x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
ცნობილი ტელედედამთილი ეკა მჟავანაძე რეალურ ცხოვრებაშიც დედამთილი ხდება
image

.

ეკა მჟავანაძის ოჯახურ ცხოვრებაში დიდი სიახლეა. მალე მისი უმცროსი ვაჟი დაქორწინდება. „ჩემი ცოლის დაქალების“ ყველაზე ცნობილი და პოპულარული დედამთილი რეალურ ცხოვრებაში, თავისი კინოგმირისგან რადიკალურად განსხვავებული იქნება…


მსახიობი თავისი პირდაპირი საქმიანობის მიღმა, თავის სფეროში ცნობილია, როგორც კასტინგის რეჟისორი და მას უკავშირდება ტელეეკრანზე არაერთი ნიჭიერი სახის გამობრწყინება.



ეკა მჟავანაძე კარიერასა და პირადი ცხოვრების სიახლეებზე რადიო ფორტუნას ესაუბრება.

.

ეკა, თქვენ ხართ ადამიანი, რომლის აღმოჩენაა ბევრი ცნობილი სახე, სერიალსა თუ კინოში, რომელიც მაყურებელმა ძალიან შეიყვარა. მსახიობი, რომელიც სხვა მსახიობებს უკვალავს გზას და კასტინგებს კურირებს… როგორ დაიწყო თქვენი ეს გზა?


დაახლოებით 20 წლის წინ დავიწყე ეს საქმე. წინასწარ არ მქონია ცხოვრებაში დაგეგმილი. სიტყვა კასტინგის მნიშვნელობაც არ ვიცოდით ჩვენს ახალგაზრდობაში. მაშინ „პრობზე“ თუ დაგიძახებდნენ, დიდი წარმატება იყო (იღიმის).


ბავშვობიდან დავდიოდი თეატრში, ყველა სპექტაკლი ნანახი მქონდა და ასე თუ ისე, მსახიობებს ვიცნობდი. როცა პირველ სერიალში „საპონი“ ვითამაშე, იმ პერიოდიდან მოყოლებული ჩავერთე მსახიობების შერჩევაში. ვეხმარებოდი მხოლოდ და მხოლოდ კეთილი სურვილით და არ იყო განზრახვა კასტინგის რეჟისორობისკენ. ვისთანაც ვთანამშრომლობდი სერიალ „საპონზე“, დამირეკეს, ახალგაზრდულ სერიალს „ბიჭები და გოგონები“ იწყებდნენ და მთხოვეს კასტინგის ჩატარება. იმ დროს არ ვიყავით ქართული სერიალებით განებივრებულები და ახალგაზრდები ვათამაშე. თავისი სათქმელი თქვა… დაიწყო და დაიწყო… შემდეგ კინოშიც დამიძახეს. ასე მოვდივარ აქამდე…



ამ საქმიანობამ ხომ არ „შეჭამა“ მსახიობობისთვის განკუთვნილი დრო, თუ ორივეს ახერხებდით?


ისე გამოვიდა, რომ უფრო დიდ დროს კასტინგისთვის ვიყენებდი. რა თქმა უნდა, გარკვეული დრო წაართვა ჩემს ძირითად სპეციალობას. დროის დეფიციტიც იყო, მაგრამ როგორც მსახიობს, მივიჩნევ, რომ უფრო მეტის გაკეთება შემეძლო. რა თქმა უნდა, ეს გულისწყვეტა მაქვს. გავიდა წლები, ყველა როლს თავისი ასაკი აქვს. მე ბევრი ისეთი ასაკი გამოვტოვე, როცა თეატრში როლების თამაში შემეძლო. ეს მხოლოდ ჩემი ბრალი არ იყო. თეატრის რეჟისორები დიდად არ მწყალობდნენ. არ მაკავებდნენ სპექტაკლებში. თეატრში როლებით განებივრებული არ ვყოფილვარ…


როგორც აღნიშნეთ, კასტინგმა თქვენი დროის დიდი ნაწილი დაიკავა. მადლიერება თუ გიგრძნიათ იმ მსახიობებისგან, ვისაც გზა გაუკვალეთ, ვისთვისაც თქვენმა შერჩეულმა გმირმა პროფესიული ტრამპლინის როლი შეასრულა?


მიხარია, რომ ჩემი აღმოჩენა, ჩემი მიცემული პირველი როლი წარმატებული ხდება, მათ, ვისაც ფეხი ავადგმევინე ტელევიზიასა თუ კინოში, დიდ სიაში არიან (იღიმის). მე არ მახასიათებს, როცა ადამიანს სიკეთეს ვუკეთებ, მისგან სამაგიერო მოვითხოვო. ჩემი საქმე უნდა გავაკეთო კარგად და წარმატებულად, რომ შემდეგ პროექტში, იქნება ეს კინო თუ ტელესერიალი, ახალი შეთავაზება მივიღო. ერთ პროექტს ყოველთვის მოჰყვება მეორე. ვცდილობ, რეჟისორს ისეთი მსახიობები შევთავაზო, რომ კმაყოფილი იყოს. ვფიქრობ, სერიალმა „ჩემი ცოლის დაქალები“ მომცა ამის თქმის საშუალება, რადგან სწორედ იქ გამოჩნდა ბევრი საინტერესო და წარმატებული სახე, სხვადასხვა თაობიდან. ბედნიერი ვარ, რომ ასეთი შესაძლებლობა მომეცა. მიხარია, რომ ამ პროექტმა ამდენი წელი იცოცხლა. აბსოლუტურად ახალი სიტყვა თქვა ქართულ ტელესივრცეში. იშვიათად მეგულება მსახიობი, ვისაც ამ სერიალში არ უთამაშია. საქართველოს მასშტაბით თითქმის ყველამ ითამაშა, მსახიობმაც და არამსახიობებმაც, ძალიან წარმატებულად და სხვაგანაც იწვევენ ახლა.

.

რადგან „ჩემი ცოლის დაქალები“ ახსენეთ, თქვენი შექმნილი დედამთილის სახე მაყურებელს ძალიან დაამახსოვრდა. როდესაც გადასაღებ მოედანზე პირველად შედგით ფეხი, ფიქრობდით, რომ ასეთ წარმატებულ სახეს შექმნიდით?


კარგი ნათამაშები როლი სერიალშიც, კინოშიც და თეატრშიც მნიშვნელოვანია. არ არის ადვილი სერიალში თამაში, სხვა სპეციფიკა აქვს.


შეგიყვარდათ თქვენი პერსონაჟი თუ აკრიტიკებდით?


როგორ შეიძლება, ასეთი ქალი იყოს შენთვის იდეალი? ნამდვილად არ არის კარგი ქალი. როცა მსახიობები მოდიოდნენ კასტინგზე და პერსონაჟს იწუნებდნენ იმიტომ, რომ ცუდი გმირი იყო, ვპასუხობდი, ჩემზე ცუდ პერსონაჟს ვერ ითამაშებთ-მეთქი. ისეთი ტექსტები აქვს ნათქვამი, რასაც არასდროს ვიტყოდი. როგორ შეიძლება, ორსულ ქალზე რაღაც თქვა, მით უმეტეს, შენს შვილიშვილს რომ აჩენს. ზოგი ჩემს გმირს ამართლებდა. რა თქმა უნდა, არავის უნდა, ოჯახში ჰყავდეს რძალი, რომელიც მის შვილს ღალატობს. არც მე მინდა, შვილს რომ ღალატობს, ოჯახს და სხვასთან არის, მერე ჩემთან მოდის სახლში, ჩემი ოჯახის წევრი და შვილის ცოლია, ეს ვის მოეწონება? მაგრამ არ მივესალმები იმას, რასაც ჩემი გმირი ამბობდა…


თავიდანვე არ მინდოდა ამ როლის თამაში, რატომ, არ ვიცი… ერთი ჩვეულებრივი ქალი იყო და არ მაინტერესებდა. უარი ვთქვი, მაგრამ ვინ დამიჯერა? ჩემები არიან… არა, გინდა თუ არა, ითამაშეო. ჯანდაბას, ვითამაშებ-მეთქი… არც არავინ ფიქრობდა ამ როლის ასე განვითარებას და სერიალი თუ ამდენ წელს იცოცხლებდა… როცა გამძაფრდა ამბავი, მერე ამ გმირის თამაში საინტერესო გახდა.

.

დასასრული ნახეთ აქ>>

.

რადიო ფორტუნა

0
103
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
103
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0