სხვა 3 ბრძნული იგავი, რომელიც თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის 14 ივლისი, 8:18 «სიკეთის წვეთი» მზით გამომწვარ სტეპში, ძლიერ ქარიან ამინდში, ადამიანი მიდიოდა. დამქანცველი გზით და წყურვილით გატანჯული, ყოველ ნაბიჯზე ბორძიკობდა და ჰორიზონტს იმედით გაჰყურებდა... ბოლოს, მას ძალა გამოეცალა და დახეთქილ, უნაყოფო მიწაზე დაეცა. — მე დაგეხმარები. აი დალიე და უკეთ გახდები. წყნარი ხმის, თითქმის ჩურჩულის გაგონებაზე შეკრთა კაცი. თავი ასწია და ქალი დაინახა, რომელიც ღიმილით დოქს აწვდიდა. კაცი წყალს დაეწაფა და მაცოცხლებელი სითხის სმა, ხარბად დაიწყო. მას ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ ამაზე გემრიელი რამ, ცხოვრებაში არ დაულევია. — შიგნით რა არის? – იკითხა მგზავრმა, როდესაც დოქს მოსწყდა. თან შერცხვა, რადგან მოეჩვენა, რომ დოქში ძალიან ცოტა წყალი დარჩა. — სიკეთე, – ღიმილით უპასუხა ქალმა და გზა გააგრძელა. მგზავრს კი, ისევ შერცხვა, რომ თავის გადამრჩენს, მადლობაც კი ვერ უთხრა. ის უყურებდა მიმავალ ქალს და ეჩვენებოდა, რომ ის ყველაზე მშვენიერი იყო, იმ ქალებს შორის, ვინც ცხოვრებაში შეხვედრია... მაგრამ, უეცრად შენიშნა, რომ დოქი, რომელიც ქალს მიჰქონდა, გაიბზარა და იქიდან მაცოცხლებელი სითხე ჟონავდა და უსიცოცხლო მიწას წვეტ–წვეთად ეცემოდა. კაცი წამოხტა და ქალისკენ გაიქცა. — შეჩერდი! – ყვიროდა ის. – შენი დოქი გატყდა, შიგნით კი, ისედაც ცოტა წყალი იყო. — ვიცი, – მშვიდად უპასუხა ახალგაზრდა ქალმა. – საშიში არ არის. სიკეთე არასდროს იკარგება. შეხედე! მგზავრმა მიმოიხედა და დაინახა, რომ სადაც ქალმა გაიარა, მიწა გაცოცხლდა – მწვანე ბალახი ბიბინებდა და ყვავილები იყო გაშლილი. ხოლო, გამხმარი ხე ფოთლით შეიმოსა და მწიფე ნაყოფი მოისხა... და ქარს, ცოტა ხნის წინ მტვერი რომ მოჰქონდა, ახლა ვაშლის და თაფლის სურნელს აფრქვევდა. — რა ხდება? – გაუკვირდა კაცს. – ეს, ალბათ, სასწაულია? — განსაკუთრებული არაფერია. – ახალგაზრდა ქალმა გაიცინა და მხრები აიჩეჩა. – არ იცოდი, რომ სიკეთის წვეთსაც კი, მკვდარი მიწის გაცოცხლება და მისი აყვავებულ ბაღად გარდაქმნა შეუძლია? იგავი «დახმარებაზე და მადლიერებაზე» «აღმოსავლეთის შორეულ ქვეყანაში, მოხუცი ბრძენი ცხოვრობდა, რომელიც ყველას კეთილი რჩევებით ეხმარებოდა. დახმარებისთვის კი, მას ფასი არასდროს დაუდია. მეზობლები, ვისაც როგორ შეეძლო, თავად უხდიდნენ მადლობას მხარდაჭერისთვის – ვინ ფულს აძლევდა, ვის ვაშლი მიჰქონდა, ვის – ფიჩხი... ხოლო, თუ ვინმეს ერთი სპილენძის მონეტაც კი არ ჰქონდა, მას უანგაროდ ეხმარებოდა და სანაცვლოდ არაფერს სთხოვდა. ამის გამო, ბრძენი უყვარდათ. მაგრამ, ზოგიერთი თვლიდა, რომ ეს უსამართლობა იყო – რატომ ემსახურებოდა ის მას, ვინც უხდიდა და იმასაც, ვინც არაფერს აძლევდა? ერთხელ ბრძენთან მდიდარი კაცი მივიდა და უთხრა: — მოხუცო, ჩვენ ყოველთვის მოგმართავდით, რჩევისთვის. არასდროს ეუბნებოდი უარს, ღარიბებსაც კი. მითხარი, რატომ ეხმარები იმათაც, ვისაც საფასურის გადახდა არ შეუძლია? რატომ იღებ ჩემგან, სხვისგან კი არა? — მიპასუხე, – უთხრა მას მოხუცმა, – გთხოვე რამე? თუ ამას ნებაყოფლობით აკეთებ? — დიახ, – უპასუხა მდიდარმა. – ფასი არასდროს გითქვამს, ყოველთვის იმდენს გიხდიდი, რამდენსაც საჭიროდ ვთვლიდი. — სხვებიც ასე იყვნენ, იმდენს მაძლევდნენ, რამდენსაც საჭიროდ თვლიდნენ. ისინიც კი, ვისაც ჯიბე ცარიელი აქვს. — არ მესმის! – დაიყვირა მდიდარმა. – შეიძლება იმან გაიღოს რამე, ვისაც ფული საერთოდ არა აქვს? — რა თქმა უნდა! – უპასუხა მოხუცმა. – ეს ადამიანი «მადლობას» მეუბნება და ჯანმრთელობას მისურვებს. ეს კი, ხან უფრო მეტი ღირს, ვიდრე მსოფლიოს მთელი სიმდიდრე, რადგან ჯანმრთელობას და კარგ დამოკიდებულებას, ვერანაირი ფულით იყიდი. იგავი «სიცოცხლის ძალაზე და შინაგან ჰარმონიაზე» უძველეს დროში, ერთ მეფეს ულამაზესი ბაღი ჰქონდა, რომელშიც სეირნობა და დასვენება ძალიან უყვარდა. ერთხელ, ის ბაღში შევიდა და გაოგნდა – მისი საყვარელი მცენარეები ხმებოდნენ... — რა მოხდა? – იკითხა აღშფოთებულმა მეფემ. მას მუხა გამოეხმაურა და კითხვაზეც უპასუხა. მისი თქმით, იმიტომ ხმებოდა, რომ საკუთარი გარეგნობით კმაყოფილი იყო და ყოველთვის უნდოდა, ისეთი ლამაზი და მაღალი ყოფილიყო, როგორიც ფიჭვი იყო. გარდა ამისა, იმაზეც წუხდა, რომ ისეთი ტკბილი ნაყოფის მოსხმა არ შეეძლო, როგორსაც ვაზი იძლეოდა... ვაზი კი, იმის გამო ტიროდა, რომ მას ისეთი ყვავილები და სურნელი არ ჰქონდა, როგორც შროშანს. ხოლო, შროშანი, იმის გამო ჭკნებოდა, რომ მას ისეთი ძალა და სიძლიერე არ ჰქონდა, როგორც მუხას. დამწუხრდა მეფე და დაბნეული დადიოდა განადგურებულ მცენარეებს შორის... და უეცრად, უჩვეულოდ ლამაზი, სიცოცხლით სავსე და ძლიერი ყვავილი დაინახა, რომელიც ნაზ სურნელს აფრქვევდა. ეს ფრეზია იყო და მეფის კითხვებზე, მან შემდეგი პასუხი გასცა: — ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ რადგან დამრგე, შენი სურვილი იყო, რომ სწორედ ფრეზია გეხილა და ჩემი გარეგნობით და სურნელით დამტკბარიყავი. შენ რომ გდომოდა, საკუთარ ბაღში სხვა მცენარეები გეხილა, მათ თესლს აირჩევდი. მაგრამ, რადგან არჩევანი ჩემზე შეაჩერე, ეს იმას ნიშნავს, რომ არ მჭირდება, ვინმე სხვა გავხდე. არხის სხვა სიახლეები:* 2030 წლამდე, ყველა ქვეყანა იმას მიიღებს, რაც დაიმსახურა – ამერიკელი ნათელმხილველის პროგნოზი* არ არის გამორიცხული, რომ მარსზე ადამიანები დღემდე ცხოვრობდნენ...* მესამე რაიხის ექსპედიცია და საიდუმლო ბაზა ანტარქტიდაზე* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?271 1-ს მოსწონს
|