x
მეტი
  • 06.08.2024
  • სტატია:136374
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510625
კუბის კრიზისი - ერთი ნაბიჯი ატომურ ომამდე

imageყველაზე გავრცელებული ვერსიით, რევოლუციურ კუბაში საბჭოთა ბირთვული იარაღის განთავსების "გენიალური" იდეა ხრუშჩოვს პირველად თავდაცვის მინისტრ მალინოვსკისთან ერთად შავი ზღვის სანაპიროზე სეირნობის დროს მოუვიდა. მინისტრმა პრემიერის ყურადღება იმაზე გაამახვილა, რომ შავი ზღვის მეორე მხარეს – თურქეთის ტერიტორიაზე განლაგებულ ამერიკულ რაკეტებს 6-7 წუთის მანძილზე შეეძლოთ გაენადგურებინათ უკრაინისა და რუსეთის სამხრეთი ნაწილის მსხვილი ქალაქები.

მაშინ ხრუშჩოვმა ჰკითხა მალინოვსკის, თუ რატომ არ შეეძლო საბჭოთა კავშირს გაეკეთებინა იგივე, რასაც აკეთებდა აშშ. მაგალითად, რაკეტები განელაგებინა რევოლუციურ კუბაში, მით უმეტეს, რომ ამერიკას საბჭოთა კავშირი გარშემორტყმული ჰყავდა სამხედრო ბაზებით, ხოლო საბჭოთა რაკეტები და ატომური ბომბები მხოლოდ საბჭოთა ტერიტორიაზე იყო განთავსებული. აშკარა უთანაბრობა!
ასე ჩაიფიქრა და განიხილა ეს ოპერაცია ხრუშჩოვმა ჯერ მალინოვსკისთან, შემდეგ საბჭოთა ხელისუფლების უახლოეს წრესთან. გაურკვეველი იყო მხოლოდ ერთი რამ: შეიძლებოდა თუ არა საიდუმლოდ განელაგებინათ სარაკეტო მოწყობილობები კუბაზე და მოეყვანათ ისინი სამხედრო მზადყოფნაში. კუნძული პატარა იყო და ყოველი მხრიდან გარშემორტყმული ამერიკული სადაზვერვო ავიაციით.

ისიც გაურკვეველი იყო, დათანხმდებოდა თუ არა კუბის ხელისუფლება სსრკ-ის წინადადებას. ამ საკითხების გადასაწყვეტად უაღრესად საიდუმლო ვითარებაში კუბაში საბჭოთა დელეგაცია გაიგზავნა. ფიდელ კასტროს პასუხი ასეთი იყო: თუკი ეს საჭიროა სოციალიზმისათვის, მე მზად ვარ გადავდგა ასეთი ნაბიჯი.
აღნიშნული იდეის სამხედრო ასპექტების განსახილველად მოსკოვს ლეგენდარული ჩე გევარა და რაულ კასტრო ეწვივნენ. რაკეტების განლაგებას კუბის ტერიტორიაზე ორი მიზანი ჰქონდა: პირველი, როგორც თავად ხრუშჩოვი ამტკიცებდა, ეს იყო კუბის დაცვა, რადგან არსებობდა სერიოზული ალბათობა იმისა, რომ ვაშინგტონი კასტროს რეჟიმს არ იგუებდა. თუმცა ისიც ნათელი იყო, რომ კუნძულზე რაკეტულ-ბირთვული ბაზების შექმნა უფრო მეტად ზრდიდა ამერიკელების კუნძულზე შეჭრის რისკს. ასეთ რისკზე რომ მიდიოდა, ხრუშჩოვი ერთდროულად ცდილობდა შეეცვალა სსრკ-სა და აშშ-ს შორის ძალთა სტრატეგიული ბალანსი, ეჩვენებინა საბჭოთა სიძლიერე და შეექმნა პირობები სამხედრო თუ არა, პოლიტიკური პარიტეტისა მაინც.
რა თქმა უნდა, ხრუშჩოვს მშვენივრად ესმოდა, რომ ომის შემთხვევაში საპასუხო დარტყმით ამერიკას შეეძლო დაენგრია საბჭოთა კავშირი და გაენადგურებინა მისი მოსახლეობის ნახევარზე მეტი.

სავარაუდოა, რომ ხრუშჩოვს სხვა მოსაზრებებიც ჰქონდა. მას სურდა შეექმნა აშშ-თან მოლაპარაკების ახალი პირობები და თანაბარი კომპრომისების მიღწევის საშუალებები. იგი ასევე ცდილობდა ამ გზით მიეღო ის, რისკენაც ისწრაფოდა 1958-1962 წლების განმავლობაში. კერძოდ, გდრ-ის აღიარება, დასავლეთ ბერლინის ახალი სტატუსი, ომის შემდგომი საზღვრების აღიარება, აგრეთვე სერიოზული ცვლილებები საბჭოთა კავშირ-ამერიკის ურთიერთობებში.
1962 წლის ივლისის ბოლოდან სექტემბრის შუა რიცხვებამდე საბჭოთა კავშირმა კუბაში დაახლოებით 100 ხომალდი გააგზავნა. ამჯერად მათ დიდ ნაწილს იარაღი გადაჰქონდა. ამერიკელთა გათვლით, გადაიზიდა საშუალო მოქმედების რადიუსის მქონე 42 რაკეტის დანადგარი, "დედამიწა-ჰაერი" ტიპის საზენიტო მოწყობილობები და სხვ. გარდა ამისა, როგორც ეს მოგვიანებით დადგინდა, კუბაში გადაისროლეს დაახლოებით 40 ათასი საბჭოთა ჯარისკაცი და ოფიცერი.
საბჭოთა ხომალდების ეს გადაადგილება არ შეიძლებოდა შეუმჩნეველი დარჩენილიყო ამერიკელებისათვის. ამერიკის მთავრობამ თავისი შეშფოთება აცნობა საბჭოთა ელჩს ანატოლი დობრინინს და, ამავე დროს, კუბის მახლობლად დიდი წრთვნები ჩაატარა, რომლებშიც 45 სამხედრო ხომალდი და 10 ათასი საზღვაო სამხედრო მონაწილეობდა. თვითმფრინავები აწარმოებდნენ კუბის ტერიტორიის ფოტოგრაფირებას. სექტემბრის ბოლოს და ოქტომბრის დასაწყისში ძლიერმა ღრუბლიანობამ ხელი შეუშალა ფოტოდაზვერვის გაგრძელებას. ამერიკელებმა მხოლოდ 10 ოქტომბერს შეძლეს განეახლებინათ დაზვერვა.
image
14 ოქტომბერს მოპოვებულმა მონაცემებმა ვაშინგტონის შოკი გამოიწვია. 16 ოქტომბერს კენედის უკვე სრული ინფორმაცია ჰქონდა კუბის ტერიტორიაზე რაკეტების გამალებული ტემპით დამონტაჟების შესახებ. პრეზიდენტის ბრძანებით თეთრ სახლში სასწრაფოდ "კრიზისის ჯგუფი" შეიქმნა. ჯგუფი მოქმედების რამდენიმე ვარიანტს განიხილავდა. ერთ-ერთი კუბის მასირებული დაბომბვა და მის ტერიტორიაზე ამერიკული ჯარის გადასხმა იყო. სამხედრო წვრთნების მოტივით სასწრაფოდ დაიწყო მზადება ძალების სრული მობილიზაციისთვის.
1962 წლის 18 ოქტომბერს თეთრ სახლში გაიმართა კენედის შეხვედრა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთან გრომიკოსთან, რომელიც აშშ-ში გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაში მონაწილეობის მისაღებად იმყოფებოდა. ამ მომენტისათვის კენედის უკვე მაგიდაზე ედო უტყუარი ინფორმაცია (ფოტოები, დაზვერვის მონაცემები) კუბაში საბჭოთა ბირთვული იარაღის არსებობის შესახებ. როდესაც საუბარი კუბის თემას შეეხო, პრეზიდენტი დაინტერესდა, ხომ არ აპირებდა მოსკოვი კუბისათვის რაიმე "შეტევითი ხასიათის" იარაღის მიწოდებას, რაზეც გრომიკომ კატეგორიული უარი, ანუ მისი ცნობილი "нет" განაცხადა. ცოტა ხნის შემდეგ პრე­ზიდენტი კვლავ დაუბრუნდა ამ თემას, მაგრამ კვლავ დაბეჯითებითი "нет" მიიღო.

მომდევნო წლებში, თუნდაც დღემდე, ბევრს მსჯელობენ იმაზე, თუ რატომ არ დაუდო წინ საბჭოთა მინისტრს კენედიმ უტყუარი ფაქტები. ნეტავ, რას იტყოდა ამ შემთხვევაში გრომიკო?
როგორც ჩანს, პრეზიდენტს ჯერ არ ჰქონდა სრულად მოფიქრებული შემდგომი მოქმედების გეგმა. შეხვედრის შემდეგ კენედის მთავარი დასკვნა ის იყო, რომ საბჭოთა ხელმძღვანელობის ნდობა არანაირად არ შეიძლებოდა. მათთვის ტყუილსა და მართალს ერთი ფასი ჰქონდა. აბა სხვანაირად როგორ შეიძლებოდა აეხსნა ასეთი უტიფარი საქციელი?
ამ ისტორიული საუბრის შემდეგ კი გრომიკომ კრემლში ასეთი სახის ინფორმაცია გააგზავნა: "ვაშინგტონმა არაფერი იცის".
თავის მოგონებებში გრომიკო წერს: "დასავლეთში გავრცელებული ცნობების მიუხედავად, მთელი საუბრის განმავლობაში კენედის საერთოდ არ დაუყენებია საკითხი კუბაში საბჭოთა სარაკეტო იარაღის არსებობის შესახებ. შესაბამისად, მე არ ვიყავი ვალდებული გამეცა პასუხი იმაზე, იყო თუ არა ასეთი იარაღი კუბაში".
ამგვარად, გრომიკომ მოგვიანებით არა მარტო დაადასტურა თავისი საქციელი, არამედ შეეცადა გაემართლებია კიდეც იგი, რაც, ალბათ, ისევ და ისევ უზნეობაა. თუმცა გრომიკო აღიარებდა, რომ მის ხანგრძლივ დიპლომატიურ ცხოვრებაში ეს ყველაზე რთული შეხვედრა იყო.
როგორც აშშ-ში ყოფილი საბჭოთა ელჩი დობრინინი იგონებს, იგი არ იყო ინფორმირებული კუბაში საბჭოთა რაკეტების განლაგების შესახებ, რაც ასევე საინტერესო ისტორიული ფაქტია. მან ამის შესახებ შეიტყო 22 ოქტომბერს სახელმწიფო დეპარტამენტში, სადაც მას გადასცეს კენედის წერილი ხრუშჩოვის სახელზე და გამოსვლის ტექსტი, რომლითაც რამდენიმე საათში კენედიმ ამერიკელ ხალხს მიმართა.

თავის ისტორიულ გამოსვლაში კენედიმ ისაუბრა იმ საშიშროებაზე, რაც აშშ-ის უსაფრთხოებას შეუქმნა საბჭოთა კავშირის ამ უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებამ და ამცნო მსოფ­ლიოს კუბის ირგვლივ "კარანტინის რეჟიმის", ანუ ბლოკადის დაწესების შესახებ. ამიერიდან აშშ აკონტროლებდა კუბაში ნებისმიერი ხომალდის შესვლას.
ხრუშჩოვის სახელზე გაგზავნილ წერილში კენედი აღნიშნავდა, რომ ეს გადაწყვეტილება "აუცილებელი მინიმუმი" იყო. საპასუხო წერილში ხრუშჩოვმა სასტიკად იუარა კენედის არგუმენტაცია და ამერიკელების ეს ნაბიჯი სუვერენული კუბის შინაგან საქმეებში უხეშ ჩარევად და საერთაშორისო სამართლის დარღვევად შეაფასა. ამას საბჭოთა კავშირი არ მოითმენდა!
ფლორიდის შტატში დაიწყო 100 ათასი რეზერვისტის მობილიზაცია, რომლებიც მზად იყვნენ ნებისმიერ წუთს კუბაში გადასასხმელად. საბრძოლო მზადყოფნაში იქნა მოყვანილი აშშის სტრატეგიული და ტაქტიკური ავიაცია, სამხედრო ფლოტი, დასავლეთ ევროპაში განლაგებული შეიარაღებული ძალები.
23 ოქტომბერს გაეროს უშიშროების საბჭომ საგანგებო სხდომაზე განიხილა კუბაში შექმნილი ვითარება. ეს იყო ყველაზე დაძაბული სხდომა გაეროს არსებობისა და შემდგომი 46 წლის მანძილზე.

ამერიკის ელჩის შეკითხვას, განალაგა თუ არა მოსკოვმა კუბაში სარაკეტო შეიარაღება, საბჭოთა ელჩმა "ზღაპრების მოყოლით" უპასუხა. `გთხოვთ, მიპასუხოთ კონკრეტულად – ჰო თუ არა! – კატეგორიულად მოითხოვა ამერიკის ელჩმა. საბჭოთა დიპლომატის პასუხი კვლავ მიკიბულ-მოკიბული იყო.
1962 წლის 24 ოქტომბერს საბჭოთა ხომალდმა გადაკვეთა "წითელი ხაზი", მაგრამ ამერიკელებმა ეს "გადაყლაპეს". ამ დროისათვის უკვე ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის დიპლომატიური და სხვა არხებით, გამალებით მიმდინარეობს კრიზისული ვითარებიდან გამოსავალის ძიება.
26 ოქტომბერს ხრუშჩოვი კენედის კომპრომისს სთავაზობს: იგი მზადაა გაიტანოს კუბიდან საბჭოთა რაკეტები, თუკი აშშ ივალდებულებს კასტროს რეჟიმის ხელშეუხებლობას.
ასევე, ვაშინგტონმა თურქეთიდან უნდა გაიტანოს სარაკეტო ბირთვული შეიარაღება.
კენედი ამაზე თანახმაა, ოღონდ ითხოვს, რომ თურქეთიდან შეიარაღების გატანის შეთანხმება ჯერ არ გახმაურდეს, რადგან ეს მოგვიანებით ნატოს ფორმატით გადასაწყვეტი საკითხია. ხრუშჩოვი ამაზეც თანხმდება და დიდ შეცდომას უშვებს, რადგან კრიზისის განმუხტვის შემდეგ მსოფლიოს თვალში წაგებული დარჩება.
28 ოქტომბერს საბჭოთა საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს ცნობას, რომელსაც მსოფლიო გაფაციცებით ელის – კრიზისი დასრულებულია!
ორი კვირის შემდეგ საბჭოთა კავშირმა დაიწყო სარაკეტო დანადგარების დაშლა და კუბიდან გატანა, რამაც კასტროს დიდი აღშფოთება და მოსკოვთან მისი ურთიერთობების დიდი გართულება გამოიწვია. ფიდელის "მოლბობა" კუბაში ჩასულმა უაღრესად ელასტიურმა მიქოიანმაც კი ვერ შესძლო. ცივი ომი კუბასა და საბჭოთა კავშირს შორის ერთხანს გაგრძელდა.

კენედის ავტორიტეტმა აშშ-სა და დასავლეთ სამყაროში საგრძნობლად იმატა. სამაგიეროდ, ხრუშჩოვის მმართველობას აღარ ეწერა დიდი ხანი. ამ ავანტიურამ არა მარტო პარტიული ხელმძღვანელობა, არამედ სამხედრო ელიტაც აამხედრა ნიკიტას წინააღმდეგ.
მოსკოვსა და ვაშინგტონში ნათლად გააცნობიერეს, როგორ ეკიდა ბეწვზე მსოფლიოს ბედი და რა მყიფე იყო საერთაშორისო მშვიდობა. მაგრამ რა უნდა მოემოქმედათ მომავალში მსგავსი სიტუაციების თავიდან ასაცილებლად? ბევრი ვერც ვერაფერი მოიფიქრეს, გარდა იმისა, რომ ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ამიერიდან "ცხელი სატელეფონო ხაზი" შეიქმნებოდა.
შემდგომ პერიოდში, კარგა ხანს, აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის ურთიერთობები მინიმუმამდე იყო დაყვანილი.

წყარო: ზურაბ აბაშიძის ლიტერატურიდან – ცივი ომი - წარსული თუ დღევანდელობა?
0
8
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
8
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0