x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
„არ დავიწყებ ვინმეს ქებას ან გინებას… ვინც ჩვენი ერის გაყოფას ცდილობს…“ - ბესო კალანდაძეს სიმღერის ხალისი აღარ აქვს
image

.

პოპულარული მომღერალი ბესო კალანდაძე მიიჩნევს, რომ ახლა მის ცხოვრებაში ის პერიოდია, როდესაც უნდა დაისვენოს და პენსიონერის ამპლუა მოირგოს. რაც შეეხება სიმღერას, მუსიკოსი ამბობს, რომ ახლა ნაკლებად აქვს სიმღერის ხალისი, რადგან არ მოსწონს ის გარემო, რაც ქვეყანაში შეიქმნა. პირადი შეცდომები, სინანული და სწორი გადაწყვეტილებები, ბესო კალანდაძე რადიო ფორტუნას განვლილ გზაზე საინტერესოდ ესაუბრა.


პოპულარობის ყველანაირი პერიოდი გქონიათ. როგორია თქვენთვის პოპულარობა, მისი ყველა თანმდევი, დადებითი და უარყოფითი ელემენტებით?



დადებითად თუ გცნობენ ადამიანები, დაფასებულია, ალბათ, შენი ჩადებული შრომა, ხელოვანი ხარ, მეცნიერი თუ სპორტსმენი, არ აქვს მნიშვნელობა. ჩემთვის პირადად, უარყოფითი ის აქვს, რომ ნორმალურ ადამიანს გინდა ჩვეულებრივად ცხოვრება და არ გსურს ზედმეტი ყურადღება, რაც ზოგს მოსწონს და მაგალითად, მე – არ მომწონს. ახალგაზრდობაში მქონია პერიოდი, როცა ეს ძალიან შემაწუხებელი იყო.


არასდროს მქონია გართულება, რომ მაინცდამაინც ვიღაცამ უნდა მიცნოს. პოპულარობა ძალიან დიდი ხნის წინ გავაცნობიერე, როცა მობილური ტელეფონები არ არსებობდა და შეუძლებელი იყო სახლში ცხოვრება, სულ რეკავდა ტელეფონი, ზოგი ხმას არ იღებდა. ბოლოს, იმდენად შემაწუხებელი იყო, რომ საერთოდ გავთიშე სახლის ტელეფონი. თუ ვინმე კალანდაძე იყო გვარად, მათთანაც რეკავდნენ. ეს ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა 22-23 წლის ვიყავი.

.

გქონდათ ვარსკვლავობის შეგრძნება?


არა, რადგან აბსოლუტურად შემთხვევითი ადამიანი ვარ ამ სფეროში. დავდიოდი წყალბურთზე, შემდეგ მიმტყუნა ჯანმრთელობამ და დიაგნოზის გამო ექიმებმა ყოველგვარი დატვირთვა ამიკრძალეს. რამდენიმე წელი სპორტს ჩამოშორებული ვიყავი და რაღაცით ხომ უნდა შემევსო ჩემი ცხოვრება, უნდა ყოფილიყავი დაკავებული, სპორტით ან მუსიკით. დავდიოდი ფორტეპიანოზე. მეცხრე კლასში რომ ვიყავი, მეათეკლასელებს საახალწლო კარნავალის ჩატარება დაავალა სკოლის დირექციამ, რადგან ფორტეპიანოზე ვუკრავდი, ჩემთან მოვიდნენ დასახმარებლად. გავაკეთეთ პროგრამა, ყველა კმაყოფილი დარჩა და დაგვენანა ამ პროგრამის მიტოვება. შეიძინეს ძალიან კარგი აპარატურა. გავაკეთეთ კოლექტივი, შემდეგ მიმიწვიეს „რეროში“. საქართველო პატარა ქვეყანაა და გავარდა ხმა…


ძალიან უბრალოდ ჰყვებით ამ ამბავს. როგორც ჩანს, თქვენი მუსიკალური მონაცემები არ გქონდათ კარგად გაცნობიერებული…


ფორტეპიანოზე ზრდილობის გამო დავდიოდი. კარგად ვსწავლობდი და რაც სხვებს რთულად გამოსდიოდათ, ის მე მარტივად გამომდიოდა.


როდის იყო პირველი ჩანაწერი, როდესაც საკუთარი თავით კმაყოფილი დარჩით და აღიქვით, რომ მუსიკოსის კარიერა გაქვთ?


პირველი ჩანაწერი გაკეთდა, როდესაც ოქტეტში, ანუ რვა ადამიანისგან შემდგარ მომღერალთა გუნდში მიმიწვიეს „რეროში“. მათთან ერთად ჩავწერე პირველი სიმღერა. პირველი კმაყოფილება კი დამეუფლა მაშინ, როდესაც ანსამბლ „75“-ში გადავედი, სადაც სრული თავისუფლება მომეცა, რომ თავად მეკეთებინა არანჟირება. „რეროში“ ვინმე კი არ მზღუდავდა, მაგრამ ძალიან დიდი კოლექტივი იყო. „75“-ში ბატონი რობერტ ბარძიმაშვილი ახალგაზრდებს გვაძლევდა სრულ თავისუფლებას, მას უზარმაზარი გამოცდილება ჰქონდა, ჭკვიანი კაცი იყო, შექმნილი ჰქონდა ნომერი პირველი კოლექტივი „ორერა“, მაგრამ ფიქრობდა, რომ თავისუფლება მნიშვნელოვანი იყო მუსიკოსებისთვის, ვაკეთებდით იმას, რაც სწორად მიგვაჩნდა, ჩვენს გემოვნებას სრულად ენდობოდა და ამან გაამართლა. ჩემი პირველი არანჟირება გავაკეთე 1978 წელს, ვაჟა დურგლიშვილის ცნობილ სიმღერაზე „ენძელა“. არანჟირებას გაკეთებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორია მელოდიური ნახაზი, როგორი განვითარება აქვს და როგორი მიაწვდი მსმენელს. დღემდე აქტუალურია ეს სიმღერა, მაშინვე კმაყოფილი დავრჩი…


მუსიკოსის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც ძველებურად პოპულარული შესაძლოა აღარ იყოს ან დიდხნიანი შესვენება გამოუვიდეს…


მივხვდი, რაზეც საუბრობთ და მე მქონდა ასეთი რთული პერიოდი, როდესაც 1986 წელს ძალიან გადავიღალე. აღარ მსურდა სცენაზე დგომა, კომუნისტური სახელმწიფო იყო და პერსპექტივას ვერ ვხედავდი. 30 წლის კაცი პატარა აღარ ხარ და აანალიზებ სიტუაციას. მე ყოველთვის მიწაზე ვიდექი, თან, სპეციალობით ეკონომისტი ვარ. გადავხედე ჩემს ცხოვრებას. ოდესღაც ხომ დამთავრდება პოპულარობა, ახალგაზრდობა… გადავწყვიტე, რომ სხვა ეტაპი უნდა დამდგარიყო. საზღვარგარეთაც დავდიოდით და საქართველოშიც უამრავი კონცერტი იყო, გასტროლი, ყოველდღე სუფრა და დანომრილი სადღეგრძელოები… ეს აღარ მინდოდა… დავიწყე ჩემი სპეციალობით მუშაობა. ახლაც ვფიქრობ, რომ სწორად მოვიქეცი და ამას აბსოლუტურად არ ვნანობ. შემდეგ საბჭოთა კავშირი დაინგრა, პროფესია მქონდა, ვმუშაობდი, ხალხი მშიერი იყო… ისეთი პერიოდი იყო, როცა ხალხი ჩემთან მოდიოდა და ვუმასპინძლდებოდით, ნაცნობებსაც და უცნობებსაც. თავზე არ გადამდიოდა, მაგრამ მშივრები არ ვიყავით. ჩემმა სპეციალობამ არა მხოლოდ ეს, არამედ განათლება და გამოცდილება მომცა… ეს ცხოვრებაში ძალიან გამომადგა.


რამე არის, რაც გინანიათ ცხოვრების განმავლობაში?


იყო ძალიან ბევრი რამ, მაგრამ არ მინდა დაკონკრეტება, რადგან პირად ცხოვრებას ეხება. სახელებსა და გვარებს აღარ დავასახელებ. ამას მე ჩემს შეცდომას ვთვლი, ცამდე მართალიც რომ ვყოფილიყავი, ასე მიმაჩნია. აღარ დავიწყებ დაკონკრეტებას, ვინ იყო მართალი. ეს უკვე წასული საქმეა და მორჩა. სხვაზე დაბრალების მაგივრად, მე ჩემს თავს ვადანაშაულებ. რაც უნდა მართალი იყო ადამიანი, შენ თვითონ არ უნდა მიხვიდე იქამდე, როცა ის მომენტი დგება, იქ მტყუან-მართლის გარჩევას აზრიც აღარ აქვს.


შეცდომების გაანალიზება თქვენი ძლიერი მხარეა?


მოხდა ისე, რომ რამდენიმე ათეული წლის წინ, ციხეში ერთი წელი ვიჯექი, მოსკოვში. უფალს მადლობას ვუხდიდი, რომ შესაძლოა, უფრო დიდ განსაცდელს გადამარჩინა, რომ ციხეში აღმოვჩნდი. არ მითქვამს, ეს რატომ დამემართა, ხომ მართალი ვიყავი-მეთქი. ასე შევხედე ჩემი ცხოვრების ყველაზე რთულ პერიოდს.

.

როგორც ჩანს, ცდილობთ, ყველაფერში პოზიტიური მხარე დაინახოთ…


„რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო“ – მარტივ მაგალითს ვიტყვი, ლომს რომ გალიაში ხელი შეუყო, საჭმლის მიწოდება გინდოდეს და მან ეს ხელი მოგაჭამოს, მისი ბრალი იქნება?! მტაცებელია და თავისი ინსტინქტი აქვს. ასეა ადამიანის ცხოვრებაშიც – როცა ვიღაცას ბრმად მიენდობი და არ იცი, რას წარმოადგენს… როცა იტყვიან, ვისაც ჩავაცვი, იმან გამხადაო, უნდა დაუკვირდე, რატომ ჩააცვი იმ ადამიანს.

შეცდომებსა და სინანულზე ვისაუბრეთ. როგორც მშობელს, შვილებისთვის რა გაქვთ სათქმელი, როგორ გაზარდეთ ისინი?

ვფიქრობ, დამოუკიდებლობა უკეთესია. გარკვეულ ასაკამდე მშობელმა შვილები უნდა გაზარდოს, შემდეგშიც, თუ გაქვს შესაძლებლობა, მიეხმარები, მაგრამ 30-40 წლის შვილი მშობელმა რატომ უნდა არჩინოს, თუ ჯანმრთელია გონებრივად და ფიზიკურად, ეს ანომალიაა. ჩემი ორივე შვილი მუშაობს და ამით ბედნიერი ვარ. ეს არ ნიშნავს, რომ შვილებს არ ვეხმარებით მე და ჩემი მეუღლე, ოღონდ ამას ვაკეთებთ ჩვენი სურვილით. ხვალ რომ აღარ ვიყო, ისინი ცხოვრებას გააგრძელებენ და ამით ბედნიერი ვარ.

.

ახლა რა ეტაპი გაქვთ ცხოვრების და როგორი წარმოგიდგენიათ თქვენი ცხოვრება მომავალში?


მინდა, რომ შევირგო ნელ-ნელა პენსიონერობა (იღიმის). მადლობა გამჩენს, რა დღეებიც გვაჩუქა და რასაც კიდევ გვაჩუქებს… პენსიაზე იმიტომ გადის ადამიანი, რომ უნდა დაისვენოს. 17 წლის ასაკიდან სულ ვმუშაობდი და არასდროს ვყოფილვარ მშობლების კმაყოფაზე. ბავშვებმა უნდა მიხედონ თავიანთ ცხოვრებას და მეც ჩემს გემოზე ვიყო, სადაც მინდა, წავიდე და წამოვიდე, როგორც ნორმალურ ქვეყნებში არიან ნორმალური პენსიონერები. იმას კი არ ვამბობ, რომ დავარდნილი ვარ და ჯოხით უნდა ვიარო, მინდა, ქვეყნები ვნახო, მსოფლიო ძალიან დიდია.


სიმღერა?..


თუ სურვილი მექნება, პირს ვერავინ ამომიკერავს (იცინის). სიმღერის სურვილი უნდა გქონდეს და ქვეყანაში შესაბამისი გარემო უნდა იყოს, სულიერი მდგომარეობა. მინდა, ქვეყანა დალაგდეს და მერე, ალბათ, ხალისიც მოვა. სიმართლე გითხრათ, როგორც ქართველი კაცისას და პატრიოტისთვის, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, ჩემთვის მიუღებელია. პოლიტიკაში არ ვერევი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემი პოზიცია არ მაქვს. არ დავიწყებ ვინმეს ქებას ან გინებას. მინდა, რომ ქვეყანა გაერთიანებული იყოს. ვინც ჩვენი ერის გაყოფას ცდილობს და ამბობს – ქოცები და ნაცებიო, ის არის ჩვენი ქვეყნის მტერი. კატეგორიებად ადამიანების დაყოფა და ეს ტერმინები, ქოცი და ნაცი, შეურაცხყოფაა. იქაც არიან ნორმალური ადამიანები და აქაც. პატარა ერი ვართ, ერთმანეთს უნდა მოვეფეროთ და ისე ავაშენოთ ქვეყანა. ეს არის ჩემთვის ყველაზე მთავარი.


წყარო: "რადიო ფორტუნა"

0
402
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
402
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0