სხვა 3 თვის მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 379 პირია აღრიცხული 1 ივნისი, 18:16
მიმდინარე წლის პირველი სამი თვის მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 379 პირია აღრიცხული, საიდანაც ყველაზე ბევრი - 66 ადამიანი, უკრაინის მოქალაქეა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, თავშესაფრის მაძიებელთა შორისაა ასევე, ინდოეთის 51; ირანის 45; თურქეთის 43; პაკისტანის 35; რუსეთის 23; ერაყის 15; იორდანიის 14; ნიგერიის 12; სირიის 10; ბელარუსიის 9 მოქალაქე. რაც შეეხება თავშესაფრის მაძიებელთათვის სტატუსის მინიჭებას, 2024 წლის პირველ კვარტალში (იანვარი, თებერვალი, მარტი) ჰუმანიტარული სტატუსი უცხო ქვეყნის 11-მა მოქალაქემ მიიღო, მათგან უმრავლესობა - 9 პირი უკრაინის მოქალაქეა, 1 ერაყის, ერთი კი დაუდგენელი მოქალაქეობის. ლტოლვილის სტატუსი უცხო ქვეყნის 3 მოქალაქეს მიენიჭა - 2 ირანის, 1 კი დაუდგენელი მოქალაქეობისაა. შსს-ის სტატისტიკის თანახმადვე, სტატუსის მინიჭებაზე მოცემულ პერიოდში უარი ეთქვა უცხო ქვეყნის 158 მოქალაქეს. აქედან ყველაზე ბევრი - 33 თურქეთის მოქალაქეა, 29 ირანის, 22 პაკისტანის, 15 ნიგერიის, 8 რუსეთის. 3 თვეში საქართველოდან სხვა ქვეყნის 59 მოქალაქე გააძევეს. მათ შორის არიან: ერაყის 11 მოქალაქე; ირანის 7; ასევე, აზერბაიჯანის, თურქეთის, ნიგერიის და რუსეთის 5-5 მოქალაქე. ამავე პერიოდში დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსდა უცხო ქვეყნის 16 მოქალაქე, მათ შორის აზერბაიჯანის 23; ჩინეთის 10; რუსეთის 6; თურქეთის 4; უკრაინის 1; სომხეთის 1 მოქალაქე. ცნობისთვის, ჰუმანიტარული სტატუსი ენიჭება პირს, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი, ვერ აკმაყოფილებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭების პირობებს და აკმაყოფილებს რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილს: იძულებული იყო დაეტოვებინა თავისი წარმოშობის ქვეყანა ძალადობის, გარე აგრესიის, ოკუპაციის, შიგა კონფლიქტების, ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის ან საზოგადოებრივი წესრიგის მნიშვნელოვანი დარღვევის გამო; სამართლებრივი საფუძვლების, კერძოდ, საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების გამო არ შეიძლება იძულებით დაბრუნებულ იქნეს თავისი წარმოშობის ქვეყანაში და რომელსაც არ შეუძლია გაემგზავროს სხვა ქვეყანაში; წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში შეიძლება სერიოზული საფრთხე შეექმნას მის სიცოცხლეს ან დაირღვეს მისი უფლებები. ლტოლვილის სტატუსი კი ენიჭება პირს, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი, იმყოფება საქართველოში, აქვს საფუძვლიანი შიში, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულებების გამო და არ შეუძლია ან არ სურს, ამგვარი შიშიდან გამომდინარე, დაბრუნდეს თავისი წარმოშობის ქვეყანაში ან ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით. 9 შეფასება არ არის
|