x
საბრალონი/Les Misérables, ვიქტორ ჰიუგო

ხშირად წიგნებს შემთხვევითობის პრინციპით ვარჩევდი და ვკითხულობდი, რა თქმა უნდა, ამა თუ იმ ნაწარმოების შესახებ უფროსების რჩევებსაც ვითვალისწინებდი, რამაც არაერთი საოცარი მწერალი გამაცნო, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ მხატვრული ლიტერატურის წინასწარ შერჩევის რაიმე განსაკუთრებული წესი მქონდა. ხელოვნებასთან კავშირი ყველთვის მსიამოვნებდა. მართლაც საოცარია მუსიკა, ფერწერა, თეატრი, ლიტერატურა... მეორეს მხრივ ხელოვნების სიდიადეს შეუძლია დაუპირისპირდეს და დაამარცხოს ბოროტება, საერთო ენაზე აალაპარაკოს ადამიანები და შექმნას შემოქმედებითი გარემო, რაც პროგრესის მისაღწევად უმნიშვნელოვანესია. როდესაც გავეცანი განმანათლებლების შეხედულებებს აბსოლუტურად გავიზიარე ერთ-ერთი ის აზრი, რომ ხელოვნება, ლიტერატურა, მუსიკა თუ სხვა მიმართულებები ადამიანში, უპირველეს ყოვლისა, მაღალ მოქალაქეობრივ კულტურას უნდა აყალიბებდეს. მართლაც, სასიამოვნო გრძნობა გვეუფლება და სიმშვიდეს გვგვრის როდესაც კავშირი გვაქვს ხელოვნებასთან, განსაკუთრებით კი მხატვრულ ლიტერატურასთან.

ისე მოხდა, რომ ბავშვობაში, შემდგომ უკვე ჩემი საყვარელი მწერლის, ვიქტორ ჰიუგოს შემოქმედებიდან პირველად "ოთხმოცდაცამეტი წელი" წავიკითხე. ამ წიგნმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და სწორედ ამის შემდეგ დავიწყე ფრანგული ლიტერატურის გაცნობა. ახლა კი მთავარ თემაზე გადავალ. " საბრალონი" - ს წაკითხვის შემდეგ (პირველად მე-10 კლასში ვიყავი როდესაც წავიკითხე) თვალწინ წარმომიდგა მე-19 საუკუნის საფრანგეთის, განსაკუთრებით კი პარიზის ყველა ის თავისებურებანი, რაც მხოლოდ მას ახასიათებს. მართლაც რთულია "საბრალონი"-დან აირჩიო საკითხი და მასზე წერო, ვინაიდან ძალიან ბევრი თემა იშლება რომანში. მაგალითად საფრანგეთის რევოლუციები(1789 წლიდან 1848 წლის ჩათვლით), ნაპოლეონის ომები, (რომანში განსაკუთრებით საინტერესო ადგილს იკავებს "ვატერლოოს ბრძოლა"), ფრანგული ბურჟუაზიის სახე, უბრალო ფრანგი ხალხი, საბრალო ადამიანების სიყვარულის ისტორია, რაც კოზეტისა და მარიუსის სახით ვლინდება, პარიზის დაგეგმარების ეტაპები, არაერთი ისტორიული მოვლენა და ა.შ. ყველაფერის ჩამოთვლა დიდ დროს წაიღებს. ამას გარდა ქართველმა მკითხველმა შეიძლება აირჩიოს თემა "ვიქტორ ჰიუგო და ილია ჭავჭავაძე", ვინაიდან არსებობს შესაბამისი მასალა, რაც ამგვარი თემის წერის დროს შეიძლება გამოვიყენოთ.სწორედ ილია ჭავჭავაძეა საქართველოში ჰიუგოლოგიის ფუძემდებელი. მისი ინიციატივით ითარგმნა საქართველოში " საბრალონი", რომლის შემოკლებული ტექსტიც 1863 წელს დაიბეჭდა ჟურნალ "საქართველოს მოამბეში". ვიქტორ ჰიუგოსა და ილია ჭავჭავაძეს შორის მსგავსებაზე პირველად კიტა აბაშიძემ მიუთითა და საკმაოდ საინტერესოდაც ასაბუთებს თავის მოსაზრებას. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ 2019 წელს ვიმყოფებოდი პარიზში და აღფრთოვანებული დავრჩი ნანახით. გამახსენდა ყველაფერი, რაც ამ რომანის კითხვის დროს განვიცადე და საოცარად იმოქმედა ჩემზე. როდესაც იქ ყოფნის დროს თვალწინ გეშლება ხელოვნების უდიადესი ქმნილებები და აღარ იცი საით გაიხედო, ასევე "საბრალონის" წაკითხვის შემდეგ არ იცი რა თემას მოკიდო ხელი. რომანში ჰიუგო ილაშქრებს იმ უსამართლობისა და ჩაგვრის წინააღმდეგ, რამაც გამოიწვია დუხჭირი ცხოვრება, უაღრესი ეკონომიკური გაჭირვება. ყველაფერ ამან კი არაერთი პატიოსანი და მშრომელი ადამიანი იმსხვერპლა. ჟან ვალჟანი იძულებულია იქურდოს და ასე იშოვოს საკვები, რის გამოც 19 წელს კატორღაში გაატარებს. კაცის ეკონომიკურ გაჭირვებასთან ერთად ასევე ნაჩვენებია თუ სადამდე შეიძლება მიიყვანოს უაღრესმა გაჭირვებამ და უსამართლობამ ქალი, რომელიც ფანტინის სახით გვხვდება რომანში. მწერალი ყველაფერში სწორედ ბურჟუაზიასა და ხელისუფლებას ადანაშაულებს. სწორედ მათი ბრალია, რომ მშრომელ ადამიანს სურს მუშაობა, თუმცა სამსახურს ვერ შოულობს. მწერალი საუბრობს რა განათლების ხელმისაწვდომობის აუცილებლობაზე, აღნიშნავს, რომ საზოგადოებრივი კეთილდღეობის მთავარი მტერი არის უმეცრება. პროგრესი მიიღწევა მხოლოდ საყოველთაო განათლების ხელშეწყობით, ეს კი თავის მხრივ ქვეყანაში შეამცირებს ბოროტებას. ჰიუგო ემხრობა დაუღალავი შრომით და სასარგებლო საქმის კეთებით საზოგადოების გარდაქმნის იდეას, ამიტომ ის შეცდომად მიიჩნევს რევოლუციური გზით წესრიგის დამყარებას. ამის დადასტურებაა, ჟან ვალჟანის, შემდგომ უკვე მადლენის( Madeleine) მოღვაწეობა, როდესაც ის ცდილობს ქველმოქმედების გზით არსებული რეალობის შეცვლას. მე მინდა მოკლედ ვისაუბრო პარიზზე, როგორც ფენომენზე და პეროსანჟზე, ზოგჯერ თავად ჰიუგო ისე ახასიათებს პარიზს, რომ ნამდვილად შეიძლება მას ვუწოდოთ რეალური პერსონაჟი, რომელიც მე-19 საუკუნემ შექმნა. პარიზი დგას ქაოსსა და პროგრესს შორის, რევოლუციებმა შთანთქეს აქამდე დადგენილი წესები და გზა გაუხსნეს აბსოლუტურად ახალ რეალობას, თუმცა არავინ იცის ახლა რა იქნება... ქალაქს არჩევანი აქვს გასაკეთებელი, ქაოსი კი ხელს უშლის. პარიზი ქმნის საინტერესო პერსონაჟებს, რომელთაც მხოლოდ პარიზში შეხვდებით. თითქოს მან იცის, რომ პროგრესი გარდაუვალია, თუმცა იქამდე მისასვლელ გზას შეგნებულად ართულებს. ამ ქალაქს, უდიდესი კულტურის მქონეს, რაღაც სხვა სურს, გამოუცნობი, შესაძლოა ეს თავადაც არ იცის და ამიტომ ხდება ამდენი აჯანყება. თითქოს სწავლობს ხალხის ქცევას და ცდილობს ფეხი აუბას მათ მოქმედებას. "პარიზს საზღვარი არ აქვს". არცერთ ქალაქს არ ჰქონია ამდენი უფლება. უფლება, რომელიც ხანდახან თვითონვე დასცინის, ვისაც იმორჩილებს. - "თქვენი გულის მოგება მინდა, ათენელებო!"- იძახდა ალექსანდრე. პარიზიც გულის მოსაგებად კანონმდებელზე უფრო მეტს ქმნის, ის ქმნის მოდას, უფრო მეტსაც ვიდრე მოდას. პარიზი ქმნის რუტინას. შესაძლებელია გასულელდეს პარიზი თუ კი სურს. ხანდახან გაიტაცებს ხოლმე ეს სურვილი და მაშინ ქვეყნიერებაც ისევე სულელობს, როგორც პარიზი; მაგრამ ჭკუაზე მოდის, თვალს ახელს - რა სულელობა მომივიდაო და ხმამაღალი სიცილით შესცქერის საზოგადოებას"( ვიქტორ ჰიუგო, საბრალონი). მართლაც საკვირველია ასეთი ქალაქი, ის მტკიცედ ადგას თავის გზას. შესაძლოა ხშირად გადაუხვიოს, შეიძლება გვაფიქრებინოს კიდეც, რომ მობეზრდა და გაჩერებას აპირებს, თუმცა სწორედ ამ გზაზე ქმნის რაღაც უნიკალურს, აქამდე უცნობს, რაც მხოლოდ მას, პარიზს ახასიათებს. მე-19 საუკუნის პარიზისგან ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს არაფერი. ერთის მხრივ, ის ქმნის გავროშსა და კლოდ-გეს, მეორეს მხრივ კი გვესაუბრება ჰუმანიზმსა და თავისუფლებაზე. ეს სწორედ იმ განმანათლებლების ქალაქია, რომელთაც ადამიანის თავისუფლება უპირველეს აუცილებლობად მიიჩნიეს. შესაძლოა ზოგს ის უტოპიათაც მოეჩვენოს. "1839 წლის აჯანყების დროს 12 მაისს სენ მარტენის ქუჩაზე ერთ ჩია ბებერ კაცს გაეკეთებინა მკლავზე პატარა სამფეროვანი ნაკუწი. ხელურმით სასმელი დაჰქონდა და ყიდდა, ხან ბარიკადთან მიდიოდა, ხან იქიდან მთავრობის ჯართან და ორთავეს განურჩევლად სთავაზობდა თავის სასმელებს, ხან მთავრობას, ხან ანარქიას. არაფერი იქნება ამაზე უცნაური; ეს არის დამახასიათებელი თვისება საკუთრივ პარიზის ამბოხებისა და სხვაგან, სხვა სახელმწიფოების დედაქალაქში ამას ვერსად ნახავთ.ამისთვის ორი რამ არის საჭირო-იშვიათი სიდიდე პარიზისა და მისი მხიარულება, საჭიროა ქალაქი ვოლტერისა და ქალაქი ნაპოლეონისა" (ვიქტორ ჰიუგო - “საბრალონი"). შეიძლება დაბნეულია და არ იცის ვის მიემხროს, თუმცა ცდილობს არსებული რეალობიდან რაც შეიძლება მეტი სარგებელი მიიღოს, ამას არავის უთანხმებს, თავისი ქაოსური წესებით მოქმედებს. თითქოს ყველანაირი ზღვარი იშლება და დასაშვებს ხდის ყველაფერს, რაც გადარჩენას ჰპირდება. ქალაქი თუ ხმას ამოიღებს აუცილებლად იტყვის, რომ მას დრო სჭირდება, რათა გარდაიქმნას და გამოიწრთოს. მე ვფქირობ, რომ თუ კი მე-19 საუკუნის პარიზს განვიხილავთ როგორც რეალურ პერსონაჟს, ყველა ადამიანმა თავისთვის, სუბიექტურად უნდა შეაფასოს იგი. სწორედ ეს არის პარიზის ფენომენი, რაზეც დაუსრულებლად შეიძლება საუბარი.

image

0
39
შეფასება არ არის
ავტორი:გიორგი ბოლქვაძე.
გიორგი ბოლქვაძე.
39
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0