x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
"საზარლობა გავაკეთე და უფალს სულ ვთხოვ, რეინკარნაციის დროს ეგ არ გამიკეთონ" - გია ნიკოლაძე
image


.
– ვინ არის გია ნიკოლაძე?

გია ნიკოლაძე: მკვლევარი. კაცობრიობამ არ ვიცით, რანი ვართ და წესით, ყველა მკვლევარი უნდა იყოს.

– როგორია თქვენი საოცნებო ცხოვრება?


– ისეთი ცხოვრების მიღწევა, როგორიც ედემის წყობა იყო. ეს შესაძლებელია. ეს არის სამოთ-ხე და არა ჯოჯო-ხეთი. დიდი ხეები წაშლილია, აღგვილია პირისაგან მიწის. მათი თესლები შენახულია, მაგრამ გარკვეული ცვლილებაა საჭირო, რომ მიწაში ისევ აღმოცენდნენ. მერე ის ალი ისევ ამობრწყინდება. თუმცა, შეიძლება ის ალი უხეებოდაც ამობრწყინდეს. ეს ის ალია, რომელიც უფ-ალ-შია, რომელიც წყ-ალ-შია. მარცვალი ა და ლ, ა პირველი ასოა, ლ – მე-11. სამი ერთიანია, ანუ სამი ერთიანისგან შემდგარი სამება. მარცვალი ალ – ალი არის უფალშიც, ალაჰშიც, ინდოელთა კალიშიც, სვანებს ჰყავთ ქალღმერთი დალი. იოანე ზოსიმეს მიხედვით, ეს ასეა. ალი, რომელიც არის წყალში, რომლის მეშვეობითაც უფალს ყოველდღე ვთხოვთ წყ-ალობას, „უფალო შემიწყალე“. ის წყალი ჩვენ თან დაგვაქვს, ჩვენშია. 75 პროცენტი წყალი ვართ. ჩვენი გარდაცვალების შემდეგ წყალი არსად ქრება. ის იმდენივეა ამ სამყაროში, რამდენიც იყო დასაბამიდან. ჩვენში არსებული წყალი წავა და დიდ წყალს შეუერთდება იმ სტრუქტურით, როგორც ვიცხოვრეთ. ასე რომ, არაფერი იმალება. ამ წყ-ალ-ში ეს ალი, ახლა ჩამქრ-ალ-ია. დამალული ჰყავთ ქაჯებს, „ვეფხისტყაოსანშიც“ ეს წერია. ეს ალი უნდა გამოვიხსნათ, ეს ის ალია, ქრისტეს რომ ფერი უცვ-ალ-ა, რომელიც წყალს ამკვრივებს. ამ ალს რომ გამოვიხსნით, ის რომ ამობრწყინდება, ყველაფერი გაბწყინდება. შეიცვლება ყველაფერი, ადამიანს ტელეპათიური შესაძლებლობები აღუდგება, ძველი ენა დაბრუნდება. შესაძლოა, ბევრმა ვერ გაუძლოს და გაგიჟდეს. ასეც არის ნათქვამი წინასწარმეტყველებაში. თაობა, რომელიც ამ წყობაში დაიბადება, უკვე სულ სხვანაირად იცოცხლებს. თუმცა, შეიძლება, ჩვენც უფრო ბედნიერები ვიყოთ, თუ გადავკეთდებით და შევიგრძნობთ ცუდიდან კარგში გადასვლას. ეს არის ედემის წყობა და ზუსტად ასეთი ცხოვრება არის ჩემთვის საოცნებო.

– გიკეთებიათ საქმე, რომელიც გძულდათ?

– კი, სხვადასხვა კომერციული საქმე. ქუჩაშიც მირბენია. იძულებული ვყოფილვარ, რომ თავი დამეცვა, რომ მეც ისეთივე ვგონებოდი, როგორიც თვითონ იყვნენ და ზედმეტი არაფერი ეთქვათ.

– გულჩვილი ადამიანი ხართ?

– ალბათ, თავიდანვე ვიყავი, მაგრამ რაც დრო გადის, უფრო და უფრო მეტად გულჩვილი ვხდები. ეს ვერ გამეტებაში გამოიხატება. თუმცა, ზოგჯერ, ბოლოს მაინც იძულებული ხარ, გაიმატო, რომ სხვამ იგივე ვეღარ გაგიბედოს.

– ბოლოს როდის იტირეთ?

– ბოლო დროს ყველაფერზე ნიკაპი მიკანკალებს. გულამოსკვნილს არ ვიცი, მაგრამ თავზარდამცემი იყო, ჩემი გოგია მიქელაძის ამბავი და ძალიან ვიტირე.

– გინდათ, რომ მსოფლიო მასშტაბით ცნობილი იყოთ?

– არაფერი არ მინდა, გარდა იმისა, რომ ეს მოხდეს და მე საერთოდ დავიმალები. მთავარია, ეს თემა გახდეს ცნობილი და დედამიწა დავშაქროთ. მინდა, ეს გამოწვევა ჩვენგან აგორდეს. მინდა, როგორც წყლის გადასხმის ჩელენჯი იყო, ისე აგორდეს შაქრის დაყრის ჩელენჯი, ოღონდ საქართველოდან, იმ მოტივით, რომ დავატკბოთ დედამიწა, თორემ ცრემლისგან გადამლაშებულია და იქნებ, შევწყვიტოთ სისხლის ღვრა. სამი დღით მაინც ფერმებმა აღარ დაკლან არაფერი არცერთ ქვეყანაში. ფერმებიდან ჩადის ყველაზე მეტი სისხლი, ომიდან – ამდენი არა.

– ფიქრობთ, რომ დღეს სამყარო ამ ცვლილებისთვის მზად არის?

– მგონი, მზად არის. კოვიდის მერე იფიქრეს და დღეს მზად არიან. ღმერთმა არ ქნას, მაინცდამაინც ომი დასჭირდეს. მადლობა ღმერთს და მთავრობასაც, რომ ეგ აგვარიდა. თორემ ჰკითხე უკრაინელებს, რა დღეში არიან. იქ უკვე საერთოდ სხვა ფსიქიკა აქვთ, ვეღარ აფრქვევენ საჭირო ენერგიას. შეიძლება, ასეთ მდგომარეობაში დადებითსაც უფრო ჭარბად აფრქვევენ, მაგრამ ერი გაბრაზებულია, შურისძიებაზე ფიქრობს, ასეთია ადამიანის ჯოჯოხეთური ბუნება. ასეთ მდგომარეობაში ალს ვეღარ მოიზიდავ. ეს ალი მოდის ძალიან განწმენდილ ადამიანთან. ბავშვივით უნდა იყო. მონანიებას უნდა ცდილობდე, უნდა შეგეძლოს პატიება, სხვების დანდობა. მე ვნახე ერთხელ ეგ ალი, ეგეთ განწყობაზე ვიყავი, თითზეც შემეხო. იმის შემდეგ სულ ვცდილობ, მაგრამ ვეღარ... იმას ვაბრალებ, რომ იმ განწყობაზე ვეღარ ვდგები. არ ვიცი, რისი ბრალია, ასაკის, ცხოვრების, მაგრამ ასეა და იმედი მაქვს, რომ კიდევ ვიხილავ.

– რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე ცუდ საქციელად, რასაც სინანული უკავშირდება?

– ბევრი რამე, ძალიან ბევრი. საერთოდ, ადამიანმა, უბრალოდ, არ იცის, მაგრამ რომ იცოდეს, თუ ვინმეზე გაბრაზდა, მას რა ცუდი რამ შეიძლება დაემართოს, მაშინ ნაკლებად გაბრაზდება ვინმეზე, რა თქმა უნდა, თუ კარგი ადამიანია და არ უნდა ვინმეს ზიანი მიაყენოს. შეეცოდება, არ ენდომება სხვას ცუდი დაემართოს, იმიტომ, რომ ამით ისევ თავის თავს ვნებს ალთან დაკავშირებით. ალი აღარ მიიღებს. ამიტომ სხვაზე ცუდად არ უნდა იფიქრო, რომ შენმა ცუდმა ენერგეტიკამ სხვას ცუდი რამ დამართოს. რა გამიკეთებია ცუდი? ვიცი? იქნებ, ჩემი ცუდი ენერგეტიკის გამო ვინმეს ცუდი რამ დამართვია ისე, რომ მე არც ვიცი?! ღვთის წყალობით, გამოუსწორებელი არაფერი ჩამიდენია. უდიდეს მადლობას ვეუბნები უფალს ამისთვის.

– როგორი დამოკიდებულება გაქვთ ტყუილთან?

– ამ ბოლო დროს – ძალიან ცუდი. ადრე ძალიან ფანტაზიორი ვიყავი. ცუდად არ ვიტყუებოდი, მაგრამ შემეძლო, მომეყოლა კინო, რომელიც ნანახი არ მქონდა. ახლა ვიცი, რომ თუ რამეს იტყუები, ის ალი აღარ მოგეკარება. ალმა მონანიების სურვილი გამოიწვია ჩემში, თუმცა, პირველ რიგში, სიკვდილის შიში დამიკარგა და მერე ტყუილის თქმის სურვილი, რადგან ვიცი, რომ არაფერი არ უნდა მოვიტყუო. მერე იყო ფესტივალი, რომელზეც ცუდ მდგომარეობაში ჩავვარდი. უხერხულობისგან არ ვიცოდი, სად შევმძვრალიყავი. ისეთი არ დავახვედრე ხალხს, როგორსაც შევპირდი. მონანიების მდგომარეობაში ვიყავი, თვითგვემას ვგრძნობდი, ვიცოდი, როგორ აღარ უნდა მოვქცეულიყავი, მაგრამ თან, დედამიწა გაცოცხლდა. ზღვაში შევდიოდი იმ განწყობით, რომ ქალღმერთის ნაწილია, ქალღმერთის სხეულში შევდივარ. კენჭებს ისე ვადგამდი ფეხს, რომ ზღვა მიმხვდარიყო ჩემს განწყობას. უფალო, გიცანი, ვიცი, რომ გრძნობ ჩემს ფიქრებს, შემოვდივარ შენში, შენს წყალში, შემიწყ-ალე, მენაცვალე, გენაცვალები, ამას რომ ფიქრობ და ზურგზე უწვები, სულ სხვანაირ ურთიერთობაში შედიხარ. სადღაც მეექვსე დღეს შევამჩნიე წვრილი ციცინათელებივით ნათება. თბილისში რომ ჩამოვედი, ვნახე, რომ წყალქვეშა ნავის ადმირალი ლაპარაკობდა ზუსტად ამ „ციცინათელებზე“. ამბობდა: გვაშინებს, არ გვასროლინებს ბომბებს და არ ვიცით, რა არის, რაღაც ბიოლოგიურიაო. მე მივხვდი, რომ ის უფლის ციცინათელებზე, ალზე, რომელიც წყალშია, ზუსტად ამაზე ლაპარაკობდა, ალზე, რომელიც მე ვნახე.

– როდის ყოფილხართ ყველაზე სასტიკი?

– პატარა ვიყავი და მომატყუეს, კუ რომ მოხარშო ცოცხლად ცივ წყალში, ბაკნიდან გამოძვრება და საფერფლე დაგრჩებაო. ავდექი და მოვხარშე. მაგ ცოდვას ვინანიებ დღემდე. მახსოვს ის კადრები. არც გამოვიდა ბაკნიდან. მერე ჩემმა მეგობარმა „პლასკაკუპცით“ ფეხები დააცალა. ეს საზარლობა გავაკეთე და უფალს სულ ვთხოვ, რეინკარნაციის დროს ეგ არ გამიკეთონ, კუდ არ გარდავისახო და იგივე არ გამიკეთონ.

– რა მოგისმენიათ საკუთარ თავზე კარგი და ცუდიც, რამაც ცოტა გული გატკინათ?

– მეგონა, რომ არ არსებობდა ადამიანი, რომელიც ჩემზე ცუდს ფიქრობდა. მერე აღმოჩნდა, რომ თურმე ვიღაცები, ადამიანს, ვინც ჩემს მიმართ კარგად იყო განწყობილი, ჩემ წინააღმდეგ წამლავდნენ. რას არ ეუბნებოდნენ: გათახსირებული, ლოთი, მატყუარა, გამოუსწორებელი, ბოროტიაო და მხოლოდ იმიტომ, რომ მას ჩემ მიმართ დადებითი განწყობა არ ჰქონოდა. ძალიან გამიკვირდა და მეწყინა, მაგრამ უნდა გაატარო. რომ ამბობენ, არ მიაქციო ყურადღებაო, ეგრეც არ არის. გულს ხვდება და ნერვულ სისტემას აზიანებს.

კარგი ბევრი ყოფილა. ქუჩაში რომ გადიხარ და შენ მიმართ კარგი განწყობა იგრძნობა, ეს, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია. ხ-ალ-ხში რომ გადიხარ, ამას გრძნობ, იმიტომ რომ თუ იოვანე ზოსიმეს მიხედვით ვიმსჯელებთ, უფალია ხალხში, როგორც წყალში, ისევ და ისევ. ხალხისგან რომ გრძნობ დადებითს, ეგ გაცოცხლებს. ეგ თავში ვერ აგივარდება, პირიქით, ამ დროს ცუდად მოქცევის უფლება აღარ გაქვს. პასუხისმგებლობას გრძნობ, თუ ნორმალური ხარ.

– როდის განიცადეთ ყველაზე დიდი შიში?

– ალი უკვე ნანახი მყავდა, უკვე ვიცოდი ამ თემის შესახებ, ვსვამდი. ცოტა ძნელი გასაძლებია, როცა ასეთ რამეს მიხვდები და გინდა, სხვასაც მოუყვე, მაგრამ ზოგს გიჟი ჰგონიხარ. მეგობრებთან ერთად სათევზაოდ ვიყავი. ნავით ორას მეტრში შევედი და ვიგრძენი, რომ წყალი გამაგრდა, ბეტონივით გახდა. ძალიან მაგრად შემეშინდა. პატარა ნიჩბები მქონდა, ძლივს ჩავყავი წყალში. რომ გამოვედი, მეთევზეებმა მკითხეს, რა ფერი გადევსო და ხომ არ ვეტყოდი, იტყოდნენ, გიჟიაო. მეგობრებს ვუთხარი და მოგეჩვენებოდაო, მითხრეს. თევზი ძალიან კარგად მოდიოდა, მერე უცებ შეწყდა, მაგრამ სატყუარა რომ ამოგვქონდა, ბოლომდე მომძვრალი იყო ჭია. მაშინ რაღაც ხმამ ჩამძახა, მე მეგონა, რომ გაისმა, მაგრამ თურმე, მარტო მე გავიგე. ალბათ, ეს არის ხმა მღაღადებლისა, მხოლოდ შენ გესმის. მომესმა, „ხო, მე ვიყავი, მე, არ გეჩვენება“. აი, ასეთი შიში არასდროს განმიცდია. იარაღიც ჰქონიათ მოდებული, ყველანაირი, სიკვდილისთვის ბევრჯერ შემიხედავს თვალებში, მაგრამ ასე არ შემშინებია. მაშინ ვუთხარი ჩემს თავს, მეტი აღარ იფიქრო ამაზე, თორემ გარეკავ-მეთქი. მართლაც, წლების განმავლობაში დაბლოკილი მქონდა ეს მოგონება. ვიცი, ფანტასტიკაა, ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ამას ვერ დამალავ, ეს იმიტომ ხდება შენს თავს, რომ ხალხს უნდა გადასცე. თუ ვერ გადაეცი, ესე იგი, ვერ გაამართლე მოლოდინი და უფალს უღალატებ. ყველაფერს უღალატე, გარდა უფლისა. ესაა ყველაზე ცუდი ღალატი, თან ისეთ დროს, როცა იცი, რომ გენდობა. როცა მერცხალი გაკითხავს, თან ნამგალა მერცხალი, რომელიც ადამიანებთან საერთოდ არ სახლობს, მოფრინდება და „ბალკონზე“ დაგისახლდება, აბა, რა უნდა იფიქრო?! ზუსტად მაშინ გამეფანტა სიკვდილის შიში. მაშინ დამეწყო აზრები, რომელმაც პოემა დამაწერინა. მეორე დღეს რომ ვკითხულობდი, მეშინოდა, სხვისი სიტყვებით იყო დაწერილი. პირველად ეს 2004 წელს მოხდა. წლების შემდეგ ეს მერცხალი კიდევ მოვიდა, მერე ისევ, სხვა სახლშიც გადავედი და იქაც მოფრინდა. მერე ხვდები, რომ არ გეჩვენება და მართლა გაკითხავს. მერე იგებ, მუსლიმანებს ყურანში უწერიათ, რომ ქრისტემ პატარაობაში ტალახისგან ჩიტი გამოძერწა და გააცოცხლა. ვადრი ქრისტეს სიტყვებს იმას, რაც პოემაში წერია და ვხედავ, რომ იმავეს ამბობს. საოცარია, არ ვიცი, სრულ ჭკუაზე როგორ ვარ, თუმცა, უკვე შევეჩვიე. მთავარია, სხვებსაც დავაწყებინო ფიქრი ამაზე და ედემის წყობის დაბრუნება შევძლოთ.

.

თბილისელები

0
374
2-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
374
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0