x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138963
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
რით იყვნენ საუკუნის წინ განთქმულნი სამეგრელოს და აფხაზეთის მოსახლეობა

imageმოგეხსენებათ, რომ სამეგრელო და აფხაზეთი განთქმულია ჩვენში ქურდებით. ამ უკანასკნელ ხანებში სამეგრელოს ორს უეზდში - სენაკისა და ზუგდიდისა, განსაკუთრებით გახშირებულია თურმე ქურდობა უფრო ცხენებისა და ხარებისა.

მთავრობამ და საზოგადოებამ ათას გვარი საშუალება სცადა ამ უეზდებში ქურდობის მოსასპობლად; მაგრამ არა ეშველა-რა. ერთი ჩვენი კორესპონდენტი ურჩევს ახლა ერთ ახალ ღონისძიებას, რომლის შემწეობითაც, იმის აზრით, სულ თუ არ მოისპობა, შემცირდება მაინც ეს გახშირებული ქურდობა ხსენებულს უეზდებში... ეს საშუალება მდგომარეობს იმაში, რომ მამასახლისებს ჰქონდესთ სია თავის სამამასახლისოს ყველა გლეხების ცხენებისა და საქონლისა და როდესაც სოფელში ახალი საქონელი გამოჩნდება, იმწამსვე სტაცოს ხელი და უეზდის უფროსს წარუდგინოს.
ამგვარის წესდების შემოღება განსაკუთრებით საჭიროაო სამეგრელოში, აფხაზეთში და სამეგრელოს მოსამზღვრე იმერეთშიო. ეს აზრი ღირსია ყურადღებისა.
*** დროება, N108, 1879 წელი***
imageფიქრი ქურდობის გამო სამეგრელო-აფხაზეთში

„დროების“ მე 108-ში, „დღიურში“ იყო მოყვანილი ერთი კორესპონდენტიის შინაარსი, რომელიც გვაცნობებდა, რომ სამეგრელო-აფხაზეთში ქურდობა ისევ გახშირდაო; მთავრობამ ბევრი ზომები იხმარაო ამის წინააღმდეგ, მაგრამ ვერა გააწყო-რაო. კორესპონდენტი ურჩევს მთავრობას ამნაირ ზომას: ყოველ საზოგადოებაში უნდა მოხდეს პირუტყვების აღწერაო; თუ რომელსამე საზოგადოებაში აღმოჩნდაო აუწერელი პირუტყვი, ადგილობრივ მთავრობამ უნდა წარუდგინოსო მაზრის უფროსს, რომელმაც უნდა შეიტყოს და შეამოწმოს, თუ საიდგან და როგორ გაჩნდაო პირუტყვი.
მეც უნდა მოგახსენოთ, რომ ქურდობა, რომელთაც ასე შეწუხებულია სამეგრელო-აფხაზეთი, ჯერ-ჯერობით არამცთუ კლებულობს არამედ პირიქით ძლიერდება, ვერ დაეტყო ჯერაც განათლების გავლენა და ვერც მთავრობის ღონის-ძიებამ იქონია კარგი შედეგი.
თუ რამდენად მარგებელი და გამოსადეგი იყო მთავრობის ღონისძიება, რატომ ვერ გამოდგა, ან რა აკლდა და რაზე უნდა მიექცია და მიაქციოს ყურადღება მთავრობამ, ამაზე შემდეგ წერილში მოვილაპარაკებთ. ახლა ამ წერილში უნდა მოგახსენოთ ორიოდე სიტყვა სამეგრელო-აფხაზეთის მაღალი საზოგადოებაზე, თავად-აზნაურობაზე, რომელიც, როგორც ყოველგან, ხალხის წარმომადგენელია, თავია.
საუბედუროდ, ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენი თავად-აზნაურობის უმეტესობა ჩნდება დამნაშავედ ამგვარ საქმეებში. ესრედ წოდებულ დაბალი საზოგადოებიდგან გლეხ-კაცებიდგან იშვიათად გაბედავს ვინმე ქურდობას, მტაცებლობას. თუ გამოჩნდება ვინმე ამისთანა მავნებელი პირი გლეხობიდგან, უთუოდ უნდა ყავდეს თავადი ან აზნაური შემწე და დამრიგებელი. ამ მოკლე ხანში მოხდა ორი ფაქტი, რომლებიც ჩვენი თავად-აზნაურების ხასიათს გვიხატავენ: მაისის თვის პირველ ნახევარში სოფელ ჯვარში იციან დღესასწაული, ამ დღესასწაულზე დიდ-ძალი ხალხი იკრიბება ახლო და შორეულ სოფლებიდგან. მოდიან ვაჭრებიც თავისი სავაჭრო ნივთებით და მართავენ ვაჭრობას. წლეულს ხალხიც ბევრი იყო და ვაჭრობაც გაჩაღებული. მაგრამ საღამო დროს მოხდა არევ-დარევა: დაეცნენ ვაჭრებს და ერთს მინუტში მათი სავაჭრო ნივთები გააქრეს. ბევრი გამოვიდა გალახული, ბევრი მონატაცი ნივთებით მოგებული, ბევრი სულ გაკოტრებული. ვინ მოახდინა ეს მტაცებლობა, უფრო და მომეტებულად ერთი გვარის კაცებმა, რომლებიც სამეგრელოში აზნაურობას არ კადრულებენ და კნიაზობას ჩემულობენ (აფ-ძეები) – (სავარაუდოდ აფაქიძეებზეა საუბარი).

მეორე. ერთ გლეხს ცხენი თუ ძროხა მიყავდა. გზაზე დახვდა ორი ცხენოსანი კაცი და ბილეთი მოსთხოვეს. ბილეთში ჰქონიყო 80 მანეთი. ეს წაურთმევიათ და მერე გაცარცვაც მოუნდომებიათ. მაგრამ გლეხს რაღაცნაირად ორივე სასიკვდილოდ დაუჭრია. გლეხი, რასაკვირველია, დაჭერილია. ეს მცარცველები იყვნენ გამოჩენილი სამეგრელოში აზნაურები რამდენია სხვა ამისთანა ფაქტები.

ამ ნაირად ჩვენი თავად-აზნაურობა, ჩვენი ხალხის თავი, წარმომადგენელი, ამისთანა საძაგელ საქმეებს ჩადის. განა შეიძლება, რომ იქ, სადაც ეს მაღალი, გავლენიანი საზოგადოება ამ გვარ საქმეებში თავს ყოფს, ხალხის ცხოვრება იყოს მშვიდობიანი, ბედნიერი და წარმატებას მიეცეს? რა აიძულებს სამეგრელო-აფხაზეთის თავად-აზნაურობას ამ გვარ საქმეებზე? მდგომარეობა. მართალია, მდგომარეობა ჩვენი მაღალი საზოგადოებისა ცუდია, მაგრამ გასაკვირველია და სამწუხარო, ეს საზოგადოება არ აკვირდება ამ თავის მდგომარეობას და რატომ არ ცდილობს მოიპოვოს ღონისძიება, რომლითაც შეუძლია გაასწოროს ეს თავის დაცემული მდგომარეობა? რატომ ვერ მიხვდა გაჭირებას ვერ ააყენებს, თუ არა ნამდვილი და პატიოსანი შრომით, სწავლა-განათლებით, არა ქურდობით, ტაციობით. რით არ იცის რომ წინანდელი მდგომარეობა, ის მდგომარეობა, როცა სხვისი შრომით და ოფლით რჩებოდნენ, არ დაბრუნდება? ახლა ყველა თავისი შრომით და ცოდნით უნდა დარჩეს. რატომ არ იცის, რომ ყოველი ოხვრა წარსულ მდგომარეობაზე ამაოა? ბევრნი მინახავს ჩვენი მაღალი საზოგადოების პირები, რომლებიც ერთმანეთს შესჩიოდნენ: „რა ვქნათ, გლეხობამ გვაჯობაო, ჩვენ დავეცითო!“ და სხვ.
ამნაირად ჩვენი თავად-აზნაურობა გლეხობას აცალკავებს, და მტრულის და მოშურნე თვალით უყურებს. თითონ კი გულზე ხელ-დაკრებილი უქმად ატარებს დროს, არ მუშაობს, არ ცდილობს მონახოს გზა-კვალი შრომისა და ნამდვილი ცხოვრების წყაროსი; ქურდობას ხელს ჰყოფს. როგორ არ იცის ამ თავად-აზნაურობამ, რომ ასე თუ გააგრძელებს თავის მდგომარეობას, მართლა ბევრად ჩამოუვარდება გლეხობას, მისი სახელი და ღირსება გაქრება? ეს რომ ასე არ მოხდეს ჩვენი თავად-აზნაურობა უნდა მიეჩვიოს მუშაობას, ისწავლოს ვაჭრობა, მეურნეობა და სხვა. გლეხობასთან ერთობა, სიყვარული ქონდეთ; მოუმართონ ერთმანეთს ხელი. აი მხოლოდ ამით შეუძლია თავად აზნაურობას დაიცვას თავის ღირსება და სახელი, გააუმჯობესოს ეხლანდელი მდგომარეობა და რიგიან გზაზე დააყენონ თავის მომავალი. ქურდობა, მტაცებლობა ერთმანეთის გაუტანლობა, შური - ესენი სულ უბედურებას შეგვამთხვევენ; სახელს გვიტეხენ, პატიოსნებას და ღირსებას გვიკარგავენ და გვაღარიბებენ.

თუ ჩვენი თავად-აზნაურობა და საზოგადოთ ხალხი სწავლისა და შრომის გზას დაადგება, ის არამც თუ ჩამოუვარდება სხვა ქვეყნის ხალხს არამედ ბევრად წავა წინ, რადგან ბუნებით ჩვენი ხალხი ნიჭიერია. ქურდობის მოსპობა ჩვენი მაღალი საზოგადოებისთვის ძალიან ადვილია, თუ მოინდომებს. იმას აქვს და ექნება ძალა და უფლება სდევნოს ქურდს, ავაზაკს და ყოველ ჩვენი საზოგადოებისთვის მავნებელი პირი, ვინც უნდა იყოს, თავადი აზნაური, თუ გლეხი. მე გავიგე, ზუგდიდის უეზდში, ერთი საპრისტავოში რამდენიმე თავადაზნაურებმა მოინდომეს და შეკრეს პირობაო, რომ არაფერი არ დაკარგულიყო იქიდამ, არც დაკარგული სხვაგან გაჩენილიყო და როგორც ამბობდენ, კარგად მიდიოდა საქმეო; მაგრამ, საუბედუროდ, ისევ დაუნებებიათ თავი ამ მოსაწონი და სასარგებლო პირობისათვის. ამ გვარი საქმე ყურადღების ღირსია და ამ გვარი საქმის მოთავე კაცი პატივისცემის ღირსია ჩვენი საზოგადოებისგან. (გაგრძელება)
***დროება, N122, 1879 წელი***
imageფიქრი ქურდობის გამო სამეგრელო-აფხაზეთში

რატომ იყო მთავრობის ღონისძიება სამეგრელო-აფხაზეთში ქურდობის წინააღმდეგ უსარგებლო, რა აკლდა ან რაზე უნდა მიექცია და მიაქციოს ყურადღება მთავრობამ, რომ მოსპოს ჩვენ ხალხში ქურდობა, მტაცებლობა და სხვა? იმ პირველ წერილშივე ვაჩვენე მკითხველს, რომ ქურდობა და სხვა ამგვარი საქმეები უფრო ჩნდებოდენ და ჩნდებიან მაღალ საზოგადოებაში მეთქი. რისთვის და რისთვის არის ეს ასე, ეს ცხადი იქმნება ჩვენთვის, თუ ჩვენ თვალს გადავავლებთ ჩვენი ხალხის წარსულ და აწმყო ცხოვრებას. სანამ ბატონ-ყმობა იყო, სანამ გლეხობა თავად-აზნაურების ხელში იყო და უზრუნველ ლუკმას აძლევდა, მანამდის ქურდობა იმდენად არ აწუხებდა ჩვენ ხალხს. ამით მე ის მინდა ვსთქვა, რომ, თუმცა ქურდობა სამეგრელო-აფხაზეთში ბატონ-ყმობის გადავარდნამდისაც იყო, მაგრამ ისე საყოველთაო მოვლენა კი არ იყო, როგორც მერე შეიქნა. მაშინ მხოლოდ ზოგიერთი სულ ღარიბი (როგორც ბანძა) სოფლების მცხოვრებლები ქურდობდნენ.

რაკი ჩვენი ხალხის ცხოვრება შეიცვალა, რაკი ბატონ-ყმობა გადავარდა, სხვა ფერი დაედო ყოველისფერს ჩვენ ხალხის ცხოვრებაში. თავად-აზნაურობას გამოუძვრა ბოძი, რომელზედაც იყო დაბჯენილი; მოშორდა ცხოვრების წყაროს, გადმოუვარდა ლუკმა პირიდგან. ერთის მხრით გლეხობამ რომ იგრძნო თავისუფლება, თავის მებატონებს შეხედა როგორც სისხლის მწოვრებს. მეორე მხრით თავად-აზნაურობა, უცებ მოშორებული წინანდელ ცხოვრების წყაროს, ახალი წყაროს მოსაპოვებლად არ იყო მომზადებული.
სწავლა-განათლება არა აქვს და მით უფრო მაშინ არ ქონდა; არც შეეძლო მუშაობა. ფულები რომ დაურიგეს, ზოგი ბანკში დარჩა, ზოგი ორ-სამ წელიწადში დაეხარჯათ. ამნაირად ხელ-ცარიელი დარჩა ამდენი ხალხის ნაწილი, 2, 376 ოჯახი 25, 614 ოჯახში, რომელიც ნაჩვევი იყო სათუთ და მდიდრულ ცხოვრებას. რა უნდა ექნა ამას ეხლა? აშკარა საქმეა, რომ ყველას თავის-თავი სხვაზე უფრო უყვარს, როცა გაუჭირდება მეზობელს გაყიდის და ძმას უღალატებს, ქურდობას მოინდომებს, მტაცებლობასაც და კაცის კვლასაც. სწორეთ ასე მოახდინა ზემოხსენებულ ჩვენი ხალხის ცხოვრების შეცვლამ. ქურდობას, მტაცებლობას მისცა ხასიათი აუცილებელი მოთხოვნილებისა და საჭიროებისა. მოედო მთელ საზოგადოებას ეს ჭირი, გაჩნდა ყოველგან. მაშასადამე მიზეზი ამ მოვლენებისა და მისი გაძლიერებისა იყო ხალხის ეკონომიური და ზნეობითი მდგომარეობა.

მთავრობამ ეხლა იხმარა ღონისძიება, სხვადასხვა ზომები: ბრალდებულების გარდასახლება, საპატიმროში დაჭერა, პოლიცია, ყარაულები ხალხში. მაგრამ რას უშველიდა ეს ღონისძიება? რამდენის გადასახლება-გადაკარგვა შეიძლებოდა? რამდენს უყარაულებდა? რამდენი იყვნენ ბრალდებულები? ვერც ერთი ამ ზომებთაგანი ვერ შეეხებოდა ნამდვილ მიზეზს. გონიერი ღონისძიება ითხოვდა მიზეზის მოსპობას: ხალხის ეკონომიკური და ზნეობითი მდგომარეობის აღწევას, დახმარებას. მთავრობას უნდა მიექცია და უნდა მიაქციოს ამას ყურადღება. მთავრობა და ჩვენი ქვეყნის მოწინავე კაცები უნდა ცდილობდნენ, რომ ამ უგზო-უკვლო თავად-აზნაურობას შეაჩვიონ, უქადაგონ შრომის მოყვარეობა, ზნეობა და განსაკუთრებით უნდა დაეხმარონ სწავლა განათლებაში.

რაც ეს ომიანობა იყო და რაც ჩვენი დრუჟინა და მილიცია გაიყვანეს, სამეგრელოში ქურდობა იშვიათი იყო. როცა დაიშალა დრუჟინა, ისევ აინთო ცეცხლივით ეს ჩვენი ხალხის უბედურება. სანამ ჩვენ ხალხს ვერ შეეძლება სწავლა-განათლების მიღება, სანამ მას ცოტათი მაინც ზნეობითს მხარესთან არ გაუსწორდება ეკონომიკური მდგომარეობა, მანამ ქურდობა, მტაცებლობა და სხვა ამგვარი მოვლენების მოშლა ძნელია და ამის წინააღმდეგ ზომები უნამყოფონი იქმნებიან. სასურველია, რომ მთავრობამ ყველაზე უმალ ამას მიაქციოს ყურადღება, მისცეს ჩვენს თავად-აზნაურობას სწავლის შეძლება, გაუხსნას სახელმწიფო სასწავლებლები და სხვა (დასასრული შემდეგ N-ში).
***დროება, N123, 1879 წელი***
imageფიქრი ქურდობის გამო სამეგრელო-აფხაზეთში (დასასრული)

დანიშნულება ხალხის მმართველებისა, სადაც უნდა იყოს, ჩემის აზრით, ამნაირია: იმათ უნდა ემსახურონ სამმართველო ხალხს და არა მარტო კანონებს. კანონები ხალხისთვის არიან დაწესებულნი და არა ხალხია გაჩენილი კანონებისთვის. ამისთვის საჭიროა მმართველებმა იცოდნენ მათი სამმართველო. ხალხის ინტერესების მოთხოვნილება, გაჭირვება და დალხინება; მათ უნდა იცოდნენ ხალხის ენა, ჩვეულება, ზნე და სხვა. ყველა ამეებთან, რასაკვირველია, მათი ზნეობითი მხარე უნდა იყოს ნათელი ხალხის თვალში, მათ უნდა ჰქონდეთ სურვილი მუდამ ხალხისთვის სამსახურისა; მხოლოდ მაშინ შეიძლება მმართველობამ ხალხის გასაჭირი შეიტყოს და საშველებელი წამალი მისცეს და ბედნიერების გზას დააყენოს; მხოლოდ მაშინ შეიძლება ხალხს ქონდეს თავისი მმართველობის სიყვარული და პატივისცემა.

სამეგრელო-აფხაზეთში მმართველები ამგვარათ დანიშნულებას თითქმის არასოდეს არ ასრულებდნენ კარგად, ერთი მხრით მისთვის, რომ უმეტესობა ჩვენი მმართველებისა ცხრა-მთის გადაღმიდამ არიან გადმოსულნი ჩვენ ქვეყანაში; ამათ სრულიად არ იციან ჩვენი ხალხი ცხოვრება. ხალხი მაგათ ვერ იცნობს და ესენი ხალხს. რასაკვირველია, ამისთანა პირები ვერ განაგებენ რიგიანად ხალხს, ვერ შეიტყობენ ნამდვილ მის ტკივილს და ვერც უშველიან. ესენი ხელმძღვანელობენ მარტო კანონით, რომლის სიტყვა-სიტყვით ასრულება ხანდახან იქმნება უაზრო, უსარგებლო და თითქმის მავნებელი, თუ ხალხის ცხოვრებას ვერ ეწყობა. ამიტომაც ჩვენ მმართველებს ხშირათ მოუათ იმისთანა მაგალითები, როგორიც არის კორზაიას ისტორია, რომელიც ჩვენ ხალხში ყოველგან გავრცელებულია. ამისთანა მაგალითები ბევრია სამეგრელო-აფხაზეთში და ეს არამც თუ მოსპობს იმ ქურდობას, არამედ ავრცელებს და თითონ მიზეზს აძლევს იქურდეთო. ჩვენში ხშირად გამიგონია ერთი მეორეს ეუბნებოდა: „ბიჭო, სასამართლოში რომ მიგიყვანონ, იქ იმ მსაჯულს „რუსული ატკაზი“ უთხარი და თავისუფალი ხარო!“ ამისთანა მმართველების წყალობით იმერეთშიაც მიყვეს ქურდობას ხელი.

მმართველებს რო ხალხის ცხოვრება გაეგებოდესთ, დაახლოვებულნი იყვნენ ხალხთან, გაცნობილნი იყვნენ ხალხთან, გაცნობილნი იყვნენ იმის ხასიათთან, მაშინ ამისთანა მოუხერხებელი კანონის ხმარება არ დასჭირდებოდათ. მეორე მხრით, ვინც ჩვენები არიან ჩვენ მმართველებში, ისინიც ამ უცხო პირებში ერევიან, იმათაც არ იციან და არც უნდათ გაერიონ და ჩადგნენ ხალხის მდგომარეობაში. ვინც ძლიერია, იმას უთმობენ, უძლურს ჩაგრავენ; მაღალს საზოგადოებაში პირმოთნეობას იჩენენ, თვითონ ხალხში კი სულაც არ გამოჩნდებიან; წერილობით ბრძანებებს სცემენ.

მე მგონია მმართველნი მდაბალ საზოგადოებას ისე უნდა ემსახურონ, როგორც მაღალს; მათი საქმეა, თავისი ერთნაირი მიმხრობით ეს ორი, საუბედუროდ, გაცალკევებული წოდება დაუახლოვოს ერთმანეთს, ერთის გასაჭირი მეორეს აგრძნობინოს და ერთის ლხინი მეორესთვის სასიხარულო გახადოს. არსად გამიგონია და მინახავს, რომ ჩვენ მმართველებს სახალხო შკოლები გაემართოთ სადმე და ან შემწეობა მიეცესთ სიტყვით ან საქმით. ის კი ბევრჯერ გამიგონია, სოფლის მასწავლებლებს ყურადღებას არ აქცევენო, ხშირად ლანძღავენო და ხალხში ღირსებას უკარგავენო; ისიც ბევრჯელ გამიგონია, სოფლებში პრისტავები ცუდათ იქცევიანო, ქურდს ფარვენო, თუ ხელში რამე მოიგდესო!... როდესაც ესენი, ხალხის ზნეობით ცხოვრებისა და მშვიდობიანობა-წესიერების დამცველნი, თითონ მაგისთანა საქმეებს ჩაიდენენ, მერე რა გავლენა უნდა ქონდეს ან მათ სიტყვას, ან მათ მოქმედებას ხალხზე!

კორზაიას ცხენი მოპარეს. იმან მსაჯულთან უჩივლა და უჩვენა ქურდზე, რომელსაც ნამდვილად იცნობდა ისიც და სხვებიც იმ ცხენის ქურდათ. მსაჯულმა კორძაიას მოსთხოვა თორმეტი კაცი მოწმეები, რომლებსაც უნდა ენახოსთ ცხენის წაყვანა. კორზაიამ, ეს რასაკვირველია, ვერ შესძლო და ქურდი გაამართლეს. ახლა კორზაიამ იფიქრა: „თუ ზაკონი ამისთანაა, რომ სანამ თორმეტი კაცი ვერ დამინახავს ქურდობაში, ვერ გამამტყუნებენ, მეც ვიქურდებო!“ და მეორე ღამესვე თითონ მსაჯულს მოპარა ცხენი და ზედ ქაღალდი მიუგდო სამეჯინიბოს კარებზე ამ სიტყვებით: „მიროვოი სუდია, მე ვარ შენი ცხენის ქურდია... თორმეტი მოწმები იშოვნე და მოძებნე ვინა ვარ.“
***დროება, N124, 1879 წელი***

8
497
2-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
Mediator image
497
  
30 მაისი, 23:07
ჭირია აბა რაა? ადამიანის ადამიანზე ბატონობა უკვე სრული კატასტროფაა.
ყოველთვის ასე იყო, გლეხი ასაზრდოებდა ფეოდალს, ომში მას უწევდა ბრძოლა და დაღუპვაც.
როცა ვინმე გვარის გაგონებაზე მეუბნება: ოჰ, თავადი ყოფილხარო, ეგრევე ვუკურთხებ თავადებს.
მე მგონი ყველა ვთანხმდებით იმაში რომ ფეოდალიზმი ჭირია!
ეს სტატიაც სწორედ ფეოდალიზმის მანკიერებებზეა, უბრალო ხალხის ხელით აზნაურ–თავადობა სარგებლობდა
30 მაისი, 17:14
არც მისი შვილი სელიმ-ფაშა (ხიმშიაშვილი) იყო უფრთო ანგელოზი ამ მხრივ, მერე განუდგა თურქებს ძალაუფლება, რომ მოიკრიფა და თავი გააგდებინეს თურქებმა.
30 მაისი, 17:12
ეგ არ ვიცი და უდანაშაულობის პრეზუმციას დავიცავ.
აბდულა-ბეგ ხიმშიაშვილი, რომ ყიდდა თურქეთში გოგო-ბიჭებს ამის შესახებ მასალები ზუგდიდის დადიანის სასახლის მუზეუმშია დაცული.
გურულებმა "მიაგიტლერკაპუტეს".
30 მაისი, 17:06
რაო რაო ხიმშიაშვილებიც ყიდდნენო, უი ეს რა გავიგე, აქ ინტერმედიაზე ხიმშიაშვილი მანტალიტეტით კი ჩამოგავს ერის გამყიდველს მაგათი შთამომავალი ხომ არაა?
30 მაისი, 17:00
აჭარელი ხიმშიაშვილებიც ყიდდნენ, გურიელიც, იმერელი თავადებიც, მეგრელი და აფხაზი თავადებიც.
საბედნიეროდ და ჩემდა საამაყოდ ვერსად ვერ მოვიძიე ჩემი გვარის თავადის მიერ ყმის გაყიდვა.
ვაჟკაცობით განთქმული ისტორიის პარალელურად სამარცხვინო ფაქტებიც ბლომადაა, ქართლის მეფე სვიმონი იმერეთის დასაპყრობად გადავიდა, დამარცხდა და გამოიქცა.
ალექსანდრე კახთა მეფე საკუთარ სიძეს დაესხა თავს-ქართლის მეფეს, არ დახვდა და უკან ხელცარიელი გამობრუნდა.
სადაც კაცობაა, იქ არაკაცობაცაა სამწუხაროდ.
30 მაისი, 16:53
კიდევ კარგი 1879 წელს ეგენი ცხენების ქურდობაზე გადავიდნენ, თორემ კიდევ ასი წლით უფრო ადრე ეგენი ერთმანეთს იტაცებდნენ და ტურქებზე ყიდდნენ. საქრთველოს ისტორიის ყველაზე სამარცხვინო პერიოდი.
30 მაისი, 14:52
ქურდი ტერმინი არ იყო სამეგრელოსა და აფხაზეთში. აბრაგობა ერქვა, აბრაგებს კი ფული ჭირდებოდა თავის შესანახად.
გლეხს ფილთა თოფის და სატევრის გარდა იარაღის ქონის უფლებაც არ ჰქონდა, ამიტომ აბრაგობდნენ დიდგვაროვნები. ნებისმიერ დიდგვაროვანს ამგვარ საქმეებში აუცილებლად უნდა ხლებოდა ძუძუმტე, რადგან დიდ სირცხვილად ითვლებოდა ვთქვათ მეგრელის მიერ გაზრდილ აფხაზ დიდგვაროვანს ძუძუმტის გარეშე თუ მოკლავდნენ ჩაფრები ან პირიქით, აფხაზის გაზრდილ მეგრელ დიდგვაროვანს თუ მოკლავდნენ ძუძუმტის გარეშე.
აფაქიძეები აფხაზები იყვნენ აპას გვარით, მერე ქრისტიანობა მიიღეს და სამეგრელოში გამოვიდნენ საცხოვრებლად. დადიანმა სოფლები მუჟავა-ფახულანი და საჩინო აჩუა საბატონოდ.
აფაქიძეებს სამეგრელოში დღემდე აფაქიებს ეძახიან. ქურდობა ყველგან იყო, იმერეთში მოპარული სამეგრელოში გადმოყავდათ, სამეგრელოში მოპარული აფხაზეთში ან პირიქითაც ხდებოდა თურმე.
ცხენის კულტი ოდითგანვე იყო აფხაზეთსა და სამეგრელოში.
დასაძრახი საქმეა ბუნებრივია ქურდობა და ძარცვა, მაგრამ დრო იყო ისეთი.
0 1 8