x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"იმის შიშით, რომ პატიმარი არ მომკვდარიყო.." - რატომ დაჭრეს ზურგში გურამ დოჩანაშვილი

imageდღეს, 26 მარტს დაბადებიდან 85 წელი შეუსრულდებოდა მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გამოჩენილ მწერალს, გურამ დოჩანაშვილს.


გთავაზობთ ერთ-ერთ საინტერესო ეპიზოდს მწერლის ცხოვრებიდან. მოქმედება ხდება 1956/1957 წელბში, ანუ როდესაც გურამ დოჩანაშვილი ჯერ კიდევ თონეიჯერია.


"იმხანად ახალგაზრდების იმ ჯგუფს, რომელიც მიძინებულ საზოგადოებაში ანტისაბჭოთა განწყობით გამოირჩეოდა, კომუნისტები სარეველებს უწოდებდნენ.
1956 წლის 15 დეკემბერს საქართველოს სსრ უშიშროების კომიტეტის თანამშრომლებმა დააკავეს თბილისის სკოლის მოსწავლეები. ესენი იყვნენ: 47-ე საშუალო სკოლის მეთერთმეტეკლასელი ჯონდო, იგივე თემურ მეტრეველი, 42-ე სკოლის მეათეკლასელი ანატოლი მიქაძე, თბილისის მუსიკალური სკოლის მეათეკლასელი მერაბ კოსტავა, 42-ე საშუალო სკოლის მეთერთმეტეკლასელი ზვიად გამსახურდია, პირველი საშუალო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები: თეიმურაზ ცერცვაძე, თამაზ გუნჯუა, ვლადიმერ სიხარულიძე.
საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის მეოცე ყრილობაზე სტალინის კულტის დაგმობისა და “დემოკრატიული განვითარების კურსის” აღების გამო, საქართველოში უკმაყოფილების მუხტმა იფეთქა. აქცენტი სტალინის ქართველობაზე იყო გადატანილი და ამიტომ სტალინის კრიტიკა ქართველმა საზოგადოებამ ეროვნულ შეურაცხყოფად მიიღო. 1956 წლის სამი მარტიდან საპროტესტო აქციები დაიწყო თბილისში, რომელიც საბჭოთა არმიის ნაწილებმა სისხლში ჩაახშვეს. რუსთაველის პროსპექტი დაღუპულთა გვამებით რომ არ გავსებულიყო, ისინი მტკვარში გადაყარეს. ოფიციალური მონაცემებით, იმ დღეს თბილისში მოკლეს 150-ზე მეტი ახალგაზრდა და დააშავეს უამრავი ადამიანი.
ამ საზარელი ტრაგედიის გამოძახილი იყო თბილისელი ახალგაზრდების, სკოლის მოსწავლეების მიერ არალეგალური გაერთიანების ჩამოყალიბება. ამ ორგანიზაციას “გორგასლიანი” უწოდეს და მათ მიერ დაბეჭდილი ანტისაბჭოთა პროკლამაციები 1956 წლის ორ დეკემბერს რუსთაველსა და პლეხანოვზე, საცხოვრებელი სახლების კედლებზე გამოიკრა. ამ დღეს “გორგასლიანის” ორ წევრზე – გურამ დოჩანაშვილსა და ჯონდო მეტრეველზე უშიშროების თანამშრომლების ძალისხმევით თავდასხმა მოხდა, რის შედეგადაც დოჩანაშვილი ზურგში მძიმედ დაიჭრა. 15 დეკემბერს კი, როგორც უკვე მოგახსენეთ, “გორგასლიანის” წევრები დააპატიმრეს.
imageფოტოზე: ზვიად გამსახურდია და გურამ დოჩანაშვილი ბაკურიანში
1956 წლის 28 დეკემბერს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის მიერ წერილი გრიფით “სრულიად საიდუმლოდ” მოსკოვში გაიგზავნა. ადრესატი სსრ კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის საგამოძიებო სამმართველოს უფროსი, იუსტიციის გენერალ-მაიორი მალიაროვი იყო. თბილისიდან გაგზავნილ წერილში ვკითხულობთ: “1956 წლის ცხრა მარტს თბილისში განვითარებული მოვლენების შემდეგ უკმაყოფილო ახალგაზრდათა ერთმა ჯგუფმა არალეგალური ფორმირება შექმნა, რომლის მიზანს საბჭოთა წყობილების საწინააღმდეგო საქმიანობა წარმოადგენდა. ჯგუფის წევრები ნაციონალისტურად იყვნენ განწყობილი, ამჟღავნებდნენ რუსი ეროვნების ადამიანების მიმართ აგრესიას და მართავდნენ ქუჩებში დებოშს. ერთ-ერთი ასეთი კონფლიქტის დროს მძიმედ დაიჭრა ამ ჯგუფის წევრი გურამ დოჩანაშვილი. რაც შეეხება დანარჩენებს, ისინი დაპატიმრებული არიან. დაიწყო გამოძიება, რომელიც გამოავლენს ამ დაჯგუფების საქმიანობას, სრულ შემადგენლობას და დაადგენს მათ მოკავშირეებს”.
ზურგში დანით მიყენებული ჭრილობის გამო, გურამ დოჩანაშვილი თბილისის მეორე საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში დააწვინეს (მკურნალი ექიმი იყო გვარად მესხი).
image
1957 წლის 30 იანვარს დოჩანაშვილიც დააპატიმრეს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმე იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის 31 იანვარს ორჯერ გაიყვანეს დაკითხვაზე. იმის შიშით, რომ ეს ახალგაზრდა საპატიმროში არ მომკვდარიყო, პოდპოლკოვნიკ ნადირაძის ბრძანებით, სასწრაფოდ გაათავისუფლეს “მდგომარეობის გაუარესების” გამო.
სასამართლოს საჯარო სხდომა 1957 წლის სამი აპრილიდან ხუთ აპრილამდე გაიმართა. სასამართლოს თავმჯდომარეობდა გიორგაძე, მსაჯულები იყვნენ: თამაზაშვილი და ჩხაიძე. ბრალდებულებს სასამართლომ ასეთი განაჩენი გამოუტანა: ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ზვიად გამსახურდიას, ოთხ-ოთხი წელი შეუფარდეს: მერაბ კოსტავას, ანატოლი მიქაძეს, ვლადიმერ სიხარულიძეს. სამ-სამი წელი მისცეს: თემურ მეტრეველს, თამაზ გუნჯუას, თეიმურაზ ცერცვაძეს, გურამ სხირტლაძეს და გურამ დოჩანაშვილს. სასამართლო კოლეგიამ მხედველობაში მიიღო შემამსუბუქებელი და საშეღავათო პირობები და მსჯავრდებულებს განსაზღვრული სასჯელი შეეცვალათ პირობითი მსჯავრით, საგამოცდო ვადით."

image



0
445
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
445
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0