x
image
მანანა თურმანიძე
როგორ შევქმნათ ჩვენი ბედნიერი მომავალი
image

ყველას უნდა ბედნიერი იყოს, ამისკენ აბსოლუტურად ყოველი ჯანმრთელი ადამიანი მიისწარფის, მაგრამ უმეტესობამ არ იცის როგორ, რა გზით უნდა მიაღწიოს ბედნიერ მომავალს, არ ესმით, რომ ბედნიერება მიზანი კი არა, ცხოვრების წესია.

ამ თვალსაზრისით ადამიანები ორ ძირითად კატეგორიად იყოფიან - იღბლიანებად და უიღბლოებად. შეგინიშნავთ, რომ ზოგიერთს ყველაფერში უმართლებს - კარგი ჯანმრთელობა, ბედნიერი ოჯახი, წარმატება კარიერაში, ბარაქა ფინანსებში და ა.შ. თითქოს ყველაფერი იოლად ეძლევათ, ყველაფერს უპრობლემოდ აღწევენ. რაში მდგომარეობს მათი საიდუმლო? პასუხი ერთმნიშვნელოვანია - ისინი ცხოვრობენ სამყაროს კანონებთან უნისონში. რა კანონებია ეს?

არსებობს სამყაროს ძირითადი პრინციპები, რომლებიც განსაზღვრავენ ადამიანის ბედსაც და უბედობასაც, იღბალს და უიღბლობასაც, ყისმათს თუ უყისმათობას. მათ სამყაროს კანონებს უწოდებენ, რომლებიც ჩვენს ბედს განაპირობებენ:

  • სამყაროს მთლიანობის კანონი - სამყარო ერთი დიდი მთლიანობაა, მასში ყველაფერი ურთიერთკავშირშია და ჩვენ ამ მთლიანობის ნაწილი ვართ. წარმოიდგინეთ უკიდეგანო ოკეანე, სადაც წყლის თითოეული წვეთი ცალკეული მოლეკულების ნაკრებია ამ დიდ ოკეანეში, მაგრამ მთლიანობაში ყოველი წვეთი ოკეანის შემადგენელი ნაწილაკია, ისიც ოკეანეა. ოკეანის წყლის წვეთის მსგავსად ჩვენ ამ სამყაროს ნაწილი ვართ. ოკეანის მშვიდ წყალში ქვა რომ ჩააგდო, ის რგოლებს გამოიწვევს, რომლებიც ერთმანეთის მიყოლებით განიბნევიან შორ მანძილზე, შესაძლოა ტალღებადაც კი იქცნენ, გააჩნია რამხელა ქვას ჩავაგდებთ წყალში. ასევეა ჩვენი ქმედებები, როგორ უმნიშვნელოდაც არ უნდა გვეჩვენებოდნენ ისინი, მაინც იწვევენ უკუქმედებას და იწვევენ შედეგებს, რომლებიც აუცილებლად დგება. ყველაფერი ხომ მიზეზ-შედეგობრივია სამყაროში. ყოველი სიტყვა, ყოველი აზრი - შედეგის მომტანია. ტკბილ და პოზიტიურ სიტყვას შეუძლია ვიღაც გადაარჩინოს და პირიქით, მწარე და აგრესიულმა სიტყვამ, შესაძლოა ვიღაც დეპრესიაში ჩააგდოს, ან ცუდი ქმედებისკენ უბიძგოს. ჩვენი ერთიანობა კოსმოსთან არ არის უბრალო მეტაფორა, არამედ ღრმა ურთიერთკავშირია, ბუნების სიმბიოზი. როგორც ხე იღებს ნიადაგიდან ძალას და ჰაერი ივსება ჟანგბადით მცენარეების წყალობით, ასევე ჩვენ არ შეგვიძლია გარემოსგან იზოლაციაში არსებობა. ამის გააზრება გვეხმარება სამყაროს მთლიანობის აღქმაში, მთელი თავისი მრავალფეროვნებით და ურთიერთკავშირებით; გვეხმარება იმის გაგებაში, რომ ჩვენი წვლილი მნიშვნელოვანია. შენ არ ხარ შემთხვევით გამვლელი, არამედ შემოქმედი ხარ, რომელიც ქმნის რეალობას მის გარშემო. ამის გააზრება გვაძლევს სამყაროსთან ჩვენი კავშირის გაცნობიერების საშუალებას. გვიბიძგებს აღვიქვათ საკუთარი თავი სამყაროს განუყოფელ ნაწილად. სრულყოფილად რომ შეიგრძნოთ ეს ურთიერთკავშირი, დაიწყეთ საკუთარი თავიდან, აკონტროლეთ თქვენი აზრები და ემოციები, რადგან ისინი წარმოადგენენ საერთო ენერგეტიკული ველის ნაწილს. დანერგეთ პრაქტიკაში - სიკეთე, პოზიტიურობა, მოთმინება, მიტევება და თქვენ დაინახავთ, როგორ შეიცვლება სამყარო თქვენს გარშემო.
  • ვიბრაციის კანონი - მსგავსი იზიდავს მსგავსს, რა სიხშირეზეც ვვიბრირებთ, იმასვე ვიზიდავთ, თუ პოზიტივზე ვკონცენტრირდებით, პოზიტივს ვიზიდავთ ცხორებაში, ნეგატივი კი იზიდავს ნეგატივს სხვადასხვა ფორმით. პოზიტიური აზრები, სიტყვები და ქმედებები პოზიტიურ მოვლენებს იზიდავს თქვენს სამყაროში, ნეგატიური კი - ნეგატიურს. ერიდეთ სიტყვებს, აზრებს და ქმედებებს ნეგატიური დატვირთვით, მათ შეუძლიათ უსიამოვნება მოგიტანონ, რბილად რომ ვთქვათ. ამოიღეთ თქვენი ლექსიკონიდან ნეგატიური შინაარსის მქონე სიტყვები, გამოიყენეთ მხოლოდ პოზიტიური, ანუ სიტყვები დადებითი მნიშვნელობებით. იგივე ეხება აზრებს, რადგან ჩვენი აზრები კოსმოსში ისმის. ისწავლეთ თქვენი სიტყვების, აზრების და ქმედებების კონტროლი, ეს ძალიან მიშვნელოვანია. სასიკეთო ვერაფერი ხარობს გარემოში, სადაც ნეგატიური აზრები და სიტყვები პრივალირებენ. განავრცეთ პოზიტივი და სამყარო იმასვე დაგიბრუნებთ, რასაც ასხივებთ. ალბათ ყველას გაუგია გამოთქმა - სიტყვას შეუძლია მოკლას და სიტყვას შეუძლია მოარჩინოს. ნურასოდეს იტყვით სიტყვას, რომელმაც შეიძლება ადამიანს გული ატკინოს. ნუ გაუშვებთ ნეგატიურ აზრს სამყაროში, ის უკან აუცილებლად დაბრუნდება, რაიმე სახით თუ ფორმით. თუკი რაიმეს თქმა გსურთ დაფიქრდით, რას უშვებთ სამყაროში, სიკეთეს ემსახურება ის თუ ბოროტებას, პოზიტივს თუ ნეგატივს. იყავით სამართლიანი და სამყაროც სამართლიანი იქნება თქვენს მიმართ. ყოველი უსამართლო სიტყვა, აზრი თუ ქმედება თქვენს ენერგეტიკულ ველს ქმნის, რომელიც თქვენს გარშემო გარსად წარმოიქმნება და უკუკავშირს იწვევს. ვიღაც ძალიან ბედნიერია, ვიღაცას ძალიან უმართლებს და გიკვირთ რატომ? ვიბრაციის კანონის წყალობით, რასაც ასხივებს, იმასვე იღებს. მართალია, ზოგჯერ ვერც კი აცნობიერებს ადამიანი მის ქცევას. მაგალითად ურჩევ, რომ არ გამოიყენოს ნეგატიური კონოტაციის შემცველი სიტყვები, რადგან ისინი ნეგატივს იზიდავენ მის ცხოვრებაში, ის კი გეკამათებათ, რომ არასოდეს არ იყენებს მსგავს ფრაზეოლოგიას. არადა იცით, რომ მისი მეტყველება სავსეა უარყოფითი კონოტაციის შემცველი სიტყვებით და ფრაზებით, რაც მისი სულიერი მდგომარეობის, მისი შინაგანი სამყაროს გამოძახილია. აქ კამათს აზრი არ აქვს, უბრალოდ ყოველი ასეთი სიტყვის წარმოთქმისას ვიღაცამ უნდა შეახსენოს, რომ ეს სიტყვა უარყოფით დატვირთვას ატარებს. ზოგიერთთან ესეც არ გაჭრის, მაგრამ მაინც სცადეთ, თქვენ სიკეთეში ჩაგითვლით სამყარო, მან კი შესაძლოა ვერც გაიგოს, რომ დახმარებას ცდილობთ. ყველა ერთნაირად არ აღიქვამს დახმარების ხელს. ჩვენი სიტყვები და აზრები ხშირად ჩვენს ფსიქო-სომატურ ჯანმრთელობაზეც კი მოქმედებს, არა მხოლოდ ბედ-იღბალზე, სწორედ ვიბრაციის კანონის წყალობით
  • მიზეზის და შედეგის კანონი - ყოველ მიზეზს აქვს თავის შედეგი, ყოველ შედეგს კი - თავისი მიზეზი გააჩნია. რასაც დასთეს, მასვე იმკი, სამყაროს ბუმერანგის კანონი მუდმივ მოქმედებაშია. ამიტომ, როდესაც რაიმეს ვიღებთ ცხოვრებისგან, სასიამოვნოს თუ უსიამოვნოს, უნდა ვეძებოთ მიზეზი, თავს ვკითხოთ - რატომ?! ვიდრე რაიმეს ვიტყვით, ან მოვიმოქმედებთ, უნდა დავფიქრდეთ, როგორი პასუხი გვინდა მივიღოთ სამყაროსგან, რასაც ვუშვებთ, მასვე ვიღებთ. სამართლიანი და მადლიერი ვართ? -სამართლიანად და მადლიერად გვექცევა სამყარო, და პირიქით. თუ გინდა სიკეთე - აკეთე სიკეთე! წარმატება გსურს - იმუშავე საკუთარ თავზე, სიყვარული გინდა - თავად ისწავლე სხვების სიყვარული! თუმცა, თავს ნუ დაიდანაშაულებთ წარსული შეცდომების გამო, დაფიქრდით, აღმოაჩინეთ, გამოასწორეთ და განაგრძეთ ცხოვრება უკეთ, სხვაგვარად, სხვა ვიბრაციებით, სხვა სიხშირეებზე გადაერთეთ. ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა საკუთარ გამოცდილებაზე ისწავლო, შეცვალო შენი ცხოვრება უკეთესობისკენ და შეიქმნა სასურველი მომავალი. შეიძლება უსასრულოდ ვიკამათოთ იმაზე, იმსახურებენ თუ არა ადამიანები რაიმე ტკივილს ან უბედურებას, რომელიც მათ ცხოვრებამ მოუმზადა. რასაკვირველია, ასეთ დროს სამყარო უსამართლოდ გვეჩვენება. მაგრამ ნუ დავივიწყებთ, რომ არსებობს გენეტიკური კარმა, ანუ წინაპართა ცოდვები, რომელთა გამოც ხშირად შესაძლოა უსიამოვნო სიურპრიზებიც ვიხილოთ ცხოვრებისგან. ნათქვამია „ბაბუას ნაჭამმა ტყემალმა შვილიშვილს მოკვეთა კბილიო“. სწორედ ამიტომ არის საჭირო ლოცვა და მონანიება, როგორც საკუთარი, ასევე წინაპართა ცოდვების, ამიტომაც ვლოცულობთ მათი სულებისთვის, ვითხოვთ მიტევებას მათი სულებისთვის. ბევრს არც მონანიების მნიშვნელობა ესმის სწორად. მონანიება ნიშნავს გულწრფელ სინანულს რაიმე არასწორი ქმედების გამო, რომელსაც აღარასოდეს დაუშვებთ. ეცადეთ გამოასწოროთ შეცდომები, მოინანიოთ ცოდვები, გულწრფელად სთხოვოთ პატიება ადამიანებს, რომლებსაც გული ატკინეთ. არავინ გავალებთ ანგელოზი იყოთ, ან თვითგვემას მიეცეთ, უბრალოდ გახსოვდეთ, რომ უცოდველი არავინაა ქვეყანაზე, უცოდველობის განცდა კი - უკვე ცოდვაა. ცოდვებისგან განთავისუფლებაც თქვენს ხელთაა, ამიტომ ფოკუსირდით საკუთარის გამოსწორებაზე და არა სხვათა ცოდვების განკითხვაზე. ღმერთი მოწყალეა, ღმერთი სიყვარულია, ის არ სჯის, ჩვენ ვისჯით თავს, რადგან ჩვენ სამყაროს ნაწილი ვართ და თავად განვაგებთ ჩვენსავე ბედს. ერთხელ საკმაოდ აგრესიული კომენტარი წავიკითხე ამასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში. ადამიანი უცოდველად თვლიდა თავს და ბრაზობდა, იმუქრებოდა, იწყევლებოდა, არავინ მითხრას, რომ ღმერთი სამართლიანია ან წინაპრების ცოდვების გამო ვისჯებიო. ძალიან შემეცოდა, ეს აგრესია ხომ უკვე ცოდვაა, სწორედ მისგან უნდა განთავისუფლდეს და მის უბედურებაში შესაძლოა წინაპართა ცოდვა მართლაც არაფერ შუაშია, თავად იწვევს საკუთარ უსიამოვნებებს.
  • წინასწორობის კანონი - „სამყარო მუდამ ისწრაფვის ბალანსისკენ, ამბობდა ნიუტონი, და ეს წონასწორობა ყველაზე შესანიშნავია მოძრაობის ყველა ფორმას შორის“. ჩვენ ზოგჯერ ვეწინააღმდეგებით ამ წონასწორობის ძალას, ვცდილობთ საბანი ჩვენსკენ გადავქაჩოთ, გვინდა ვიყოთ უფრო ძლიერი, უფრო ჭკვიანი, უფრო მდიდარი. მაგრამ რაც უფრო ძლიერია წინააღმდეგობა, მით უფრო ძლიერია უკუქმედება და საბოლოო ჯამში ვიღებთ დაღლილობას და ნეგატიურ შედეგებს. როგორ გავუმკლავდეთ ამას? უნდა მივენდოთ სამყაროს, ის მუდამ ზრუნავს ჩვენზე, მთავარია მისგან რას ვიმსახურებთ, ვემორჩილებით კი მის კანონებს? ეს არის ჰარმონიის კანონი, არ შეიძლება მუდამ იღებდე და არაფერს გასცემდე. უნდა იპოვო ბალანსი მუშაობასა და დასვენებას შორის, შენს ინტერესებსა და გარშემოყოფების ინტერესებს შორის. დაიცავით ბალანსი, ეს თქვენს საკეთილდღეოდ იმოქმედებს. თუ გრძნობთ, რომ რაღაც ისე არ არის, ნუ შეგეშინდებათ, რაღაც უნდა შეცვალოთ საკუთარ თავში. ყური მიუგდეთ საკუთარ ხმას და იმას, თუ საით გადაიხარა თვქენი სასწორი და დაიწყეთ ქმედება, რათა მოიპოვოთ დღესასწაულის და ბედნიერების განცდა ცხოვრებაში. წონასწორობის, ანუ ბალანსის, იგივე ჰარმონიულობის კანონი მნიშვნელოვანი ფაქტორია ბედნიერების მაძიებელთათვის. ვინც ეძებს, ის პოულობს, იპოვეთ ჰარმონია სამყაროსთან, დაიცავით შინაგანი ბალანსი.
  • ტრანსფორმაციის კანონი - ენერგია არსად ქრება, ერთი ფორმიდან მეორეში გადადის. ჩვენი აზრებიც ენერგიაა, რომლებიც შესაძლოა მატერიალიზდნენ. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ არა მხოლოდ სხეული ხართ, არამედ ბატარეა, რომელიც შეიძლება დაიმუხტოს, ან დაიცალოს და ეს ენერგია პერმანენტულად ტრანსფორმირდება, გადადის ერთი ფორმიდან მეორეში. ეს არის ტრანსფორმაციის კანონი, რომელიც მუშაობს უწყვეტად. შიში, ბრაზი, შური, წყენა - ის ნეგატიური ენერგიებია, რომლებსაც შეუძლია ჩვენი პარალიზება, უმოქმედო მდგომარეობაში და აპათეაში ჩაგდება. თუმცა, შესაძლებელია ის გახდეს მოქმედების ტრიგერიც. თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ ეს ენერგია რაიმე სასარგებლოში, მაგალითად მოქმედების გეგმის დასახვაში. თუ სიბრაზეს გრძნობთ, ამან შესაძლოა სული მოგიწამლოთ, გაიძულოთ, რომ თავი უბედურად იგრძნოთ. ამაში ხშირად გვეხმარებიან ნეგატიური, ტოქსიკური ადამიანები. უფრო მეტიც, ისინი ყოველმხრივ ცდილობენ თქვენი თვითშეფასება რაც შეიძლება დაბლა დასწიონ. რა შეგიძლიათ გააკეთოთ? ნაცვლად დეპრესიისა ეს ენერგია შემოქმედებით ენერგიად გარდასახეთ, გადაერთეთ ნეგატიური აზრებიდან ხელოვნებაზე, ისწავლეთ ბრაზის მართვა, დახატეთ, დაწერეთ, შექმენით რაიმე ახალი. ცნობიერება არის ენერგიის ნაკადების კონტროლის გასაღები. როდესაც თქვენ იწყებთ თქვენი ნეგატიური ენერგიის გარდაქმნას პოზიტიურად, თქვენი ცხოვრება იწყებს შეცვლას. ნაცვლად იმისა, რომ გაებათ ნეგატიური ემოციების მახეში, ისწავლეთ მათი გარდაქმნა პოზიტიურ ენერგიად, სიყვარულად, შთაგონებად, შემოქმედებად. უამრავი პრაქტიკა არსებობს ენერგიებზე სამუშაოდ. ლოცვა, მედიტაცია, იოგა - ეხმარება ადამიანებს ურთიერთობების დალაგებაში შინაგან მე-სთან თუ სხვებთან, ასევე ცნობიერების გაწმენდაში უარყოფითი აზრებისგან. ენერგიის ტრანსფორმაციის სწავლამ შესაძლოა შეცვალოს თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ. თქვენ გახდებით უფრო გაცნობიერებული და ისწავლით თქვენი ემოციების ეფექტურად მართვას, საკუთარ ცხოვრებაში მეტი პოზიტივის მოზიდვას. გახსოვდეთ დიდი მეცნიერის, ნიკოლა ტესლას სიტყვები: „თუ გსურთ ეზიაროთ სამყაროს საიდუმლოებებს, იფიქრეთ ენერგიის, სიხშირის და ვიბრაციის თვალსაწიერით.“
  • მიზიდულობის კანონი - რაზეც ვახდენთ ჩვენი ყურადღების კონცენტრირებას, იმასვე ვიღებთ ცხოვრებაში. ჩვენი აზრები, ჩვენი ემოციები, მაგნიტივით იზიდავს ჩვენს ცხოვრებაში მოვლენებს. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი გონება კომპიუტერია, რომელიც შეუჩერებლად აანალიზებს ინფორმაციას და ქმნის რეალობას თქვენს გარშემო. თუ თქვენ გამუდმებით უარყოფითზე ფიქრობთ, მაშინ თქვენი „კომპიუტერი“ დაპროგრამებულია ნეგატივის მოზიდვაზე. მაგალითად, თუ თქვენ დაგვიანების გეშინიათ, თქვენი ტვინი ქვეცნობიერად ეძებს და პოულობს დაგვიანებისთვის შესაფერის სიტუაციებს. შეიძლება საათი გაჩერდეს, ან მობილური დაგრჩეთ, ლიფტში ან საცობში გაიჭედოთ, ნებისმიერი რამ შეიძლება მოხდეს. როგორმე უნდა შევცვალოთ, გადავაპროგრამიროთ ჩვენი ცნობიერი. დაიწყეთ საკუთარი აზრების და ემოციების კონტროლით. როგორც კი თავს დაიჭერთ ნეგატივზე, მაშინვე გადაერთეთ პოზიტივზე. წარმოიდგინეთ თქვენი ცხოვრება ისეთად, როგორიც ის გინდათ, რომ იყოს და გჯეროდეთ, რომ თქვენი სურვილები ახდება. ყოველი ოცნება რეალურია, თუკი მას მოქმედების გეგმას შეუსაბამებ. გამოიყენეთ ვიზუალიზაციის და აფირმაციის ტექნიკა. ნებისმიერი აზრი ენერგიაა და შეიძლება მატერიალიზდეს. მაგრამ იყავით ფრთხილად, ნუ მიეცემით ილუზიებს, ინატრეთ ის, რაც ასრულებადია, რეალობასთან ახლოა და რეალიზებადია. თუ თქვენ ოცნებობთ მარგარეტ ტეტჩერი გახდეთ ამ ოცნებას ასრულება არ უწერია, ის გარდაიცვალა და ცოცხალიც რომ იყოთ ის ის არის, თქვენ კი თქვენ ხართ. შეგიძლიათ დაისახოთ მიზნად უკეთესი გახდეთ, ეს უფრო რეალურია. ამავდროულად, მნიშვნელოვანია არ დაგვავიწყდეს ზემოთ ჩამოთვლილი კანონები, რა ენერგიასაც ვუშვებთ, იმასვე ვიღებთ, რაიმე ფორმით, სამყაროს ბუმერანგის კანონი მუდამ ძალაშია. ამიტომ ჩვენი ნატვრა, ოცნება, სურვილი არ უნდა იყოს ვინმეს საზიანო, არ უნდა ემსახურებოდეს ბოროტებას. თქვენი ბედნიერება არ უნდა ნიშნავდეს ვინმეს უბედურებას. გაიმეორეთ თქვენი აფირმაციები ყოველდღე ხმამაღლა, პოზიტიურ ფორმაში. ნუ დაგავიწყდებათ - მიზიდულობის კანონი ძლიერი ინსტრუმენტია და ის მოითხოვს შესაბამის პასუხისმგებლობას! ოცნებებს და რეალურ ქმედებებს შორის ბალანსის პოვნა ცხოვრების ხელოვნებაა.
  • უპირობო სიყვარულის კანონი - წარმოიდგინეთ, რომ სიყვარული ეს არა მხოლოდ გრძნობაა, არამედ უზარმაზარი, ყოვლიმომცველი ენერგიაა, როგორც მზის სინათლე, რომელიც კვებავს სიცოცხლეს დედამიწაზე, ან მთვარის შუქი, რომელიც ღამეს გვინათებს. სწორედ ამას ჰქვია უპირობო სიყვარულის კანონი, რომელიც ყველაფრის საფუძველია. როგორ გავიგოთ სიყვარული, როგორც უნივერსალური ენერგია? ეს არ არის უბრალოდ რომანტიული გრძნობები, არამედ ღრმა კავშირის განცდა მთელ სამყაროსთან, ეს არის ადამიანების მიმართ თანაგრძნობა, მადლიერება ბუნების სილამაზის გამო, სიცოცხლის პატივისცემა, მის ყოველ გამოვლინებაში. როგორ გამოვამჟღავნოთ მეტი სიყვარული? დაიწყეთ საკუთარი თავიდან. მიიღეთ თქვენი თავი ისეთი, როგორიც ხართ, მთელი თქვენი დადებითი და უარყოფითი მხარეებით, ისწავლეთ შეცდომების აღიარება და პატიება საკუთარი თავისთვის. არ აკრიტიკოთ თქვენი თავი და არ შეადაროთ სხვებს. როგორც დიდი ფილოსოფოსი სიკრატე ამბობდა „შეიცანი თავი შენი“ და როდესაც შეიყვარებთ საკუთარ თავს, მაშინ თქვენი სიყვარული სხვების მიმართ უფრო ძლიერი და გულწრფელი გახდება. სიყვარული ძალაა, რომელსაც შეუძლია განკურნება და ჩვენი ცხოვრების ჰარმონიზაცია. სიყვარული ჩვენი თავის მიმართ ყველაფრის საფუძველია, ის გვმატებს ძალას და თავდაჯერებულობას, მაგრამ სიფრთხილე გვმართებს, რათა არ გადაიზარდოს ეგოცენტრიზმში, საკუთარი პიროვნებით გატაცება, საკუთარი თავის „სამყაროს ცენტრად“ წარმოდგენა ერთობ უარყოფითი და საზიანო თვისებაა ხასიათის. ახლობლების მიმართ სიყვარული არის სიხარულის და მხარდაჭერის წყარო; გარე სამყაროს სიყვარული არის ჰარმონიის და შთაგონების წყარო. გახსნილი გულით ცხოვრება ნიშნავს იყო გახსნილი სიყვარულისთვის, სიხარულისთვის, ყველა სიკეთისთვის, რისი მოტანაც შეუძლია ამქვეყნიურ ცხოვრებას. ეს ნიშნავს არ გეშინოდეს დაუცველობის, არ გეშინოდეს სიყვარულის გაცემის და მიღების. დაიწყეთ მცირედით, გაუღიმეთ უცნობს, დაეხმარეთ უპოვარს, მიუტევეთ მას, ვინც გაწყენინათ, დაურეკეთ ახლობელ ადამიანს და უთხარით, როგორ გიყვართ და გახსოვდეთ - სიყვარული არა მხოლოდ სიტყვაა, ეს არის ენერგია, რომელსაც შეუძლია შეცვალოს სამყარო უკეთესობისკენ. სიყვარული უპირატესია ყველა კანონს შორის. ადამიანებო გიყვარდეთ ერთმანეთი და სამყაროც შეგიყვარებთ თქვენ.
  • მიმღებლობის კანონი - მიიღეთ საკუთარი თავიც და სხვებიც ისეთებად, როგორიც არიან. მცდელობები შეცვალოთ მსოფლიო და გარშემომყოფები იწვევენ უსიამოვნებებს. წარმოიდგინეთ, რომ დგეხართ ზღვის ნაპირზე. ტალღები ხმაურით ეხეთქებიან ნაპირს. თქვენ ხომ არ ცდილობთ რაიმე შეცვალოთ, ან შეაჩეროთ ზღვის ღელვა, ამაზე ენერგიას არ დახარჯავთ. თქვენ უბრალოდ დგეხართ და მათ აკვირდებით. ამ დაკვირვებაში სიმშვიდეა. სწორედ იგივეა ცხოვრებასთან მიმართებაშიც. მიმღებლობა არ არის სისუსტის ან ინერტულობის გამოხატულება, ეს არის უნარი მიიღო რეალობა ისეთად, როგორიც ის არის, ნეგატიური ემოციების გარეშე. ჩვენ ხშირად საკუთარ თავს ვაკრიტიკებთ, ვცდილობთ ვიყოთ სხვაზე უკეთესები, იდეალურები. არადა იდეალური ადამიანები არ არსებობენ, არც ამქვეყნიური ცხოვრებაა იდეალური, არსებობს საკმაოდ ბევრი ბოროტება, რომელსაც გვერდს ვერ აუვლი, ვიღაცას შეშურდება სხვისი სიკეთის, ვიღაც ეჯიბრება ყველას, ან მტაცებელია და სხვისი უნდა მიიტაცოს. ასე რომ არ იყოს არც კონფლიქტები და ომები იარსებებდა დედამიწაზე. მიმღებლობა არ ნიშნავს ეთანხმებოდე ყველაფერს, რაც ხდება, არამედ ნიშნავს გააზრებას და არასასურველის გაშვებას. როდესაც თქვენ ცდილობთ შეცვალოთ ის, რისი შეცვლაც თქვენს ძალებს აღემატება, თქვენ უამრავ ენერგიას ხარჯავთ უსარგებლო ბრძოლაზე. ეს ბრძოლა წარმოშობს შიშს, ბრაზს, იმედგაცრუებას და არ გაძლევთ საშუალებას იცხოვროთ სიმშვიდეში და ჰარმონიაში. გაიხსენეთ სიტუაციები, როდესაც თვლიდით, რომ რაღაცაში არ გაგიმართლათ. თქვენ უიმედობაში და აპათიაში ჩავარდით, ნეგატიურ ემოციებს ვერ ერეოდით. ამან შესაძლოა თვითშეფასებაც დაგიქვეითოთ. გარკვეული დროის შემდეგ შესაძლოა აღმოაჩინოთ, რომ თქვენთვის ასე ჯობდა, რასაც მაშინ ვერაფრით წარმოიდგენდით. ვერ ხედავდით იმ შესაძლებლობებს, რომლებიც არსებობს სამყაროში და იმ საფრთხეებს, რომლებიც შესაძლოა თავიდან აიცილეთ თქვენ კი ეს უიღბლობად ჩათვალეთ. არსებობს ნეგატიური გამოცდილება, რომელიც მხოლოდ დადებით გამოცდილებაზე მუშაობს, მაგრამ თქვენ ამის შესახებ შესაძლოა მოცემულ მომენტში არაფერი იცოდეთ. შესაძლოა ცხოვრება რაღაც უკეთესს გიმზადებთ. ისწავლეთ რეალობის მიღება და ნეგატიურ მოვლენებზე დადებითად რეაგირება, ეს არის გზა თქვენი ზრდის და განვითარებისკენ. დაუშვით, რომ ყველაფეერი ისეა, როგორც უნდა იყოს. ხშირად გაიმეორეთ ფრაზა - „სამყარო ზრუნავს ჩემზე“. დაიჯერეთ, ის მართლაც ზრუნავს, თქვენ ხომ მისი ნაწილი ხართ, მისი კანონებით ცხოვრობთ და ამას იმსახურებთ. მიიღეთ რეალობა ისეთად, როგორიც არის და იცხოვრეთ საკუთარ თავთან და სამყაროსთან ჰარმონიაში. ცხადია ეს არ ნიშნავს, რომ არ შეცვალოთ ის, რაც არ მოგწონთ. გინდათ შეცვალოთ სამყარო? დაიწყეთ საკუთარი თავიდან. თუკი ყველა ასე მოიქცევა, სამყარო უკეთესი გახდება.
  • ციკლურობის კანონი - სამყაროში არაფერია მუდმივი და სტატიური, ყველაფერი მოძრაობს და ცვალებადია, ყველაფერი ციკლურობის კანონს ექვემდებარება. დღეს ღამე ცვლის, ღამეს დღე, წელიწადის დროები ერთმანეთს ენაცვლებიან. ჩვენ ამ სამყაროს და მისი ერთი ციკლის ნაწილი ვართ. თაობათა ცვლაც სწორედ ამ ციკლურობის ერთერთი მაგალითია. ყოველ ჩვენგანს აქვს აქტიური პერიოდი და დასვენების პერიოდი, ესეც ციკლურობის კანონია, ის ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში ვლინდება. ცხოვრებაში გვაქვს პერიოდები შთაგონებით, როდესაც შემართებით ვართ აღსავსე და ყველაფერი ადვილად გამოგვდის, წარმატებას ვაღწევთ. მაგრამ არის ასევე პერიოდები, როდესაც მოშვებული და უმოქმედო მდგომარეობა გვიპყრობს, შეიძლება აპათეურებიც კი ვიყოთ, აზრებს ძნელად ვიკრებთ, ამ დროს წარუმატებლობის ტალღები ერთმანეთს მოსდევს, როგორც ზღვაზე, ძლიერი შტორმის დროს. ბუნებასაც ასეთივე ციკლები აქვს. გაზაფხული - გამოღვიძების ხანა, ზაფხული - ზრდის და მწიფობის დრო, შემოდგომა - დრო მოსავლის აღებისა, ზამთარი - სიმშვიდის და დასვენების დრო. მთავარი არა მხოლოდ წარმატების მიღწევაა, მთავარია ვიცოდეთ როგორ ვირეაგიროთ გარდაუვალი ჩავარდნების დროს. აქაც მუშაობს უკვე ნახსენები მიმღებლობის კანონი. სამყაროში დღეც და ღამეც საჭიროა ჰარმონიისთვის. თუ ჩვენ შეუსვენებლივ ვისწრაფით წარმატებისკენ, შესაძლოა უბრალოდ გადავიწვათ. თუ გინდა ბედნიერი იყო გრძელ გზაზე, ნუ იჩქარებ მიზნისკენ, დატკბი გზით. ისწავლეთ დატკბეთ, როგორც დასვენების პერიოდით, ასევე აქტიურობის პერიოდით. გახსოვდეთ წლის დროები - გაზაფხული მოითხოვს ენერგიას, ზაფხული - სიხარულს, შემოდგომა - სიბრძნეს, ზამთარი - დასვენებას. მთავარია დავიცვათ ბალანსი, არ დავარღვიოთ ჰარმონია. ამისთვის ყურადღება უნდა მივაქციოთ ჩვენს შინაგან შეგრძნებებს, განწყობებს. როდესაც სხეული დასვენებას გთხოვთ, ნუ აიძულებთ მას ფორსირებულ რეჟიმში მუშაობას. დაგეგმეთ თქვენი დღე და კვირა ისე, რომ მასში დრო იყოს, როგორც მუშაობისთვის, ასევე დასვენებისთვის. მიეცით თქვენს თავს ზოგჯერ ყველაფრისგან განტვირთვის საშუალება, უარი თქვით დროებით ყველაფერზე, რაც ძალას გართმევთ და გთრგუნავთ, მოძებნეთ დრო ბუნებაში სასეირნოდ, შემოქმედებისთვის, ჰობისთვის. ამაშია სიბრძნე - არ იცუროთ დინების საწინააღმდეგოდ, თქვენ არ ხართ მდინარის კალმახი, მიჰყევით დინებას და იცურეთ ცხოვრების რითმთან ჰარმონიაში. მაშინ თქვენ გექნებათ საკმაო ძალა და ენერგია ნებისმიერი მიზნის მისაღწევად.
  • მოქმედების კანონი - უნდა იმოქმედო, რათა მიაღწიო რაიმეს, შთაგონება მოქმედების დროს მოდის. ამ კანონის გააზრება და გამოყენება შესაძლოა დაგეხმაროთ გამოსვლაში შესაფერისი მომენტის ლოდინის უაზრო წრიდან. ალბათ ყველას ახსოვს ანეკდოტი კაცზე, რომელიც იხრჩობოდა და ღმერთს ევედრებოდა გადარჩენას, ღმერთმა კი ურჩია ხელი გაენძრია, რათა გადარჩენილიყო. ანალოგიური ანეკდოტი არსებობს ლატარეის ბილეთზე, ასეა - ლატარეაში მოგება თუ გინდათ, ლატარეის ბილეთი უნდა იყიდოთ, ამას ჰქვია სწორედ მოქმედების კანონი. შესაძლებელია დაუსრულებელი ოცნება და ლოდინი შესაფერისი მომენტის, ზემოდან მინიშნების, შთაგონების, გამართლების და ა.შ., მაგრამ კონკრეტული ქმედებების გარეშე არაფერი არ მოხდება. ლატარეის ბილეთი თქვენ თუ არ იყიდეთ, ციდან არ დაგეცემათ თავზე. თუ მიზანი არ დაისახეთ და არ დაგეგმეთ მის მისაღწევად შესაბამისი ამოცანები, ოცნება ოცნებად დარჩება. ნათქვამია, ვინც გამბედავია - თავისუფალია. მთავარია პირველი ნაბიჯი გადადგათ, მაგრამ გააზრებულად. როგორც კი დაიწყებთ, შთაგონებაც გეწვევათ და იდეებიც მოვა თავზე საყრელად, ენერგიის მოზღვავებასაც იგრძნობთ და ყველაფერი, რაც კი გჭირდებათ მიზნის მისაღწევად, არსენალში აღმოჩნდება. ეს ველოსიპედის ტარებას გავს, თუ არ იმოძრავე, წინ ვერ წახვალ და დიდი ალბათობით დაეცემი. მთავარია შიში დაძლიო და აამოძრაო პედლები. ჩვენ მოვედით ამ სამყაროში იმისთვის, რომ ბედნიერად ვიცხოვროთ და არა ვიტანჯოთ, ან უსასრულოთ ვიოცნებოთ წარმატებაზე. ამიტომ, გადადგით ნაბიჯი თქვენი მიზნების მისაღწევად, ყოველდღე შეადგინეთ სამოქმედო გეგმა და ნაბიჯ-ნაბიჯ განახორციელეთ ის, თუნდაც მცირედით, მაგრამ - ყოველდღე. ნუ შეგეშინდებათ შეცდომების, უშეცდომო არავინაა, მაგრამ შეცდომებს გააჩნია, ფატალური შეცდომებისგან თავი შორს დაიჭირეთ. შეცდომები წარმატების გზაზე საფეხურებად გამოიყენეთ და ისწავლეთ საკუთარ შეცდომებზე მაინც, თუკი სხვის შეცდომებზე ვერაფერს სწავლობთ. ბრძენები სხვის შეცდომებზე სწავლობენ, ბრიყვები კი საკუთარზეც ვერაფერს სწავლობენ. მთავარია ხელები არ ჩამოუშვათ, იმოქმედეთ. გახსოვდეთ, სამყარო გეხმარებათ, თქვენ ხომ მისი ნაწილი ხართ და მის კანონებს იცავთ.
  • სარკის კანონი - ჩვენი გარე სამყარო ჩვენი შინაგანი სამყაროს ანარეკლია. დიახ, ჩვენი ცხოვრება ჩვენი შინაგანი სამყაროს ზუსტი ანარეკლია. ხომ გახსოვთ ბავშვობაში სარკესთან რომ ვთამაშობდით, დაეღრიჯები - დაგეღრიჯება, გაუღიმებ და - გაგიღიმებს. ასეა ცხოვრებაშიც. ყველა ჩვენი შიში, ბრაზი, შური თუ სხვა ნეგატივი, ისევე როგორც ჩვენი კეთილი განზრახვები - სიყვარული, თანადგომა, სხვებზე ზრუნვა და ნებისმიერი პოზიტიური აზრი თუ ქმედება, რაც მარაგში გვაქვს, აისახება გარე სამყაროზე. სამყაროში რასაც ვუშვებთ მასვე გვიბრუნებს, როგორც ბუმერანგი. ალბათ შეგინიშნავთ, როდესაც კარგ ხაზიათზე ხართ, თითქოს სამყაროც უფრო კეთილგანწყობილია თქვენს მიმართ, ადამიანები გიღიმიან, ყველაფერი ადვილად გამოგდით, თითქოს მთელი სამყარო გიღიმით. თუმცა, პირიქითაც არსებობს, გაიღვიძებ უხასიათოდ, თითქოს მარცხენა ფეხზე ადექი, არაფერი გამოგდის, ყველაფერი ხელიდან გიცვივა, ვიღაც მის გაღიზიანებულ ნერვებს შენზე მოიფხანს, ხან ყავა გადმოგივა, ან მანქანა გაგიფუჭდება და ტრანსპორტი გაგასწრებს. ამაში არაფერია გასაკვირი, არანაირ ჯადოქრობას არ აქვს ადგილი, ეს სარკის კანონია მოქმედებაში. რა ენერგეტიკითაც ხართ დამუხტული, იმასვე იღებთ სამყაროსგან. თუ თავში ქაოსია, საკუთარი თავის რწმენა არ გაქვთ ან ნეგატივი ბუდობს თქვენში, თქვენს ცხოვრებაზეც იგივე აისახება და პირიქით, თუკი პოზიტივით დაიმუხტეთ, საკუთარ ძალებში დარწმუნებული ხართ, სამყაროც მხოლოდ პოზიტივს გთავაზობთ ცხოვრების გზაზე, სარკისებრი ეფექტით. არაა საუბარი იმაზე, რომ ყველას უღიმოთ, მაშინ, როდესაც სულაც არ გეღიმებათ, დამალოთ თქვენი რეალური ემოციები, არა! თქვენ შინაგანად უნდა დაიმუხტოთ დადებითად, უნდა ისწავლოთ, როგორ მართოთ ემოციები, თქვენი შინაგანი სამყარო, შეცვალოთ ნეგატიური აზრები პოზიტიურით, ბოროტი აზრები - კეთილით. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ცხოვრება ბაღია, რა გინდათ რომ მოიყვანოთ მასში, ეკალ-ბარდები თუ მსხმოიარე ხეხილი, სურნელოვანი ყვავილები თუ სარეველა? თუკი შიშის, ბრაზის, უკმაყოფილების და შურის ნერგებს რგავთ და ნეგატიური ენერგიით რწყავთ, ნაყოფიც მწარე და ნეგატიური იქნება, კარგი ვერაფერი გაიხარებს ასეთ გარემოში. დარგეთ სიყვარულის, მადლიერების, სიკეთის და თანადგომის ნერგები, მორწყეთ პოზიტივით და კარგი მოსავალი გექნებათ, ტკბილ ნაყოფს მიიღებთ თქვენს გაშენებულ ხეხილის ბაღში. დაიწყეთ პატარ-პატარა ნაბიჯებით, უკუაგდეთ ცუდი აზრები, შეცვალეთ კარგით, იმუშავეთ თქვენს აზრებზე და ნახავთ, როგორი შესანიშნავი ფერებით შეიცვლება თქვენი ბაღი. უთხარით ვიღაცას მადლობა, დაეხმარეთ უპოვარებს, დაურეკეთ ახლობლებს და უთხარით, როგორ გიყვართ, არაფერია სამარცხვინო სიყვარულში, სამარცხვინო სიძულვილია. ყველაფერი აუცილებლად აისახება თქვენს ცხოვრებაზე, ამაშია სამყაროს სარკის ეფექტის საიდუმლოება.
  • თავისუფალი ნების კანონი - ეს კანონი, ისევე, როგორც ბევრი სხვა, ემთხვევა ქრისტიანულ მრწამსს - ღმერთმა შექმნა ადამიანი და მიანიჭა მას თავისუფალი ნება! ადამიანი იბადება თავისუფალი ნებით, მისი საკუთარი არჩევანის უფლებით. ზოგადად რელიგიური მოძღვრებები ფაქტიურად ყველა ერთსადაიმავეს ქადაგებს, მცირეოდენი განსხვავებებით, მაგრამ არსებითი პრინციპი ყველას ერთი აქვს, ცოდვა - მადლის და კარმის პრინციპი, სიკეთე - სიკეთეს ბადებს, ბოროტება - ბოროტებას. ყველაფერი ჩვენს ცხოვრებაში დამოკიდებულია ჩვენს არჩევანზე, ყველაფერს, რასაც ცხოვრებაში ვიღებთ ჩვენვე ვირჩევთ, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად. ყოველი ჩვენი არჩევანი, როგორი უმნიშვნელოც არ უნდა იყოს ის, განსაზღვრავს ჩვენს ბედს. დაფიქრებულხართ, მართლა ჩვენ თვითონ ვქმნით ჩვენს ბედს, თუ ყველაფერი წინასწარ არის განსაზღვრული ცხოვრებაში? ძალიან მოსახერხებელია იფიქრო, რომ ყველაფერი წინასწარ არის განსაზღვრული და ჩვენ აქ არაფერ შუაში ვართ, ჩვენ მხოლოდ პაიკები ვართ ჭადრაკის დაფაზე. ეს კომფორტული ილუზიაა თავის დასამშვიდებლად. ჩვენ არ ვართ უმოქმედო ფიგურები დაფაზე, რომლითაც ვიღაც თავის თამაშს თამაშობს, ჩვენ თავად ვართ განმგებელი საკუთარი ბედის, მაგრამ ამას ხშირად ვერ ვიაზრებთ. ცნობილი დანიელი ფიზიკოსი, ნილს ბორი ამბობდა: „მომავალი არ შეიძლება განჭვრიტო, ის შეიძლება შექმნა“. ყოველი დღე ახალი შესაძლებლობების კარებებს გვთავაზობს და მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, თუ რომელს ვირჩევთ, როგორი მომავლის კარებს შევაღებთ. ჩვენი არჩევანი განსაზღვრავს ჩვენს მომავალს. სწორი არჩევანი უნდა გავაკეთოთ, რომ არ დავიკარგოთ ცხოვრების ლაბირინთებში. ყოველ ცხოვრებისეულ სიტუაციაში გვხვდება გზაჯვარედინები. მოკლე გზას ვირჩევთ, იოლად გამდიდრება გვსურს, თუ გრძელი გზა ვარჩიეთ, სწავლა და გრძელვადიანი გეგმები, რომელი და რამდენად კეთილსაიმედოა, ამას ჩვენ თავად ვსაზღვრავთ, ეს ჩვენს არჩევანზეა დამოკიდებული. არასდროს არის გვიან გზის შეცვლა და სწორ, უკეთეს ბილიკზე გადასვლა, თუკი ვხედავთ, რომ ჩვენმა არჩეულმა გზამ არ გაამართლა და არაკეთილსაიმედოა, არ მოაქვს სასურველი შედეგი. ვინც სწორ გზას ირჩევს, სასურველ მიზანს ადრე თუ გვიან აუცილებლად მიაღწევს.

image

და ბოლოს, თუკი ყველაფერს სწორად აკეთებთ და მიზანს მაინც ვერ აღწევთ, მიზანს ნუ შეცვლით, თუკი ის კეთილსაიმედოა, შეცვალეთ ამოცანები, ანუ მისკენ სავალი გზები, მისი განხორციელების ხერხები. დარწმუნდით, რომ არ დაუშვით შეცდომა და თუკი აღმოაჩენთ დაუყოვნებლივ გამოასწორეთ.

სწორ, კეთილსაიმედო არჩევანს და იღბლიან გზას გისურვებთ. იცხოვრეთ სამყაროს კანონებით, იყავით მასთან ჰარმონიაში და იყავით ბედნიერები.

0
13
შეფასება არ არის
ავტორი:მანანა თურმანიძე
მანანა თურმანიძე
13
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0