სხვა "ისევ ეტაპის ცდაში, ისევ ჭაღარა თმაში… ეს მერამდენე თვეა, რომ მივეთრევი გზაში"-ნაწყვეტი გია ფერაძეს დღიურიდან 19 აპრილი, 17:40 19 (ან 20)აპრილი შესანიშნავი ქართველ მსახიობის გია ფერაძეს დაბადების დღეა, რომელმაც მრავალი ფილმით შეაყვარა თავი მაყურებელს, მათ შორის აღსანიშნავია "განგაში", "მოიტაცეს თამარ ქალი", "წკიპურტები", "ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა"და რა თქმა უნდა "არასერიოზული კაცი". ყველას კარგად მოეხსენება, თუ როგორ ტრაგიკულად წარიმართა მსახიობის ცხოვრება, რამაც საბოლოოდ უდროოდ შეიწირა კიდეც მისი სიცოცხლე. 1985 წლის 19 მარტი, ღამის სამ საათზე დაბრუნებულ სახლში გია ფერაძე, რის გამოც მეუღლე, ცნობილი მხატვრისა და მოქანდაკის ჯუნა მიქატაძის შვილი ირინა განაწყენებია.განზრახ თუ შემთხვევით, მსახიობმა კალმის ფორმის ცეცხლსასროლი იარაღით გაისროლა, რა დროსაც საკუთარი მეუღლე, ირინა მიქატაძე ადგილზე მოკლა. მსახიობს 12 წელი ციხე და 5 წელი გასახლება მიუსაჯეს. იგი სასჯელს იხდიდა ციმბირში, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში. კოლონიაში ყოფნის პერიოდში მსახიობი ლექსებს და დღიურებს წერდა. დღეს გაგაცნობთ ერთ საინტერესი ეპიზოდს, მოტყუებით როგორ გააციმბირეს მსახიობი: “1988 წელი 15 მარტი. როგორც ყოველთვის, მესამედაც მომატყუილეს. საქმე შენი დაიშალაო და თბილისში უნდა გაგიშვათ “სიზო-1”-შიო. როგორც ყოველთვის, მე დეგენერატმა, გახარებულმა, გალაღებულმა, “რუგზაკში” ვდურთე ნივთები და შევხტი “ჩორნი ვორონაში”, რასაც ჩვენთან “ვორონოკს” უძახიან. ჩამოვედი ქუთაისში და იქ მითხრეს: ესა და ეს თქვენ ბრძანდებით? დიახ-მეთქი – ვუთხარი მოწიწებით. – მაშინ ერთი, გენაცვა, აქეთ გადმოვბრძანდეთ რუსეთისკენ მიმავალ ხალხთან ერთადო. მივხვდი, რომ კიდევ მომატყვილეს… მაგრამ რას იზამ. “პატარა კაცსა დიდ კაცთან როდის გასვლია მართალი”. 17-მდე ვიყავი ქუთაისის ციხეზე, ხოლო ამავე დღეს რუსეთისკენ მიკრეს თავი. წამიც არ მიმახედეს არც დედისკენ და არც ძმისკენ, ჩამსვეს სწრაფად სტოლოპინში, თავი მიკრეს როსტოვისკენ… 18-ში ვიყავი როსტოვის ციხეზე, ხოლო 19-ში გავემგზავრე ვოლგოგრადისკენ. ვოლგოგრადში ეგრეთ წოდებულ ჯუღაევგრადში დავყოვნდი 2 დღე – 2-ში დამიძახეს სარატოვიდან – “გია, დროზე, გელოდებითო”, მეც სხვა რა გზა მქონდა, 23-ში ჩავედი სარატოვში. ვიკითხე, ვინ მეძახდა-მეთქი? იქ მითხრეს – “ბიძია, რაცხა ცუდათ გამოიყურები, მგონი, გზაში გაგვიცივდი და ეხლა უნდა გაგათბოთო” და ისე მარბენინეს მიწისქვეშა გადასასვლელში, უკან ძაღლები და შტიკიანი ჯარისკაცები მოგვდევდნენ, რომ ათი დღე სული ძლივს მოვითქვი. შევედი სარატოვში “ეტაპკაში”. როგორც ყოველთვის, მარტო ვარ, ირგვლივ 8 კაცია, მაგრამ ეგენი გინდა ყოფილან, გინდა არა. მე ვცოცხლობ, როცა თქვენ გხედავთ, ჩემო დედიკო, ჩემო ძმაო, შვილებო და ჩემო სისხლო და ხორცო ჩემო მეგობრებო. ო, რომ იცოდეთ, როგორ მენატრებით! ღმერთმა მიცოცხლოს თქვენი თავი, ალბათ კიდევ როდესმე ვიქნებით ერთად. არა მგონია, მაგრამ კარგი იქნებოდა. ყოველ შემთხვევაში “ია ტაკ ხოჩუ”! შინაგანი ხმა მპასუხობს: ძალიან ბევრი მაინდომე, აი, გიაჯან! მოხარშულ წაბლზე უარს ხომ არ იტყვი?! *** და აი, 1 აპრილამდე ვიყავი აქ სარატოვის ციხეზე. 1-ში მითხრეს – “დღეს პირველი აპრილია, გამგზავრებაც ადვილია”. მეგონა, კვლავ მატყვილებდნენ, მაგრამ მართლა არ გამამგზავრეს ააა… ჩვენში ხომ ტყვილი მეფობს. ავკრიფე გუდა-ნაბადი და ჩელიაბინსკისკენ ჰერი… ჰერი… დღეს უკვე აპრილის ორია და სტოლიპინშიც “სბორია”. 3-ში ვიქნები ჩელიაბინსკში, მერე როგორ? საით? და როდის? “ჩორტ ეგო ზნაეტ”… აპრილი კი ჩემი თვეა, მე მართლაც მაგრად მიყვარს აპრილი… 10-ში ჩემი პატარა გოგოს დაბადების დღეა, 20-ში ჩემი დაბადების დღე. რა საოცარი ოთხეული შევიკრიფეთ 20 აპრილს – გიტლერი, ნაპოლეონი, ხრუშჩოვი და მე, ხოლო ორი დღით გვიან კი დაიბადა, მე იმის დაბადების დღეც… მახსოვს… ვოვა ულიანოველი. სამწუხაროდ, გარდა ჩემი დაბადების დღისა ვერც ერთს ვერ დავესწრები, საპატიო მიზეზი მაქვს. ეჰ… გია… გია.. ფერა… ფერა… გია… გია… ფერა… ფერა… ისმოდა ბორბლების რაკა რუკი… მე კი ვიჯექი ჩემთვის და გულში ბანს ვეუბნებოდი. ვაი… გია… გია… ფერა… ფერა… ძე… ძე… ვაი! და აი, 4-ში ამოვყავი თავი, არა ჩელიაბინსკში, არამედ სვერდლოვსკში. ერთ პატარა კამერაში 60 კაცი შეგვყარეს, მაგრამ არა უშავს… ამასაც მიჩვეული ვარ… დღეს 10 აპრილია! ჩემი გოგო 4 წლის გახდა… დღეს 10 აპრილია! აღდგომაა… ქრისტე აღდგა! აღდგომა ჩემთვის უწმინდესი და სასწაულად ლამაზი დღესასწაულია. წითელი კვერცხი… ბატკანი… სანთელი… გაზაფხული… ღმერთო ჩემო, რა დღე დადგა. მე ვკვდები და ქრისტე აღდგა… (ჭეშმარიტად!). ყველა ჩემებს ვულოცავ ამ დღესასწაულს, ყველა ქრისტიანს და ყველა მორწმუნეს. დღეს ალბათ რამდენმა ურწმუნომ და უხატომ გადაიწერა პირჯვარი, იმდენი საათი რომ მომაკლონ, ანდა წამი… მთავრობა კიდევ ვალში დამრჩება. დაველოდები, რას მომიტანს ხვალინდელი დღე… ისე ღმერთის წყალობით, ჩაი არ გვაკლია, ჩეფირი – არესტანტების კონიაკი… მადლობა, დიდი მადლობა ღმერთს იმისთვის, რომ საშუალება გვაქვს ჩაით მაინც ვთქვათ გულის ნადები… ველოდები ეტაპს… დრო გარბის. მე კი ისევ სვერდლოვსკის “პერესილკაში” ვარ. მოდის დალოცვილი და ამავე დროს დაწყევლილი 20 აპრილიც, ჩემი დაბადების დღე – დაიქცეს ეს დღე. ჯიგარი ბიჭები არიან ჩემთან ერთად: ჩეჩენი საიდა, კაზახები ანვარ ღაბზი (ბრძენს ნიშნავს) და ხალიდა, ვახა, მალიშა და იურა. დილიდან 20 აპრილს ადრე ადგნენ და საჭმლის მომტანს რაღაც ჩვენებური ფოკუსი ჩაუტარეს – იმან კი მოიტანა მაგარი შაქარი და 2 პაიკით მეტი პური. გავიღვიძე და დამახვედრეს “კრიტნიკების” ტორტი. ისეთი ლამაზი იყო, რომ იმის ყურებას არაფერი ჯობდა. ზემოდან წვრილად დაფქვილ შაქარზე ჩაით ეწერა: “გია 40 ლეტ”. გია, აი, ესეც 40 წელი, სულ გაგითეთრდა ტიალი წვერი, გუშინ ყმაწვილი გერქვა სახელად, უცებ ერთ დღეში გახდი ბებერი. ჩაი შემოვინახეთ ამ დღისთვის სპეციალურად. მივიღე მრავალი მისალოცები. გვერდით ქურდები იჯდნენ: თბილისელი ვახო და სოხუმელი სლავიკა. ჯემპრი მაჩუქეს შავი, ჩვენებური. ჩემმა კამერის ბიჭებმა კი – პირსახოცი, ცხვირსახოცები, ნასკები, შარფი და ვისაც რა ჰქონდა მრავალი სხვა სახსოვარი. მადლობელი ვარ იმათი. ყველას თავის დარდი აქვს და ღმერთი იყოს მათი მფარველი… ისევ ეტაპის ცდაში, ისევ ჭაღარა თმაში… ეს მერამდენე თვეა, რომ მივეთრევი გზაში. იაკუტიამდე მივაღწევ თუ არა, აზრზე არა ვარ, ერთი კი ვიცი, მე მიყვარს ყველა, ვისაც უყვარხარ, ვისაც არ უყვარხარ და თავის გზაზე გაუმარჯოს… ეტყობა, ეგეთებიც ბევრია, რადგანაც კარგა ხანია კრიტის რეჟიმი დამიმთავრდა, მაგრამ მე ისევ კრიტის რეჟიმი მაქვს, ამას სხვანაირად ვერ დაარქმევ, ზონა წესიერად არც მინახია, და არც მჯერა, თუ ოდესმე ვნახავ. თუმცა დავიცადოთ… სად გვეჩქარება, მივყვეთ დინებას. ეს სროკი ხომ ასეც და ისეც ჩემი გასატანია, ამათ ხელში კი ეს ცხოვრება, ვახ, რა მძიმე ასატანია… დღეს უკვე 21 აპრილია – დღეს დავლიეთ ბოლო ჩაი… თავი გვტკივა, დედა, ვაი… აბა, ჯერჯერობით, ვეცადოთ ყოველ შემთხვევაში, რომ ფინალი იყოს “ჰეპი ენდი”. ზღაპარია, მაგრამ “ია ტაკ ხოჩუ”… როგორც იქნა, 21-ში პატივცემულებმა ინებეს და ჩამსვეს მატარებელში. უკვე 20 დღეზე მეტია აქა ვარ, ეტყობა, უკვე მოვბეზრდით და უფრო იმიტომ. შეგვრეკეს პატარა ოთახში და 22-ში საღამომდე იმ პატარა ოთახში ვიყავით 70 კაცი. ამათ ეხერხებათ, მაგაში ოსტატები არიან, ეს ხომ შრომა-გასამხეცებელი კოლონიაა. როგორც იქნა, ისევ მატარებელი, ისე მიხარია ხოლმე, თითქოს ისევ სადმე საზღვარგარეთ მივდიოდე. სტოლიპინი, სტოლიპინგი, რა გართობა, ან რის ლხინი, გულზე გაწევს რკინის კარი, გასაქცევი არსით არი. ოცდასამი – გათენდა-დაღამდა, ოცდაოთხი – გათენდა-დაღამდა. ოცდახუთი გათენდა, ჯერ კარგად არ დაღამებულა. მივაღწიეთ კრასნოიარსკს. ვიფიქრე, კრასნოიარსკში ციხეზე რამდენიმე დღეს გამაჩერებდნენ, ამ ქალაქთან ჩემი გასტროლებისდროინდელი საუკეთესო მოგონებები მაკავშირებს, გულით მინდოდა, მაგრამ ცხოვრება ეგრეა მოწყობილი, გულით რაც გინდა, ის სად არის ბაბაია?!.. “ზაკონ პოდლოსტი პროცვეტაეტ”. ზუსტად ერთ საათში დამიძახეს კრასნოიარსკის ციხიდან ეტაპზე გასასვლელად! ეგეთი რამ მე არ მახსოვს, რაც ეტაპებში ვარ, რომ მატარებლიდან, მატარებელზე დავეძახეთ ერთ დღეში, მაგრამ ხომ ხვდებით, რატომ მოხდა ასე? მე მინდოდა, რომ დავრჩენილიყავი კრასნოიარსკში… “ვნუტრენი გოლოსი” კვლავ მეუბნება: “ეეჰ… გიაჯან! შენი მიკვირს, ვეღარ გაიგე, რომ უბედო ხარ?! ამ ხნის კაცი მაკვირვებ, აი!” ოცდახუთი დაღამდა – ოცდაექვსი გათენდა. საღამოს ვიქნებით ირკუტსკშიო, ასე თქვეს. ჩამოვედით ირკუტსკში. შეგვყარეს ისევ ოთახში ეტაპკაში, მაგრამ ოთახიც არის და ოთახიც. წარმოიდგინეთ კუბო რამოდენიმე კაცზე. ტემპერატურა იგივე, რაც მიწის ქვეშ ადამიანს აქვს, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ დაახლოებით ეგრე იქნება, 27-ში საღამომდე გამოვკუბოვდით. ხო, მართლა! წამოგვყარეს ღამის 3 საათზე მკვდრები, ძვლების გასათბობად. ცოტა შევითბეთ ძვლები და ის იყო ამ ქვეყნისკენ უნდა მოგვეხედა, რომ ჩქარა, ჩქარას ძახილით გამოგვრეკეს და ისევ იმ სასაფლაოზე ე.ი. იმავე კუბოში – ე.ი. იმავე კამერაში ჩაგვასვენეს. იქნება ასე საბოლოოდ გაცივდეთო. მაგრამ მოხდა სასწაული – არავინ არ მომკვდარა, ყველა გაგვანაწილეს კამერებში. აქ ცოტა მოვითქვი შედარებით სული. ეხლა ვზივარ ირკუტსკში და ველოდები. *** მოვიდა პირველი მაისი, დაიწყო დღესასწაულები. რისი პირველი მაისი, რომელი გულზე ხალისი, დღეს ისეთ ხასიათზე ვარ, რა გავაკეთო, არ ვიცი. მოვიდა 7 მაისი – გამოგვათრიეს კამერიდან. გამოგვათრიეს და ჩაგვათრიეს ისევ იმ ყინულის კუბოში, რომელზედაც ზემოთ მოგახსენეთ. “გამოგვათრიეს, ჩაგვათრიეს, წაგვათრიეს”, რატომ ვხმარობ ამ სიტყვებს? იმიტომ რომ ამათ სხვანაირად არ შეუძლიათ და იმ მოპყრობას, როგორც ჩვენ გვექცევიან, სხვას ვერაფერს დაუძახებ. რას იზამ, თანამდებობის პირები არიან და სხვანაირად “ნე პოლოჟენო!”, ასეა ყველგან, როგორც აქეთ, ისევე იქეთ, მავთულს ზევით თუ ქვევით. ჩვენც რაღა დაგვრჩენია რა. ვითმინოთ, ვითმინოთ, ვითმინოთ, იდაყვზე ვიკბინოთ, ვიკბინოთ! საქმე არის იმაში, ჯერ მივდივართ ჩიტაში, მერე “ჩორტ ეგო ზნაეტ”, მგონი, იაკუტიაში. როგორც იქნა, დაგვიძახეს ეტაპზე. ეხლა მთავარია ვნახოთ, რომელ ტრანზიტში მომიწევს გაჩერება… გავედით გასაშმონად და საჭმლის მისაღებად. აქ პურის რაოდენობაზე მიხვდები, სად მიყავხართ: ნახევარი პური – ულან უდემდე, 1 პური – ჩიტამდე, 2 პური – ტახტამიტამდე (“დოლინა სმერტი”), 3 პური – ხაბაროვსკამდე. ასევე თითო კოვზი შაქარი ჩიტამდე, 2 კოვზი – ტახტამიტამდე, კოვზი – ხაბაროვსკამდე, ნახევარი – ულან უდემდე. ასევე ზუსტად ნაწილდება თევზი. მე მივიღე ყველაფერი თითო-თითო. თქვენთვის ალბათ უკვე გასაგებია, თუ სად მივდივარ. ჩვენთან, საქართველოში, დედა შვილს რომ წყევლის, შენ წადი არმოუსვლელში, ჩიტაში და იაკუტიაშიო. ჩემო გია, ეს რა ხდება, რა თვალები დაგეჭყიტა, მსოფლიო რომ მოიარე, რა მოხდება, ნახე ჩიტაც. მოკლედ, რაღა ბევრი გავაგრძელო, ჩიტაში ვზივარ და ხვალე სად წავალ, არ ვიცი, აქ მაინც მინუსს აჩვენებს, ჰოდა ნიფხავიც ჩავიცვი! დაველოდები, როდის გამათრევენ, ან წამათრევენ ჩიტიდან. აქ შემოვბრძანდი… (ეს ისე! ჩემს თავს თუ არ ვეცი პატივი, აბა ესენი ხომ სულ ფეხებზე მიკიდებენ!), მაშ ასე… შემოვბრძანდი ჩიტაში 9 მაისს, გამარჯვების დღეს. ვისი გამარჯვების? რისი გამარჯვების აზრზე არა ვარ. მგონი, მაგნების. შემოვბრძანდი 9-ში და დღეს 25 მაისია უკვე… უკვე ის დრო დგება და ის განწყობა, როდესაც ყველაფერს იღებ და ფეხებზე იკიდებ. სწორედ ასე ვარ მეც. არაფერი არ ვიცი, როგორა ხართ, ჩემო ახლობლებო. მე კი ვწერ წერილებს და ვარ, არ ვიცი მოდის თუ არა თქვენამდე, იქნებ თქვენც ამ დღეში ხართ, რომ არ იცით, როგორა ვარ, რას ვშვრები. ასეა პატიმრის ხვედრი ეტაპში. მას აქვს მიმართულება და პატიმრის ნომერი, სხვა არანაირი მისამართი და უფლება მას არ გააჩნია. ვზივარ და ვზივარ ჩიტაში და ველოდები თვითმფრინავს, როდის ინებებს ამინდი ჩემს გამგზავრებას. რას იზამ, იაკუტიაში მიმავალი პატიმრის ბედიც ტაროსზეა დამოკიდებული… ვაი ჩემს უბედურ თავს, ველოდები თვითმფრინავს, ამ ლოდინში დრო გადის და ეს წლებიც მიფრინავს. მალე წამიკითხავენ მეც ჩუკჩების სიაში, თავს ამვყოფ სულ მალე “მზიან” იაკუტიაში." ციხიდან 1993 წელს, 45 წლის ასაკში გამოვიდა ტუბერკულოზით დაავადებული. გათავისუფლებიდან 2 წლის შემდეგ, გია ფერაძე 1995 წლის 20 დეკემბერს, 47 წლის ასაკში გარდაიცვალა. გიას და ირინას ქალიშვილმა მამა მხოლოდ ერთხელ ნახა გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე 13 წლის ასაკში (გია ფერაძის დაკავების დროს ის მხოლოდ 11 თვის იყო). "ერთხელ, ფანჯარაზე ვიჯექი, ეზოში შემოვიდა კაცი, გრძელ წვერებში, გაწეწილი, დახეულ პალტოში, ჩაჩაჩულ შარვალში, დაგლეჯილ „ბატინკებში“, ჩვეულებრივი ლოთი, მათხოვარი მეგონა. მოუახლოვდა ჩემს ფანჯარას და მკითხა, ირინას გოგო ხარო? ჰო-მეთქი და დაიწყო ღრიალი. ბებიაჩემმა, ეტყობა, ხმა იცნო, მოვარდა, ფანჯრიდან გადმომაგდო და გული წაუვიდა, თავიდან ვერ მივხვდი, ვერც წარმოვიდგენდი, რომ ეს შეიძლებოდა მამაჩემი ყოფილიყო. მამა კინოში კი მყავდა ნანახი, მაგრამ იმდენად იყო შეცვლილი, საერთოდ ვერ მივხვდი, ვინ იყო. მერე ბებიამ მითხრა, მამაშენი იყოო… მესმოდა, როგორ ღრიალებდა, როგორ გავარდა ეზოდან ღრიალით..."- იხსენებს მარიკუნა მიქატაძე( ფერაძე) ფოტოზე: მარიკუნა მიქატაძე სამწუხაროდ მარიკუნა მიქატაძე შარშან ივლისში 39 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა.ახალგაზრდა ქალი საბერძნეთიდან ჩამოასვენეს და დედის, ირინას გვერდით დაკრძალეს. მთავარ ფოტოზე: გია ფერაძე და იზა გიგოშვილი ასევე დაგაინტერესებთ1 გია ფერაძე-1985წლის 19 მარტს მსახიობმა გია ფერაძემ ერთი ვერსიით შემთხვევით, ხოლო სხვა ვერსიით განზრახ, კალმის ფორმის ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა საკუთარი მეუღლე ირინა მიქატაძე, მკვლელობის ბრალდებით ფერაძე სასჯელს იხდიდა ციმბირში, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში. გია ფერაძემ ბოლომდე მოიხადა სასჯელი და ციხიდან გამოსვლიდან (1993) ორიოდე წელში გარდაიცვალა. ... სულ ახლახან დაბადებიდან 70 წელი შეუსრულდა შესანიშნავ ქართველ მსახიობს რამაზ გიორგობიანს, რომელიც მაყურებელს თავი შეაყვარა ისეთი ფილმებით, როგორებიცაა :"სერენადა" "მხიარული რომანი", ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი ", "ყველაზე სწრაფები მსოფლიოში", "ბატონი ავანტურისტები" და სხვა.ნიჭიერი მსახიობი სამწუხაროდ უდროოდ გამოგვეცალა ხელიდან. მ... დღეს 19 აპრილს დაბადებიდან 75 წელი შეუსრულდებოდა შესანიშნავ ქართველ მსახიობს გია ფერაძეს, რომელმაც მრავალი ფილმით შეაყვარა თავი მაყურებელს, მათ შორის აღსანიშნავია "განგაში", "მოიტაცეს თამარ ქალი"და რა თქმა უნდა "არასერიოზული კაცი". .ყველას კარგად მოეხსენება, თუ როგორ ტრაგიკულად წარიმართა მსახიობის ცხოვრება, რამაც საბოლოოდ უდროოდ შეიწირა კიდეც მისი სიცოცხლე.ალბათ ბევრისთვ... 1 აპრილს (1928 წ.) დაიბადა ქართული კიონოს და თეატრის მსახიობი კარლო საკანდელიძე, 1949 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობია. რუსთაველის თეატრის სცენაზე მსახიობმა 61 წელი გაატარა, მას 50-მდე კინოროლი და 80-მდე როლი თეატრში აქვს შესრულებული. მისი მნიშვნელოვანი როლებია: გოგია (ლოსვეს ამბავი), გიო (ტარიელ გოლუა), ოსიკო ხარე... გუშინ გავრცელდა სამწუხარო ინფორმაცია, 68 წლის ასაკში გარდაიცვალა ხათუნა კოტრიკაძე, რომელმაც სულ სამ ფილმში ითამაშა, ""მეთხუთმეტე გაზაფხული" (1971წ.), "მოიტაცეს თამარ ქალი(1971) და "მხიარული რომანი"(1972წ.) მიუხედავად ამისა, მაინც მოახერხა და იმ დროის სილამაზის, სინაზის და სიწმინდის ეტალონის შექმნა, ... 308 3-ს მოსწონს
|