x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
რით გააოცა რეზო თაბუკაშვილმა იტალიელი პოლიციელები?
image

1978 წელს რეზო თაბუკაშვილმა ქართველი მეცნიერის, საზოგადო მოღვაწის და თეოლოგის მიხეილ თამარაშვილის ნეშტი იტალიიდან საქართველოში ჩამოასვენა, რაც წარმოუდგენელი გმირობის ტოლფასი იყო.



თამარაშვილის ცხედრის შენახვის თანხა 70 წლის ვადით გადაუხდია იტალიელ კონდოლადო კუციოს, მისი გარდაცვალებიდან 68-ე წელს კი რეზო თაბუკაშვილმა ბოლომდე უჭირისუფლა და სამშობლოს მიწას მიაბარა.



"ამას არც ვყვები და არც ვწერ არსად, მაგრამ თვენახევარი წყდებოდა საკითხი, დავესაჯეთ თუ მოეცათ საშუალება დასაფლავებისა. კუბო 40 დღის განმავლობაში დამალული მქონდა. იყო საშიშროება, რომ უბრალოდ მოიპარავდნენ, მერე იტყოდნენ, რომ თაბუკაშვილმა იქ ვიღაც მოთხარა, მერე სიმთვრალეში სადღაც დაკარგა. რა, გაუჭირდებოდათ ამის გაკეთება?


ჩამოსვენება დღეს გახდა ჩვეულებრივი ამბავი, მაშინ ეს წარმოუდგენელი იყო. ცეკა-ს ბიუროზე ასეთი გამოსვლაც იყო, თაბუკაშვილმა ცეკა-ს კუბო მიაყენა რესპუბლიკის უკითხავად, უნდა დავსაჯოთ. დღეს თამარაშვილი ჩამოგისვენათ, არავინ რომ არ იცის, ვინ არის, სრულიად უცნობი და ხვალ შეიძლება რობაქიძე მოგაყენოთ კარზე" - ასე იხსენებდა რეზო თაბუკაშვილი წლების შემდეგ მიხეილ თამარაშვილის ცხედრის სამშობლოში დაბრუნების ისტორიას.




"ბოლოს და ბოლოს მივაგენით თამარაშვილის საფლავს ჩივიტავეკაიას სასაფლაოზე. სასაფლაოს დირექტორმა გვკითხა, თქვენ მთავრობის დავალებით ხართ ჩამოსულიო?

-არა - უპასუხა რეზომ.

- აბა, თქვენი ნათესავია?

- არა, არც ნათესავი არ არის.

- აბა, რას ეძებთ ასე გამწარებულები?

- ჩვენი ეროვნული ტრადიცია გვავალებს, პატივი მივაგოთ ჩვენს ყველა ღირსეულ წინაპარს, - უთხრა რეზომ.

გაგიჟდა ის კაცი. ცოლის სამსახურში დარეკა, უფროსს სთხოვა, გაათავისუფლეთ ერთი დღითო. მერე ცოლს უთხრა: წადი სახლში, სადილი მოამზადე, იმისთანა რჯულის ხალხი მომყავს, ჯერ რომ არ გინახავს და არც გაგიგიაო, " - იხსენებდა ოპერატორი იური ბარამიძე.




რეზო თაბუკაშვილს ოპერატორთან ერთად დაუტოვებია სასტუმრო და ყველაზე იაფფასიან სასტუმროში გადასულა. მთელი ეს დღეები, ვიდრე საქმეს მოაგვარებდა, შიმშილობდა, რათა რაც ფული ჰქონდა, არ დაეხარჯა. ერთ დღესაც გული შეწუხებია, გამვლელებს დიაბეტით დაავადებული ჰგონებიათ და შოკოლადით მოუსულიერებიათ. უკანასკნელი თანხა მიხეილ თამარაშვილის კუბოს შესაძენად გადაუხდია.


"კუბო შეიძინა, სცადა, სასტუმროში შეეპარებინა, მაგრამ ადმინისტრაციამ ნება არ დართო, ტურისტებს დააფრთხობსო. რეზო ოპერატორთან და კუბოსთან ერთად სასტუმროდან გამოაძევეს. ორი ღამე იტალიის ერთ-ერთ სკვერში გაატარეს. აქედანაც რომ გამოაძევეს, მხრებზე კუბოგადაკიდებული რომის ქუჩებში დადიოდნენ, " - იხსენებს ერთ-ერთ ინტერვიუში მუზეუმის თანამშრომელი იზა ვეფხვაძე.





თავად რეზო თაბუკაშვილს კი ამ თავგადასავალზე წლების შემდეგ უთქვამს, მე ამქვეყნად ყველაზე ბედნიერი ჭირისუფალი ვიყავიო.

მოკლედ, დადგა თამარაშვილის საქართველოში გადმოსვენების დრო. აეროპორტში წავიდნენ, რეზო თაბუკაშვილს სულ 5 დოლარი აქვს ჯიბეში. როგორც რეჟისორი გიგა ლორთქიფანიძე იხსენებდა, თაბუკაშვილს უსიამოვნება იტალიის აეროპორტშიც შეხვდა.


"თამარაშვილის ცხედარს იტალიიდან საქართველოში მოასვენებენ, თვითმფრინავის სალონში ცხედრის შეტანის უფლება არ მისცეს და საბარგო განყოფილებაში გააგზავნეს. თამარაშვილი საბარგო განყოფილებაში როგორ ჩავაბაროო, გაგიჟებულა რეზო. ატყდა ერთი ამბავი. მოვიდნენ პოლიციელები.

- ვინ არის, შენი მამაა?

- არა - უპასუხა რეზომ.

- ძმა? - გაუმეორეს კითხვა პოლიციელებმა.

- არა, დიდი მეცნიერია, დიდი ქართველი - უპასუხია რეზოს.

თუ მისთვის არავინაა და მაინც ასე იკლავს თავს, მაშინ ჩვენ შევიტანთ სალონშიო, უთქვამთ გაკვირვებულ პოლიციელებს და თამარაშვილის ნეშტი თვითმფრინავის სალონში შეიტანეს."





მიხეილ თამარაშვილის კუბოს რეზო თაბუკაშვილი საკუთარი სახლის სარდაფში მალავდა, შემდეგ ცხედარი ქარელში ოპერატორ იური ბარამიძის სახლში წაიღო. როგორც იქნა, დაარწმუნა საქართველოს მთავრობა, რომ მიხეილ თამარაშვილს მისი დამსახურებისთვის ეკუთვნოდა სამშობლოში პატივით დაკრძალვა...


image

ფოტოზე:მიხეილ თამარაშვილის ნეშტის დაკრძალვა დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში (1978 წლის 26 ნოემბერი)




დღეს 2 აგვისტოს ქართველ მწერალს, დრამატურგს, მთარგმნელს, სცენარისტს და რეჟისორს რეზო თაბუკაშვილს დაბადებიდან 97 წელი შეუსრულდებოდა.

0
333
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
333
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0