x
ქართულ-ფრანგული ლიტერატურული ურთიერთობების მიმოხილვა (მე-19 საუკუნე)

ქართულ-ფრანგული ლიტერატურული ურთიერთობები საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი თემაა ქართული ლიტერატურის ისტორიაში, ზოგადად ქართულ კულტურაში. საქართველოს მთელი ისტორიის მანძილზე სხვა ქვეყნებთან ჰქონდა პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და ლიტერატურული ურთიერთობები, რაც მისი ადგილმდებარეობით იყო განპირობებული. მე-19 საუკუნის დასაწყისში ქვეყნისთვის რთული ეტაპი დადგა, საქართველო რუსეთის შემადგენლობაში შევიდა(1801 წელს რუსეთის მიერ ქართლს-კახეთის სამეფოს გაუქმება). ამ მოვლენამ ძალიან ბევრი რამ განაპირობა, რაც შემდგომ სრულყოფილად გამოიხატა ფაქტობრივად ყველა სფეროში. მიუხედავად მძიმე სოციალურ-პოლიტიკური ვითარებისა, მაინც ვითარდებოდა ქართული ლიტერატურა. დაწინაურებულმა საზოგადოებამ იცოდა ფრანგული ენა და ისინი მუდმივად აქტიურად ადევნებდნენ თვალს საფრანგეთის კულტურულ ცხოვრებას. კიტა აბაშიძე ამბობდა ხოლმე "პარიზში რო წიგნი გამოვა, ორი-სამი კვირის შემდეგ თბილისში უკვე წაკითხული აქვთო". აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ რუსი მწერლები გარკვეულ როლს თამაშობდნენ ქართულ-ფრანგული ურთიერთობების განვითარებაში, ვინაიდან ქართველი მწერლები ხშირად სწორედ რუსული თარგმანებით ეცნობოდნენ ფრანგულ ლიტერატურას. რუსულმა ლიტერატურათმცოდნეობამ თავის ხალხს გააცნო ფრანგი მწერლები და მათი შემოქმედება, ასევე ქართული ლიტერატურათმცოდნეობაც მოწოდებული იყო, რომ ქართული საზოგადოება გასცნობოდა ფრანგულ კულტურასა და ლიტერატურას. თავის მხრივ ფრანგები ქართველოლოგიის დარგში იყვნენ ევროპაში პირველები, რომელთა ნაშრომების მეშვეობითაც ფრანგი ხალხი გაეცნო ქართულ კულტურას. სწორედ აქედან იწყება ფრანგი მეცნიერებისა და მკვლევარების საქართველოთი დაინტერესება. ასევე ძალიან დიდი როლი ითამაშა ქართულმა პრესამა, რომელიც მუდმივად აწვდიდა ინფორმაციას ქართველ მკითხველს, თუ რა ვითარება იყო მსოფლიო ლიტერატურაში, კერძოდ, ფრანგულ ლიტერატურულ და კულტურულ ცხოვრებაში. პარიზში წასული სტუდენტები მუდმივად ეკონტაქტებოდნენ ქართულ პრესას და მათი საშუალებით საინტერესო ინფორმაციები ვრცელდებოდა. 1885 წელს გაზეთ "დროებას" პარიზიდან წერილიც მისწერეს სტუდენტებმა, სადაც მადლობას უხდიდნენ ყურადღებისთვის, რომ საჭირო წიგნები გადასცეს მათ ბიბლიოთეკას. არაერთი გამოჩენილი ქართველი მწერალი და მეცნიერი იმყოფებოდა საფრანგეთში. ისინი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობდნენ. მაგალითად, ეგნატე ნინოშვილი, რომელმაც დაახლოებით 5 თვე დაჰყო პარიზში, თუმცა ავადმყოფობის გამო იძულებული გახდა საქართველოში დაბრუნებულიყო. ასევე ნიკო ნიკოლაძე, გიორგი წერეთელი, სერგეი მესხი... ფრანგული ლიტერატურით ძალიან იყვნენ დაინტერესებულნი ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ივანე მაჩაბელი, კიტა აბაშიძე და სხვები. ისინი თარგმნიდნენ და აქვეყნებდნენ ფრანგულ ლიტერატურას. როგორც ვიცით ილია ჭავჭავაძე ჰიუგოლოგიიის ფუძემდებელია საქართველოში. მისი ინიციატივით ითარგმნა ვიქტორ ჰიუგოს გენიალური რომანი "საბრალონი". ასევე კიტა აბაშიძემ პირველმა შენიშნა მსგავსება ვიქტორ ჰიუგოსა და ილია ჭავჭავაძეს შორის, რაც საკმაოდ საინტერესოდ გამოვლინდა. აგრეთვე აკაკი წერეთელმა ფრანგული ტექსტების არაერთი საინტერესო თარგმანი შემოგვთავაზა. მოლიერის, პიერ-ჟან დე ბერანჟეს, ეჟენ პოტიეს და სხვა მწერალთა შემოქმედება, რამაც დიდი როლი ითამაშა ქართული ლიტერატურის შემდგომდროინდელ განვითარებაში. გამოიცა არაერთი საინტერესო ნაშრომი. მაგალითად 1823 წელს პარიზში გამოვიდა პროფესორის, "სააზიო საზოგადოების" წევრის ჟიულ კლაპროთის ნაშრომი "მოგზაურობა კავკასიასა და საქართველოში". აღსანიშნავია, რომ კლაპროთის ეს ნაშრომი გააკრიტიკა მარი ბროსემ, მან არ მოიწონა ის მეთოდი რომლის მეშვეობითაც კლაპროთი ადგენდა ქართულ-ფრანგულ ლექსიკონსა და გრამატიკას. ამას გარდა ნაშრომში მთელ რიგ შეცდომებზე მიუთითებდა. ასევე საინტერესო იყო, რომ 1816 წელს ჰამბურგში გამოქვეყნდა ნაშრომი "წერილები საქართველოსა და კავკასიის შესახებ", რომელიც ახალ საინტერესო ცნობებს აწვდიდა უცხოელებს. მნიშვნელოვანი იყო მე-19 საუკუნეში, საქართველოში საფრანგეთის კონსულის, ჟაკ-ფრანსუა გამბას მოგზაურობა. მასთან მუშაობდა პეტრე უმიკაშვილის მამა იოსები, რომელიც ბევრ საინტერესო მასალას აწვდიდა საქართველოს ისტორიის, პოლიტიკისა და კულტურის შესახებ. გამბამ 1826 წელს პარიზში ფრანგულ ენაზე გამოსცა ნაშრომი "მოგზაურობა სამხრეთ რუსეთში", სადაც საინტერესოდ აღწერა ჩვენი ქვეყანა. როდესაც ქართულ-ფრანგული ლიტერატურული ურთიერთობების შესახებ ვსაუბრობთ აუცილებლად უნდა ვახსენოთ ცნობილი აკადემიკოსი, საქართველოს დიდი მეხოტბზე მარი ბროსე, რომელმაც დიდი ხანი იცხოვრა საქართველოში, შეისწავლა ქართული ენა და პარიზში, როგორც ფრანგულ ასევე ქართულ ენაზე გამოაქვეყნა შრომები საქართველოს ისტორის შესახებ. ის წერდა და იმედოვნებდა, რომ ეს მივიწყებული ქვეყანა მალე თავისით მიიქცევდა ყურადღებას, საქართველოს მალე აეხდებოდა სიბნელის ფარდა და გაბრწყინდებოდა ახალი, წმინდა ლიტერატურა. იქვე დასძენს "დიდებული წარსულის მქონე ქართველ ერს, დიდებული მომავალი ექნებაო". მარი ბროსეს გამორჩეული ადგილი უჭირავს ქართულ ლიტერატურაში. მისი ნაშრომები ძალიან დიდ და საინტერესო მასალას შეიცავს საქართველოს ისტორიის შესახებ, თარგმანები კი კიდევ უფრო მეტად აახლოვებს ქართულ და ფრანგულ ლიტერატურას, ამ ორი ენის კულტურას. მარი ბროსეს მოღვაწეობა ძალიან მნიშვნელოვანი იყო საქართველოსთვის. ცნობილმა ფრანგმა რომანისტმა ალექსანდრე დიუმამ (მამამ) რამდენიმე თვე გაატარა საქართველოში. მან დეტალურად შეისწავლა საქართველოს ისტორია, კულტურა, ტრადიციები... ყველაფერი ეს კი აღწერა თავის ნაშრომში "კავკასია". გარდა ამისა ქართულ თემაზე იქმნებოდა ძალიან საინტერესო ნამუშევრები, მაგალითად ჟაკ ოფენბახის ოპერეტა "მშვენიერი ქართველი ქალები", 1890 წელს საფრანგეთში დასადგამად მოამზადეს ოპერა "თამარი". ცნობილია, რომ ლიბრეტო შეიქმნა ფრანგულ ენაზე ნათარგმნი ნაწარმოების "თამარის" მიხედვით, სადაც ნაჩვენებია ძლევამოსილი მეფის ძალისხმევა საკუთარი ქვეყნისა და ხალხის გადასარჩენად. ასე ნელ-ნელა ეცნობოდნენ ფრანგები ქართულ ისტორიას და კულტურას. ბევრი ფრანგი მწერალი დაინტერესდა საქართველოთი და უნდოდათ თავად ენახათ და აღეწერათ ყოველივე. ცნობილია, რომ ბალზაკსაც სურდა საქართველოში ჩამოსვლა, თუმცა ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვერ შეძლო. ვხვდებით ასევე ბელგიელი მწერლის კარლა სერენას წიგნს "ჩემი მოგზაურობა", სადაც დიდი შთაბეჭდილებებითაა გადმოცემული მისი მოგზაურობა საქართველოში. არქეოლოგმა ბარონ დე ბაიმ იმოგზაურა საქართველოში და დეტალურად აღწერა ჩვენი ქვეყანა, კულტურული მემკვიდრეობა და ღირსშესანიშნაობები. მის მოხსენებებს საქართველოს შესახებ დიდი ინტერესით ისმენდნენ პარიზში და კიდევ უფრო მეტ ინტერესს იწვევდა კავკასიის ეს ულამაზესი ქვეყანა ფრანგულ საზოგადოებაში. ფრანგული პრესა აღწერდა ხოლმე საქართველოს, თუ როგორი მომხიბლავი და თვალწარმტაცი იყო მის ბუნება, მთები, დარიალის საოცარი ხეობით, დედაქალაქით-თბილისით, თუ როგორი დიდი ისტორიის და კულტურის მქონე ქვეყანაა და ა.შ. თითქმის ყველა დარგის ცნობილი მოგზაური თუ მკვლევარი იმყოფებოდა საქართველოში და მოხიბლულნი დარჩენილან. ცნობილი ფილოლოგი და ჟურნალისტი ჟიულ მურიე საკმაოდ დიდხანს ცხოვრობდა საქართველოში. მისი რედაქტორობით ჟურნალიც კი გამოდიოდა, სადაც ქვეყნდებოდა ქართული ლიტერატურის ფრანგული თარგმანები და სხვა საინტერესო ნამუშევრები. ფრანგულად თარგმნილიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ილია ჭავჭავაძის "განდეგილი". მურიეს მოღვაწეობა მნიშვნელოვნად უწყობდა ხელს ქართულ-ფრანგული ლიტერატურული ურთიერთობების განვითარებას. ფრანგი მწერლების და მკვლევარების გარდა, რა თქმა უნდა სხვა ქვეყნების წარმომადგენლებიც მოგზაურობდნენ და აღწერდნენ საქართველოს. მაგალითად ინგლისელი საზოგადო მოღვაწე ოლივერ უორდროპი აღნიშნავდა: "საქართველო სიტურფით არც ნორვეგიას ჩამოუვარდება, არც შვეიცარიას. ბოტანიკოსი იქნება თუ გეოლოგი, არქეოლოგი თუ ფილოლოგი, ყველასათვის საქართველოში ზღვის იმოდენა მასალაა, რომელიც ჯერ ხელუხლებელია. მხატვრებისათვის საქართველო სრულიად ახალი ასპარეზია... საქართველოს უმთავრესი მიმზიდველი ძალა, ქართველების ღირსებაა. ქართველი მარტო სახით კი არ არის სასიამოვნო სანახავი, ეს ხალხი მართლა საყვარელი რამ ხალხია. ვისაც უნდა გულიდან გადაიყაროს ჯავრი წავიდეს და იცხოვროს ამ მხიარულ, გულგახსნილ, ხელგაშლილ პატიოსან ხალხში". როგორც ვხედავთ უამრავი ცნობილი მოგზაური, მწერალი თუ მეცნიერი გაოცებული დარჩენილა საქართველოს ხილვით. ბევრი მათგანი ისე მოხიბლულა ჩვენი ქვეყნით, რომ ქართული ენაც კი შეუსწავლიათ და აქ გადმოსულან საცხოვრებლად. ერთ-ერთი ცნობილი ფრანგი მოგზაური ჟან შარდენი აღწერს საქართველოს და აღტაცებულია მისი კულტურით. ქართველებზე საუბრობს, რომ ეს ტომი არის უმშვენირესი მთელს აღოსავლეთში და შეიძლება ითქვას მთელ ქვეყანაზე. მოხიბლულია ქართველი ქალის სილამაზით. ზოგადად ქართული სილამაზის, კეთილშობილებისა და სიმამაცის შესახებ ბევრი უცხოელი მწერლის და მკვლევარის ნაშრომში ამოვიკითხავთ. ბოლოს კი უნდა ვთქვათ, რომ ფრანგულ ლიტერატურასთან სიახლოვემ კიდევ უფრო მეტ ევროპელს გააცნო საქართველო, რამაც განაპირობა შემდგომდროინდელი კულტურული ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება სხვა ევროპულ ქვეყნებთან.

პარიზი,  2019 წელი

0
6
შეფასება არ არის
ავტორი:გიორგი ბოლქვაძე.
გიორგი ბოლქვაძე.
6
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0