სხვა "ბარონი ხაზარჰაუზენი, ანუ აქა ამბავი ხორბლით სავსე ტოპრაკისა!"-გელა ზედელაშვილი 4 აპრილი, 13:54 ''ბარონი ხაზარჰაუზენი, ანუ აქა ამბავი ხორბლით სავსე ტოპრაკისა!
*
იყო და არა იყო რა, ამაზე უარესი რა იქნებოდა? იყო ერთი ხარაზჰაუზენი, რომელიც სუ იმაზე ფიქრობდა, ვისთვის რა წაერთმია, ვინ საიდან გამოესახლებინა და ფული როგორ ეშოვა.
გაუმართლა!
საკუთარი სახლებიდან იმდენი ოჯახი გამოყარა, მილიონერი გახდა... შეიძლება მილიარდერიც, ეგ უკვე მხოლოდ ეშმაკმა უწყის.
სანამ ხელს გამოსახლებებისა და ქონების მიტაცების ბიზნესს მოჰკიდებდა, “გეპეის'' კომკავშირის მდივანი იყო და დისიდენტებს დასდევდა სკამის გადაჭრილი ფეხით. მაშინ “ბიტები'' არ იშოვებოდა და რა უნდა ექნა? თქვენ წარმოიდგინეთ, ბარონი ხაზარჰაუზენი უკვე ისტორიაშია შესული - მან მერაბ კოსტავას ერთ-ერთ მიტინგზე პალტო შემოახია და საცემრადაც კი გამოეკიდა.
*
გავიდას არც თუ დიდი დრო... ხაზარჰაუზენს ჯერ პოლიტიკაში, შემდეგ კი ხელისუფლებაში მოსვლა მოუნდა.
არა, მოუნდა ერთია, მაგრამ ეგრე ჰაიჰარად მოსვლასაც არ აპირებს - მან შეიმუშავა “მარშალის გეგმა'', რომელიც ითვალისწინებს 1000-ლარიან “პენციას'' და 200 (ორასი) ათასი სამუშაო ადგილის შექმნას.
1000-ლარიანი “პენცია'' გასაგებია, შეიძლება 2 ათასიც იყოს, მაგრამ 200 ათასი სამუშაო ადგილი და თანაც მაღალხელფასიანი, საიდან, როგორ, რანაირად?
როგორ და... ხაზარჰაუზენმა სადღაც ტოპრაკა იშოვა, შიგ ხორბლის 200 ათასი მარცვალი ჩაყარა, სააშკარაოზე გამოიტანა და ჩვენს თვალწინ მაგიდაზე წამოყარა.
მერე?
რაღა მერე... ეგე, თქვენი 200 ათასი სამუშაო ადგილიო!
*
არა, ხო მაგარია?
ეგე თქვენი 200 ათასი სამუშაო ადგილიო... თუ მოხდა ისე, რომ ხალხის გარკვეული ნაწილი გააცუცურაკა და პარლამენტში “მოშნად'' მოჯდა (ხელისუფლებაში ამას ვინ მოუშვებს?), მერე იტყვის, ძალაუფლება არ ჩამაბარეთ, ახლა რას მთხოვთო? ხელისუფლებაში რომ მოგეყვანეთ, ეს ხორბალი ხორბლად არ დარჩებოდა, სამუშაო ადგილებად “გადიქცეოდაო''.
*
ხაზარჰაუზენი დადის და ლაქლაქებს, უცხოეთიდან მილიარდებს შემოვიტან ინვესტიციების სახითო... მარტო ინვესტიციებით გაცხოვრებთ, სხვაზე რო აღარაფერი განვაცხადო-ვო.
მოკლედ, ამანაც მამკლა სიცილით, ავი ანასი არ იყოს. ნეტავ არჩევნების დღე მალე მოვიდეს, რომ თვითონაც დაისვენოს და ჩვენც დაგვასვენოს!
*
200 ათასი მარცვალი წამოყარა, ხალხო, მაგიდაზე და იძახის, აჰა-ო!
წუწურაქი როა, ამაშიც ეტყობა, გემეეტანა მილიონი მარცვალი “მოქალაქეთა კავშირის'' ლიდერებივით, სულ რაღაც ერთი “მეშოკი'' იქნებოდა... ალბათ გახსოვთ მილიონი სამუშაო ადგილი, არა? ესეც მაგათი ჯიშისაა და ჩვეულებას ვერ აგდებს, უბრალოდ ცოტა სამუშაო ადგილებისა კი არა... ხორბლის მარცვლების რაოდენობა შეამცირა, სეკვესტრი უყო.
*
აცე, ვირო, გაზაფხულია, იონჯა უკვე ამოიდა, შემოდგომაზე კიდე ხაზარჰაუზენი დაგასაქმებთ და 1000-ლარიან “პენციებსაც'' დაგირიგებთ.
საიდან?
ინვესტიციებს მაიზიდამს და იქიდან... აბა, თავისი ჯიბიდან ხო არ დაგირიგებთ?
ეგღა აკლია!"-წერს ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი
252 3-ს მოსწონს
|