მოგზაურობა კიბე სამოთხეში: ამ ფოტოების შემხედვარი მუხლი მოგეკვეთებათ 20 მაისი, 19:23 ჰაიკუს ბილიკი კუნძულ ოაჰუზე ერთ–ერთი ყველაზე ლამაზი და ექსტრემალური ტურისტული მარშრუტია ჰავაიზე. კიბე, რომელიც შედგება თითქმის ოთხი ათასი საფეხურისგან, მიდის კულაუს კლდის მწვერვალზე, 850 მეტრის სიმაღლეზე. იმდენად ციცაბოა, რომ თავბრუდამხვევი ასვლის დროს წონასწორობის შენარჩუნება მხოლოდ გამოცდილ მთამსვლელებს შეუძლიათ.
ჰაიკუს კიბე ანუ კიბე სამოთხეში თვალწარმტაცი საფეხმავლო ბილიკია კუნძულ ოაჰუზე, რომელიც მთიანი რელიეფის გასწვრივ 850 მეტრის სიმაღლეზეა. მეორე სახელი შემთხვევით არ მიუღია – საფეხურები ძალიან ციცაბოდ დევს, თითქოს ღრუბლების მკლავებში შედის და მხედველობის არედან ქრება. მარშრუტი ჰავაის ჰაიკუს ველის სამხრეთით იწყება და Pu’ukeahiakaho მთის მწვერვალამდე მიიწევს. კიბე 1942 წელს სამხედრო საჭიროებისთვის გააკეთეს. მეთაურები მას მთის მწვერვალზე მდებარე ანტენებთან მისასვლელად იყენებდნენ. ისინი გადასცემდნენ სიგნალებს აშშ–ს საზღვაო ძალების წყალქვეშა ნავებზე დიდ მანძილზე – ტოკიოს ყურემდე. 1987 წელს რადიოკოშკის საჭიროება გაქრა და კიბე გადაიქცა ხატოვან საფეხმავლო მარშრუტად, რომლის დაპყრობა მხოლოდ კარგი ფიზიკური ფორმის მოგზაურებს შეეძლოთ. 2003 წელს ჰაიკუს ბილიკი მთლიანად აღადგინეს ტურისტების უსაფრთხოებისთვის, რომელთაც ჯერ კიდევ სურდათ ექსტრემალური მარშრუტის გასწვრივ სიარული. ყველა საფეხურის და მოაჯირის გამოცვლა 875 000 დოლარი დაჯდა. მას შემდეგ კიბე პერიოდულად ღიაა ან დაკეტილი ტურისტებისთვის. ოაჰუს კუნძულის ხელისუფლება დღემდე თვლის ამ „ვერტიკალურ“ მარშრუტს ძალიან სახიფათოდ როგორც მოგზაურებისთვის, ასევე ადგილობრივებისთვის. ჰაიკუს ბილიკზე გახშირებული უბედური შემთხვევების გამო, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის პრეტენზიების გამო ხმაურიანი ტურისტების ბრბოს გამო, კიბეზე წვდომა დროებით აიკრძალა 2013 წლიდან. ექსტრემალური მარშრუტის საწყის წერტილში პოლიციის თანამშრომლები მორიგეობენ 24 საათის განმავლობაში და ბილიკის მთავარ შესასვლელს იცავენ. თუ ოფიციალური აკრძალვების მიუხედავად, მაინც გაბედავთ ჰაიკუს ბილიკის დაპყრობას, კიბის ალტერნატიული მარშრუტის გავლით, არ დაივიწყოთ საჭირო აღჭურვილობა. აუცილებლად გაიკეთეთ მოცურების საწინააღმდეგო ხელთათმანები, ფეხსაცმელი მყარი ძირით და თავისუფალი ტანსაცმელი. თან უნდა გქონდეთ საწვიმარი, რომელიც დაგიცავთ ქარისგან და გამოგადგებათ, თუ ასვლისას ამინდი გაუარესდება. ასევე იქონიეთ ფანრები, წყალი და რაიმე საჭმელი. არ დატოვოთ ნაგავი ბილიკზე. საშუალოდ მწვერვალზე ასვლას დაახლოებით 2 საათი სჭირდება. თუ დაგიჭერენ, მოემზადეთ ჯარიმის გადასახდელად, რომლის ოდენობა დამოკიდებულია იმაზე, თუ სად დაგიჭერთ პოლიცია, ასევე იმაზე, უკვე მიაღწიე მწვერვალს თუ მარშრუტის დასაწყისში ხართ. ასევე დაგაინტერესებთ: პილატუსბანი – ყველაზე ციცაბო რკინიგზა მსოფლიოში ვინ არის ყველაზე გულადი? – ყველაზე საშიში საფეხმავლო ბილიკი მსოფლიოში ამ ღამეს გავუძლოთ: როგორ სძინავთ მთამსვლელებს მთაში? რიჩარდ სილვერი: მსოფლიოს ღირსშესანიშნაობები უჩვეულო ფოკუსში სუსტი გულის ადამიანი აქ ვერ იცხოვრებს – კოტეჯი ლომების მეზობლად ლაჟვარდოვანი ჯოდპური – ზღაპრული ქალაქი ინდოეთში აქ ცხოვრება გამბედაობის ნამდვილი გამოწვევაა – 14 ექსტრემალური სახლი მთელი მსოფლიოდან 364 შეფასება არ არის |