პოეზია როგორ მივიდა (მიიყვანეს)პაოლო იაშვილი თვითმკვლელობამდე 29 ივნისი, 9:58 130 წლის წინ, 1894 წლის 29 ივნისს დაიბადა, პოეტი, მთარგმნელი და ესეისტი, "ცისფერყანწელთაგან" ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, პაოლო იაშვილი, იგი მწერლებს შორის პირველი იყო, რომელიც 1937 წლის რეპერესიებს შეეწირა, თუმცა მცირე სხვაობით, მან თავად დაასწრო წითელ ტერორს და მწერალთა სახლში თავი მოიკლა 1937 წლის 22 ივლისს. პაოლო იაშვილი იყო ქართველ მწერალთაგან პირველი, რომელიც საბჭოთა რეპრესიებმა შეიწირა. ეს მოულოდნელი არ ყოფილა. იგი საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე, ნელ-ნელა და თანდათანობით მზადდებოდა. გარდა შემოქმედებითი დისკუსიებისა, რომელიც ბოლო ხანს პაოლოს უმართავდნენ ხოლმე „იდეოლოგიური მავნებლობის“ გამო, მკაცრად აკრიტიკებდნენ ახლო ურთიერთობისათვის „ხალხის გამომჟღავნებულ მტრებთან“: ჯიქიასთან, ლომინაძესთან, ელიავასთან, აღნიაშვილთან. ხშირად იმართებოდა სხდომები, სადაც საქართველო სსრ მწერალთა კავშირის პრეზიდიუმი მსჯელობდა პოეტის „მოღალატებრივ საქმიანობაზე“. ბრალმდებლებად იქცნენ ძველი მეგობრები თუ თანამოაზრენი, ზიზღნარევი აღშფოთებით გმობდნენ „ხალხის მტრისა და დივერსანტის“ საქციელს და კატეგორიულად უსვამდნენ საკითხს, თუ მართალი ხარ-დაგვიმტკიცეო.მეტიც, მას რეჟიმი და მწერალთა კავშირი აიძულებდა, დაესახელებინა უდანაშაულო ადამიანები, რომლებიც რეპრესირებისთვის სჭირდებოდათ ასე თანდათანობით მზადდება საფუძველი პაოლო იაშვილის ტრაგედიისათვის. იაშვილის საჯარო გაკიცხვაზე უარი თქვა ტიციან ტაბიძემ და ამის გამო თავად გახდა რეპრესიების მსხვერპლი. ''- ერთ დროს არტისტული ბუნებითა და სიცოცხლის ხალისით სავსე პოეტი სასოწარკვეთილებამ შეიპყრო, თითქმის ყველას ჩამოშორდა, თავის განუყრელ მეგობარს, თავისი სიამის ძმას-ტიციან ტაბიძესაც კი. ხავერდოვან თვალებში განუშორებელი სევდა ჩაუდგა. იშვიათად თუ ვხვდებოდით, ისიც მწერალთა სასახლეში ან მაჩაბლის ქუჩაზე. ასე ზეზეულად ჩაქრა მისი მჩქეფარე სიცოცხლე”, – იგონებდა შალვა აფხაიძე. "საქართველოს ბოლშევიკების მე-10 ყრილობის შედეგების განსახილველად მოწვეული საბჭოთა მწერლების კრება, რომელიც სამი დღის განმავლობაში გრძელდებოდა, კატეგორიულად მოითხოვა მწერლების, მ.ჯავახიშვილის, პ.იაშვილის, კ.გამსახურდიას, და სხვებისგან გულწრფელად და სიმართლით ეთქვათ სამწერლო საზოგადოებისათვის თავიანთი კავშირის შესახებ ხალხის საზიზღარ მტრებთან-კონტრრევოლუციურ ტროცკისტებთან"(ლიტ.საქართველო-10 ივნისი, 1937წ) მოზღვავებულ წნეხს პოეტმა ვეღარ გაუძლო და არჩევანის წინაშე დადგა, ან დალოდებოდა მოსალოდნელ სასჯელს, ან თვითმკვლელობით აღდგომოდა წინ მოზღვავებულ ბოროტებას. თვითმკვლელობამდე პაოლომ ქალიშვილს წერილი დაუტოვა: "ჩემო საყვარელო მედიკო! ჩემო შვილო, ჩემო კარგო მამიკო, ჩემო სიხარულო და ბედნიერებავ! მედეა! მაპატიე, გემუდარები, მაპატიე ეს უდიდესი დანაშაული შენ წინაშე, მთელი ჩვენი ქვეყნის და ხალხის წინაშე. მთელი ღამე არ მიძინია, დაგჩერებოდი შენ მძინარეს, მაგრამ თავის მოკვლა უკვე გადაწყვეტილი მქონდა, და ვერც შენ გადამარჩინე. არავის დააბრალო ჩემი სიკვდილი. გაიზრდები, დაუფიქრდები ჩემს ბედს და დარწმუნდები, რომ ჩემი სიკვდილი სჯობდა, შენ უფრო უბედური იქნებოდი, რომ მე დღეს თავი არ მომეკლა. გიყვარდეს დედა და ყველა ჩემი ახლობელი, ისინი არ დაგტოვებენ არც ერთი წუთით და რამდენადმე მაინც გაგიადვილებენ ობლობას. მეტის წერა აღარ შემიძლია. მშვიდობით, მამიკო! მედეა, მედეა, მშვიდობით! ისწავლე, იშრომე, ყოველთვის მართალი თქვი, ეცადე, სასახელო ქალი გამოხვიდე, გიყვარდეს სამშობლო, მუდამ გახსოვდეს შენი ახლობლები. შენი უსაზღვროდ მოყვარული მამა“ - წერდა პაოლო შვილისადმი მიწერილ წერილში. პაოლო იაშვილმა დაპატიმრებას დაასწრო და მწერალთა სახლში, 1937 წლის 22 ივლისს თავი მოიკლა: დავით კლდიაშვილი:"მწერალთა კავშირში დაგვიბარეს, აკაკი ბელიაშვილის საქმე უნდა განეხილათ, ბრალდება აქვს, სადღაც სტალინი აუგად უხსენებია. ბელიაშვილი შეშფოთებული ყოფილა, თავმჯდომარე კი დანაშაულის დაჟინებით აღიარებას სთხოვდა. ირგვლივ სიჩუმე ჩამოწვა, ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებდა. სიტუაცია დაიძაბა, რამდენჯერმე სიგარეტი მთხოვა. მერე ადგა და უხმოდ გავიდა გარეთ. უეცრად სროლის ხმა გაისმა. ვინ გაისროლა, რა მოხდა? დერეფნიდან კივილის ხმა გავიგონეთ, პაოლომ თავი მოიკლა. ამბის სანახავად გარეთ გავედით და მეორე სართულზე, კედელთან ადამიანის ცხედარი იყო ჩამოკი დებული, რომელსაც სისხლი სდიოდა. პაოლოს თოფის ლულა პირში ჰქონდა გაჩხერილი. ტიციან ტაბიძეს სახეზე ხელები ჰქონდა აფარებული. დარბაზში სიჩემე სუფევდა..." ფოტოზე-ლეო ქიაჩელი, პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე, მოსე თოიძე, ვანო რუხაძე, კოტე მაყაშვილი.(მწერალთა სახლის კიბეები:) მეორე დღეს, 23 ივლისს გაიმართა საქართველოს კომუნისტური პარტიის ბიუროს სხდომა, სადაც დაგმეს პაოლო იაშვილის საქციელი: " პაოლო იაშვილის, გამოაშკარავებული ჯაშუშის და ხალხის მტერის, თვითმკვლელობა არის პროვოკაციული ქმედება პარტიისა და საბჭოთა წყობის წინააღმდეგ და ამის გამო იგი დასაფლავდეს, როგორც ხალხის მტერი... ლავრენტი ბერიას დაევალოს საქართველოს საბჭოთა მწერალთა კავშირის პრეზიდიუმს მიაწოდოს ინფორმაცია პაოლო იაშვილის კოტრრევოლუციურ, ჯაშუშურ და მავნებლურ საქმიანობაზე მისი თვითმკვლელობა მწერალთა სასახლეში, მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის სხდომის მიმდინარეობის დროს წარმოადგენს პროვოკაციულ აქტს, რომელიც ზიზღსა და აღშფოთებას იწვევს ყოველ პატიოსანი მწერლის შეგნებაში" საბჭოთა ხელისუფლებამ მკვდარ პოეტს სასამართლო მოუწყო. აიკრძალა მისი სახელის ხსენება. პაოლო იაშვილის რეაბილიტაცია მოხდა სტალინის სიკვდილის შემდეგ, ხრუშჩოვის დათბობის დროს. 1955 წელს გამოიცა მისი პირველი წიგნი, 1959 წელს კი ვრცელი კრებული. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. პაოლო იაშვილს, რომელმაც სანადირო თოფით მოიკლა თავი. მას წლების განმავლობაში ეკლესიამ წესი არ აუგო, მაგრამ უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, განონაკლისი დაუშვეს და 2011 წელს მას პეტრე კოლხმა წესი აუგო. 142 2-ს მოსწონს
|