ისტორია ვიეტნამის ომი 7 აგვისტო, 0:19 ბერლინისა და კარიბის კრიზისების შემდეგ მოსკოვი და ვაშინგტონი თავს იკავებდნენ პირდაპირი სამხედრო დაპირისპირებისაგან. ეს ზედმეტად სახიფათო ფუფუნება იყო. მაგრამ საბჭოთა კავშირი მაინც უარს არ ამბობდა დასავლეთთან კონფრონტაციაზე. ეს საბჭოთა იდეოლოგიისა და სახელმწიფო წყობის ორგანული მოთხოვნილება იყო.
ჩინეთში კომუნისტების გამარჯვებისა და კორეის ომის დამთავრების შემდეგ ვაშინგტონში დაასკვნეს, რომ კომუნიზმის შემდეგი ექსპანსია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ანუ ინდოჩინეთში იყო მოსალოდნელი. თუკი კიდევ ერთი ქვეყანა გახდებოდა კომუნისტების მსხვერპლი, ამას შემდეგ "დომინოს ეფექტი" – რეგიონის სხვა ქვეყნების დაცემაც მოჰყვებოდა. ყველაზე რეალური საფრთხე ელოდა ვიეტნამს, ლაოსსა და კამბოჯას, ხოლო შემდეგ, "დომინოს თეორიის" მიხედვით ტაილანდს, ბირმასა და რეგიონის სხვა ქვეყნებს. მოვლენების ასეთი დრამატული სცენარით განვითარება, ამერიკელი სტრატეგების აზრით, სავარაუდოდ, დააფიქრებდა იაპონიასა და ევროპის ქვეყნებსაც კომუნიზმის გამარჯვების გარდუვალობაში და აიძულებდა მათ ეძიათ კომპრომისები აღმოსავლეთის ბლოკთან.
პირველი "დომინოს" რიგში ვიეტნამი იყო, სწორედ იგი იქცა იმ "წითელ ხაზად", რომელიც ვაშინგტონმა გაატარა კომუნისტური ექსპანსიონიზმის წინააღმდეგ. ვიეტნამი, ლაოსი და კამბოჯა საფრანგეთის კოლონიები იყვნენ, რომლებსაც 1950 წელს პარიზმა "ასოცირებული სახელმწიფოების" სტატუსი მიანიჭა. ეს საკმაოდ არაორდინალური ნაბიჯი იყო, მაგრამ ვერ აკმაყოფილებდა ამ ქვეყნების მიერ სრული დამოუკიდებლობის მოპოვების სურვილს. საფრანგეთი დამოუკიდებლობის მინიჭებისაგან თავს იკავებდა, რადგან შემდეგ იგივეს გაკეთება მოუწევდა ალჟირის, მაროკოსა და ტუნისის მიმართ. ინდოჩინეთში, განსაკუთრებით კი ვიეტნამში, ფრანგების წინააღმდეგ შეიარაღებული პარტიზანული მოძრაობა ძალას იკრებდა. ამ მოძრაობას ქარიზმატული ლიდერი ხო ში მინი მეთაურობდა.
1954 წელს ჟენევაში საერთაშორისო კონფერენციაზე მიღწეული იქნა შეთანხმება ვიეტნამის ორ ნაწილად გაყოფის შესახებ მე-17 პარალელის გასწვრივ. ორივე ვიეტნამი გაეროს წევრი ხდებოდა. ჩრდილო ვიეტნამი კომუნისტების ხელში აღმოჩნდა. უმოკლეს ვადაში მათ გაანადგურეს 50 ათასამდე "არასაიმედო" ადამიანი და საკონცენტრაციო ბანაკებში უკრეს თავი 100 ათასამდე ვიეტნამელს. გარდა ამისა, ჩრდილოეთიდან სამხრეთ ნაწილში 1 მილიონამდე ლტოლვილი გადაბარგდა. ყოველივე ეს უაღრესად ართულებდა ისედაც ფეთქებად ვითარებას. სამხრეთ ვიეტნამში ფრანგები და შემდეგ ამერიკელები იძულებული გახდნენ ნგო დინ ზიემის ავტორიტარული რეჟიმისათვის დაეჭირათ მხარი.
მიაღწიეს რა დამოუკიდებლობას, ვიეტნამელმა კომუნისტებმა ახლა თავისი დროშის ქვეშ მთელი ქვეყნის გაერთიანება გადაწყვიტეს. ლოზუნგიც შესაბამისი შეირჩა: "ვიეტნამის განთავისუფლება იმპერიალისტური ჩაგვრისაგან". პარტიზანულმა ჯგუფებმა ნამდვილი ნადირობა გამოაცხადეს სამხრეთ ვიეტნამის რეჟიმზე, პარტიზანების ტერორის მსხვერპლთა რაოდენობა კატასტროფულად იზრდებოდა. ტერორის მსხვერპლი ხდებოდნენ ფრანგი სამხედრო და სამოქალაქო პირებიც. ვაშინგტონში დაინახეს, რომ სამხრეთ ვიეტნამელები ვეღარ აკონტროლებდნენ სიტუაციას, ამიტომ პრეზიდენტ ეიზენჰაუერის გადაწყვეტილებით დაიწყო საიგონის რეჟიმისათვის დახმარების აღმოჩენა. 1960 წლისათვის სამხრეთ ვიეტნამში უკვე იმყოფებოდა 1000-მდე ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე, მატულობდა დინ ზიემის რეჟიმის ფინანსური მხარდაჭერაც. 1960 წლის ბოლოს სამხრეთ ვიეტნამის ყველა პარტიზანული დაჯგუფება "სამხრეთ ვიეტნამის განთავისულების ეროვნულ ფრონტში" გაერთიანდა. მალე ისინი დასავლეთში ვიეტკონგის სახელით გაიცნეს.
სწორედ ამ პერიოდში თამაშში აქტიურად ერთვება მოსკოვი. 1961 წელს კომპარტიის ყრილობაზე ხრუშჩოვმა ღიად დაუჭირა მხარი "დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ ერებს" და მოსკოვის დახმარება აღუთქვა მათ. დაიწყო საბჭოთა იარაღით ჩრდილო ვიეტნამის არმიისა და ვიეტკონგის აღჭურვა.
სამხრეთ ვიეტნამის დაცვა კენედის ადმინისტრაციის ერთერთ უმთავრეს გეოპოლიტიკურ ამოცანად იქცა. კონფლიქტი სულ უფრო მასშტაბურ ხასიათს იღებდა, ნელ-ნელა იგი მეზობელ ლაოსსა და კამბოჯასაც ითრევდა. ჩრდილო ვიეტნამელები თავს არიდებდნენ მე-17 პარალელის დემილიტარიზებული ზონის დარღვევასა და ამ გზით ვიეტკონგისათვის იარაღის მიწოდებას. ამიტომ მათ შემოვლითი გზები შეარჩიეს კამბოჯისა და ლაოსის გავლით. ამ ქვეყნების სასაზღვრო ზოლებში იქმნებოდა პარტიზანთა ბაზები, ე. წ. უსაფრთხო სამოთხეები, რაც ამერიკელების ახალ თავსატკივარს წარმოადგენდა. "დომინოს თეორია" რეალურ კონტურებს იძენდა.
1961 წლის ბოლოსათვის სამხრეთ ვიეტნამში 3264 ამერიკელი სამხედრო იმყოფებოდა, 1963 წლის ბოლოს კი – უკვე 16263. ასევე სწრაფად მატულობდა დაღუპულ ამერიკელ ჯარისკაცთა რაოდენობა: 1960 წელს – 5 კაცი, ხოლო 1964 წელს - 2003.
საიგონის რეჟიმის სამხედრო მხარდაჭერასთან ერთად ვაშინგტონი ხელს უწყობდა სამხრეთ ვიეტნამის სახელმწიფოს ზოგად გაძლიერებას, დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნას, მნიშვნელოვან რეფორმებს. მაგრამ დინ ზიემის რეჟიმი დემოკრატიზაციას არ ექვემდებარებოდა, რის გამოც საზოგადოებაში პოლარიზაცია ღრმავდებოდა. 1963 წლის ნოემბერში სამხრეთ ვიეტნამელმა გენერლებმა, როგორც ჩანს, ამერიკელების წაქეზებით, სამხედრო გადატრიალება მოაწყვეს და დინ ზიემი მოკლეს.
სამხედრო გადატრიალებამ ქვეყანაში თითქმის სახელმწიფოებრივი კოლაფსი და საზოგადოებრივი ცნობიერების მოშლა გამოიწვია. საიგონის ახალი სამხედრო მმართველები საზოგადოების არანაირი მხარდაჭერით არ სარგებლობდნენ. ყოველივე ეს და რეგიონში გართულებული ვითარება ვაშინგტონს ვიეტნამში სამხედრო ძალების გაზრდისაკენ უბიძგებდა. 1964 წლის აგვისტოში მომხდარმა ინციდენტმა ვიეტნამის ომის თვისობრივად ახალ ეტაპს მისცა დასაბამი: ტონკინის ყურეში ააფეთქეს ამერიკული საზღვაო გამანადგურებელი "მადოქსი", რასაც საკმაოდ დიდი მსხვერპლი მოჰყვა. აფეთქების ორგანიზება ჩრდილო ვიეტნამს მიაწერეს, ინციდენტი კი აშშ-ის სენატში განიხილეს და რეზოლუციაც მიიღეს, რაც ხელს უხსნიდა პრეზიდენტ ჯონსონს შესაბამისი საპასუხო ნაბიჯების გადასადგმელად. ამერიკულმა ავიაციამ დაიწყო ჩრდილო ვიეტნამის დაბომბვა. 1969 წლის დასაწყისისათვის ამერიკული სამხედრო კონტინგენტის რაოდენობა სამხრეთ ვიეტნამში 550 ათასამდე (!) გაიზარდა.
ჩრდილო ვიეტნამის მასიური საჰაერო დაბომბვის სამიზნე სამხედრო ინფრასტრუქტურა და პარტიზანთა ბანაკები იყო. მაგრამ თანამედროვე ბომბებიც კი ვერ არჩევდნენ ერთმანეთისაგან პარტიზნებსა და უბრალო ადამიანებს. ბომბებით გაჩანაგებული სოფლებისა და ათიათასობით განადგურებული ადამიანის კადრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მზარდ პროტესტსა და აღშფოთებას იწვევდა.
მიუხედავად ამერიკული სამხედრო ოპერაციების ესკალაციისა, ჩრდილო ვიეტნამელები ფარ-ხმლის დაყრას არ აპირებდნენ. 1966 წელს ამერიკული გაზეთისათვის მიცემულ ინტერვიუში ჰანოის რეჟიმის პრემიერმა ფან ვან დონგმა იწინასწარმეტყველა, რომ ამ ომში ვიეტნამელები გაიმარჯვებდნენ, რადგან სიკვდილისათვის ისინი უფრო მზად იყვნენ, ვიდრე ამერიკელები. ვიეტნამელების მასობრივი გმირობა მართლაც აღფრთოვანებას იწვევდა. გაუგებარია, თუ როგორ შეძლო ამ ტანმორჩილმა ხალხმა თითქმის 15 წლის მანძილზე მსოფლიოს უპირველესი სამხედრო მანქანისათვის ეფექტური წინააღმდეგობის გაწევა და საბოლოო ჯამში მისი დამარცხება.
დღევანდელ ახალგაზრდა თაობას, ალბათ, არაერთი მხატვრული ფილმი უნახავს ვიეტნამის ომის შესახებ. შემზარავი კადრები და სცენები არა მარტო იმ ეპოქას აცოცხლებენ, არამედ დღევანდელობასაც ეხმაურებიან: ომი უბედურებაა, თანამედროვე ომი კი ყველაზე დიდი უბედურება.
ვიეტნამის ომი განსაკუთრებულ დებატებსა და პოლარიზაციას თვით ამერიკულ საზოგადოებაში იწვევდა. ყველას ესმოდა, რომ საჭირო იყო ომის დამთავრება, მაგრამ არავინ იცოდა, როგორ უნდა მომხდარიყო ეს. ომის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ამერიკელების პოზიცია შესანიშნავად ჩამოაყალიბა ცნობილმა ტელეჟურნალისტმა ჯეიმს რესტონმა: "განა რა მიზნები ამართლებს ასეთ მასობრივ კაცისკვლას? თუკი ვიეტნამის გადარჩენა გვინდა, მაშინ რატომ ვანადგურებთ მას?"
ვიეტნამის ომის გამო პრეზიდენტი ჯონსონი სულ უფრო არაპოპულარული ხდებოდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ 1968 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მას არც კი უცდია.
საპრეზიდენტო არჩევნების წინ ვაშინგტონში ინტენსიურად დაიწყეს ფიქრი ჩრდილო ვიეტნამთან მოლაპარაკების წარმოებაზე. გაჩნდა კულუარული კონტაქტებიც. მაგრამ მოლაპარაკების დაწყებამდე ჰანოიმ ამერიკელებს მოულოდნელად დიდი სიურპრიზი "მიართვა": 30 იანვარს, ანუ ვიეტნამის კალენდრით მთვარის ახალ წელს (ტეტი), კომუნისტებმა მასიური შეტევა მიიტანეს სამხრეთ ვიეტნამის ცენტრალურ ქალაქებზე, მათ შორის დედაქალაქ საიგონზეც.
რაღაც მომენტში მათ აშშ-ის საელჩომდეც კი მიაღწიეს. კომუნისტებმა ხელში ჩაიგდეს ვიეტნამის ძველი დედაქალაქი ჰუე.
ჩრდილო ვიეტნამელების უკუგდება ამერიკელებმა მხოლოდ მასიური საარტილერიო და საჰაერო დარტყმების შედეგად შესძლეს. კომუნისტებმა დიდი დანაკარგი განიცადეს, მაგრამ პოლიტიკური და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ისინი გამარჯვებული დარჩნენ.
1968 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული რიჩარდ ნიქსონი თავისი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად ვიეტნამში ომის დასრულებას ასახელებდა. ახალი პრეზიდენტი ნათლად აცნობიერებდა, თუ რაოდენ დიდ ზარალს აყენებდა ომი აშშ-ის ავტორიტეტს, ეკონომიკას, საზოგადოებრივ ცხოვრებას. ყოველთვიურად ვიეტნამში 500-დე ამერიკელი ჯარისკაცი იღუპებოდა, მაგრამ ომის დამთავრება ღირსეულად უნდა მომხდარიყო. საჭირო იყო ამ ღირსეული გამოსავლის ძიება. ამასთანავე, ნიქსონი ამერიკელებისათვის ჩვეული ოპტიმიზმისა და სიამაყის განცდის აღდგენას ცდილობდა, რაც ვიეტნამის ომმა ძლიერად შეარყია. 1969 წლის 21 ივლისს კოსმოსურ ხომალდ "აპოლონის" ასტრონავტები არმსტრონგი და ოლდრინი მთვარეზე დაეშვნენ. ამ საოცრებას მთელი მსოფლიო ადევნებდა თვალს. ნიქსონის პრეზიდენტობის ხანა თითქოს კარგი ნიშნით იწყებოდა.
1969 წლის ივლისში ცნობილი გახდა "ნიქსონის დოქტრინა", რომლის არსი სამხედრო და პოლიტიკური პროცესების "ვიეტნამიზაციაში" მდგომარეობდა, ანუ აშშ-ს ეტაპობრივად უნდა დაეწყო ვიეტნამიდან ჯარის გამოყვანა და პარალელურად სამხრეთ ვიეტნამის შეიარაღებული ძალების მომზადება კომუნისტური საფრთხისაგან ქვეყნის დასაცავად.
ეს ყველაფერი დიდ რისკთან იყო დაკავშირებული. ნახევარმილიონიანი ამერიკული სამხედრო კორპუსისა და 700-ათასიანი (!) სამხრეთვიეტნამური არმიის წინააღმდეგ იბრძოდა ჩრდილო ვიეტნამის 250-ათასიანი ჯარი და ასეთივე რაოდენობის პარტიზანთა რაზმები. ამერიკული ჯარისკაცების ნაუცბათევ და გაუთვლელ გაყვანას აუცილებლად ფატალური შედეგები მოჰყვებოდა.
ამერიკელი ჯარისკაცების გამოყვანა ვიეტნამიდან იმავე 1969 წელს დაიწყო. პარალელურად, პოლიტიკური შეთანხმების მიღწევის მიზნით, პრეზიდენტის მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში ცნობილმა დიპლომატმა ჰენრი კისინჯერმა დაიწყო გასაიდუმლოებული მოლაპარაკებები ჰანოის წარმომადგენლებთან. იმისათვის, რათა ვიეტნამელი კომუნისტები მოლაპარაკებებისას უფრო დამყოლი ყოფილიყვნენ, ამერიკელებმა გააძლიერეს ჩრდილო ვიეტნამის საჰაერო დაბომბვები.
ნიქსონის მითითებით, ამერიკულმა ავიაციამ გამანადგურებელი შეტევები მიიტანა ვიეტნამელი პარტიზანების პოზიციებზე კამბოჯაში, რაც საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა იყო. სუვერენული ქვეყნის წინააღმდეგ განხორციელებულმა ამ სამხედრო აქციებმა აშშ-ში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. ერთ-ერთი საპროტესტო აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ კენტ-სტეიტში ეროვნულმა გვარდიელებმა ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს, რამაც 4 სტუდენტის სიცოცხლე იმსხვერპლა. ქვეყანაში სიტუაცია უაღრესად დაიძაბა. ნიქსონი იძულებული გახდა ჰანოისთან მოლაპარაკებები გაეგრძელებინა.
1972 წელს აშშ-ის სამხედრო ძალებმა უპრეცედენტო შეტევები განახორციელეს ჩრდილო ვიეტნამელების წინააღმდეგ. სამხედრო ზეწოლისა და პარალელურად პოლიტიკური კომპრომისის ძიების ტაქტიკამ საბოლოო ჯამში შედეგი გამოიღო: 1973 წლის 27 იანვარს პარიზში ხელი მოეწერა სამშვიდობო ხელშეკრულებას. ტერიტორიული თვალსაზრისით იგი ითვალისწინებდა სტატუს-კვოს შენარჩუნებას მე-17 პარალელის გასწვრივ, საომარი მოქმედებისა და ცეცხლის შეწყვეტას, ტყვეების გაცვლას და დაკარგულთა მოძიებას. რაც მთავარია, ხანგრძლივი ვაჭრობის შემდეგ ჰანოი დათანხმდა, რომ სამხრეთ ვიეტნამის რეჟიმს აშშ კვლავაც აღმოუჩენდა სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას. თუმცა სამხრეთ ვიეტნამის რეჟიმი ამ შეთანხმებით არანაირად არ იყო კმაყოფილი. პირიქით, მისი აზრით, ამერიკელებმა მათ უღალატეს და ძლიერ მოწინააღმდეგესთან პირისპირ მიატოვეს. მიუხედავად მიღწეული ისტორიული შეთანხმებისა, მომდევნო წლებში მოვლენები მართლაც დრამატულად განვითარდა. სამხრეთ ვიეტნამის ბედი მთლიანად აშშ-ის მხარდაჭერაზე იყო დამოკიდებული. მაგრამ ვაშინგტონში "უოტერგეიტის" სკანდალის გამო ვიეტნამისათვის ნაკლებად ეცალათ. პრეზიდენტ ნიქსონზე განაწყენებულმა აშშ-ის კონგრესმა დაიწყო სამხრეთ ვიეტნამისა და კამბოჯისათვის დახმარებების მკვეთრი შემცირება. თუკი 1972 წელს დახმარების საერთო რაოდენობა 2 მლრდ. დოლარს აღემატებოდა, 1975 წლისათვის ბიუჯეტში მხოლოდ 600 მილიონი იყო გათვალისწინებული.
ვიეტნამელმა კომუნისტებმა დაინახეს, რომ გადამწყვეტი მოქმედების დრო დადგა და საიგონს შეუტიეს. უმოკლეს ვადაში მთელი სამხრეთ ვიეტნამი კომუნისტების ხელში იყო. კომუნისტებმა ისეთი ელვისებური სისწრაფით დაიკავეს საიგონი, რომ ამერიკელი დიპლომატები იძულებული იყვნენ ვერტმფრენებით მიეტოვებინათ საელჩოს ტერიტორია. მათთან ერთად ქვეყნის დატოვებას ცდილობდნენ სამხრეთ ვიეტნამის რეჟიმის წარმომადგენლებიც, მაგრამ ბევრმა მათგანმა ეს ვერ მოახერხა.
კომუნისტურმა რეჟიმმა მისთვის ჩვეულ სტილში დაიწყო ახალი ცხოვრების დაწესება ქვეყნის სამხრეთ ნაწილში. ასიათასობით სამხრეთვიეტნამელი ციხეებსა და საკონცენტრაციო ბანაკებში აღმოჩნდა. უამრავმა ვიეტნამელმა თავს უშველა და ქვეყნიდან გაიქცა. გარბოდნენ, ვისაც როგორ შეეძლო: ველოსიპედებით, ნავებით, ტივებით, ცურვით, ფორთხვით. სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემებით, 1977 წლისათვის ვიეტნამში 200 ათასამდე პოლიტიკური პატიმარი იყო. ვიეტნამის ომში დაიღუპა 1 მილიონამდე ვიეტნამელი, 60 ათასამდე ამერიკელი ჯარისკაცი.
მაგრამ იმას, რაც მეზობელ კამბოჯაში მოხდა, კაცობრიობის ისტორიაში ანალოგი არ მოენახება. ხელისუფლება ხელში ჩაიგდეს ე. წ. წითელმა ქმერებმა – ულტრარადიკალურმა მაოისტურმა დაჯგუფებამ. ქმერებმა და მათმა ლიდერმა პოლ პოტმა ქალაქები სრულად დაცალეს მოსახლეობისაგან, რომელიც სასოფლო კომუნებში შეყარეს. დაიწყო ინტელიგენციის, მასწავლებლების და, საერთოდ, ყველა იმ პირთა ფიზიკური განადგურება, ვისაც რაიმე შეხება ჰქონდა წინა რეჟიმებთან. ადამიანებს ხოცავდნენ ავტომატებით, შემდეგ, როდესაც ტყვიები შემოაკლდათ, თოხებით. ქმერების გენოციდის შედეგად განადგურდა სულ ცოტა 1, 5 მილიონამდე ადამიანი. კამბოჯაში, ანუ თანამედროვე კამპუჩიაში დღემდე აწყდებიან ადამიანთა ჯგუფურ სამარხებს.
ექსპერტები ჯერაც სრულად ვერ პასუხობენ კითხვას, თუ რამ გამოიწვია მარად მომღიმარი კამპუჩიელების ასეთი ფანატიკური გამხეცება, რამ მიიყვანა ისინი მასიურ თვითგანადგურებამდე.
ამ ფანატიზმის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კაცთმოძულე იდეოლოგიაა. ვიეტნამის ომის შედეგები და მათი ანალიზი მრავალი წლის მანძილზე განიხილებოდა ამერიკულ საზოგადოებაში. როგორც კისინჯერი იგონებს, ამერიკელებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი დასკვნა გამოიტანეს ვიეტნამში წაგებული ომიდან:
1) სანამ აშშ საბრძოლო კამპანიას დაიწყებს, მას უნდა ჰქონდეს ამოცანების ნათელი ხედვა, მას უნდა ჰქონდეს ასევე გამართული სამხედრო სტრატეგია და პასუხი კითხვაზე, თუ რა პოლიტიკური შედეგის მიღწევას ისახავს იგი მიზნად. 2) თუკი აშშ დაიწყებს სამხედრო კამპანიას, მიზანი უნდა იყოს მხოლოდ უალტერნატივო გამარჯვება. კამპანიის დიდ დროში გაწელვა უთუოდ ამერიკული საზოგადოების უკმაყოფილებას გამოიწვევს; ამიტომ ომის დაწყებამდე აუცილებელია სამხედრო სტრატეგიისა და პოლიტიკური ამოცანების სწორად განსაზღვრა; 3) დემოკრატიული ქვეყანა ვერ შეძლებს საომარი მოქმედებების ეფექტურად წარმართვას, თუკი პოლიტიკურ ძალებს შორის და მთლიანად საზოგადოებაში თანხმობა და კონსენსუსი არ იქნება. წყარო: ზურაბ აბაშიძის ლიტერატურა: ცივი ომი – წარსული თუ დღევანდელობა? 138 1-ს მოსწონს
|