პროფილაქტიკა საშიში დაავადება კარგად მოხუფული ქილადან: როგორ დავიცვათ თავი ბოტულიზმისგან? 17 ივნისი, 17:54 მოგეხენებათ, ზაფხული არის ის სეზონი, როდესაც დიასახლისები მასობრივად აკონსერვებენ სხვადასხვა პროდუქტებს ზამთარში მოხმარებისთვის, თუმცა არსებობს ისეთი საშიში დაავადება.როგორიც არის ბოტულიზმი, რომელსაც იწვევს სპორებიანი ბაცილა და სწორედ კარგად მოხუფულ ქილაში მრავლდება და ძალზე საშიშია სიცოცხლისთვის;
თუ როგორ მოვამზადოთ სწორად საზამთროდ პროდუქტი და როგორ ავიცილოთ ბოტულიზმი ქვემოთ წარმოდგენილ სტატიაში გაეცნობით. ბოტულიზმი სერიოზული დაავადებაა, რომელიც გავლენას ახდენს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, მას იწვევს ბაქტერია Clostridium botulinum, რომელიც ცოცხლობს ჟანგბადის გარეშე (მისთვის ხელსაყრელი დაკონსერვებული პროდუქტი და შეფუთული მზა საკვები) და გამოყოფს საშიშ ტოქსინებს. დაავადებას იწვევს ბოტულის ტოქსინები და არა თავად ბაქტერია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტების თქმით, ინფექცია გვხვდება დაკონსერვებულ ბოსტნეულში (ლობიო, ბადრიჯანი კიტრი, სტაფილო, სოკო და ა.შ.), თევზში (როგორც დაკონსერვებული, ასევე დამარილებული და შებოლილი), ლორსა და სოსისებში. მზაკვრული ის არის, რომ ძნელია ბოტულიზმზე ეჭვი შეიტანო საკვების გარეგანი დათვალიერებით, გემოთი ან სუნით. ერთადერთი ვარიანტია, რომ დაკონსერვებული საკვების ქილას ხუფი შეიძლება გაიბეროს, მაგრამ არა ყოველთვის. ექსპერტები გვირჩევენ, არ იყიდოთ დაკონსერვებული პროდუქტი და საკვები ჰერმეტულად დალუქულ შეფუთვაში, თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ ისინი მომზადდა და ინახებოდა ჰიგიენისა და ტემპერატურის ყველა წესის დაცვით. სითბური დამუშავება მოწამვლის რისკს ამცირებს. სპორები ძალზე გამძლე არიან ტემპერატურის მიმართ, ამიტომ მხოლოდ 15-20 წუთის განმავლობაში დუღილი ანადგურებს ბოტულინის ტოქსინს. პირველი სიმპტომები, ჯანმო-ს მიხედვით: ძლიერი დაღლილობა, სისუსტე და თავბრუსხვევა (ისინი ჩვეულებრივ ჩნდება 12-დან 36 საათის შემდეგ), შემდეგ მხედველობის დაბინდვა და გაორება. პირის სიმშრალე, ყლაპვისა და ლაპარაკის გაძნელება. შეიძლება თან ახლდეს ღებინება, დიარეა, ყაბზობა და შებერილობა. . ტემპერატურა არ მატულობს. ბოტულიზმი არ გადადის ადამიანიდან ადამიანზე. თუ დროულად არ დაისვა დიაგნოზი და დროულად არ დაიწყება მკურნალობა, შეიძლება ავადმყოფი დაიღუპოს რამდენიმე საათში.ჯანმოს მონაცემებით ბოტულიზმის 5/10% მთავრდება ლეტალურად. როგორ დავიცვათ თავი ბოტულიზმისგან? უპირველეს ყოვლისა თავი უნდა ავარიდოთ შინ კუსტარულად დამზადებულ პროდუქტებს, ეს იქნება დაკონსერვებული ბოსტნეული თუ შინ გამოყვანილი ლორი ან თევზი.მით უმეტეს, თუ წლობით ნადებია და ისიც არ ვიცით, როგორ და რა პირობებში მომზადდა იგი. ქარხნულად დამზადებული დაკონსერვებულ პროდუქტებში ბოტულიზმის შემთხვევა თითქმის გამორიცხულია, რადგან პროდუქტი იქ ყველა წესის დაცვით და თერმულად, სათანადო პირობებში მუშავდება. და თუ მაინც გვინდა, რომ ზამთარში გვქონდეს დაკონსერვებული პროდუქტი?უპირველეს ყოვლისა ბოსტნეული დიდხანს და გულდასმით გარეცხეთ, შემდეგ კი სანამ მოხუფავთ, თერმულად დაამუშავეთ მინიმუმ 15-20 წუთი მაინც. 63 2-ს მოსწონს
|