სხვა "ჟიული ანუ ახალი ელოიზა", ჟან-ჟაკ რუსო 16 ივნისი, 14:36 შევეცდები ვისაუბრო მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მწერლის, ფილოსოფოსისა და კომპოზიტორის, ჟან-ჟაკ რუსოს შესახებ. ის დაიბადა შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში, პროტესტანტულ ოჯახში, 1712 წლის 28 ივნისს და გარდაიცვალა პარიზთან ახლოს ერმენონვილში 1778 წლის 2 ივლისს. მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და საყოველთაოდ აღიარებული ნაწარმოებია "ჟიული ანუ ახალი ელოიზა" და სწორედ ამ რომანის შესახებ ვისაუბრებ. თავდაპირველად მოკლედ მიმოვიხილავ მწერლის ცხოვრებას. რუსომ ბავშვობა გაატარა ჟენევაში. მამამისი, ისააკი, მესაათე და ცეკვის მასწავლებელი გახლდათ. ბავშვებს ძალიან ანებივრებდა და საკმაოდ ფიცხი ხასიათის კაცი იყო. მთელ ცხოვრებას რომანების კითხვასა და ახალი თავგადასავლების ძიებაში ატარებდა. რუსოს ჰყავდა ძმა, რომელიც ჟენევიდან მალევე გადაიხვეწა. ისინი ადრეულ ასაკში დაობლდნენ. ისააკს თავისი არეული ცხორვების გამო პრობლემები შეექმნა და იძულებული გახდა იქაურობას განრიდებოდა. მან მეორედაც იქორწინა. ჟენევაში მარტოდ დარჩენილი ჟან-ჟაკი თავიდან ნოტარიუსს მიაბარეს, შემდეგ კი გრავიორს... როგორც ბიოგრაფიიდან ვიგებთ იყო საკმაოდ სუსტი და ზარმაცი. მიეჩვია ტყუილებს და ქურდობას. ქალაქიდან გასული ხშირად სწორედ იმ დროს ბრუნდებოდა, როდესაც კარიბჭე იკეტებოდა და ამის გამო გარეთ უწევდა ხოლმე ღამის გათევა. 1728 წელს დატოვა ქალაქი და წავიდა კათოლიკურ სავოიაში, სადაც სოფლის მღვდელმა ურჩია მიეღო კათოლიკობა. რუსოს წერილი გაატანა ერთ ქალთან, ქალბატონ ვარანთან, რომელიც მეფის მხრიდან დაჯილდოებული იყო კათოლიციზმის მიღებისთვის. ქალბატონმა ვარანმა რუსო გაგზავნა იტალიაში, კერძოდ, ტურინში, სადაც ასწავლიდნენ ადამიანებს, რომელთაც ახალი მიღებული ჰქონდათ სარწმუნოება. ჟან-ჟაკი აღმოჩნდა უმეცართა ბრბოში, სადაც არაკეთილსინდისიერად ცხოვრობდნენ და არაფერი საერთო არ ჰქონდათ სარწმუნოებასთან. კათოლიკობის მიღების შემდეგ იგი მონასტრიდან გამოაგდეს. მომავალი მწერალი მიდის ლოზანაში, სადაც თავს აჩვენებს ხალხს თითქოს მუსიკის მასწავლებელი იყოს, თუმცა არაფერი გამოუვა. მოგვიანებით კვლავ ქალბატონ ვარანთან ბრუნდება და მასთან ერთად ატარებს რამდენიმე წელიწადს. ვარანმა მას ასწავლა წერა-კითხვა, მეტყველება, საზოგადოებაში თავდაჭერა და ა.შ. რუსომ ასევე შეისწავლა მუსიკა. 1741 წელს ჩადის პარიზში, სადაც ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული თუ რა მიმართულებით სურს განვითარდეს. მან საკმაოდ საინტერესო და ორიგინალური მუსიკალური პროექტი წარადგინა აკადემიაში (ნოტების მაგივრად გამოიყენებოდა ციფრები). მიუხედავად იმისა, რომ რუსომ საინტერესოდ ჩამოაყალიბა ახალი სისტემა, მისი გამოყენება მაინც ვერ მოხერხდა. პარიზში იგი შეხვდება ცნობილ მწერლებს და განმანათლებლებს, როგორებიც არიან ვოლტერი, მონტესკიე, დიდრო და სხვები. 1743-1744 წლებში რუსო საფრანგეთის ვენეციელი ელჩის, გრაფ მონტეგიუს მდივნის თანამდებობაზე მუშაობდა, თუმცა გრაფი მას მხოლოდ მოსამსახურედ თვლიდა. შემდგ სამსახურიდანაც გააგდო. ამისთვის ჟან-ჟაკმა უჩივლა და მოუგო კიდეც, თუმცა მის ცხოვრებაში არაფერი შეცვლილა. მოგვიანებით ჯვარი დაიწერა ტერეზა ლევასერზე. ეს იყო გაუნათლებელი და გონებაშეზღუდული ქალი. მოსამსახურედ მუშაობდა იმ სასტუმროში, სადაც თავად რუსო ცხოვრობდა. ცნობილია, რომ მათ ხუთი შვილი შეეძინათ, თუმცა ხუთივე მათგანი ბავშვთა სახლში მიაბარეს, რის გამოც ყველა მათგანი დაკარგეს. თავს იმით იმართლებდნენ, რომ დიდი გაჭირვებით ცხოვრობდნენ და ასევე ხელს უშლიდნენ მუშაობაში. მოგვიანებით ასაკში მყოფმა რუსომ და მისმა ახლობლებმა დაიწყეს ბავშვების ძებნა, თუმცა ამაოდ. აქვე მინდა გითხრათ, რომ ბიოგრაფია ძალიან ვრცელია, ამიტომ შევეცდები შევამოკლო და მხოლოდ მნიშვნელოვან თემებს შევეხო. 1749 წლის გაზაფხულზე, რუსო თავისი მეგობრის, დიდროს სანახავად მიდიოდა. ეს უკანასკნელი ვენსენის ციხეში ჰყავდათ გამოკეტილი თავისი ნაწარმოების "წერილი ბრმებზე - თვალხილულთა ჭკუის სასწავლებლად" გამოქვეყნების გამო. რუსო გზაში გაჩერდა შესასვენებლად და გაზეთში წაიკითხა დიჟონის აკადემიის კონკურსის შესახებ, სადაც უნდა დაეწერათ თემა შემდეგი სათაურით: "შეუწყო თუ არა ხელი ლიტერატურისა და კულტურის განვითარებამ ადამიანის მორალისა და ჩვევების განვითარებას"?. რუსოს გაუხარდა, ვინაიდან დიდი ხანი ფიქრობდა მსგავს თემაზე და სურდა თავისი შეხედულებები ჩამოეყალიბებინა. დიდროს რჩევით მან დაწერა და გამოაქვეყნა პირველი ფილოსოფიური ნაშრომი, სახელწოდებით -"მსჯელობა მეცნიერებასა და ხელოვნებათა გამო", რამაც მოაგებინა პრემია და სახელი გაუთქვა. მთავარი დებულება, რომელსაც ეს ტრაქტატი ემყარებოდა იყო შემდეგი, რომ ცივილიზაციის პროგრესმა, კულტურისა და ლიტერატურის განვითარებამ გამოიწვია სოციალური უთანასწორობა, მჩაგვრელთა კლასის გაბატონება და მთელი რიგი სოციალური მანკიერებანი, რაც ძირს უთხრის საყოველთაო საზოგადოებრივი კეთილდღეობის იდეას. ცივილიზაციამ ბედნიერება კი არ მოუტანა ხალხს, პირიქით, გააღატაკა და გააღრმავა სოციალური კრიზისი, რამაც ასევე გადააგვარა საზოგადოება. ერთმანეთს დაუპირისპირდა ბუნების და "ცივილიზაციის" კანონები. სამართლიანობის და თავისუფლების პრინციპები ადამიანთა ცხოვრებაში შეიცვალა პირფერობით, ტყუილით, მლიქვნელობით და ა.შ. პირველ რიგში რუსო ილაშქრებს სოციალური უთანასწორობის წინააღმდეგ. მისი ეს ფილოსოფიური ტრაქტატი დიდი განსჯის საგანი გახდა. ის გააკრიტიკეს რევოლუციური იდეებისა და აზრების წახალისებისთვის. ასევე განმანათლებლებიც არ დაეთანხმნენ, რომ კულტურის და ლიტერატურის, ზოგადად, ცივილიზაციის განვითარებას შეუძლია რამენაირად რეგრესი გამოიწვიოს საზოგადოებაში. დიდრომ პირიქით, მოიწონა ეს ნაშრომი, ვინაიდან მასში დაინახა პროტესტი გაბატონებული მჩაგვრელი კლასის წინააღმდეგ. ძალიან ბევრი მოსაზრება გამოითქვა რუსოს ფილოსოფიური ტრაქტატის შესახებ, თუმცა გადავიდეთ სხვა თემაზე. აქვე ავღნიშნავ, რომ საფრანგეთის დიდი რევოლუციის დროს რუსოს იდეებს ხმამაღლა ახმოვანებდნენ რევოლუციონერები და ხალხი მას დიდი ოვაციებით ხვდებოდა. "ჟიული ანუ ახალი ელოიზა" გამოიცა 1761 წელს. ნაწარმოების სახელად რუსომ გამოიყენა შუა საუკუნეების ფრანგი თეოლოგისა და ფილოსოფოსის, პიერ აბელარის(1079-1142წ) შეყვარებულის, ელოიზას სახელი. ეს რომანი საფუძვლად დაედო ახალი ლიტერატურული მიმდინარეობის ჩამოყალიბებას, რომელსაც სენტიმენტალიზმის სახელით ვიცნობთ. პიერს შეუყვარდა თავისი მოსწავლე, 18 წლის ელოიზა, თუმცა ამ სიყვარულს დიდხანს საიდუმლოდ ინახავდნენ, ვინაიდან არ შეიძლებოდა ღვთისმეტყველი დაქორწინებული ყოფილიყო. ელოიზას მამა გაიგებს მათი სიყვარულის ამბავს და მის მიერ გაგზავნილი ხალხი დაასაჭურისებს პიერ აბელარს. შემდეგ ელოიზა მონასტერში მიდის. ასევე პიერიც ბერად აღიკვეცება და ამის შემდეგ ისინი წერილებს წერენ ერთმანეთს. ჟან-ჟაკის ეს ნაწარმოები ეპისტოლარული ხასიათისაა, რაც შესაძლოა წასაკითხად არ იყოს დიდად საინტერესო, თუმცა იმ პერიოდში ასეთი სტილის ტექსტები მარტივად და სასიამოვნოდ იკითხებოდა. თანაც წერილები იძლევა საშუალებას კონკრეტულად შევაფასოთ და დავახასიათოთ ისინი. (მეც, როდესაც დავიწყე ნაწარმოების კითხვა მხოლოდ რამდენიმე ათეული ფურცლის წაკითხვის შემდეგ ჩვეულებრივი რომანის მსგავსად გავაგრძელე კითხვა. ყოველ შემთხვევაში ტექსტის ეპისტოლარულ ხასიათს ჩემთვის დისკომფორტი არ შეუქმნია). სწორედ ამ სიუჟეტის მიხედვით დაწერა რუსომ "ჟიული ანუ ახალი ელოიზა", რომლის მთავარი მოქმედი პირები არიან სენ-პრე და ჟიული. აქვე გეტყვით, რომ სრულად არ გადმოვცემ წერილების შინაარსს და ზოგადად განვითარებულ მოვლენებს, ვინაიდან ყველაფრის აღწერა დიდ დროს წაიღებს და შესაძლოა მოსაწყენი იყოს. უბრალოდ რომანს მიმოვიხილავ. სენ პრე ფილოსოფოსია და ჟიულის კერძო მასწავლებელი. მათ შეუყვარდებათ ერთმანეთი და ძირითად სულ წერილებით საუბრობენ. ისინი წერენ აბსოლუტურად ყველაფერს. აუცილებელია ადამიანი იცნობდეს რომანს, რადგან ასე რთულია გადმოცემა და აღქმა თავად ამ წერილების და მათი თავისებურებების. სენ-პრე ღარიბია, განსხვავებით თავისი მიჯნურისგან, რომელიც წარჩინებული ოჯახიდან არის და მამამისს, ბატონ დ'ეტანჟეს სურს, შესაბამისად, მაღალი წრის ადამიანს გააყოლოს ცოლად. ჟან-ჟაკის ეს ნაწარმოები განსაკუთრებულია აბსოლუტურად ყველაფრით, რაც დაუსრულებელს ხდის ტექსტის შესახებ მსჯელობას. პირველ რიგში, მინდა ავღნიშნო, რომ სწორედ რუსო იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ლიტერატურაში ბუნების აღწერის საოცარი სტილი შემოიტანა. ის მართლაც საუცხოოდ გვიხატავს ბუნებას. დეტალურად აღწერს ყველა იმ ადგილს, სადაც ხდება მოქმედება. აღვიძებს ბუნებას და წარმოგვიდგენს, როგორც ერთ-ერთ მთავარ მოქმედ პერსონაჟს თუ შეიძლება ასე ითქვას, ვინაიდან ტექსტის კითხვის დროს ბუნების აღწერის სიუჟეტები საოცრად მოქმედებს მკითხველზე. კვლავ დავურბუნდეთ ჟიულის. მამამისს, როგორც აღვნიშნე სურს, რომ თავისი შვილი მიათხოვოს მდიდარ, წარჩინებულ ადამიანს. ეს ფაქტი უკვე შეგვიძლია მივიჩნიოთ ჟან-ჟაკის ფილოსოფიური ტრაქტატის ერთ-ერთ უმთავრეს დებულებად, სადაც ბუნების კანონებს ეწინააღმდეგება "ცივილიზაციის კანონები" ან " განვითარებული საზოგადოების პროგრესული კანონები". როგორც ვხედავთ, მამა თავისი შვილის დამოუკიდებლად და სურვილის საწინააღმდეგოდ იღებს გადაწყვეტილებას. ბუნების მთავარი კანონია შეუღლდნენ ადამიანები, რომელთაც უყვართ ერთმანეთი და რომლებიც მზად არიან ერთმანეთს შეჰფიცონ ერთგულება. ის ვინც ამას უგულებელყოფს, არღვევს ბუნების კანონს, შესაბამისად, რუსოც სწორედ ამ ფაქტს უსვამს ხაზს. "და თქვენ ბედავთ ევედროთ ბუნებას, როცა თავად ირჯებით მის კანონთა საწინააღმდეგოდ". ასევე რუსო ერთ-ერთი პირველია ვინც შეძლო ადამიანთა შინაგანი მდგომარეობის, განცდებისა და შეგრძნებების სამყაროში შეღწევა და ყოველივე ამის გადმოცემა. კითხვის დროს ვხედავთ, რომ მართლაც საოცრად ბუნებრივად აღწერს ავტორი პერსონაჟთა განცდებს და ემოციებს. მამა თავის შვილს მიათხოვებს ბატონ ვოლმარს, რომელიც ასაკით უფროსია ჟიულიზე. ვოლმარი მდიდარი ადამიანი იყო, თუმცა შემდეგ მთელ ქონებას დაკარგავს. ამის მიუხედავად ჟიულის მამა მაინც იმავე პოზიციაზეა და ამბობს, რომ მისთვის სიტყვა აქვს მიცემული. მართალია წინააღმდეგობის გაწევას შეეცდებიან, თუმცა მაინც არაფერი შეიცვლება.ჟული და ვოლმარი დაქორწინდებიან. მიჯნურთათვის ეს ამბავი იქნება საბედისწერო და რა თქმა უნდა, შემდგომი წერილებიც, შესაბამისად, განსხვავებულ ხასიათს და ემოციებს გამოხატავენ. რომანში ვხვდებით საინტერესო პერსონაჟებს, როგორებიც არიან ლორდი ედუარდი და კლარა(ჟიულის მამიდაშვილი). განსაკუთრებით ლორდი ედუარდის პიროვნება იქცევს ყურადღებას. მას შემდეგ, რაც ჟიული დაქორწინდება, სენ-პრე იძულებულია დაივიწყოს ყველაფერი ის, რაც თავის შეყვარებულთან აკავშირებდა. ყველა ის გრძნობა და ემოცია მხოლოდ წარსულში უნდა დატოვოს და ამისკენ მოუწოდებს ჟიულიც. ეს უკანასკნელი კი ვოლმარის ერთგულია და ცდილობს სხვა ყველაფერი უბრალოდ დაივიწყოს, თუმცა რამდენად ახერხებს ამას, ეს მკითხველმა უნდა გადაწყვიტოს... პერსონაჟებს დიდი ბრძოლა უწევთ საკუთარ თავთან, ვნებებთან და ემოციებთან. ეს მარტივი როდია. სენ-პრე და ჟიული ხან მარტო რჩებიან ერთად და ყველაფერი ახსენდებათ, არ არიან დარწმუნებულები, რომ შეძლებენ იმ გრძნობებისგან თავის დაღწევას, რაც მათ ამდენი ხნის განმავლობაში აკავშირებდათ. ამას აღნიშნავს სენ-პრე თავის წერილებშიც. ლორდი ედუარდი კი არიგებს მას და ეხმარება წინააღმდეგობების დაძლევაში. ჟიულის და ვოლმარის თანაცხოვრების შესახებ ავტორი დეტალურად გვიყვება წერილებში. საინტერესოდ აღწერს ავტორი სოფელში მათ საქმიანობასა და დამოკიდებულებას მუშების მიმართ. გარკვეული დროის მანძილზე სენ-პრე მათთან ერთად არის და ეხმარება საოჯახო საქმიანობაში. ტექსტში ასევე ვხვდებით მსჯელობას ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით. ჟან-ჟაკი საოცრად გადმოსცემს ვოლმარის, ჟიულის და სენ-პრეს შინაგან მდგომარეობას. "ჟიული ანუ ახალი ელოიზა" - ს შესახებ არაერთმა გამოჩენილმა მწერალმა და საზოგადო მოღვაწემ გამოთქვა თავისი აზრი. ბევრმა მათგანმა მოიწონა რომანი. ხშირად, სწორედ რუსოს მიერ საოცარი სიზუსტით აღწერილი ბუნება აღაფრთოვანებდა ადამიანებს, რომელთაც პირადად მოინახულეს ის ადგილები. შვეიცარიაში მყოფი ბაირონი წერს: "დავიარე რუსოსთან დაკავშირებული ყველა ადგილი, თან მქონდა "ახალი ელოიზა", და ფრიად განმაცვიფრა ბუნებისა და ორიგინალთა სილამაზის აღწერის ძლიერებამ და სიზუსტემ. მეიერის, ვევესა და შილიონის ციხე-დარბაზის გამო ბევრს არაფერს ვიტყვი, რადგან სულ ერთია, ვერ შევძლებდი მათგან მიღებული შთაბეჭდილების გადმოცემას". "ბაირონი და შელი (თან ახლდნენ: შელის თავისი მეუღლე მერი, ბაირონს - ნანდაური, შელის ცოლის და - კლერი) "ახალ ელოიზას" დაიჭერდნენ ხელში და შემოივლიდნენ ჟან-ჟაკ რუსოს აღწერილ ადგილებსა, აღწერილით აღტაცებულიყვნენ და ხელახლა ტკბებოდნენ უკვე ორიგინალის ხილვითა, ხელოვანის ოსტატობითაც გაოცებულიყვნენ, ბუნების ოსტატობითაცა, იმასაც დაობდნენ, თუ რომელი სჯობნიდა რომელსაო, შემოქმედი სჯობნიდა თუ ხელოვანიო .... ამდენი სიხარული დიდი ხანია აღარ განეცადა, აღარცა ბაირონსა, აღარცა შელისა" (ო. ჩხეიძე, "იტალიური დღიურები ბაირონისა" 1970 გვ. 27-28 ). ქართველთაგან ერთ-ერთი, ვინც აღფრთოვანდა ნანახით, იყო გამორჩეული რეჟისორი და სახალხო არტისტი - კოტე მარჯანიშვილი. ის წერს: "ევროპის სხვადასხვა კუთხეში ორი თვის ხეტიალის შემდეგ ჩავედი შვეიცარიაში - კლარანსში, ჟენევის ტბის ნაპირას, სადაც ამ დროს ჩემიანები ცხოვრობდნენ... აქვე, კლარანსში, დავიწყე ჩემი "მკვდართა კუნძული"..., რომელიც ისევე, როგორც ჩემი სხვა ნაწერები, არასწდროს დასაბეჭდად განზრახული არა მქონია და არცა მაქვს. ამ დრამატულ პოემას დიდი გატაცებით ვწერდი, მით უფრო, რომ ვწერდი იმავე მერხზე მჯდომი და იმავე ჭადრის ქვეშ, ტყისპირად, სადაც ჟან-ჟაკ რუსო წერდა თავის "ახალ ელოიზას" (კოტე მარჯანიშვილი, "მემუარები და წერილები", 1947, თბილისი "ხელოვნება" გვ. 35). ჟენევის ტბის ეს ადგილები ასევე დეტალურად აღწერა ცნობილმა კრიტიკოსმა, მკვლევარმა და აკადემიკოსმა გიორგი ჯიბლაძემ. ის იყო საბჭოთა კავშირის დელეგაციის წევრი განათლების საკითხთა შესახებ ჩატარებულ მე-20 კონფერენციაზე შვეიცარიაში. გერმანიაში კარგად იცნობდნენ რუსოს შემოქმედებას. ის ძალიან პოპულარული იყო ლიტერატურულ წრეებში. მის გავლენას განიცდიდნენ ისეთი გამოჩენილი ადამიანები, როგორებიც იყვნენ გოეთე, შილერი, კანტი და სხვები. ასევე რუსეთში, ჟან-ჟაკ რუსო ცნობილი იყო, როგორც დიდი ფილოსოფოსი და მწერალი. "ჟიული ანუ ახალი ელოიზა" მრავალჯერ იქნა შეფასებული. მის შესახებ უამრავი აზრი გამოითქვა. რუსოს და ზოგადად, ევროპელი ავტორების ნაწარმოებებს თარგმნიდნენ და მათ შესახებ მსჯელობდნენ ჩვენი გამოჩენილი მწერლები და საზოგადო მოღვაწეები, როგორებიც იყვნენ: ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, გიორგი ერისთავი, ივანე მაჩაბელი, კიტა აბაშიძე და სხვები. ისინი დაინტერესებულნი იყვნენ უცხოური ლიტერატურით. ჟან-ჟაკ რუსო მართლაც გამორჩეული ადამიანი იყო. მის შემოქმედებას კი განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში. 41 შეფასება არ არის
|