კინო "ქეთო და კოტე"- ცენზურისგან ამოჭრილი ორი უნიკალური კადრის ისტორია და უნიკალური ფერადი ფირი გადასაღები მოედნიდან 20 თებერვალი, 9:58 20 თებერვალს (1922 ან 1923) ქართული თეატრისა და კინოს მშვენება, ცნობილი მსახიობი მედეა ჯაფარიძე დაიბადა. მსახიობის კინოკარიერა 15 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც ეპიზოდური როლი შეასრულა ფილმში "დაკარგული სამოთხე", სადაც მედეა პეპელას (დუდუხანა წეროძე) მეგობრის როლს ასრულებს.შემდეგ იყო რამდენიმე ფილმი, მაგალითად"კოლხეთის ჩირაღდნები"(1940წ.)"გიორგი სააკაძე"(1943), სადაც ლუარსაბის დის როლი შეასრულა, "აკაკის აკვანი"(1947)(ანა-აკაკის და)მაგრამ ყველაზე დიდი წარმატება უკვდავმა მუსიკალურმა კომედიამ "ქეთო და კოტემ "(1948წ.) მოუტანა, რომელიც ქართველმა ხალხმა მე-20 საუკუნის საუკეთესო ქართულ ფილმად დაასახელა.სწორედ ამ ფილმის უცნობ დეტალებზე გვექნება საუბარი. ფოტოზე:მედეა ჯაფარიძე ნაზიმეს როლში. მხატვრული ფილმი „ქალიშვილი გაღმიდან“, რეჟისორი ლეო ესაკია. 1940 წელი. კინოს, თეატრის, მუსიკისა და ქორეოგრაფიის მუზეუმის საცავში ქეთოსა და კოტეს ჯვრისწერის ცერემონიალის ამსახველი ორი უნიკალური ფოტო ინახება. ფოტოები სასწაულებრივად გადარჩენიათ ცენზორებს. სავარაუდოდ, ვიღაცამ საგანგებოდ შეინახა, რომ მავანს თვალში არ გასჩხეროდა. კომუნისტებმა სხვა ფრაგმენტებთან ერთად მთლიანად ამოჭრეს ეკლესიაში გადაღებული ცერემონიალი. ეტყობა, საბჭოთა ცენზორებს არ სურდათ საზოგადოებისთვის ჯვრისწერის «საზიანო» მაგალითი მიეცათ. მიაჩნდათ, რომ მაყურებელი მიბაძავდა კინოგმირებს და როგორც სატრფოს სარკმელთან სიმღერასა და აივანზე გადაძრომას, ეკლესიაში დაქორწინების «მავნე» ჩვევასაც გადაიღებდა. იმ დროისთვის ხომ ქალთა უმრავლესობა ისედაც ცდილობდა ულამაზეს მედეა ჯაფარიძეს დამსგავსებოდა, მამაკაცები კი ბათუ კრავეიშვილივით რომანსებად იღვრებოდნენ სატრფოების აივნებთან. იმის გამო, რომ ფილმში მონაწილეთაგან თითქმის აღარავინ არის ცოცხალი, ვერ დადგინდა, რომელ ტაძარში არის ჯვრისწერა გადაღებული . ვერც მღვდლის როლის შემსრულებლის ვინაობა დადგინდა. როგორც ლაშა და მედიკო თაბუკაშვილები ამბობენ, ქალბატონ მედეასაც არაფერი აქვს ნათქვამი მოგონებებში ამ ეპიზოდების გადაღების თაობაზე. მეტიც, სავარაუდოდ, მან არც იცოდა, თუ ეს ფოტოები არსებობდა. თუმც, რომც სცოდნოდა, დიდად არ დაინტერესდებოდაო, ამბობს მსახიობის ვაჟი. მსახიობს, რომლის სილამაზესაც უამრავი ქალი შენატროდა, ფოტოების გადაღება არ ჰყვარებია. ამდენად, მედეა ჯაფარიძის ოჯახისთვის ეს ფოტოები სიურპრიზი აღმოჩნდა. ლაშა თაბუკაშვილის თქმით, ვახტანგ ტაბლიაშვილმაც კი არ იცოდა, რომ ფილმი ჯვრისწერის სცენის გარეშე გავიდოდა. ამიტომაც როგორც დამდგმელი, ისე შემოქმედებითი ჯგუფისთვის უსიამოვნო სიურპრიზი ყოფილა ულამაზესი კინოფილმის «ქეთო და კოტეს» პრემიერა. ფოტოზე: ბათუ კრავეიშვილი და მედეა ჯაფარიძე, უკან დგას ედიშერ მაღალაშვილი. ფოტოზე:ბათუ კრავეიშვილი, მედეა ჯაფარიძე, გიორგი შავგულიძე და ვასო გოძიაშვილი. საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული უნიკალური ფერადი ფირი-„ქეთო და კოტე“, გადასაღები მოედანი. 1948 წელი. 585 3-ს მოსწონს
|