x
მეტი
  • 23.12.2024
  • სტატია:138989
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512550
ივანე ჯავახიშვილი: ერეკლეს გულისტკივილში ბრალი მის პირადს პოლიტიკურს გულუბრყვილობას და რუსეთის მთავრობისადმი განუსაზღვრელ ნდობას ედებოდა
დიდი ქართველი მეცნიერი მიხეილ ჯავახიშვილი, ნაანალიზებდა რა რუსეთ-საქართველოს შორის 1783 წელს გაფორმებული გეირგიევსკის ტრაქტატის შედეგებს, სინანულით წერდა, რომ ამ ხელშეკრულებას კარგი არაფერი მოუტანია საქართველოსთვის.

image


"რუსეთთან 1783 წლის ხელშეკრულებას საქართველოსთვის არა მოუტანია რა. ზიანი კი – აუარებელი. პოლიტიკური მდგომარეობა გაუმჯობესების მაგიერ საშინლად გაუარესდა. ხმა ამ ხელშეკრულებას და რუსეთის სახელმწიფოს მფარველობას დიდი ჰქონდა. საქმით კი ძალიან მცირე იყო ის დახმარება, რომელიც რუსეთის მხრით საქართველოს აღმოეჩინა. ხელშეკრულების თანახმად, საქართველოში 2 ბატალიონი რუსის ჯარი მოვიდა. სამაგიეროდ შეექმნათ „შიშნეულობა მხედრობისა გამო რუსეთისა“ ადერბეჯანის ხანებს, რომელთაც წინათ, როგორც აღნიშნული იყო, მეფე ერეკლესთან კარგი განწყობილება. მათ საღი ალღოთი იგრძნეს, რომ საქმე მარტო საქართველოს მფარველობით არ გათავდებოდა და ამას აუცილებლად მოჰყვებოდა მათი „დაპყრობა ძალითა როსიის მხედრობისათა“. ამ მოსალოდნელი განსაცდელის წინაშე აზერბეჯანის ხანებმა ერთმანეთის მტრობა დაივიწყეს და შეექმნათ ერთიერთმანეთისადმი დაფარვით „დინ-თასლობისა თანხმობა“.

ივანე ჯავახიშვილი სამარცხვინო რუსულ დახმარებას უწოდებს იმას, რაც რუსეთმა გააკეთა.

"დაღესტნელების შემოსევა რომ უკუექცია, ერეკლე მეფემ სექტ. 1787 წ. ქართული და რუსული მხედრობითურთ განჯის წინააღმდეგ გაილაშქრა. სრული გამარჯვება იყო მოსალოდნელი, რომელსაც ერეკლე მეფის წინანდელი სახელი უნდა აღედგინა. მაგრამ სრულებით მოულოდნელად რუსის ჯარის უფროსს, მინისტრ-რეზინდენტ ბურნაშევს პოტიომკინისაგან საქართველოთგან დაბრუნების შესახებ ბრძანება მოუვიდა. მან განუცხადა მეფეს, რომ „დღესვე უნდა გავბრუნდეო“ და რამდენი არ სთხოვა ერეკლემ, რომ ლაშქრობის დამთავრებამდის მაინც მოეცადა, არ დარჩა: საჩქაროდ აიყარა და გამობრუნდა ტფილისისაკენ, ხოლო იქითგან რუსეთში გაემგზავრა მთელი ჯარით.
1783 წ-ის ხელშეკრულების წყალობით საქართველო გაძლიერების და გარეშე მტრებისგან უზრუნველყოფის მაგიერ სამის მხრით მტრებით შემორტყმული გახდა და განუწყვეტლივ საომარ განწყობილებაში ჩავარდა იმ თავის მეზობლებთანაც, რომელნიც წინათ მისი ერთგული მოკავშირენი იყვნენ. თვით ერეკლე მეფეც და მმართველი წრეები ხედავდნენ, რომ ამ პოლიტიკური ნაბიჯის გამოისობით საქართველო ისეთ საშინელს განსაცდელში ჩავარდა, რომლის მსგავსში შაჰაბაზის შემდგომ არ ყოფილა.
ოსმალეთმა ახალციხის ფაშის პირით ერეკლე მეფეს შემოუთვალა, რომ ოღონდ ის რუსეთს ჩამოჰშორებოდა და რუსის ჯარი საქართველოთგან გაესტუმრებინა და არამც თუ წინანდელი კეთილმეზობლური დამოკიდებულება საქართველოსთან აღდგენილი იქმნებოდა, არამედ გაცილებით უფრო მეტს სარგებლობასაც ჰპირდებოდა. ერეკლე მეფემ უარი შეუთვალა. ამის გამო 1786 წ. თურქები ფოთისა და ბათუმის გამგეობას შეუდგნენ. 12000 დაღესტნელიც საქართველოს წინააღმდეგ იყო მათ მიერ ნაქირავები.

ერეკლე მეფე რწმუნდებოდა, რომ რუსეთის დახმარება და მფარველობა იმდენად მცირედი (სულ 1800 ჯარისკაცი) იყო, ის ვერაფერს უშველიდა. ამიტომ ქვეყანა რომ მოსალოდნელი შემოსევისა და ოსმალეთის გულისწყრომისგან ეხსნა, იძულებული იყო, ახალციხის ფაშისათვის დაზავების პირობად აღეთქვა, რომ ის მეტს რუსის ჯარს საქართველოში აღარ შემოიყვანდა. მაგრამ ოსმალეთმა ეს საკმარისად არ დაინახა და ამ დაპირების ასრულების საწინდრად 12 საუკეთესო თავადთა საგვარეულოთგან ორი წარმომადგენელი ამანათად მოითხოვა. ერეკლე მეფე იმდენად უმწეო მდგომარეობაში იყო, რომ იძულებული გახდა 1787 წ. ივნისში ეს მძიმე და დამამცირებელი მოთხოვნილება აესრულებინა.
რუსეთმა თავისი ჯარი საქართველოთგან იმიტომ გაიყვანა, რომ იძულებული იყო, ოსმალეთთან ომში ჩაბმულიყო. ერთ-ერთ მიზეზად, რომელმაც ოსმალეთი რუსეთის მტრად აქცია და ომი გამოიწვია, რუსეთის საქართველოში მფარველის სახით შემოსვლა იყო. 15 ივლისს, 1787 წელს ოსმალეთმა რუსეთის დესპანს გადაჭრით მოსთხოვა, რომ მას საქართველოსთვის თავი დაენებებინა და ამ ქვეყნისა და სახელმწიფოს საქმეებში აღარ გარეულიყო. მალე ოსმალეთმა რუსეთის წინააღმდეგ მტრული მოქმედება დაიწყო კიდეც, ხოლო 7 ენ. 1787 წ. რუსეთმაც ოსმალეთს ომი გამოუცხადა.




ასეთ პირობებში იმ მცირედ ჯარის გაყვანის მაგიერ, რუსეთისგან, ვითარცა მფარველის მხრივ, სრულებით ბუნებრივი იყო საქართველოსთვის უფრო მეტი ჯარის მოშველება იმიტომ, რომ რაკი უთანხმოების ერთ-ერთ მიზეზად საქართველო ითვლებოდა, ოსმალეთის მხრით ამ ქვეყნის წინააღმდეგ მტრული მოქმედება თავისთავად მოსალოდნელი იყო. მაგრამ რუსეთის სამხედრო შტაბმა სამოქმედო გეგმა ისე შეადგინა, რომ ოსმალების წინააღმდეგ ბრძოლა ამ მხრითგან განზრახული არ იყო. ამიტომ რუსეთის მთავრობამ საქართველო მიატოვა და გადასწყვიტა, რომ საქართველოსთვის უკეთესი იქნებოდა თავის ძალით და წინანდელ მშვიდობიანი კავშირის აღდგენით თავისი თავი ამ ომის დროს ოსმალეთისგან უზრუნველ ეყო. ასე უცნაურად, სხვა არა იყოს რა, მსჯელობდა საქართველოს „მფარველი“ რუსეთის სახელმწიფოს მთავრობა, რომლის თაოსნობითაც, როგორც ვიცით, დადებული იყო 1783 წლის ხელშეკრულება ეგოდენ მშვენიერ საზეიმო აღთქმებით აღსავსე.
რუსეთის მთავარსარდალმა და ფელდმარშალმა თავად პატიომკინმა კიდევ იმდენი ურცხვობა გამოიჩინა, რომ 1788 წელს ასე უმწეოდ მიტოვებულს საქართველოს მეფესა ერეკლე მეორეს აქეზებდა, რომ მას სოლომონ მეფესთან შეთანხმებით ოსმალთა წინააღმდეგ ემოქმედა. მაგრამ მეფის გული მწუხარებისა და წყრომისა ცეცხლით იყო მოცული და მწარე გამოცდილებამ მას უკვე საკმაოდ თვალი აუხილა, რომ ასეთ უცნაურ რჩევისათვის ყური ეთხოვებინა“.

image


ივანე ჯავახიშვილის გაანცხადებით, ქართველებს „შორიდან გაგონილი ჰქონდათ“ რუსეთის „მხურვალე სარწმუნოებრივი გრძნობა“ და ეჭვი არ ეპარებოდათ, რომ რუსეთი მათ ოსმალებსა და სპარსებთან ბრძოლაში ძლიერ დახმარებას გაუწევდა:


„რუსეთის მთავრობას და პოლიტიკოსებს არ გამოჰპარვიათ ქართველთა იმგვარი პოლიტიკური გულუბრყვილობა. მთელი მათი პოლიტიკა საქართველოს მიმართ, როდესაც კი რუსეთის სამხედრო თვალსაზრისით ქართველთა ძალის გამოყენება ოსმალეთის, ან სპარსეთის წინააღმდეგ საჭიროდ მიაჩნდათ, სწორედ ქართველთა ამ სუსტ გრძნობაზე და გულუბრყვილობაზე იყო ხოლმე დამყარებული. „ქართველებს მხურვალე სარწმუნოებრივი გრძნობა აქვთ და ამაზეა დამოკიდებული მათი გულმოდგინება სრულიად რუსეთის კარისადმი და კეთილმოსურნეობა რუსი ხალხისადმიო“, – ასე ამბობდნენ რუსეთის მთავრობის წარმომადგენელნი – და ამ ქართველთა მხურვალე სარწმუნოებრივი გრძნობის საშუალებით ცდილობდნენ და ახერხებდნენ კიდეც ქართველების იმედად მოჯადოვებას, რომ რუსეთის პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად გამოეყენებინათ“.

დღეს ადამიანები სხვადასხვაგვარად აფასებენ ერეკლე მეფის გადაწყვეტილებას, მოკავშირედ აერჩია რუსეთი. თუმცა დიდი მეცნიერი აღნიშნავს, რომ „ერეკლე მეფე ღრმად მოხუცებული მოუსვენარ ცხოვრებისა და თავდატეხილი უბედურებისაგან დაავადებული გულის ტკივილით შეჰყურებდა, როგორ ინგრეოდა ის პოლიტიკური და სამხედრო სიძლიერე, ქონებრივი კეთილდღეობაც, რომელიც მის მამის თეიმურაზ მეორისა და მის პირად დაუღალავ შრომითა და გამჭრიახობით იყო მოპოვებული. მისი სიბერის დღენი ეგების იმ მწარე გრძნობით იყო მოწამლული, რომ ამის ბრალი მის პირადს პოლიტიკურს გულუბრყვილობას და რუსეთის მთავრობისადმი განუსაზღვრელ ნდობას ედებოდა“.


წყარო: ივანე ჯავახიშვილი, "1783 წლის რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულება: მისი წარმოშობის ისტორია"

0
127
2-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
127