x
image
თამილა გურაშვილი
გურამ დოჩანაშვილი "მთვარიანი ღამე (ფიქრები ფიროსმანზე)"
image
მეთვალყურე ზოგი ზედმეტად ცნობისმოყვარე იყო:
- ნიკო, რა გვარისა ხარ?
- ფიროსმანიშვილი.
- სადაური ხარ, ქართლელი?
- არა, კახელი ვარ.
- ვაჰ, კახელიძ მე ქართლელი მეგონე.
ნიკო უხერხულად იღიმებოდა.
- რომელი სოფლიდანა ხარ, ნიკო?
- მირზაანიდან.
-კარგი სოფელია?
- რა ვიცი.
- ვა, არ ყოფილხარ იქა?
- როგორ არა იქ გავიზარდე.
- მერე არ იცი?
- კარგი სოფელია, კი.
დალოცვილი სოფელი იყო მირზაანი. როგორი პური მოდიოდა, რა ვაზი ხარობდა!
- ნიკო, საკარმიდამო გქონდა იქა?
- კი.
- რა უყავი, რამდენად გაყიდე?
- არ გამიყიდია, ეხლაცა მაქვს.
- მართლა? მერე, რაღა გინდა ქალაქში?
- რა ვიცი…
- არ იცი?
ნიკო ხმას არ იღებდა.
- გინდა გამოცანა გითხრა?
- მითხარი, – გაეხარდა ნიკოს.
- გარეთ ატლასი, შიგნით ათასი. რა არი?
- ბროწეული?
- არა.
- აბა?
- ქისა. ეხლა არსად მსახურობ?
- არა.
- რატო?
- რა ვიცი.
- ვა, არაფერი არ იცი? ადრე არ გიმსახურია სადმე?
- კი, რკინიგზაზე ვმუშაობდი.
- რას აკეთებდი?
- გამყოლად ვმუშაობდი, საბარგო მატარებლებზე.
- მერე, რატომ დაანებე თავი?..
- ავად ვხდებოდი. ღია ვაგონში ვიდექი, ზამთრობით ძალიანა მციოდა…
- ჰოო? თითოც დავლიოთ, ეს ჩვენს ძვირფას მშობლებს გაუმარჯოს..
თასებს დადგამდნენ თუ არა, ნიკო შიშით ელოდა ლაპარაკის გაგრძელებას. ცნობისმოყვარე კი ღვინოს მწვადის ნაჭერს მიაყოლებდა და ეკითხებოდა:
- სხვაგან არსად გიმუშავია, ნიკო?
- კი.
- სადა?
- ჩემი დუქანი მქონდა, რძითა ვვაჭრობდი.
-ვა, შენ ვაჭარიც ყოფილხარ, კაცო?
- არა, მე ვაჭარი არა ვარ.
- მაშ, ვინა ხარ?
ნიკო ჩუმად იჯდა.
- გაკოტრდი?
- არა.
.
- შენი არ მიკვირს? რატომ აღარ მუშაობ, კაცო?
- მე… ვაჭარი არა ვარ.
- იცი, რას გეტყვი?
ცნობისმოყვარე გრძელი სიტყვისათვის ემზადებოდა, ნიკო თავდახრილი იჯდა და გული სტკიოდა.
- მე მინდა, შენ რომ კარგი კაცი დადგე, ნიკო. სირცხვილი არ არის, აბა რასა ჰგავხარ, ერთი სარკეშიც ჩაიხედე, შე კარგი დედ-მამის შვილო… ხვალვე მუშაობა დაიწყე, ანდა შენს სოფელში წადი, გაიქნიე რაღა ეგ ოხერი მკლავები, სასმელ – საჭმელიც გექნება, ახალ შარვალ-ხალთსაც იყიდი, სანამდის უნდა იყო ასე, სამადლოდ? ღმერთმა დამიფაროს და ჩემისთანა ადამიანი რომ გამოლიოს ქვეყანაზე, მერე რაღას აპირებ, ნიკო, ვინ გაჭმევს მაშინ პურს ან ვიღა დაგალევინებს? რატომა ხარ ასე უქმად, რატომ არა მუშაობ?
- მე… ვმუშაობ.
- მუშაობ? რას აკეთებ რო…
- ვხატავ.
- ხატავ? შენ რა გითხარი, ბიჭო, - გულიანად ეცინებოდა ცნობისმოყვარეს, - ეგ რა მუშაობაა..
ნიკო ხმას არ იღებდა
- ვინ გასწავლა ხატვა?
- არავინ.
- არავინ?- უკვირდა ცნობისმოყვარეს, - მაშ, მე რატომ არ ვიცი ხატვა?
- რა ვიცი, აბა..
ცოტა ხანს ჩუმად იყვნენ, ცნობისმოყვარე დუქნის მოხატულ კედლებს ათვალიერებდა
-ნიკო, ხატვა მასწავლე, ტკიცინა მანეთიანს მოგცემ.
ნიკო არ ბრაზდებოდა:
- როგორ გასწავლო, აბა, ხატვა ისეთი რამეა, თუ შენ თვითონ არ იცი, სხვა ვერავინ გასწავლის
- ეჰ, დავლიოთ მაინც. ეს გაუმარჯოს პურ-მარილის კაცსა…
ღამით, როცა დუქანი ცარიელდებოდა, ნიკო კედელზე ან მუშამბაზე ხატავდა. მერე დუქნის იატაკზე წამოწვებოდა და შიშით უცდიდა იმ შეკითხვას, ყოველი დაძინების წინ რომ აეკვიატებოდა ხოლმე: „რატომ არ მიდიხარ სოფელში, ნიკო?“
ძლიერი ხმა იყო, სულის სიღრმიდან ამოდიოდა. ნიკო მაინც წაუყრუვებდა ხოლმე, თვალებს ხუჭავდა, ინაბებოდა კაცი.
„რატომ არ მიდიხარ-მეთქი, ნიკო?“
გურამ დოჩანაშვილი "მთვარიანი ღამე (ფიქრები ფიროსმანზე)"
0
20
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
20
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0