თეატრი "კავკასიური ცარცის წრე" - ბერტოლტ ბრეხტი 22 ივნისი, 13:23 ბერტოლტ ბრეხტი ( 10 თებერვალი, 1898 - 14 აგვისტო 1956 ) იყო მე-20 საუკუნის გამოჩენილი გერმანელი დრამატურგი და პოეტი. ბრეხტმა დააარსა და განახორციელა ეპიკური თეატრი ან კიდევ როგორც უწოდებენ -"დიალექტიკური თეატრი". მან შექმნა სრულიად ახალი კონცეფცია, რამაც შემდგომ საინტერესო გამოხმაურება ჰპოვა სხვადასხვა ქვეყნების თეატრში. ფაქტრობრივად ის გვევლინება, როგორც თეატრის რეფორმატორი. ნაცისტების პერიოდში მწერალი იძულებული იყო გადასახლებაში ეცხოვრა. ჯერ სკანდინავიაში გაემგზავრა, ხოლო შემდგომ აშშ- ში. თავდაპირველად მისი ნაწარმოებები აკრძალული იყო. აღსანიშნავია, რომ ნაშრომების დიდი ნაწილი სწორედ გადასახლებაშია შექმნილი. ომის დასრულების შემდეგ დრამატურგი ბრუნდება გერმანიაში, სადაც ცოლთან ერთად აარსებს თეატრალურ კომპანიას "Berliner Ensemble" - ს. მისი მშობლები იყვნენ ფრიდრიხ ბრეხტი და ვილჰელმინ სოფიო. დედა მორწმუნე პროტესტანტი იყო, ხოლო მამა - კათოლიკე. დედის გავლენით მან კარგად იცოდა ბიბლია, რამაც მნიშვნელოვანი კვალი დატოვა მის შემოქმედებაზე. ბრეხტის ოჯახი საშუალო კლასის რიგს განეკუთვნებოდა. აუგსბურგში სწავლის პერიოდში ის შეხვდა ავსტრიელ-გერმანელ სცენოგრაფს და ლიბრეტისტს -კასპარ ნეერს, რომელთანაც დიდი ხნის მანძილზე შემოქმედებითი პარტნიორობა აკავშირებდა. ნეერმა შექმნა ბრეხტის დრამების მრავალი სცენა და ხელი შეუწყო მათი ეპიკური თეატრის გამორჩეული ვიზუალური იკონოგრაფიის ჩამოყალიბებას. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ბრეჰტის ბიოგრაფია ძალიან ვრცელია და რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესოც, თუმცა აღარ გავაგრძელებ მისი ცხოვრების აღწერას, ვინაიდან შესაძლოა მკითხველისთვის მოსაწყენი იყოს. ახლა კი შეგვიძლია ვისაუბროთ ბერტოლტ ბრეხტის ქართული ინტერპრეტაციების შესახებ. პიესები გერმანულიდან თარგმნეს გიორგი და კარლო ჯორჯანელებმა, რომელთაც საკმაოდ კარგად გაართვეს თავი ამოცანას. წინასიტყვაობა ეკუთვნის ქართველ გერმანისტს -ნოდარ კაკაბაძეს. ტექსტებში შენარჩუნებულია ორიგინალის თავისებურებანი, რომელთანაც შერწყმულია ბუნებრივი ქართული საფუძვლები. აღსანიშნავია, რომ აქამდე საქართველოში არ ყოფილა ბრეხტის თარგმანების დიდი ტრადიცია. პირველად ბრეჰტის პიესა 1964 წელს წარმოადგინა რუსთაველის თეატრმა. ეს იყო დოდო ალექსიძის მიერ დადგმული "სამგროშიანი ოპერა". ამ ფაქტს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, ვინაიდან ეს იყო ფაქტობრივად პირველი ნაბიჯი ქართველი მაყურებლის ანტიილუზიური თეატრის აღქმა-მიღების მომზადების საქმეში. შესაძლოა ითქვას, რომ დოდო ალექსიძემ ჩაატარა მთელი რიგი ღონისძიებები, რათა ბრეხტის ქართულ თეატრში დამკვიდრება ყოფილიყო კანონზომიერი. 11 წლის შემდეგ კი 1975 წელს რობერტ სტურუას მიერ დადგმული "კავკასიური ცარცის წრე" იყო ახალი ფურცელი ქართული თეატრის ისტორიაში. მიუხედავად ამ ორი რეჟისორის შემოქმედებითი ინდივიდუალური განსხვავებისა, მათ მაინც მსგავსი გზა აირჩიეს ქართული ინტერპრეტაციისთვის. ისინი შეეცადნენ პიესები ქართულ ტრადიციებზე დაემყარებინათ. გარდა ამისა, მათ აქცენტი უფრო კომედიურ მხარეზე გააკეთეს, ვინაიდან ბრეხტის პიესები არც ისე ღიმილის მომგვრელია. ბრეჰტის შემოქმედება ტრადიციულ მაყურებელს ურღვევს აქამდე მოქმედ ყველანაირ წესს და სრულიად ახალ რეალობას უქმნის. სწორედ ამიტომ ჰქონდა დიდი მნიშვნელობა დოდო ალექსიძის "სამგროშიან ოპერას". მან ქართველი მაყურებელი მოამზადა ბრეხტის პიესებისთვის და მისცა დაწყებითი განათლება ანტიილუზიური თეატრის შესახებ. აღსანიშნავია "თეატრ ჰოიტეს" კორესპონდენტის შეფასება. მან შეადარა მოსკოვის და ლენინგრადის თეატრების დადგმა რუსთაველის "სამგროშიან ოპერას" და აღნიშნა - " ბრეჰტის ამ პიესის საბჭოთა დადგმებს შორის დ. ალექსიძის სპექტაკლი ყველაზე ბრეჰტული იყო" ("თეატრ ჰოიტე", 1976). "სამგროშიანი ოპერა " ბრეხტის ადრეული პიესაა, სადაც ჯერ კიდევ არ არის მკაფიოდ ჩამოყალიბებული "ეპიკური თეატრის" მახასიათებლები. პიესა თავისი სიუჟეტით ძალიან ჰგავდა მიუზიკლს და ამას საკმაოდ განიცდიდა დრამატურგი, ვინაიდან ვის წინააღმდეგაც იყო მიმართული ეს პიესა, სწორედ მათ მოსწონდათ ის. მისი ქართული ინტერპრეტაცია კიდევ უფრო მიუახლოვდა მიუზიკლს და პერსონაჟების მიმართ სიძულვილი უფრო მეტად შესუსტდა. მაგალითად, რამაზ ჩხიკვაძე მეკი მესერს თამაშობდა, როგორც მომხიბვლელ და მრავლისმნახველ მამაკაცს და არა ვიღაც ბოროტმოქმედს. ის კიდევ ცალკე თემაა თუ რა დონის მსახიობები, ნამდვილი გენიოსები თამაშობდნენ იმდროინდელ სპექტაკლებში. ერთ-ერთი დასავლეთ-გერმანული თეატრალური ჟურნალი წერდა - "რამაზ ჩხიკვაძე მეკი მესერის როლში კავკასიური ფოლკლორის ყაჩაღს უფრო ჰგავდა, ვიდრე სოჰოს ცინიკურ განგსტერს. იგი მაყურებელზე მომხიბვლელად ზემოქმედებდა; მხიარული იყო და მამაცი, ყველა მის მიერ ჩადენილი სიმდაბლე მხოლოდ მოჩვენებით გათამაშებულ ყალთაბანდობას ჰგავდა. მეძავეები ისე იქცეოდნენ, როგორც წესიერი ოჯახების კეკლუცი ქალიშვილები, რომლებიც შემთხვევით მოხვდნენ ღამის ცოტა თავისუფალ წვეულებაზე... ". როგორც ზემოთ აღვნიშნე ბერტოლტ ბრეხტმა სრულიად ახალი ხედვა შემოიტანა თეატრში. მან შეცვალა პიესის წყობა და მაყურებელი, რაღაც უჩვეულო და ორიგინალური სანახაობის მომსწრე გახადა. მაყურებელს ხშირად შესაძლოა სწორად ვერც აღექვა სიუჟეტი. ერთი გერმანელი ავტორი თავის წერილში " შიში თანამედროვე ხელოვნების წინაშე, გოეთედან პიკასომდე", წერს: " საინტერესო სანახავია თუ რას განიცდიან გამოფენის მნახველები იმ ნამუშევრების მიმართ, რომლებიც მათ არ ესმით. თვით ყველაზე წყნარი და უწყინარი ადამიანებიც კი კარგავენ მოთმინებას და ნერვიულობას იწყებენ უჩვეულო, ახლებურად შესრულებული ფერწერული ნამუშევრების წინაშე მდგარნი, ისინი შფოთავენ და ისე იქცევიან თითქოს ამ მუნჯ საგნებს მათთვის შეურაცხყოფა მიეყენებინოთ. დიახ, ადამიანები გულწრფელად არიან აღშფოთებულნი და გაგულისებულნი". ჩვეულებრივი მაყურებლებიც ასეთ სიძნელეებს აწყდებოდნენ ხოლმე ბრეხტის პიესებთან. ქართველმა რეჟისორებმა კი შეძლეს, რომ აღქმა მეტად გაადვილებულიყო. შემდეგი პიესა "კავკასიური ცარცის წრე" დაიწერა 1944 წელს, როდესაც ბრეხტი აშშ-ში ცხოვრობდა. ინგლისურ ენაზე თარგმნა დრამატურგის მეგობარმა და თაყვანისმცემელმა, ერიკ ბენტლიმ. მსოფლიო პრემიერა შედგა სტუდენტების მიერ კარლეტონის კოლეჯში, მინესოტაში, 1948 წელს. პირველი პროფესიონალური დადგმა კი ჰედგოროუს თეატრში(Hedgerow Theatre) ფილადელფიაში. პიესის გერმანული პრემიერა ბერლინის ანსამბლის მიერ შედგა 1954 წლის 7 ოქტომბერს ბერლინში, შიფბაუერდამის(Schiffbauerdamm) თეატრში. "კავკასიური ცარცის წრე" ალბათ ყველაზე მხიარული და ოპტიმისტური პიესაა იმ პიესებს შორის, სადაც უკვე მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული ბრეხტის დამახასიათებელი სტილის თაბისებურებანი. ახლა მოკლედ გადმოვცემ შინაარსს, რადგან ყველაფრის დეტალურად აღწერა დიდ დროს წაიღებს. მოქმედება ხდება ომიანობის პერიოდში. სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ სიკვდილით დასაჯეს საქართველოს ყველა გუბერნატორი, მათ შორის მდიდარი გუბერნატორი- გიორგი აბაშვილი. მისი მეუღლე ნათელა, რომელიც შეიძლება გადაურჩეს რევოლუციას, უპატრონოდ ტოვებს თავის მცირეწლოვან შვილს, მიხეილს. მას მალევე წაიყვანს უბრალო მოსამსახურე გრუშე ვაჩნაძე, რომელიც დედასავით მოუვლის ბავშვს. ისინი გარბიან, რათა დაიმალონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვს იპოვნიან და მოკლავენ. მათ ბევრი წინააღმდეგობის გადალახვა უწევთ. ბოლოს მიაღწევენ გრუშეს ძმასთან, ლავრენტისთან, რომელსაც ჰყავს მეუღლე. გრუშე დანიშნულია სიმონზე, რომელიც არის ჯარისკაცი. ისინი დიდი ხნის მანძილზე ვერ ახერხებენ ერთმანეთთან შეხვედრას. გრუშე იძულებულია იქორწინოს ერთ ფერმერზე, ვინაიდან მას სჭირდება საბუთი, რომ დაქორწინებულია და კანონიერად ჰყავს შვილი. ბევრჯერ ჰკითხეს ბავშვის ვინაობის შესახებ და ჰქონდათ ეჭვი, რომ სწორედ ის შეიძლებოდა ყოფილიყო გუბერნატორის შვილი. ომის დასრულების შემდეგ ბრუნდება გუბერნატორის ცოლი და პრეტენზიას აცხადებს ბავშვზე. გრუშე კი არ თმობს და ეუბნება, რომ "ეს ჩემია, ჩემი გაზრდილია!". საქმე სასამართლომდე მივა, სადაც ჩნდება ძალიან საინტერესო პერსონაჟი აზდაკი. ამ პერსონაჟის შესახებ არაფრის თქმას არ აქვს აზრი, რადგან ვფიქრობ, რომ მკითხველმა პირადად უნდა გაიცნოს ის. აზდაკი, შექმნილ ქაოსში აღმოჩნდება მოსამართლე, რომელიც გაუძღვება პროცესს. იმის დასამტკიცებლად თუ ვინ არის ნამდვილი დედა, მიმართავენ ერთ ექსპერიმენტს. ცარცით დახაზავენ წრეს, შიგ დააყენებენ ბავშვს და რომელი ქალიც თავისკენ გადაწევს მას, დედაც ის იქნება, რადგან ნათქვამია, რომ ნამდვილ დედას ეყოფა ძალა თავისი ბავშვის წრიდან ამოყვანის. გუბერნატორის ცოლი მოახერხებს თავისკენ გადაწიოს, გრუშე კი ხელს უშვებს. მას უყვარს თავისი შვილი და ურჩევნია ის გაუშვას, ვიდრე რაიმე ატკინოს. საბოლოოდ აზდაკი აცხადებს, რომ სასამართლოს დადგენილებით ბავშვის ნამდვილი დედა არის გრუშე ვაჩნაძე. მან ეს დაიმსახურა თავისი სიყვარულით და მოვალეობის შესრულებით. პიესის ბოლოს ვხვდებით სიტყვებს "რომ ყოველივე უნდა ეკუთვნდოეს ღირსეულს, ვინც იმსახურებს ამას თავისი კეთილი საქმით". კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ შინაარსს მოკლედ გადმოვცემ, რადგან ყველაფერის დაწერას დიდი დრო დასჭირდება. პივრელ რიგში უნდა აღნიშნოთ, რომ პიესა და სპექტაკლი ორი სხვადასხვა რამეა. რეჟისორმა არ შეიძლება ყველაფერი ზუსტად და უცვლელად გადმოიტანოს პიესიდან. რობერტ სტურუა პირველ რიგში არის ქართველი რეჟისორი, ამიტომ ბრეჰტის პიესას ქართულ ხასიათს და მენტალობას უსადაგებს. ალბათ შეუძლებელია არა მხოლოდ სტურუა ნებისმიერი რეჟისორი უცვლელად მიჰყვეს სიუჟეტს და პირდაპირ გადმოიტანოს ყველაფერი პიესიდან. რეჟისორი გვთავაზობს თავის საკუთარ ინტერპრეტაციას, ამის გამო შესაძლოა დაშორდეს კიდეც ავტორს, თუმცა ეს გამართლებულია. რეჟისორი არ არის გადამწერი, ის არის თანაშემოქმედი. პერსონაჟები, როგორც უკვე აღვნიშნე, უფრო კომედიურ ჟანრში გამოდიან. პიესის ტრაგიკული მხარე უგულებელყოფილია და ჭარბობს ხალისიანი, კომედიური სიუჟეტები. რეჟისორი ანტიილუზიურად დგამს სპექტაკლს, ახერხებს თავისი ინდივიდუალობის წარმოჩენას და ასევე აჩვენებს ქართული თეატრის საფუძვლებს. მართლაც საინტერესო მიგნებაა. პერსონაჟები საოცრად ურთიერთქმედებენ. გამოჩენილი ქართველი გერმანისტი ნოდარ კაკაბაძე თავის წინასიტყვაობაში საუბრობს, რომ ბერტოლტ ბრეჰტმა დაიგვიანა ქართულ თეატრში. "ბრეხტის "შემოშვებას" ჩვენს თეატრებში ალბათ ისიც უშლიდა ხელს, რომ დიდი იყო მარჯანიშვილის, ახმეტელის, ხოლო რუსეთში სტანისლავსკის ტრადიციები და ბრეხტის თეატრალური ესთეტიკა რადიკალურად უპირისპირდებოდა ზემოთ ნახსენები რეჟისორების თეორიასა და პრაქტიკას. უფრო მეტიც- “ ბრეხტს დიდხანს არ აღიარებდნენ და არ სწყალობდნენ ჩვენი ლიტერატურათმცოდნეები და კრიტიკოსებიც". მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და ახლა ბერტოლტ ბრეხტი, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დრამატურგია საქართველოში. "კავკასიური ცარცის წრე" საფუძვლად დაედო ახალ თეატრალურ მიმდინარეობას. ქართული თეატრი მართლაც გამორჩეულ ადგილს იკავებს მსოფლიო კულტურის ისტორიაში. თეატრზე საუბრის დროს კი ყოველთვის ვისურვებ ხოლმე დადგეს დრო, როდესაც თეატრში სიარულის კულტურა ისევ მაღალ საფეხურზე ავა და გახდება საზოგადოებრივი ცხოვრების ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილი, როგორც ეს ადრე იყო. 124 შეფასება არ არის
|