ფეხბურთი რამდენ მილიონს გადაუხდის ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლის შემდეგ ყოველ მოგებულ მატჩზე? 23 აპრილი, 15:24
ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილის დაარსებული ფონდი „ქართუ“ საფეხბურთო ნაკრებს ჯილდოს სახით 30 მილიონ ლარს გადასცემს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემდეგ, ყოველი შემდეგი მატჩის მოგებისთვის კი ეროვნულ ნაკრებს დამატებით 30 მილიონი ლარით დააჯილდოებს. ამის შესახებ ნათქვამია ფონდი „ქართუს“ განცხადებაში.
„საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გასვლით თითოეულ ქართველს უდიდესი სიხარული აჩუქა. ამ წარმატების, თაობათა ოცნების ახდენის უკან თითოეული ფეხბურთელის, სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლის, საფეხბურთო სფეროში ჩართული ადამიანების უდიდესი შრომა დგას. სწორედ ამიტომ, საფეხბურთო ნაკრების მოტივაციის დამატებით მხარდასაჭერად, ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლისთვის ფონდი „ქართუ“ საფეხბურთო ნაკრებს ჯილდოს სახით 30 მილიონ ლარს გადასცემს. ამასთანავე, ქვეჯგუფიდან გასვლის შემდეგ, ყოველი შემდეგი მატჩის მოგებისთვის ფონდი „ქართუ“ ეროვნულ ნაკრებს დამატებით 30 მილიონი ლარით დააჯილდოებს. გამარჯვებას ვუსურვებთ ჩვენს ნაკრებს. გვჯერა, რომ ეს მხოლოდ წარმატების ამ საოცარი გზის დასაწყისია და წინ კიდევ უამრავი გამარჯვება გველის“, – აღნიშნულია განცხადებაში. ცნობისათვის, ამის გარდა "უეფა" ფეხბურთის 24 გუნდს, რომელიც ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე იასპარეზებს, 331 მილიონ ევროს გადაუხდის. თუმცა მათგან "უეფა" 2, 4 მლრდ ევროს კომერციულ მოგებას ელის. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასული გუნდებიდან, ყველა იმ ნაკრების ეროვნული ფედერაციები, რომელიც პირველ ჯგუფურ ეტაპზე სამივე თამაშს მოიგებს, "უეფა"-სგან მაქსიმუმ 28.25 მლნ ევროს გადასცემს. კიდევ ერთი, კლუბები "უეფა"-სგან მიიღებენ დამატებით 240 მილიონ ევროს საკუთარი მოთამაშეების ეროვნულ ნაკრებებში გაშვების გამო. შეგახსენებთ, რიგით მე-17 საფეხბურთო ჩემპიონატი ევროპის ქვეყნის ნაკრებ გუნდებს შორის გერმანიაში 2024 წლის 14 ივნისიდან 14 ივლისამდე ჩატარდება. სულ იქნება 51 შეხვედრა, ფინალი შედგება ბერლინის “ოლიმპიაშტადიონზე." საქართველო F ჯგუფში იასპარეზობს, სადაც მისი მეტოქეები იქნებიან თურქეთი, პორტუგალია და ჩეხეთი. პირველ თამაშს ჩვენი ნაკრები 18 ივნისს გამართავს თურქეთთან. ქვეჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე, პირველ მეორე ადგილზე გასული გუნდი გადის. 280 4-ს მოსწონს
|