x
მეტი
  • 16.06.2024
  • სტატია:135371
  • ვიდეო:351974
  • სურათი:509634
მსოფლიოს საოცრებათა გასაოცარი ისტორიები
image


მსოფლიოს შვიდი საოცრებიდან ერთერთია ბაბილონის დაკიდებული ბაღები, ან როგორც მას სხვაგვარად უწოდებენ სემირამიდას დაკიდებული ბაღები. ბურუსით მოცულია მსოფლიოს შვიდი საოცრება და დიდწილად მითოლოგიას ეყრდნობა, მაგრამ მათგან არც ერთი არ არის ისეთი ამოუცნობი, როგორიც სემირამიდას დაკიდებული ბაღები.


ბერძნული და რომაული ტექსტები ასახავს ბაბილონის მდიდრული დაკიდებული ბაღების ნათელ სურათებს. აღნიშნული ბაღები ცნობილია, როგორც ქალაქ ბაბილონში ნაბუქოდონოსორის მიერ აგებული კონსტრუქცია, რომელშიც უამრავი მცენარე ხარობდა. ერთ-ერთი ვარაუდის თანახმად, მდებარეობდა დღევანდელ ერაყში, ბაბილის მუჰაფაზის, ქალაქ ჰილას მახლობლად. არქეოლოგებს მისი არსებობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება არ აღმოუჩენიათ. ამდენად, მის არსებობას მეცნიერები მუდამ ეჭვქვეშ აყენებდნენ.


გადმოცემის თანახმად, ბაღების შენობა ოთხიარუსიანი იყო. მას დააყარეს დიდი რაოდენობით მიწა, რათა ყველაზე დიდ მცენარეებსაც შეეძლოთ ეხარათ. მისთვის შორეული ქვეყნებიდან მოჰქონდათ ლამაზი ნარგავები, ხოლო სარწყავი სისტემა წყალსაცავიდან მილების საშუალებით წყალს ოთხივე იარუსს აწვდიდა.




დაკიდებულმა ბაღებმა ჩვენს დრომდე ვერ მოაღწია. ძველმა ბერძნებმა დაკიდებული ბაღების აგება დედოფალ სემირამიდას დაუკავშირეს და ამის გამო შეერქვა სახელი, რომელსაც უწოდებენ - სემირამიდას ბაღები. თუმცა, დედოფალი სემირამიდა მოღვაწეობდა ძვ. წ. IX საუკუნეში, შენობა კი ერთი ვარაუდით ნაბუქოდონოსორმა ძვ.წ. VI საუკუნეში ააგო, დედოფალ ამიტასათვის.


სხვა ვერსიით დაკიდებული ბაღები ბაბილონში სულაც არ არსებობდა.
ისტორიკოსებმა დიდი ბრიტანეთიდან დაასკვნეს, რომ სემირამიდას დაკიდებული ბაღები სინამდვილეში არა ბაბილონში, არამედ მისგან 300 მილის დაშორებით, ნინევიაში მდებარეობდა.


ამ თეორიამდე 20-წლიანი კვლევების შემდეგ გერმანელ მეცნიერთა ჯგუფიც მივიდა. ასევე მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ სემირამიდას დაკიდებული ბაღები სინამდვილეში არა ბაბილონის მმართველმა ნაბუქოდონოსორმა, არამედ ასურეთის მმართველმა სინაქერიბმა ააგო. ამის დასტურად მოყვანილია ბარელიეფი სინაქერიბის ნინევიის სასახლიდან, რომელზეც დაკიდებული ბაღები და სპეციალურ, გადახურულ კოლონადაში გაზრდილი ხეებია გამოსახული.



ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევარი, სტეფან დალი ამტკიცებს, რომ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 689 წელს ბაბილონი ასურეთმა დაიპყრო და ამის შემდეგ ასურეთის დედაქალაქ ნინევიას ახალი ბაბილონი ეწოდა. ამიტომ სემირამიდას დაკიდებული ბაღები სწორედ ნინევიაში აშენდა, რომელიც მოიხსენიებოდა, როგორც ახალი ბაბილონის ღირსშესანიშნაობა, მოგვიანებით კი უბრალოდ, ბაბილონის ღირსშესანიშნაობა. ამასთან ერთად, ბრიტანელი მეცნიერი, ძველი ნინევიას და ბაბილონის ტერიტორიების შესწავლის საფუძველზე ასკვნის, რომ აღნიშნული ბაღების ბაბილონში არსებობის შემთხვევაში, არამცთუ ჩანჩქერებისთვის, იქ მწვანე ნარგავებისა და ყვავილნარისთვის საჭირო წყლის რაოდენობაც არ მოიპოვებოდა.


ამგვარად, ბაბილონის, იგივე სემირამიდას დაკიდებული ბაღები არც ბაბილონში მდებარეობდა და არც სემირამიდას სახელს უკავშირდება.

0
36
შეფასება არ არის
ავტორი:მანანა თურმანიძე
მანანა თურმანიძე
36
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0