x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ერთხელაც ივანე ჯავახიშვილი და ზაქარია ფალიაშვილი სოფელში გზაზე მისეირნობდნენ....3 საოცარი ამბავი დიდ კომპოზიტორზე

image4 აგვისტოს(1871წ.) დაიბადა დიდი ქართველი კომპოზიტორი, ქართული ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებელი, კლასიკოსი და მსოფლიო დონის საოპერო შედევრების ავტორი ზაქარია ფალიაშვილი.

დღეს შემოგთავაზებთ სამ არაჩვეულებრივ ისტორიას კომპოზიტორის ცხოვრებიდან და შემოქმედებიდან.

***ზაქარია ფალიაშვილს გარდაეცვალა ერთადერთი ვაჟი ირაკლი და მძიმე კაეშანმა შეიპყრო, ხელი აიღო შემოქმედებაზე… სახლიდანაც აღარ გამოდიოდა.

მივიდა მასთან დიდი ივანე ჯავახიშვილი და შესთავაზა-სთხოვა: “წამოდიო ჩემთან სოფელ ხოვლეშიო, გულს გადააყოლებო, სუფთა ჰაერი და სოფლის სიმშვიდე გარგებსო”. და წაიყვანა კასპის რაიონის ერთ-ერთ ჯადოსნულ სოფელში.

ერთხელაც ივანე ჯავახიშვილი და ზაქარია ფალიაშვილი სოფელში გზაზე მისეირნობდნენ. დაინახეს ურემში შებმული ხარები და მეურმე, რომელიც ურმულს მღეროდა და თან უსაზღვროდ სევდიანად.

ზაქარია ფალიაშვილს ეს მელოდია როგორ გამოეპარებოდა და უთხრა ივანეს მელოდიის უნიკალურობისა, ღრმა სევდიანობის შესახებ.

ივანეს უკითხავს უცნობი მეურმე გლეხისათვის: “ასე საოცრად, ასე სევდიანად, ასე ტკბილად როგორ და რისთვის მღერიხარო…?”

მეურმეს უპასუხნია: ” 18 წლის ბიჭი მომიკვდა, გულდათუთქული ვარო და სულიდან ასეთი სევდა და ხმები თავისით ამომდისო”

გაოცდა, გაასდა და თავიდან დაიბადა დიდი ზაქარია ფალიაშვილის შემოქმედებითი ცხოვრება.

უცნობი რა მელოდიას ღიღინებდა მეურმე.

***

ოპერის თეატრის დირიჟორმა ემანუილ სტოლერმანმა მეუღლე მოკლა. თბილისი შეიძრა, მაგრამ მოძალადე ქმრის მიმართ არავის გასჩენია სიძულვილის გრძნობა.

იმ დღეს ემანუილ სტოლერმანს ცხარე კამათი ჰქონდა მეუღლესთან. განრისხებულმა ქალმა ქმარზე შურისძიება გადაწყვიტა და ყველაზე ძვირფასი გაუნადგურა: "აბესალომ და ეთერის" ხელნაწერი ნოტები დახია. ეს კი ვეღარ აიტანა დირიჟორმა... იმ დროს პარტიტურები ხელით იწერებოდა. სტოლერმანს თავად ზაქარია ფალიაშვილის ხელნაწერი ჰქონდა სამუშაოდ. და ეს ფასდაუდებელი განძი მისმა ანჩხლმა ცოლმა ერთი ხელის მოსმით გაანადგურა. სტოლერმანს უამბნია მეგობრებისათვის, - ცოლისა ისე მეშინოდა, ვერაფერი გავუბედე... როცა დაიძინა, კარის ჭუჭრუტანაში შევყავი რევოლვერი და ვესროლეო...

ამგვარი მკვლელობა მაშინ 18 წლის პატიმრობით ისჯებოდა. სასამართლომ გამაოგნებელი განაჩენი გამოიტანა: მიესაჯოს რესპუბლიკის უმაღლესი სასჯელი - 18 წელიწადი იმ 18 წლის გათვალისწინებით, რომელიც ამ ქალთან გაატარაო. სტოლერმანი სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს.

***

საღამო ხანია. თბილისი. ნისლია, ბინდ-ბუნდი, ოდნავ ბჟუტავს გაზის ფანრები. გოლოვინსკიდან, რუსთაველის პროსპექტიდან ზევითკენ ქალბატონი მიდის. დაახლოებით კონსერვატორიის უკან ხდება ეს.

მიუახლოვდა მას მაღალი, წარმოსადეგი მამაკაცი, თავზე შლაპა ახურავს. მოკრძალებით დადგა ქალბატონის წინაშე და უთხრა:

– ქალბატონო თამარ, უღრმესი პატივისცემით თქვენდამი, არ შემეძლო, რომ დამენახეთ და ეს თქვენთვის არ მეთქვა.

– კი ბატონო, გისმენთ, – მიუგო ქალმა. ქალბატონს ემჩნეოდა, რომ ძალიან დატანჯული, დაღლილი ადამიანი იყო.

პატარა პაუზის შემდეგ, მამაკაცმა ამოისუნთქა და უთხრა:

– მე ვარ კომპოზიტორი ზაქარია ფალიაშვილი. ახლახანს დავამთავრე ოპერა, რომლის მთავარ მოქმედ პირს თქვენი ქალიშვილის სახელი დავარქვი. მინდა, რომ იცოდეთ – ეს ოპერა ეძღვნება თქვენს ქალიშვილს და მის ხსოვნას.

მოწიწებით თავი დახარა, ქუდი მოიხადა ქალის წინაშე, შეტრიალდა და სწრაფი ნაბიჯით დაშორდა. ქალი დიდხანს იდგა თვალებზე ცრემლმორეული.

ეს ქალბატონი იყო მარო მაყაშვილის დედა, ამ ოპერას კი „დაისი“ ჰქვია.”

0
465
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
465
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0