საქართველო "ამ შემთხვევაში ვეთანხმები ექსპრეზიდენტს" - რას წერს შალვა ნათელაშვილი 16 მარტი, 20:56 "ლეიბორისტული" პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება, სადაც ის რუსეთის ციხიდან 4 წლით ადრე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტის, ზაქარია კალაშოვის იგივე შაქრო "მალადოის" გათავისუფლებას მოახლოებულ არჩევნებს უკავშირებს:"ამ შემთხვევაში ვეთანხმები ექსპრეზიდენტს. ეს პერსონა ქართველი კრიმინალების საარჩევნო დაორგანიზებისთვისაა გამოშვებული. ვფიქრობ შესადგენია ყველა იმ კრიმინალის შავი სია რომლებიც პოლიტიკურ ძალდობაში მონაწილეობენ" - წერს შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.რუსული მედიის ცნობით, კრასნოდარის მხარის სასამართლომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო 70 წლის კრიმინალური ავტორიტეტის, ზაქარია (შაქრო) კალაშოვის საპატიმროდან ვადამდე ადრე გათავისუფლების შუამდგომლობა დააკმაყოფილა.ზაქარია კალაშოვი, იგივე შაქრო "მალადოი", მოსკოვის სასამართლომ 2016 წელს დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ბრალდებით დააკავა, დამნაშავედ კი 2018 წელს ცნო და მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 9 წლით და 10 თვით პატიმრობა მიუსაჯა. კრიმინალურ ავტორიტეტს პატიმრობის ვადა 2026 წელს ეწურებოდა.ახლა კი უცვლელად გთავაზობთ მიხეილ სააკაშვილის იმ პოსტს, რომელსაც ქვეყნის ნომერ პირველი ლეიბორისტის ზემოაღნიშნული პოსტიც მოჰყვა:"რუსეთში ვადის ამოწურვამდე 4 წლით ადრე, ციხიდან ყველაზე ავტორიტეტული კანონიერი ქურდი შაქრო კალაშოვი გამოუშვეს. მე ეჭვი არ მეპარება, რომ ის საქართველოს არჩევნებისთვის გაათავისუფლეს.როდესაც იუსტიციის მინისტრად დავინიშნე, კალაშოვმა დუდუ დადიანის მეშვეობით 30 ათას დოლარიანი საათი გამომიგზავნა, რომელიც რა თქმა უნდა არ მივიღე, პირიქით რჩევა დავაბარე, რომ საქართველო დაეტოვებინა, თუმცა არ შეშინებია, რადგან შინაგან საქმეთა მინისტრი კახა თარგამაძე იყო, ხოლო შევარდნაძის უშიშროების მინისტრი ვახტანგ ქუთათელაძე.ჩემი გაპრეზიდენტების შემდეგ, კალაშოვი საქართველოში ჩამოსვლას ვეღარ ბედავდა. მას წყნეთში უზარმაზარი სასახლე ჩამოართვეს.ჩვენი გადაცემული მასალების საფუძველზე ესპანეთმა დააკავა და მისი გადმოცემის პროცედურა დავიწყეთ. მან კი, ჩემი ინფორმაციით 70 მლნ დოლარი გადაუხადა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს და რუსებმა საქმე "ჩააწყვეს", რის შემდეგაც საქართველოს მოქალაქე შაქრო რუსეთს გადასცეს, სადაც ის მალევე გაუშვეს.თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ, მათ იქაც მოუწიათ მისი დაპატიმრება, 10 წლის მისჯა და მას 6 წელიწადზე ნაკლები გამოუვიდა.2007 წელს კალაშოვის მასწავლებელი ქურდი უსოიანი, ერევანში ჩამოფრინდა და FBI-ს ინფორმაციით საქართველოში არეულობას იქიდან ხელს უწყობდა.რუსები ახლაც თვლიან, რომ არჩევნებზე შეუძლიათ დიდი სიურპრიზები მიიღონ და კალაშოვს ქართული კრიმინალური სამყაროს მართვას დაავალებენ. არ გამოვრიცხავ, რომ ერთ-ერთი დავალება ციხეში ჩემი საკითხის საბოლოო "მოგვარება" იყოს". - დაწერა ექსპრეზიდენტმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე.392 შეფასება არ არის |