x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
გენოციდი საბჭოურად ანუ როგორ აყარეს საკუთარი მიწა-წყლიდან ნახევარი მილიონი ჩეჩენი და ინგუში და გაასახლეს შუა აზიაში
image


80 წლის წინ, 1944 წლის 23 თებერვალს დაიწყო საბჭოთა ხელისუფლების მიერ ჩეჩენ-ინგუშეთის ასსრ-დან ჩეჩნებისა და ინგუშების დეპორტაცია შუა აზიაში, კერძოდ ყაზახეთსა და ყირგიზეთში. დეპორტაცია განხორციელდა საკმაოდ ხანმოკლე პერიოდში და დასრულდა 9 მარტს.



საერთო მონაცემებით გადაასახლეს 500-650 ათასი ჩეჩენი და ინგუში. გადასახლების პერიოდში და პირველ წელს დაიღუპა 100 000 ჩეჩენი და 23 000 ინგუში, ანუ ორივე ერიდან ყოველი მეოთხე ადამიანი. დეპორტაციაში უშუალოდ იყო ჩართული 100 000 სამხედრო მოსამსახურე, ხოლო ერთი ამდენი საბრძოლო მზადყოფნაში იყო მეზობელ რაიონებში. გადასახლების შედეგად 180 დეპორტირებულებით სავსე ეშელონი გააგზავნეს შუა აზიაში. ჩეჩენ-ინგუშეთის ასსრ გაუქმდა, ხოლო მის ტერიტორიაზე შეიქმნა გროზნოს ოლქი, ხოლო რაიონების ნაწილი შევიდა ჩრდილოეთ ოსეთის, დაღესტანისა და საქართველოს შემადგენლობაში. საქართველოში მცხოვრებ ქისტებსა და წოვათუშებს, რომლებიც ეთნიკურად ახლოს დგანან შესაბამისად ჩეჩნებთან და ინგუშებთან, აღნიშნული დეპორტაცია არ შეხებიათ.




ოპერაცია კოდური სახელწოდებით "პანტერა"




21 თებერვალს ბერიამ გამოსცა ნკვდ-ის ბრძანება ჩეჩნეთ-ინგუშეთის მოსახლეობის დეპორტაციის შესახებ. მომდევნო დღეს იგი შეხვდა რესპუბლიკის ხელმძღვანელობას და უმაღლეს სასულიერო ლიდერებს, გააფრთხილა ისინი ოპერაციის შესახებ და შესთავაზა მოსახლეობაში ამ საკითხზე მუშაობა. სწორედ ამის შესახებ ბერიამ ანგარიში გაუგზავნა სტალინს.


დეპორტაცია და დანიშნულების ადგილზე ეშელონების გაგზავნა დაიწყო 1944 წლის 23 თებერვალს ადგილობრივი დროით 2:00 საათზე და დასრულდა ამავე წლის 9 მარტს. ოპერაცია დაიწყო კოდური სიტყვით „პანტერა“, რომელიც გადაიცა რადიოს საშუალებით.


დეპორტაციას თან ახლდა მთაში გაქცევის მცირერიცხოვანი მცდელობები ან დაუმორჩილებლობა ადგილობრივი მოსახლეობისაგან. არსებობს სოფელ ხაიბახში 700 ადამიანის ცოცხლად დაწვის მტკიცებულება, თუმცა არნიშნულ მტკიცებულებებს თანამედროვე მეცნიერები არასაკმარისად თვლიან.


სულ გაიგზავნა 180 ეშელონი, გადასახლებულთა რიცხვი კი შეადგენდა 493 269 ადამიანს. გადასახლებისას გზაში დაიბადა 56, ხოლო გარდაიცვალა 1 272 ადამიანი. გარდაცვალების ძირითადი მიზეზები იყო ქრონიკული დაავადებები და ფიზიკური სისუსტე. სამკურნალო დაწესებულებებში გაიგზავნა 285 ავადმყოფი. უკანასკნელ ეშალონში შედიოდნენ ჩეჩნეთ-ინგუშეთის რესპუბლიკის ყოფილი ხელმძღვანელი პირები და რელიგიური ლიდერები. რამდენიმე მთიელი რესპუბლიკაში დარჩა დეპორტაციის დასრულებიდან ერთი წლის განმავლობაში.


ოფიციალური მონაცემებით, ოპერაციის მსვლელობისას დაიღუპა 780 ადამიანი, დააპატიმრეს 2 016 „ანტისაბჭოთა ელემენტი“, ამოიღეს 20 000-ზე მეტი ცეცხლსასროლი იარაღი, მათ შორის 4 868 შაშხანა, 479 ტყვიამფრქვევი და ავტომატი. მთაში დაიმალა 6 544 ადამიანი.


იმ გამონაკლის შემთხვევებში თუკი ვაინახებს გაათავისუფლებდნენ დეპორტაციიდან, მათ უფლება არ ჰქონდათ დაბრუნებულიყვნენ პირველი კატეგორიის ქალაქებში, სასაზღვრო დასახლებულ პუნქტებბში და ასევე გროზნოს ოლქისა და დაღესტნის ტერიტორიაზე.


აღინიშნა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც სამშობლოს წინაშე დამსახურებისათვის დეპორტაციიდან გათავისუფლებულ ჩეჩნებს მათი სურვილისამებრ დაბრუნების უფლება მისცეს. ასეთი მაგალითები იყო, მომავალში საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტისა და საბჭოთა კავშირის შრომის გმირის მახმუდ ესემბაევისა] და საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოღვაწის მუსლიმ გაირბეკოვის შემთხვევაში.

image



რა იყო ოფიციალური მიზეზი?



უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1944 წლის 7 მარტის დადგენილებაში „ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ-ს ლიკვიდაციისა და მათი ტერიტორიის ადმინისტრაციული მოწყობის შესახებ“ ვკითხულობთ:


"იმასთან დაკავშირებით, რომ სამამულო ომის დროს, განსაკუთრებით გერმანელ-ფაშისტთა ძალების კავკასიაში მოქმედების პერიოდში, ბევრმა ჩეჩენმა და ინგუშმა სამშობლოს უღალატა, გადავიდა ფაშისტი ოკუპანტების მხარეს და გაწევრიანდა დივერსანტებისა და მზვერავების დანაყოფებში, შეიჭრნენ წითელი არმიის ზურგში, შექმნეს შეიარაღებული დაჯგუფებები საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ საბრძოლველად, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ მრავალი ჩეჩენი და ინგუში წლების მანძილზე საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ შეიარაღებულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობდნენ და დიდი ხნის განმავლობაში არ იყვნენ დაკავებული კეთილსინდისიერ შრომით, ახორციელებდნენ მეზობელი რეგიონების კოლექტიურ მეურნეობებზე ბანდიტურ თავდასხმებს, ძარცვავდნენ და კლავდნენ საბჭოთა ხალხს - საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:


"ყველა ჩეჩენი და ინგუში, რომლებიც ცხოვრობენ ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ-ის ტერიტორიაზე და მის მიმდებარე რაიონებში, გადასახლებულნი იყვნენ საბჭოთა კავშირის სხვადასხვა რაიონებში, ხოლო ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ ლიკვიდირებულ იქნეს.


სსრკ-ს სახალხო კომისართა საბჭო ჩეჩნებსა და ინგუშებს გამოუყოფს მიწებს დასასახლებლად ახალ ადგილებში და მათ ეკონომიკურ დახმარებას გაუწევს.


დეპორტაციის შესაძლო მიზეზებს შორის ასევე განიხილება იმ ეროვნული უმცირესობისადმი უნდობლობა, როლებიც სახლობდნენ საბჭოთა კავშირის თურქეთთან, ირანთან და სხვა სასაზღვრო რაიონებში. აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს სასაზღვრო რეგიონებში მცხოვრები ხალხები არასაიმედოთა კატეგორიაში იყვნენ, რადგან ბევრ მათგანს ნათესავები ჰყავდა საზღვარგარეთ.


წარმოდგენები არასაიმედო ხალხებზე გაჩნდა XIX საუკუნის ბოლო პერიოდის სამხედრო სტატისტიკაში, ვ. ზოლოტარიოვის, ა. მაკშეევისა და ნ. ობრუჩევის ნაშრომებში. მათი წარმოდგენის მიხედვით საიმედოდ ითვლებოდა ქვეყნის სლავური მოსახლეობა, ხოლო არასაიმედოდ — რუსეთის განაპირა რეგიონებში მცხოვრები ერის წარმომადგენლები. უცხოეთის მოქალაქეობა, ეროვნული ან რელიგიური სიახლოვე იმ ქვეყანასთან, რომელთანაც რუსეთი იმყოფებოდა საომარ მდგომარეობაში, ასევე ითვლებოდნენ არასაიმედოდ

image



ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, როგორი იყო მთავრობის წევრთა პოზიცია?




1944 წელს როდესაც საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს სხდომაზე განიხილებოდა ჩეჩნების დეპორტაციის საკითხი, გამოიკვეთა ორი მოსაზრება: ვიაჩესლავ მოლოტოვი, ანდრეი ჟდანოვი, ნიკოლაი ვოზნესენსკი და ანდრეი ანდრეევი მხარს უჭერდნენ ჩეჩნებისა და ინგუშების სასწრაფო გასახლებას და ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ-ის ლიკვიდაციას.



სტალინი, კლიმენტ ვოროშილოვი, ნიკიტა ხრუშჩოვი, ლაზარ კაგანოვიჩი, ლავრენტი ბერია და მიხეილ კალინინი მხარს უჭერდნენ დეპორატციის დაწყებას ჩრდილოეთ კავკასიის გერმანელებისაგან გათავისუფლების შემდეგ.



ცალკე პოზიცია ჰქონდა ანასტას მიქოიანს, პრინციპში იგი ეთანხმებოდა დეპორტაციას, მაგრამ აღნიშნავდა, რომ ეს ფაქტი საზღვარგარეთ სსრკ-ის რეპუტაციას შელახავდა.

image


დეპორტაციის რეალური მიზეზი დღემდე კამათის საგანია



ოკუპანტებთან მასობრივი თანამშრომლობის თეზისი მიუღებელია ოკუპაციის ფაქტის უქონლობის გამო. ვერმახტის ჯარმა დაიკავა მალგობეკის რაიონის უმნიშვნელო ტერიტორია და რამდენიმე დღეში უკან გაბრუნდნენ აღნიშნული ტერიტორიიდან. დეპორტაციის რეალური მიზეზი აქამდე არ არის დადასტურებული და დღემვე წარმოადგენს ცხარე დისკუსიის საგანს. გარდა ამისა, ხალხის დეპორტაცია, მათი სახელმწიფოს გაუქმება და საზღვრების შეცვლა არის არაკანონიერი ქმედება, რომელსაც არ განიხილავს არც ჩეჩნეთ-ინგუშეთის, არც რსფსრ-ის და არც სსრკ-ის კონსტიტუციები. ასევე არცერთი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტი].



მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან 1944 წლის იანვრამდე რესპუბლიკაში გაანადგურეს 55 ბანდიტური დაჯგუფება, მოკლეს 973 მისი მონაწილე, დააპატიმრეს 1901 ადამიანი. შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის ანგარიშით ჩეჩნეთ-ინგუშეთის ტერიტორიაზე მომედებდა 150-200 ბანდფორმირება, რომლის წევრთა საერთო რაოდენობა იყო 2-3 ათასი ადამიანი (მოსახლეობის 0, 5 %).


მტკიცება, რომ დეპორტაციის მიზეზი იყო ანტისაბჭოთა და პროფაშისტური განწყობის მოსახლეობის დიდი რაოდენობა და მათი ანომალიურად მაღალი აქტივობა, რიგ ავტორებს შორის იწვევს დავას. 1943 წლის აგვისტოში მთელს ჩრდილოეთ კავკასიაში მოქმედებდა 156 უკანონო შეიარაღებული ფორმირება, რომელთა შემადგენლობა 3 485 ადამიანს მოითვლიდა. მათ შორის: ჩეჩნეთ-ინგუშეთში — 44 (300 მონაწილე), ყაბარდო-ბალყარეთში — 47 (900 მონაწილე), დაღესტანში — 1 500 მონაწილე, ათასი დეზერტირი და 800 ადამიანი, რომელმაც მობილიზაციაზე უარი განაცხადა. ჩრდილოეთ ოსეთში ომის მესამე წლისათვის — 4 336 დეზერტირი, 862 სამსახურის თავის არიდების შემთხვევა, ასევე გააქტიურებული „პოლიტბანდები“ და აბვერის დივერსანტებია. ომის დაწყებიდან 1944 წლის მეორე ნახევრამდე ჩრდილოეთ კავკასიაში აღინიშნა 49 362 დეზერტირობის შემთხვევა, საიდანაც კრასნოდარის მხარეში — 23 711, სტავროპოლის მხარეში — 10 546, ჩეჩნეთ-ინგუშეთში — 4 441, ჩრდილოეთ ოსეთში — 4366


ნკვდ-ის ყოფილი პოლკოვნიკი სულთან ალბოგაჩიევი, 1941-1943 წლების პერიოდში შინსახკომის კომისარი ჩეჩნეთ-ინგუშეთში, 1963 წელს წერდა:



„ჩეჩნეთის მთებში უფრო ნაკლები ბანდიტი იყო, ვიდრე ქვეყნის სხვა რეგიონებში, ჩემი ვარაუდით ჩეჩნეთის მთებში ამ პერიოდისათვის იყო დაახლოებით 300 ბანდიტი, მათ შორის აქტიური იყო 160-170... ვიმეორებ კიდევ ერთხელ — არანაირი მიზეზი არ არსებობდა ჩეჩნებისა და ინგუშების გასახლებისათვის. ეს დაადასტურა თავად ბერიამ 1953 წელს მის სასამართლო პროცესზე.“

image

ფოტოზე:გაზდიევების ინგუშური ოჯახი გარდაცვლილი შვილის სხეულთან. ყაზახეთი, 1944 წელი


დეპორტაცია და საქართველო



დეპორტირებული ჩეჩნებისა და ინგუშების ტერიტორიის გარკვეული ნაწილი 1944 წლის 7 მარტის სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულების შესაბამისად გადაეცა საქართველოს სსრ-ს. შემოერთებული ტერიტორიების უდიდესი ნაწილი ახალხევის რაიონის სახით დაფუძნდა, რომელიც მოგვიანებით, 50-იან წლების დასაწყისში, გაუქმდა და დუშეთის რაიონს შეუერთდა. რაც შეეხება ჩრდილოეთ ოსეთის გიზელდონის რაიონისა და ჩეჩნეთ-ინგუშეთის პრიგოროდნის რაიონის სამხრეთ ნაწილს, იგი გააერთიანეს ყაზბეგის რაიონში.


ასევე საქართველოს გადაეცა ყაბარდო-ბალყარეთის ტერიტორიები. გადაცემა მოხდა 1944 წლის 12 ოქტომბრის სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის მ. კალინინისა და პრეზიდიუმის მდივნის ა. გორკინის ხელმოწერილი ბრძანებით, რომელშიც წერია:



„იმასთან დაკავშირებით, რომ გერმანელების მიერ ყარაჩაის ავტონომიური ოლქის ოკუპაციის დროს ბევრი ყარაჩაელი გამცემლურად მოქმედებდა, ერთიანდებოდა გერმანელების მიერ საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით ორგანიზებულ რაზმებში, აბეზღებდნენ გერმანელების წინაშე პატიოსან საბჭოთა მოქალაქეებს, თან მიჰყვებოდნენ და გზას უჩვენებდნენ უღელტეხილებზე ამიერკავკასიისკენ მიმავალ გერმანიის ჯარებს, ხოლო ფაშისტების განდევნის შემდეგ ხელს უშლიან და ეწინააღმდეგებიან საბჭოთა ხელისუფლების მიერ გატარებულ ღონისძიებებს, მალავენ ხელისუფლების ორგანოებისაგან ბანდიტებს და გერმანელების მიერ დატოვებულ აგენტებს, უწევენ მათ აქტურ დახმარებას, სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:

ყველა ყარაჩაელი, რომლებიც ოლქის ტერიტორიაზე ცხოვრობს, გასახლდეს სსრკ-ს სხვა რაიონებში, ხოლო ყარაჩაის ავტონომირი ოლქი გაუქმდეს.

ყარაჩაის ავტონომიური ოლქის ლიკვიდაციის გამო… ყოფილი ყარაჩაის ავტონომიური ოლქის უშკულანის რაიონი, აგრეთვე მიქოიანის რაიონის ნაწილი გადაეცეს საქართველოს სსრ-ს, აღნიშნულ ტერიტორიაზე კი შეიქმნას ახალი ადმინისტრაციული ერთეული — ქლუხორის რაიონი, ცენტრი — ქალაქი მიქოიან-შახარი, აღნიშნულ ქალაქს შეეცვალოს სახელი და ეწოდოს ქლუხორი.“



მიუხედავად ამისა, მკვლევარების აზრით, დეპორტაციის ძირითადი მიზეზი პრო-ქართული მოტივი არ ყოფილა.



რეაბილიტაცია



სტალინის სიკვდილისა და ლავრენტი ბერიას დახვრეტის შემდეგ, დეპორტირებულ ხალხს გაუჩნდა რეაბილიტაციისა და სამშობლოში დაბრუნების იმედი. რეპრესირებულთა ცნობილი წარმომადგენლები ხელისუფლებასთან აგზავნიდნენ თხოვნას სამშობლოში დაბრუნებისა და კოლაბორაციონიზმში დადანაშაულების მოხსნის შესახებ.


საბჭოთა კავშირისა და რსფსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმების 1957 წლის 9 იანვრის ბრძანებით ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ აღადგინეს, თუმცა რამდენადმე განსხვავებულ საზღვრებში ვიდრე ის იყო გაუქმების დროს. მის შემადგენლობაში დარჩა 1944 წელს სტავროპოლის მხარიდან გროზნოს ოლქისათვის გადაცემული ნაურისა და შელკოვის რაიონები, ძირითადად რუსული მოსახლეობით, მაგრამ მას არ დაუბრუნეს პრიგოროდნის რაიონი და იგი დარჩა ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ-ს. აღდგენის შემდეგ ავტონომიური რესპუბლიკის ფართობი იყო 19 300 კმ².


1957 წლის 11 თებერვალს სსრკ-ის უმაღლესმა საბჭომ დაამტკიცა პრეზიდიუმის ბრძანება და საბჭოთა კავშირის კონსტიტუციაში ავტონომიური რესპუბლიკა კვლავ შეიტანეს.


რეზოლუციის არათანამიმდევრული განხორციელებისა და ცენტრში პარტიული წარმომადგენლების წინააღმდეგობის გამო აღდგენის პროცესი გაჭიანურდა, რაც დაკავშირებული იყო ასევე ახალ პრობლემებთან. ორმხრივი პროვოკაციების გამო რესპუბლიკის ტერიტორია დატოვა 113 ათასმა არა ადგილობრივმა მოსახლეობამ.


1989 წლის 14 ნოემბერს საბჭოთა კავშირის უმაღლესმა საბჭომ მიიღო დეკლარაცია, რომლის საფუძველზე რეპრესიები არაკანონიერად შეფასდა. დეკლარაციის საფუძველზე მოახდინეს ყველა რეპრესირებული ერის რეაბილიტაცია.


1991 წლის 26 აპრილს რსფსრ-ში მიიღეს კანონი რეპრესირებული ხალხების რეაბილიტაციის შესახებ, რომელმაც ხალხთა დეპორტაციები შეაფასა როგორც „ცილისწამების და გენოციდის პოლიტიკა“. გარდა ამისა, კანონი აღიარებდა რეპრესირებული ხალხის უფლებას, აღადგინონ ტერიტორიული მთლიანობა, რომელიც არსებობდა საზღვრების იძულებით შეცვლის არაკონსტიტუციურ პოლიტიკამდე, ნაციონალური სახელმწიფო ორგანოების აღდგენას, რაც მათი გაუქმებამდე იყო ჩამოყალიბებული, ასევე სახელმწიფოს მიერ გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას..


2014 წლის 26 თებერვალს ევროპის პარლამენტმა ჩეჩნებისა და ინგუშების დეპორტაცია აღიარა გენოციდის აქტად.


დეპორტაციის ერთ-ერთი შედეგი იყო ყაზახეთსა და ყირგიზეთში ჩეჩენური დიასპორის გაჩენა.


image

ფოტოზე: ფრუნზე, რკინიგზის სადგური. 1957 წელი.სოფელ იურტ-აულის მოსახლეები ბრუნდებიან სამშობლოში.

0
315
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
315
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0