x
image
Yoona
Mediator image
კინოს ლეგენდა, რომელსაც არასოდეს ეუბნებოდნენ „არა“: ანუკ ემე, ცნობილი რეჟისორების მუზა
1960-იანი წლების ევროპული კინოს ხატი, ფრანგი მსახიობი ანუკ ემე, რომელიც ცნობილი გახდა ფილმში „მამაკაცი და ქალი“ მთავარი როლით, 2024 წლის 18 ივნისს 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.



image



ანუკ ემემ თავისი ცხოვრების 60 წელზე მეტი კინოს მიუძღვნა. მსახიობმა მიიღო „ოქროს გლობუსი“ ფილმში „მამაკაცი და ქალი“ შესრულებული როლისთვის და კანის „ოქროს პალმის რტო“ ფილმისთვის „ნახტომი სიცარიელეში“. ასევე ნომინირებული იყო „ოსკარზე“, „ბაფტაზე“ და „სეზარზე“. ანუკ ემე ბევრი ცნობილი რეჟისორის მუზა იყო, მათ შორის არიან ფედერიკო ფელინი, კლოდ ლელუში და ჟაკ დემი.



„ყოველთვის უკეთესია ითამაშო კარგი რეჟისორის მცირე რაოდენობის ფილმებში, ვიდრე საშუალო დონის რეჟისორების მრავალ ფილმში“ - ანუკ ემე.



ფრანსუაზა სორია დრეიფუსი დაიბადა 1932 წლის 27 აპრილს პარიზში. მშობლები მსახიობები იყვნენ, მაგრამ პოპულარობა ვერ მოიპოვეს. ჟენავივ სორია, მომავალი მსახიობის დედა, სცენაზე გამოდიოდა, მამამ, ჰენრი დრეიფუსმა რამდენიმე ფილმში ითამაშა ფსევდონიმით მიურეი.




image

ანუკ ემე ფილმში „სახლი ზღვასთან“



მიუხედავად იმისა, რომ კრეატიული ოჯახიდან იყო, ფრანსუაზა სხვა კარიერას გეგმავდა. პატარა და მოქნილ გოგოს სურდა ბალერინა გამხდარიყო და მთელ დროს ამ საქმიანობას უთმობდა. მაგრამ 13 წლის ასაკში სწრაფად გაიზარდა და მასწავლებლებმა თქვეს, რომ ასეთი ფიგურით ბალეტში კარიერა ნაკლებად სავარაუდო იყო.



კინოსთვის მისი გარეგნობა იდეალური აღმოჩნდა. იმავე წელს რეჟისორმა ჰენრი კალეფმა, რომელიც მამამისის მეგობარი იყო, ფრანსუაზა მიიწვია ფილმში „სახლი ზღვასთან“. ასე პირველად მოირგო სახელი ანუკი, რომელიც ტიტრებში იყო მითითებული.



ანუკი იშვიათი სახელი იყო საფრანგეთში, მომდინარეობს სპარსული ძირიდან „ანიკა“, რაც ნიშნავს „დახვეწილს, აღმაფრთოვანებელს“. საქმე იმაშია, რომ ბავშვობაში, მსახიობის მეგობრებს შორის იყვნენ არაბები და ერთ-ერთი ბიჭი მას ანუკის ეძახდა. შეყვარებულმა ბიჭმა ფსევდონიმის მეორე ნაწილიც მოიფიქრა - ემე, რაც ფრანგულიდან ნიშნავს „საყვარელს“. როცა ჰენრი კალეფმა შესთავაზა 16 წლის მსახიობს ჯულიეტას როლი ფილმში „ვერონელი მიჯნურები“, იგი წარსდგა ანუკ ემედ.



ანუკ ემემ ადრეულ ასაკში დაიწყო პოპულარობის მოპოვება. მისი საიდუმლო მდგომარეობდა იმაში, რომ ყოველთვის ცდილობდა ემუშავა მხოლოდ ნიჭიერ და ცნობილ რეჟისორებთან. ჰქონდა ძლიერი ინტუიცია როლებზე და ფილმებზე. იცოდა, შეთავაზებები, რომლებსაც დათანხმდა, არასოდეს მიაყენებდა ზიანს მის კარიერას.



image

ანუკ ემე ჯულიეტას როლში ფილმში „ვერონელი მიჯნურები“



სამწუხაროდ, ანუკმა ასეთი გამჭრიახობა მხოლოდ პროფესიულ სფეროში გამოავლინა. პირად ცხოვრებაში ზედმეტად განურჩეველი იყო. 17 წლისას იქორწინა ბავშვობის მეგობარზე, რომელმაც მას ჟღერადი ფსევდონიმი შეურჩია. როცა გააცნობიერა, რომ იჩქარა, 1 წლის შემდეგ განქორწინება მოითხოვა.



იმავე 1950 წელს დაქორწინდა ბერძენ პროდიუსერზე ნიკოს პაპატაკისზე, რომელიც მასზე 15 წლით უფროსი იყო. ეს ქორწინებაც დიდხანს არ გაგრძელდა. ჭორების თანახმად, ოჯახური ცხოვრება ვერ აეწყო მეუღლის ბისექსუალობის გამო. ქორწინება ვერ გადაარჩინა 1953 წელს ქალიშვილის მანუელას დაბადებამაც. თითქმის მაშინვე ანუკი და ნიკოსი დაშორდნენ.



image

ანუკ ემე ქალიშვილ მანუელთან ერთად



ახალგაზრდა მსახიობს პირადი შოკის გადატანაში დაეხმარა საქმე, რომელშიც თავით გადაეშვა. 1958 წელს შეასრულა ჟანა ებიუტერნის როლი რეჟისორ ჟაკ ბეკერის ფილმში „მონპარნასი, 19“. აქ კი იგი შენიშნა ფედერიკო ფელინიმ. რეჟისორმა მსახიობს შესთავაზა როლი თავის ახალ ფილმში „ტკბილი ცხოვრება“, მოგვიანებით ლეგენდარულ ფილმში „8 ½“.



მათი თანამშრომლობის შემდეგ ფელინიმ ანუკ ემე დააჯილდოვა „ყველა დროის და ერის საუკეთესო მსახიობის“ ტიტულით. ერთმანეთის ნიჭს დიდად აფასებდნენ, მაგრამ ეს ხელს არ უშლიდათ მუდმივად ეჩხუბათ. მხოლოდ მარჩელო მასტროიანს, რომელიც გადაღებებზე ემეს პარტნიორი იყო, შეეძლო ამ ორი ტემპერამენტის დაშოშმინება.



image

ანუკ ემე ფილმში „8 ½“



„ეს იყო ყველაზე ბედნიერი პერიოდი ჩემს ცხოვრებაში. საოცარია, მაგრამ დღემდე მენატრება ფედერიკოც და მარჩელოც“ - ასე იხსენებდა ანუკ ემე თავის გარდაცვლილ კოლეგებს 40 წლის შემდეგ, ბერლინის 53-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე.



image

ანუკ ემე და მარჩელო მასტროიანი ფილმში „ტკბილი ცხოვრება“



მასტროიანთან მეგობრობაზე მეტი აკავშირებდა. მსახიობმა რამდენჯერმე სთხოვა ხელი ანუკ ემეს:



„გაცნობიდან 35 წლის განმავლობაში ვპირდებოდი არამიწიერ ნეტარებას, მაგრამ არასოდეს დამთანხმდა“.



ანუკ ემემ ორჯერ ითამაშა სხვა ცნობილ რეჟისორთან, ჟაკ დემისთან. შეასრულა კაბარეს მოცეკვავეს და მარტოხელა დედის როლი ფილმში „ლოლა“ და მიტოვებული მოდელის როლი ფილმში „მოდელების ატელიე“.



image

მარჩელო მასტროიანი, ანუკ ემე და ფედერიკო ფელინი



რეჟისორი, რომელმაც ანუკ ემე ნამდვილ ვარსკვლავად აქცია, იყო კლოდ ლელუში. 1966 წელს მან მიიწვია მსახიობი მელოდრამაში „მამაკაცი და ქალი“. მაშინ ლელუშის სახელი ჯერ კიდევ უცნობი იყო, ხოლო მის თავში იბადებოდა ფილმის სიუჟეტი და მელოდია, მაგრამ ამის მიუხედავად იცოდა:



„ეს ჩემი ცხოვრების ფილმია“. მას არც ფული ჰქონდა და არც შემოქმედებითი მხარდაჭერა, მაგრამ თავიდანვე სურდა ფილმში ენახა ფრანგული კინოს ორი ვარსკვლავი: ჟან-ლუი ტრენტინიანი და ანუკ ემე - მხოლოდ ისინი და სხვა არავინ.



image

ანუკ ემე ფილმში „ლოლა“



ანუკ ემეს სცენარი ძალიან მოეწონა და მაშინვე დათანხმდა ფილმში მონაწილეობას, მაგრამ რეჟისორს მოუწია ძვირადღირებული პარიკმახერის და ვიზაჟისტის მოწვევა მსახიობის დაჟინებული თხოვნით.



„დავთანხმდი, რადგან მას არ ეუბნებიან „არას““ - ამბობდა ლელუში.



ეს არ იყო ერთადერთი მიზეზი. ბევრის მსგავსად, კლოდ ლელუშმაც ვერ გაუძლო მსახიობის ხიბლს და ფარულად შეუყვარდა. რეჟისორი გრძნობებში გამოტყდომას აპირებდა, მაგრამ ერთი დღით დაიგვიანა. ისინი იღებდნენ სასტუმროში „ნორმანდი“. რეჟისორმა გადაწყვიტა ზედიზედ ორი სცენის გადაღება საწოლში: ჯერ საყვარელთან, რომელსაც ჟან-ლუი ტრენტინიანი თამაშობდა, შემდეგ ქმართან, რომელსაც პიერ ბარუ ასრულებდა. თავის წიგნში „ბედის ნებიერი“ კლოდ ლელუში წერდა:



„რაც ხდება ამ საწოლში, სცენარში არ არის. ბუნებრივია, ეს კინო აღარ არის. ანუკს და პიერს ერთმანეთი უყვარდათ. ოჰ, ეს ბარუ! ადვილად იპარავს იმ ქალის გულს, ვისზეც ფარულად შეყვარებული ვარ. დროა ვაღიარო, რომ ანუკის ხიბლს ვერ გავუძელი. რომელ მამაკაცს შეუძლია გაძლება? გაუბედაობის და ჯენტლმენად გამოჩენის სურვილის გამო ორი დღე დავკარგე, სანამ გრძნობებში გამოვუტყდებოდი“.



image

ანუკ ემე ფილმში „მამაკაცი და ქალი“



წლების შემდეგ ლელუში აღარ ნანობდა, რადგან უკვე 1970 წელს ანუკ ემემ პიერი მიატოვა და ინგლისელ მსახიობთან ალბერტ ფინთან გააბა რომანი. ალბათ, ამ ისტორიამ აიძულა ლელუშს ეთქვა ერთ-ერთი ლამაზი გამონათქვამი:



„სიყვარულის ყველაზე ლამაზი ისტორიები არის ის, რომლისთვისაც საკმარისი დრო არ გვქონდა“.



რა რომანიც არ უნდა იმალებოდეს კულისებში, ფილმი „მამაკაცი და ქალი“ ანუკ ემეს ფილმოგრაფიაში ცენტრალური გახდა და საერთაშორისო აღიარება მოუტანა. თავისი როლისთვის მსახიობმა 1967 წელს მიიღო „ოქროს პალმის რტო“, „ოქროს გლობუსი“, „ბაფტა“, ასევე ნომინირებული იყო „ოსკარზე“. ასეთი წარმატების შემდეგ ემე ჰოლივუდში მიიწვიეს და 1969 წელს იქ ითამაშა სამ ფილმში: სიდნი ლუმეტის ფილმში „პაემანი“, ჯორჯ კიუკორის ფილმში „ჟიუსტინა“ და ჟაკ დემის ფილმში „მოდელების ატელიე“.



image

ანუკ ემე ფილმში „მამაკაცი და ქალი“



დიდების მწვერვალზე მსახიობმა გადაწყვიტა შესვენება და კინო 7 წლით დატოვა. თავი მიუძღვნა სახლს და 16 წლის ქალიშვილს. სამწუხაროდ, ეს გადაწყვეტილებაც ვერ დაეხმარა პირადი ცხოვრების გაუმჯობესებაში. ფინთან ქორწინება 1977 წელს დასრულდა. ზოგი თვლის, რომ მიზეზი იყო ანუკის რომანი ფრანგ რეჟისორთან ელი ჩურაკთან, რომელმაც ლელუშთან ერთად მიიწვია ფილმში „მეორე შანსი“. ჩურაკთან ერთად რამდენიმე წელი ცხოვრობდა სამოქალაქო ქორწინებაში, მაგრამ მალე დაშორდნენ.



image

ანუკ ემე და ომარ შარიფი ფილმში „პაემანი“



80-იან წლებში ანუკ ემეს სამსახიობო კარიერის დაცემა დაიწყო. კლოდ ლელუშმა სცადა გაეცოცხლებინა თავისი შედევრი და გადაიღო ფილმი „მამაკაცი და ქალი 20 წლის შემდეგ“ იმავე მსახიობების მონაწილეობით, მაგრამ წარუმატებელი აღმოჩნდა.



image

ანუკ ემე და კატრინ დენევი ფილმში „მეორე შანსი“



მარცხის მიუხედავად ანუკ ემე თანამშრომლობდა ლელუშთან მთელი ცხოვრების განმავლობაში. მათი ბოლო თანამშრომლობა იყო ფილმი „ქალი და კაცები“, რომელიც 2010 წელს გამოვიდა. ეს ფილმი ანუკ ემეს ფილმოგრაფიაში ბოლოა. ჯამში მსახიობმა 80 ფილმში ითამაშა. ანუკ ემე იხსენებდა:



„ლელუში შეცდა. გადაწყვიტა, რომ მაყურებელს აინტერესებს, რა დაემართა პერსონაჟებს 20 წლის შემდეგ. მათ ეს არ აინტერესებთ. ბევრი რეჟისორი შეცდა ამ მითის გამო და სიკველები გადაიღეს. იცით ერთი სიკველი მაინც, რომელიც ფილმზე უკეთესი იყო?“



image

ანუკ ემე კანის ფესტივალზე 2007 წელს



ყველაფრის მიუხედავად, ანუკ ემე ფანებისთვის დარჩება 30 წლის ლამაზმანად ლელუშის ფილმიდან „მამაკაცი და ქალი“ - დიდებული, მომნუსხველი და იდუმალი.

0
175
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
175