x
მეტი
  • 04.07.2024
  • სტატია:135777
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510148
„პირველი ღამის უფლების“ კვალი მეგრულ ზეპირსიტყვიერებაში

image"პირველი ღამის უფლების“ ჩვეულება გარკვეულ როლს ასრულებდა უძველესი და შემდგომი დროის ქორწინების პროცესში. ფოლკლორული მასალა მასზე მსჯელობის საშუალებას იძლევა. პირველი ღამის უფლება კონკრეტული ისტორიული პერიოდის საკუთრება იყო და ფუნქციონირება ასევე გარკვეულ პერიოდში შეწყვიტა, ისტორიის არქივს გადაეცა. ეს იყო ჩვეულება, რომელმაც დროს ვერ გაუძლო, რადგანაც მისი ფესვები ჯანსაღ ნიადაგზე აღმოცენებული არ იყო. აღნიშნული წესი თავდაპირველად გარკვეულ რელიგიურ რწმენასთან იყო დაკავშირებული, კერძოდ – ქალიშვილთა მიერ თავიანთი უმანკოების ღმერთისადმი მსხვერპლშეწირვაში, რასაც ადასტურებს ის ფაქტიც, რომ „ზოგიერთ ხალხებში ქალწულობის ახდა კერპების საშუალებით ხდებოდა“, ამავე დროს, აქტი სრულდებოდა წმინდა ადგილას – სალოცავებში (Ковалевский 1886 : 50). სემიონოვი ამ ჩვეულებას ორგიასტულ დღესასწაულებს უკავშირებს (Семенов 1960: 307 – 308).

ფეოდალიზმის დროს კი „პირველი ღამის უფლება“ მებატონე ფეოდალის მიერ იქნა მითვისებული და საყოველთაოდ აღიარებული. რუსეთში „პირველი ღამის უფლება“ საყოველთაოდ იყო ცნობილი (Мордовцев 1971 :78). ამ უფლების საკომპენსაციოდ შემოღებულ იქნა გადასახადები. ამგვარი გადასახადი ჩვენშიაც არსებობდა „საჩექმეს“ სახელწოდებით (ნადარეიშვილი 1971: 120), რაც ამ წესის საქართველოში არსებობას ადასტურებს.

ქართულ სინამდვილეში „პირველი ღამის უფლების“ არსებობის საკითხს ყურადღება მიაქცია ი. გომართელმა თავის წერილში „ნაწყვეტები წარსულიდან“. წერილში გადმოცემული იყო შემდეგი: „ბატონყმობის დროს გავრცელებული იყო ევროპაში კანონი პირველი ღამისა, კანონი მდგომარეობდა იმაში, რომ ყმა რომ ცოლს შეირთავდა, ბატონს უფლება ჰქონდა პატარძალთან დაწოლილიყო პირველ ღამეს და ეს კანონი საქართველოშიაც შემოვიდა“ (გომართელი 1907 : 56 №3).

საქართველოში ამ ჩვეულების არსებობის შესახებ არც ბექა აღბუღას სამართალში, არც გიორგი ბრწყინვალის ნაშრომში, არც ვახტანგის რჯულისდებასა და არც სხვა რომელიმე ისტორიულ ნარკვევებში არაფერია ნათქვამი, ასევე დუმს თეიმურაზ მეორეც თავის “სარკე თქმულთაში“, სადაც მას დაწვრილებით აქვს აღწერილი საქორწილო რიტუალის ყველა მომენტი. ივ. სურგულაძის აზრით, „პირველი ღამის უფლება“ XIX საუკუნეში უდაოდ არსებობდა. მართალია, ისტორიული წყაროები დუმან, მაგრამ ამ ჩვეულების არსებობა მტკიცდება ზეპირსიტყვიერი ნიმუშებით და ლიტერატურული ძეგლებით.

ამ კუთხით საინტერესოა მეგრული ფოლკლორული ნიმუშები და, ასევე, მის ეთნოგრაფიულ ყოფაში დამადასტურებელი მასალები. „პირველი ღამის უფლება“ რომ წესად ჰქონიათ ქართველ ფეოდალებს, ამის შესახებ ინფორმატორები მოგვითხრობენ. სამეგრელოში ამ ჩვეულების არსებობის შესახებ საინტერესოა აკაკი წერეთლის მამის ყმის, ლაბაძის ნაამბობი, სადაც ვკითხულობთ: "სამეგრელოში, დადიანები მეგრელთა გლეხებს სასტიკათ სტანჯავდნენ. ერთ დადიანთაგანს ჩვეულებად ჰქონდა პირველი ღამის ურიგო წესიც. მის საყმოში ისე ყმა გლეხი ვერ შეირთავდა ცოლს, რომ საცოლო ქორწილის პირველ ღამეს ბატონისათვის არ დაეთმო. საზოგადოთ, ეს დადიანი მეტის მეტი სასტიკი კაცი იყო, სისასტიკესთან დიდი უსამართლო. იგი თავის ყრმებს სიკვდილითაც სჯიდა, ზოგს ახრჩობდა კიდეც.

ყმა, რომელსაც ამ თავადის სახელი არ ახსოვს, რადგან იმერეთიდან იყო გამოქცეული და სამეგრელოში დროებით ცხოვრობდა, თხრობას ასე აგრძელებს: "მის სახელს მე არ ვაქცევდი ყურადღებას, ბოროტების აღსანიშნავად და მოსაგონათ მარტო გვარიც კმაროდა“. ამ მონათხრობიდან ვგებულობთ, რომ სასტიკ თავად დადიანს ერთ-ერთი ყმა გლეხი შეპასუხებია.
„ბატონო, – უთქვამს ყმას, – რაზედ გვაწვალებთ, რასა ჰგავს ეს, თქვენ ქრისტიანი ხართ, თუ სხვა ვინმე?! ასე თათარიც არ გვაწვალებს, როგორც თქვენ გვტანჯავთ. მთელი ქვეყანა თქვენ გემდურით. მთელი თქვენი მოყმენი თქვენ სახელს და ხსენებას წყევლიან და მრავალნი გემუქრებიან, გითვლიან: პირველ ღამეს თავი გაანებე და მეგრელ გლეხებსაც ნუ ჰყიდით ოსმალეთში, მოიშალე ყველა ესენი, თორემ უსათუოდ მალე აგკუწავთო... ჩემსას თუ არ დაიჯერებთ, მაშინ თქვენ თვითონ დააკვირდით, ბატონო, თქვენ თვით დარწმუნდით მასზედ, რომ ქვეყანა გემდურით. ეს ბატონს არ ეკადრება, დადიანების სახელსა და გვარს“ (ჭიჭინაძე 1924 : 111 –112).

1973 წელს სამეგრელოში, წალენჯიხის რ-ნის სოფ. საჩინოში ფიქსირებულ მასალებში ვკითხულობთ: „ჩვეულება იყო, ქორწინების პირველ ღამეს პატარძალს ხელს არ ახლებდნენ. მეორე ღამეს კი პატარძალი თავადთან უნდა მიეყვანათ. ამას ეძახდნენ „ჭყუალეს“ – გახედნას. თუ თავადი არ ინებებდა ქალთან წოლას, ის ქალი არ ვარგოდა. იყო შემთხვევა, როცა თავადს არ სურდა ქალთან წოლა, გლეხს ძალით მიჰყავდა, ეშინოდა, ცუდი არაფერი მოსვლოდა ოჯახში“.

მეორე გადმოცემის მიხედვით, „იყო შემთხვევები, როცა საქმროს თვითონ მიჰყავდა პატარძალი და სთხოვდა, პირველ ღამეს ჰყოლოდა, ბევრ შემთხვევაში თავადი თანახმა იყო შეესრულებინა თავისი გლეხის სურვილი, მაგრამ ყოფილა შემთხვევები, როცა უარით ისტუმრებდა. ასეთ შემთხვევაში გლეხს დასცინოდნენ: – ცუდი ქალი მოიყვანე, სოფლისთვის შეუფერებელიო, იმიტომ ცდილობდა გლეხი, თავადთან მიეყვანა, თუ თავადი უარს იტყოდა, გლეხი მაინც არ მოეშვებოდა: – თავს ლაფს ნუ დამასხამ, დაიტოვე ერთი ღამითო. თავადი იძულებული იყო შეესრულებინა გლეხის თხოვნა“ (თსუ ფოლკ. არქ. №16623).

იგივე აზრი გამოთქვა მთხრობელმა ნანა ბელქანიამ, რომელმაც გაიხსენა ზუგდიდის რ–ნ სოფ. კახათში მცხოვრები ქ-ნ ლენა სიჭინავას ნაამბობი, რომ სამეგრელოში თავადებს წესად ჰქონდათ „პირველი ღამის უფლება“. ქ-ნ ლენა მადლობდა კომუნისტებს, რომ ეს წესი თავადაზნაურობასთან ერთად გადავარდა (მთქმელი ნ. ბელქანია ქ. ზუგდიდი 2015 წ.). ამ ჩვეულებამ თავისი ასახვა ჰპოვა მეგრულ წყობილსიტყვაობაში. მოგვყავს ნაწყვეტი ტექსტიდან:

კუთხური ქართულით (მეგრული): ჯვეში დრო

ფერი ყაზაყი შურო ვარდ თი დროს სიტყვას თქუანდნი.
ის დუც კვათნდეს, თავადს ვე ფუჩუანდნი.
საჩილო რდ ყაზაყი დო ბარგის ვემკაქუნანდნი
თავადიში რდ პირველი სერი, ოსურს ქიმი¯უნანდნი.
თაში ორდ დასაჯული ყაზაყეფი ეთი დროს.
თავადი დო ჟინოსქუა მიკოჯანდეს სტოლს.
ღვინს გიოშუანდეს ორქოშ ჭირქას დო ბროლს.
თექ ყაზაყიქ მინილკონ, გემწუ¯ოთანდეს თოლს.
თი დროს ორდეს ყაზაყეფი უჩა დღალენს გერინელი.
თეგვარ უჩა სამართალი თი დროსრდ გორჩქინელი.

(ხუბუა 1937: 342 – 343).

სალიტერატურო ქართულით: ძველი დრო

იმ დროს ხმის ამომღები გლეხი არ იყო.
მას თავს ჭრიდნენ, თავადს თუ არ დაიფიცებდა.
დასაქორწინებელ გლეხს ტანსაცმელს არ აცვამდნენ.
ცოლს რომ შეირთავდა, თავადის იყო პირველი ღამე.
ასე იყვნენ დასჯილები გლეხები იმ დროს.
თავადი და აზნაური მიწოლილი იყვნენ მაგიდას.
ღვინოს სვამდნენ ოქროს და ბროლის ჭიქით.
იქ გლეხი რომ შესულიყო, თვალებს დასთხრიდნენ.
იმ დროს გლეხები შავ დღეში იყვნენ.
ამგვარი შავი სამართალი იმ დროს იყო გაჩენილი.

სამეგრელოს ფოლკლორული მასალა ამტკიცებს, რომ არსებობდა ჩვეულება, რომელიც “პირველი ღამის უფლებით“ იყო ცნობილი და ადგილი ჰქონდა თავადთა თავგასულ მოქმედებას. ამ ჩვეულებას აღწერს ფუცუ დგებუაძე–ფულარია ისტორიულ რომანში „ოქროს ბეჭედი“.
სოფელ ზიმში ქაიხოსრო ჩიქოვანის ყმა გლეხს კოჩაია ლემონჯავას რძლად მოუყვანია აბაშელი ქალი. ლევანს თავისი მოენეების საშუალებით გაუგია, რომ ეს ქალი ძალიან ლამაზი ყოფილა. როდესაც გლეხი კოჩაია ქორწილს იხდიდა, მთავარი ლევანი თავისი ამალით დაუპატიჟებლად მისულა, მაშინვე მიმხვდარა კოჩაია, რა მიზეზით იყო ლევანი მის სახლში მისული. იმ წუთშივე ქაიხოსრო ჩიქოვანთან გაქცეულა და მოუხსენებია: თქვენ ჩემი პატრონი ხართ, ერთგულად გემსახურებოდით და გთხოვთ გასაჭირში გვიპატრონოთ, თუ არ დამეხმარებით, მაშინ მე ჩემსას ვიზამ. ოჯახში ბოროტი განზრახვით მოსულ ლევანს თავს შევაკლავ და მთავარსა და მის თავადიშვილებს საჯაროდ შევარცხვენ. დამშვიდდი, კოჩა, ჩემს გლეხს რომ ვინმე დაჩაგრავს, ის მე არ მიწევს ანგარიშს. საჩქაროდ წადი შინ, ახლავე დაგეწევიო. ქაიხოსრო თურმე მაშინვე შეჯდა ცხენზე და კოჩაიას სახლისკენ გასწია. ხალხის საჩვენებლად ქაიხოსრომ მთავარს თაყვანი სცა და ყურში კი თურმე ჩასჩურჩულა: – აქ რატომ მობრძანებულხართ! თუ ზიმში მოდით, ჩემთან უნდა მოსულიყავით, რა გინდოდათ კოჩაია ლემონჯავას სახლში? გადაჭრით გეუბნებით: თუ გნებავთ შინ მესტუმრეთ, არადა სასახლეში წაბრძანდით, ჩვენ გაგაცილებთ.

რამდენიმე წუთის შემდეგ ამდგარა ლევანი თავისი ამალით და ლემონჯავას ეზოდან გასულა. ქაიხოსროც აცილებდა თურმე, თან არწმუნებდა: ცხენიან – კაციანად გაგწყვეტდნენ ლემონჯავები, ქვეყნის სალაპარაკოდ გაიხდიდით თავსო. გულმოსულ ლევანს გამცილებელი ქაიხოსრო ჩიქოვანი მალე დაუბრუნებია, თვითონ კი ზუგდიდში ჩასვლამდე თურმე სულ იგინებოდა და იქადნებოდა: სოფელი ზიმი ერთიანად უნდა გავანადგურო, რაღა მთავარი ვარ, თუ ასეთ პატარა სურვილსაც ვერ შევისრულებ, პირველი ღამის უფლებით მე კი არა, უბრალო თავადებიც კი სარგებლობენო, მე კი რა გამიბედეს ესო. ან ის ქაიხოსრო რას ერეოდა ამ საქმეში, მასაც გადავუხდი პატივისცემასო. (დგებუაძე – ფულარია 1982 : 28 – 29).

საკანონდმდებლო დოკუმენტები და ისტორიული წყაროები გვერდს უვლიან, მაგრამ ხალხურმა სიტყვიერებამ, ლიტერატურულმა ძეგლებმა და ეთნოგრაფიულმა ყოფამ შემოგვინახეს მასალები, რომლებიც ამ ჩვეულების არსებობას ცხადყოფენ.

3
385
2-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
385
  
გუშინ, 0:54
საშინელებაა, ჩემთან ვინც მმიცნობს ყველა ერიდება თავადობაზე და ზოგადად კუდაბზიკა დიდგვაროვნებზე საუბარს.
რაა ამაში საამაყო და სასიქადულო? ყმას, რომ ყიდდნენ ოსმალოზე ან მწევარზე, რომ ცვლიდნენ ადამიანებს, ეს იყო მოსაწონი? ამიტომაც ვემიჯნები ყოველივეს, რაც ფეოდალურ წყობას უკავშირდება.
ჩვენი წინაპრების იყოო და ნახევარი სოფლის მიწები გაყიდეს და საქონლისთვის საძოვარი არაა პრაქტიკულად.
ყველგან მოცვის პლანტაციებია. 40 გრადუსიან სიცხეში მონებივით ამუშავებენ 40 ლარად მთელი დღე ქალბატონებს.
ღირსეული წინაპარი გყოლია ბარაქალა მათ სულსა და საქმეებს, მათ შთამომავალს.
ფეოდალიზმი საზიზღარი წყობა იყო და ეს ყველანაირად მტკიცდება
2 ივლისი, 14:21
„ჭყუალეს“ – გახედნა, მცირე შესწორება-ნჭყაფა ჰქვია დღესაც ცხენის, ხარების თუ ხუმრობით პატარძლის მიმართ მეორე დღეს წარმოთქმულ სიტყვას.
ეს სისაძაგლეს, რომ არ აკეთედა ჩემი დიდი წინაპარი ამიტომ მოუწია მამულების მიტოვებამ და ვისი წაყვანაც შეეძლო თავისი მამულებიდან თან ნელნელა წაიყვანა და აფხაზეთში დაასახლა.
სოფელს არ დავასახელებ შეგნებულად, გლეხმა პატარძალი მიუყვანა ჩემს წინაპარს პირველი ღამით, რომ ესარგებლა, ჩემი დიდი ბაბუა ერეკლესთან ნაბრძოლი კაცი იყო, რომ ვერ მოიშორა აბეზარი გლეხი ყმებს გააროზგვინა, ცოლის და ოჯახის პატივისცემას ისწავლიო. ადგა ეს ბრიყვი და დადიანთან უჩივლა, დადიანმა მეორედ გააროზგვინა, ალალია შენზეო.
ზუგდიდის მუზეუმშია ეს შემთხვევა დაცული, დადიანის მოურავს დგებუაძეს (სამეგრელოში დგებიებს ეძახიან დღემდე) ჩაუწერია.
კი იყო ისე გასაროზგი ის დებილი. :))
0 1 3