მინისტრად? ამ კითხვებზე არანაირი პასუხი არ იყო.

ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე გრომიკომ ისე გრძლად დაიწყო სიტუაციის ახსნა, რომ ჟურნალისტთა ნაწილმა დარბაზი დატოვა. მიხვდნენ, რომ პასუხს ვერ ეღირსებოდნენ. თავის მოგონებებში გრომიკო წერს: "გადაწყვეტილება ავღანეთში შეზღუდული საბჭოთა კონტინგენტის შეყვანის შესახებ მიღებულ იქნა მეგობარი ავღანელი ხალხისათვის ინტერნაციონალური დახმარების აღმოჩენის მიზნით, ასევე ზოგიერთი არამეგობრული სახელმწიფოს მხრიდან ანტიავღანური აქციების შესაჩერებლად".
საინტერესოა, რომ გრომიკოს მიერ ნახსენები ტერმინი "შეზღუდული კონტინგენტი" შემდგომში საბჭოთა პროპაგანდის კლიშედ იქცა. არადა, ეს "შეზღუდული" რაოდენობა რეალურად გულისხმობდა: 5 ბრიგადას, 4 დივიზიას, სამხედრო ავიაციის 4 პოლკს, ვერტმფრენთა 3 პოლკს, ასევე მმართველობის სამსახურებს, სუკ-ისა და მესაზღვრეების სპეციალურ დანაყოფებს. მომდევნო პერიოდში ავღანეთში საბჭოთა ჯარის რაოდენობა 100 ათასამდე გაიზარდა.
ამბობენ, რომ ბრეჟნევს გულით არ უნდოდა ავღანეთში ჯარის შეყვანა, დიდხანს ყოყმანობდა, ფეხს ითრევდა. მაგრამ სამხედროებმა ბოლოს დაარწმუნეს იგი ასეთი ოპერაციის აუცილებლობაში და აღუთქვეს, რომ ყველაფერი რამდენიმე კვირაში დამთავრდებოდა. ამ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მიღებას პოლიტბიუროს რამდენიმე წევრი არ ესწრებოდა. შეიძლება, მათაც ჩემსავით გაზეთებიდან გაიგეს ეს ამბავი.

საბჭოთა ინტერვენცია ვერც რამდენიმე კვირასა და ვერც რამდენიმე თვეში დამთავრდა. იგი უფრო და უფრო დამანგრეველ მასშტაბებს იღებდა.
ჯერ კიდევ 1960-იან წლებში ხრუშჩოვი საბჭოთა ხალხს ჰპირდებოდა, რომ 1980 წლისათვის ისინი კომუნიზმში იცხოვრებდნენ. მოგვიანებით ხუმრობდნენ, 1980 წელს პარტიის მიერ დაპირებული კომუნიზმის ნაცვლად ოლიმპიური თამაშები გვექნებაო. მაგრამ ავღანეთის მოვლენებმა მოსკოვის ოლიმპიადაც "ჩააფლავა". მსოფლიოს სახელმწიფოთა დიდმა ნაწილმა მას ბოიკოტი გამოუცხადა.
მაშინ ჩვენ ბევრი რამ არ ვიცოდით და არც შეიძლებოდა გვცოდნოდა. კერძოდ, ის, რომ ვაშინგტონში ინტერვენციამდე 9 თვით ადრე ცდილობდნენ გაეთვალათ საბჭოთა გეგმები.

უკვე 1979 წლის მარტში ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოში მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ თარაქის რეჟიმის დასაცავად საბჭოთა კავშირი ავღანეთში საჯარისო ნაწილებს შეიყვანდა. მაგრამ მათი მიზანი იქნებოდა არა სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაციების წარმოება, არამედ სტრატეგიული ობიექტების დაცვა და სამთავრობო ჯარისათვის ლოჯისტიკური დახმარების აღმოჩენა. როგორც მოგვიანებით დადასტურდა, სამხედრო თვალსაზრისით საბჭოთა სტარტეგების მთავარი შეცდომა სწორედ ის იყო, რომ მათ მთლიანად თავის თავზე აიღეს საომარი მოქმედებების წარმოება და პრაქტიკულად გვერდზე გასწიეს ავღანეთის სამთავრობო შეიარაღებული ძალები.
ამერიკელები ასევე სწორად ვარაუდობდნენ, რომ ავღანეთის საქმეებში სამხედრო ჩარევა დაძაბავდა მოსკოვის ურთიერთობებს მეზობელ ირანთან და პაკისტანთან, ასევე მთლიანად მუსლიმურ სამყაროსთან. იმავე 1979 წლის ივლისში, პრეზიდენტ კარტერის გადაწყვეტილებით, გამოიყო მცირე თანხა – 500 ათას დოლარამდე მუჯაჰედების დასახმარებლად. ჯერ ლაპარაკი იყო მხოლოდ პროპაგანდისტულ აქციებზე. მაგრამ ორიოდე თვეში, პაკისტანის პრეზიდენტ ზია ულ-ჰაკის ზეწოლითაც, დაიწყო მუჯაჰედებისათვის იარაღის პირველი პარტიების მიწოდება.
image
საბჭოთა ინტერვენციის დაწყების შემდეგ აშშ-ის დახმარება მნიშვნელოვნად გაიზარდა. ავღანეთში საბჭოთა სამხედრო კამპანიის წინააღმდეგ აშშ-მა კოალიცია შექმნა საუდის არაბეთთან და პაკისტანთან, რაც სამომავლოდ გადამწყვეტი ფაქტორი იყო.
აშშ-ის ადმინისტრაციაში ამ საქმეს პოლიტიკური თვალსაზრისით უმთავრესად ზბიგნევ ბჟეზინსკი მეურვეობდა, ხოლო საიდუმლო “ოპერაცია ციკლონის" განხორციელება ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს (CIA) დაევალა.
დადგა ჟამი, როდესაც ვაშინგტონს სამაგიეროს გადახდა შეეძლო კრემლისათვის ვიეტნამის გამო: "გახსოვთ, როგორ ხოცავდნენ ვიეტნამელები საბჭოთა იარაღით ამერიკელ ბიჭებს? ახლა იგემეთ სამაგიერო!"
“ჩვენ არ ვუბიძგებდით მოსკოვს ინტერვენციისკენ, მაგრამ არც ვეწინააღმდეგებოდით მოვლენების ასეთ განვითარებას – იგონებს ბჟეზინსკი – საბჭოთა კავშირი თვითონ ებმებოდა ავღანურ მახეში. იმავე დღეს, როცა საბჭოთა ჯარმა ავღანეთის საზღვარი გადალახა, მე პრეზიდენტ კარტერს ვაცნობე: გვეძლევა შანსი საბჭოელებს შევუქმნათ თავის ვიეტნამის ომი".

1980 წლის ივნისში ავღანეთის ხუთი ოპოზიციური დაჯგუფება მუჯაჰედების ისლამურ კავშირში გაერთიანდა. ეს უკვე სერიოზული ძალა იყო. ავღანელი მუჯაჰედებისათვის მზარდი დახმარების აღმოჩენის საქმეში განსაკუთრებული როლი აშშ-ს კონგრესმენმა ჩარლზ ნესბიტ ვილსონმა ითამაშა. მას შემდეგ, რაც 1980 წელს მან პაკისტანში მოინახულა ავღანელი ლტოლვილების ბანაკები და საბჭოთა ბომბებით დასახიჩრებული ბავშვები, კონგრესმენმა გადაწყვიტა მთელი თავისი პოლიტიკური კარიერა ამ ხალხის დასახმარებლად მიემართა. მართლაც, ვილსონის ფანატიკურმა მონდომებამ რეალური შედეგები გამოიღო და კონგრესმა მომდევნო წლებში დამატებით ასობით მილიონი დოლარი გამოუყო ავღანეთის შეიარაღებულ ოპოზიციას.
1981 წლიდან საბჭოთა არმიამ დაიწყო მასშტაბური ოპერაციების ჩატარება. განსაკუთრებით მძვინვარებდა ავიაცია. მუჯაჰედებისა და მათი მხარდამჭერების წინააღმდეგ იყენებდნენ ვაკუუმის ბომბებს, ნაპალმს, მძიმე არტილერიას, ათასნაირ ნაღმებს. მეზობელ პაკისტანს 3 მილიონმა ავღანელმა ლტოლვილმა შეაფარა თავი, ირანს – 1, 5 მილიონმა.

საბჭოთა ოფიციალური მონაცემებით 1980 წლის მანძილზე ავღანეთში 1500-მდე საბჭოთა ჯარისკაცი დაიღუპა, 1981 წელს – 1292, ხოლო 1982 წელს – 1948. სულ ავღანეთის ომში 15 ათასამდე საბჭოთა სამხედრო დაიღუპა და ერთ მილიონამდე (!) ავღანელი.
ბუნებრივია, დაღუპულ ავღანელთა აბსოლუტური უმრავლესობა მშვიდობიანი მოსახლეობა იყო. მალე ავღანეთში დაღუპული ბიჭების კუბოები საქართველოშიც ჩამოასვენეს. მშობლებს ურჩევდნენ, არ გაეხმაურებინათ ეს ამბავი.
საბჭოთა პროპაგანდა კი უმთავრესად ავღანელი მშრომელების ახალ ცხოვრებაზე და "პირველ მიღწევებზე" საუბრობდა. სამხედრო ოპერაციებზე და მსხვერპლზე დასავლეთის "ხმებისგან" ვიგებდით. ავღანეთის მახე საბჭოთა კავშირის საფლავს ემსგავსებოდა.
მაინც რატომ წავიდა მოსკოვი ასეთ რისკზე? რეალურად რა მიზნებს ისახავდა ავღანეთში საბჭოთა ინტერვენცია? ნუთუ კრემლმა ამ მასშტაბის პოლიტიკური ავანტიურა მხოლოდ ფეოდალურ ქვეყანაში უტოპიური კომუნისტური იდეების გავრცელებისთვის წამოიწყო?
საბჭოთა ინტერვენციის 20 დღის თავზე CIA-მ შემდეგი სახის დასკვნები წარუდგინა პრეზიდენტ კარტერს:

– ნაკლებად სავარაუდოა, რომ ავღანეთის საბჭოთა ოკუპაცია წარმოადგენდეს პირველ ნაბიჯს დიდი გეგმისა, რომელიც მიზნად შეიძლება ისახავდეს მთელ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში სრული საბჭოთა კონტროლის დაწესებას;

– როგორც ჩანს, კრემლმა ავღანეთის ოკუპაცია აუცილებლად ჩათვალა მას შემდეგ, რაც ამ ქვეყანაში მომხდარმა ცვლილებებმა საფრთხე შეუქმნა სსრკ-ის პოზიციებს;

– ამასთანავე, ოკუპაციის მიზნები სცილდება ავღანეთის საზღვრებს და გულისხმობს საბჭოთა პოზიციების გაძლიერებას სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში;

– ავღანეთის "მიღმა" მიზნებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს გავლენის სფეროს გავრცელება ირანში.

შეიძლება დავასკვნათ, რომ საბჭოთა ინტერვენციის მიზანი იყო ავღანეთში საბჭოთა გავლენის შენარჩუნება, ხოლო ზეამოცანა – ირანი.
სწორედ ირანში იწყებოდა 1979 წელს "დიდი თამაში".

წყარო: ზურაბ აბაშიძის ლიტერატურა – ცივი ომი - წარსული თუ დღევანდელობა?
0
162
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
162
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0