საზოგადოება თამთა კოსტავას მიმართვა ივანიშვილს 1 მაისი, 13:52 თამთა კოსტავა: ბატონო ბიძინა, მამაჩემის მეგობრის, ზვიად გამსახურდიას შვილი დიდი ხანია შეუძლოდ არის და მის დედას, ქალბატონ მანანა არჩვაძეს ხუთი წელია, თავისი შვილი არ უნახავს!
- ბატონო ბიძინა, გუშინ თქვენს აქციაზე ვიყავი ჩემს საქმროსთან ერთად, სადაც თქვენ მამაჩემის მერაბ კოსტავას სიტყვები გააჟღერეთ: საქართველო დამოუკიდებელი რომ იქნება, მერეც თუ არ იბძოლებთ ქართველები დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად - დამოუკიდებლობას დაკარგავთო!“
თქვენ პატივს რომ არ სცემდეთ მამაჩემს, ამ სიტყვებს არ გაიმეორებდით...
მე მინდა, თქვენ თხოვნით მოგმართოთ!
მამაჩემის მეგობრის, ზვიად გამსახურდიას შვილი დიდი ხანია შეუძლოდ არის და მის დედას, ქალბატონ მანანა არჩვაძეს ხუთი წელია, თავისი შვილი არ უნახავს!
ბატონო ბიძინა, მოდის აღდგომა, მე თქვენ გთხოვთ, ქალბატონ მანანას დაეხმაროთ, თავისი შვილი ნახოს ამ აღდგომაზე. ძალიან გთხოვთ, შეუსრულეთ ეს ამდენი ხნის ოცნება, თავისი შვილის ნახვის.
თქვენ ხომ ძალიან გიყვარდათ დედათქვენი. გაუკეთეთ ეს იმ ქალს, ვისმა ქმარმაც საქართველოს დამოუკიდებლობა მოუტანა.
თქვენ მიტინგზე ილაპარაკეთ ოჯახის ღირებულებაზე, სწორედ ის ოჯახის ღირებულებაა, რაზეც თქვენ საუბრობდით, რომ დედამ ამდენი ხნის უნახავი შვილი ნახოს. წინასარ დიდ მადლობას გიხდით!
P.S.
ბატონო ბიძინა, თქვენ გულნატკენი ნუ დარჩებით ქალბატონ მანანაზე, თქვენს მიმართ მწარეებს რომ გაიძახის ხოლმე, ეპატიება... იმის ადგილზე დადექით - ქმარი, ზვიად გამსახურდია - ასე მუხანათურად მოუკლეს, შვილი - დაუინვალიდეს, თავად - ჯანმრთელობა შეურყიეს...
ამ ქალმა, ქალბატონმა მანანამ - რამდენიმე გადასახლება გამოიარა ცხოვრებაში თავის შვილებთან ერთად.
ჯერ ყიზლარში, მერე ჩეჩნეთში და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ამ ოჯახს ყველაზე ძალიან უყვარს საქართველო და მთელი თავისი ცხოვრება საქართველოს მსახურები იყვნენ და არიან მთელი ოჯახი მათი. დასტური კი ის არის ამის, რომ ზვიად გამსახურდიამ საქართველოს დამოუკიდებლობა მოუტანა!
ბატონო ბიძინა, გამსახურდიების ოჯახი დაისაჯა საქართველოს სიყვარულის გულისთვის! ჩვენ, მთელი საქართველო ვხედავთ, რომ თქვენც ისჯებით იგივე მიზეზით.
ძალიან გთხოვთ, თანაგრძნობით მოეკიდოთ ქალბატონ მანანას, თუნდაც ამ მიზეზის გამო. საერთო უკვე ბევრი გვაქვს, თქვენს ოჯახს, გამსახურდიების ოჯახს და ჩემს ოჯახს! - თამთა კოსტავა
423 შეფასება არ არის
|