x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134559
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508617
ერეკლე II-ის ბიოგრაფია
imageერეკლე II (7. XI. 1720, თელავი, – 11. I. 1798), იქვე, დაკრძალულია მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში), კახეთის მეფე 1744-1762 წლებში, ქართლ-კახეთისა – 1762-1798. მისი მშობლები იყვნენ ვახტანგ VI-ის ასული თამარი და კახთა მეფის ერეკლე I - ის ვაჟი თეიმურაზ II. ერეკლე II ქართლისა და კახეთის ბაგრატიონთა შტოების გამაერთიანებელი გახდა, რაც მომავლისთვის ტახტის მოცილეთა წინააღმდეგობას საკმაოდ ასუსტებდა.

სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში ჭაბუკობის ასაკიდანვე ჩაება, 15 წლისამ სახელდახელოდ შეკრებილი ლაშქრით ქიზიყიდან მომავალი ლეკთა მარბიელი გუნდები ნეიშინის მინდორზე (ქიზიყის ჩრდ. დას-ით, ანაგის, ვაქირისა და საქობოს ბოლოს) სასტიკად დაამარცხა.

პირველი წარმატებული საბრძოლო ნათლობისას მცირეწლოვნების გამო ხალხმა მას სიყვარულით „პატარა კახი“ შეარქვა. ორი წლის შემდეგ (1737) ერეკლე II ნადირ-შაჰმა სპარსეთში გაიწვია ინდოეთის სამხედრო ექსპედიციაში მონაწილეობის მისაღებად, რამაც მას მდიდარი გამოცდილება შესძინა. ამ დროს დაემთხვა ერეკლე II–ის პირველი ქორწინება ვახტანგ ყაფლანიშვილის ასულ ქეთევანზე (დედოფალი მალევე გარდაიცვალა).
1744 წლის ივნისში, ნადირ-შაჰის თანხმობით, თეიმურაზ II ქართლში, ხოლო ერეკლე II კახეთში გამეფდა. 1745 წლის 1 ოქტომბერს თეიმურაზ II მცხეთაში ქრისტიანული წესით ეკურთხა მეფედ, რაც საქართველოში „მუსლიმან მეფეთა ეპოქის“ დასასრულს მოასწავებდა. ამ დროისათვის ერეკლე II-მ მეორედ იქორწინა იმერელი თავადის, ზაალ აბაშიძის ასულ ანაზე. მისგან შეეძინა ორი შვილი – გიორგი და თამარი. მამაშვილის შეთანხმებული მართვა-გამგეობა ქართლსა და კახეთში (1744-1762) არსებითად აღმოსავლეთ საქართველოს გაერთიანების ტოლფასი იყო და ხელსაყრელ პირობებს უქმნიდა თავადური ოპოზიციის წინააღმდეგ ბრძოლას. მათ 1743-44 წლებში შესძლეს ქსნისა და არაგვის საერისთაოების გაუქმება და თანამიმდევრობით შეუდგნენ დანარჩენი ურჩი თავადების შეზღუდვას. წარმატება ხვდათ ირანთან ურთიერთობაშიც.

ნადირ-შაჰის სიკვდილთან ერთად (1747) ირანის ბატონობა ამიერკავკასიაში ფაქტობრივად შეწყდა, ერეკლე II-ეს თავისუფალი მოქმედების საშუალება მიეცა. მან არაერთგზის დაამარცხა ქართლის ტახტის მოცილე აბდულა-ბეგი. ყიზილბაშთა ორსაუკუნოვანი ტყვეობის შემდეგ გაათავისუფლა (1748) თბილისის ციხე. ახალი შაჰის თანხმობით, 1749 წელს ყაზახ-ბორჩალო ქართლკახეთს დაუბრუნდა, რითაც ქართლის სამეფოს სამხრეთ-აღმოსავლეთის საზღვარმა მდინარე აღსტაფის ხეობამდე გადაიწია.
მამა-შვილმა მეზობელი სახანოების მიერ აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში გაბატონებისათვის გაჩაღებულ ბრძოლაში ზედიზედ დაამარცხეს და თავის ხელისუფლებას დაუმორჩილეს განჯის, ერევნისა და ნახიჩევანის სახანოები. ერეკლე II-ის მხედართმთავრული ნიჭი სრულად გამობრწყინდა აზატხანის წინააღმდეგ ყირხბულახის ბრძოლაში 1751 წელს. ამ ბრძოლის შემდეგ ქართლ-კახეთის სამეფოს პოლიტიკური გავლენის სფერო მდინარე არეზამდე გაფართოვდა. დასავლეთ საქართველოში ერეკლე II-ის გავლენის გავრცელებისათვის ხელი უნდა შეეწყო აგრეთვე მის დამოყვრებას დადიანის სახლთან. ანა დედოფლის გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ, ერეკლე II-მ დადიანის ასული დარეჯანი შეირთო ცოლად. მას 7 ვაჟი და ამდენივე (ან უფრო მეტი) ქალი შეეძინა. ზოგიერთი მკვლევარის ვარაუდით, ერეკლე II-ს სულ 24 შვილი უნდა ჰყოლოდა.


XVIII საუკუნის 40-50-იანი წლების წარმატებების ფონზე თანდათან გამოიკვეთა ქვეყნის გადარჩენისა და განახლების დიდი გეგმის კონტურები, რომელიც საქართველოს „გამოხსნისა და აღდგომის“ თეიმურაზ-ერეკლესეული პოლიტიკის ფორმულით გამოიხატა. ქვეყნის გამთლიანებასა და დამოუკიდებლობასთან ერთად ის საქართველოს ერთიანი ფეოდალური მონარქიის დროინდელ გაერთიანებასაც გულისხმობდა. ერეკლე II-ის ორგანულად მთლიანი საშინაო და საგარეო პოლიტიკა ევროპული განვითარებისაკენ იყო მიმართული. საერთაშორისო ურთიერთობაში შეცვლილ ძალთა თანაფარდობა კარდინალურად ცვლიდა ირანისა და თურქეთის დამოკიდებულებას ამიერკავკასიის მიმართ. თუ ადრე საქართველო და ამიერკავკასიის სხვა ქვეყნები ირანისა და თურქეთის თავდასხმის ობიექტს წარმოადგენდნენ, მოახლოებული რუსეთის საშიშროების წინაშე ამ რეგიონმა მათთვის უკვე თავდაცვის მთავარი პოზიციის მნიშვნელობა შეიძინა, რუსეთისთვის კი, როგორც საქართველო, ისე ამიერკავკასია, ახლო და შუა აღმოსავლეთის ქვეყნების გასაღები იყო.

ამდენად, დიდ მოქიშპეთათვის ერეკლე II-ის მიმხრობამ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. დაპირისპირებულთაგან ერთ-ერთის აგრესიის შემთხვევაში ერეკლე II-ს შეეძლო დახმარების იმედი ჰქონოდა როგორც ერთის, ისე მეორის მხრიდან. ისახებოდა ამ ქვეყნებს შორის საქართველოს დამოუკიდებელ ძალად გამოსვლის პერსპექტივა, თუ იგი ფეხზე წამოდგომასა და ანგარიშგასაწევი ძალის მოკრებას შეძლებდა.

ერეკლე II-ის მთელი ძალისხმევა სწორედ ამ დიდი ამოცანის ხორცშესხმისკენ იყო მიმართული. წარმატებულმა ომებმა ხელი შეუწყო შინაგანი განვითარებისათვის საჭირო პირობების შექმნას. ომი არსებითად საქართველოს ფარგლებს გარეთ ხდებოდა, რაც ქვეყნის შიგნით მშვიდობას უზრუნველყოფდა. შედარებით სტაბილური ვითარება ერეკლე II-მ რამდენიმე ათეული წელი შეინარჩუნა, რამაც საშუალება მისცა მეფესა და მის ერთგულ თანამოაზრე მამიდაშვილს, კათალიკოს ანტონ I-ს, ქვეყნის გარდაქმნების გზებზე უმნიშვნელოვანესი რეფორმები წამოეწყოთ ეკონომიურ და კულტურულ დარგებში, სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სფეროში.

სიახლით გამოირჩეოდა საქარხნო-საფაბრიკო წარმოების (შაქრის, მინის, შალის, იარაღის) დანერგვის ცდები, სამთამადნო წარმოების წამოწყება (სპილენძის, ოქრო-ვერცხლის, თუჯის, რკინის), ზარაფხანის განახლება, სტამბის აღდგენა, მდივან-ბეგების სასამართლოს შემოღება, მმართველობის დარგობრივი დანაწილება (სამხ. საგარეო საქმეთა და სხვ.) სამხედრო რეფორმის თავისებურ მცდელობას წარმოადგენდა მორიგე ჯარის შექმნა ლევან ბატონიშვილის მეთაურობით. სემინარიების დაარსება, განათლებულ მოღვაწეთა ძლიერი დასის ჩამოყალიბება, სამეცნიერო, პოლიტიკური და მხატვრული ლიტერატურის თარგმნა რუსულიდან, ცვლილებები სოციალურ სფეროში, ახალთავადების („პომეშჩიკების“) გაჩენა და სხვ. – ქვეყნის ასეთ გარდაქმნებში ხედავდა ერეკლე II ფეოდალური ჩამორჩენილობის დაძლევის გზას, მაგრამ წარმატებისათვის აუცილებელი იყო აგრეთვე ჩამორჩენილი გარემოცვის გარღვევა და უფრო რადიკალური რეფორმების გატარება, რაც მსხვილ კაპიტალდაბანდებებს ითხოვდა. ფინანსური რესურსების შევსებას ერეკლე II ვაჭრობის განვითარებითა და უცხოეთთან სავაჭრო კაპიტალის მიზიდვით ცდილობდა.

image

ქვეყნის გამთლიანებასა და მის სამშვიდობოზე გაყვანას უდიდესი სიძნელეები ეღობებოდა თურქეთის მხრიდან, რომელთა დაძლევაც ქართულ სამეფოებს მხოლოდ საკუთარი ძალებით არ შეეძლოთ, მიუხედავად იმისა, რომ 40-50-იანი წლების წარმატებების ზეგავლენით სომხები, ასირიელები, იეზიდები, კავკასიელი და მახლობელი აღმოსავლეთის სხვა ხალხები გამოთქვამდნენ მზადყოფნას, ერეკლე II-ის მეთაურობით ჩაბმულიყვნენ განმათავისუფლებელ ბრძოლაში. ანტიოსმალური კოალიციების ხანა უკვე დამთავრებული იყო.

ევროპულმა სახელმწიფოებმა ირანსა და თურქეთთან თავიანთი ურთიერთობანი ძირითადად მოაგვარეს, რის გამოც, გარკვეული დაინტერესების მიუხედავად, საქართველოს მათთვის ადრინდელი სტრატეგიული მნიშვნელობა აღარ გააჩნდა. თურქეთის ერთადერთ შეურიგებელ მოწინააღმდეგედ რუსეთი დარჩა, რაშიც შავი და კასპიის ზღვების სანაპიროების დასაუფლებლად მოკავშირეებს ეძებდა ამიერკავკასიაში. ერეკლე II-ს თავისი მიზნების განხორციელების ერთადერთ საშუალებად ერთმორწმუნე რუსეთზე ორიენტაცია მიაჩნდა.

საკუთარი სახელმწიფოებრივი ამოცანების გადასაჭრელად რუსეთის იმპერიის ძალების გამოყენება რუსეთ-თურქეთის ომის შემთხვევაში თუ იქნებოდა შესაძლებელი, რის გამოც რუსეთში ქართლ-კახეთის სამეფოს ელჩობათა (1752, 1760) მთავარი ამოცანა ფაქტობრივად ამ ომის დაჩქარება გახდა. ქართველთა დიპლომატიურ ძალისხმევას სომხეთის საზღვარგარეთული წრეები სომხეთის სახელმწიფოს აღდგენისა და ქართველ-სომეხთა კავშირის იდეასთან ერთად განიხილავდნენ და ქართულ-სომხური ფეოდალური სახელმწიფოს შექმნის სხვადასხვა პროექტებს ამუშავებდნენ, მაგრამ ქართველთა ამ დიპლომატიურ ნაბიჯებს პრაქტიკულად შედეგები არ მოჰყოლია.

XVIII საუკუნის 60-იან წლებში ქართლ-კახეთის სამეფოს მდგომარეობა კიდევ უფრო განმტკიცდა, შესაბამისად გაიზარდა ერეკლე II-ის ავტორიტეტი მახლობელ აღმოსავლეთში. მისმა სახელმა ევროპაშიც გააღწია. 1765 წელს ერეკლე II-მ ერევნის სახანოზე გაილაშქრა, საქართველოსთვის უშუალოდ მისი შემოერთების შესაძლებლობის მოსასინჯად.

1768 წელს კი ფართო პოლიტიკური მიზნებით ჩაება რუსეთ-თურქეთის ომში. რუსეთის მთავრობა კავკასიაში თავის ჯარებს ნაკლებმნიშვნელოვან ამოცანებს აკისრებდა და ცდილობდა კავკასიაში თურქთა შესაბოჭად საქართველოს სამხედრო ძალები გამოეყენებინა. საექსპედიციო კორპუსის მეთაურს გენერალ გ.კ.ჰ. ტოტლებენს ნაბრძანები ჰქონდა, რუსთა მფლობელობის გაფართოების მიზნით, ძირითადად ემოქმედა დასავლეთ საქართველოში, შავი ზღვის სანაპირო ზოლში. მიუხედავად ამისა, ერეკლე II-მ მაინც შესძლო, განეწყო ტოტლებენი ახალციხეზე სალაშქროდ. ასპინძის ბრძოლაში კიდევ ერთხელ გამობრწყინდა ერეკლე II-ის მხედართმთავრული ნიჭი, მაგრამ რუსეთის მთავრობის მხარდაჭერის გარეშე მოპოვებული გამარჯვებით სარგებლობა შეუძლებელი გახდა. რუსეთთან ომში თურქეთის დამარცხებამ ერეკლე II-ს ხელები გაუხსნა ამიერკავკასიაში აქტიური მოქმედებისათვის.

1779 წელს ერეკლე II ლაშქრით ერევნისაკენ დაიძრა საქართველოსათვის ერევნის სახანოს შემოერთების მიზნით. გადამწყვეტ მომენტში ერეკლე II-ის ზურგსუკან ამოქმედებულმა ძალებმა რუსეთიდან „აშვებული“ ქართლის ტახტის პრეტენდენტი ალექსანდრე ბაქარის ძე საქართველოში შემოიყვანეს, რის გამოც ერეკლე II იძულებული გახდა წამოწყებული დიდი საქმე მომავლისთვის გადაედო. აშკარა იყო, რომ რუსეთი თვითონ აპირებდა კავკასიაში გაბატონებას და ერეკლე II-ის შემდგომი გაძლიერება მას ხელს არ აძლევდა.

1783 წელს დაიდო გეორგიევსკის ტრაქტატი – ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთის მფარველობაში შევიდა, მაგრამ საქართველოში მშვიდობიანად შემოსული რუსეთი ამიერკავკასიაში სრული გაბატონებისათვის ემზადებოდა. ერთიანი, ძლიერი საქართველოსა და ერეკლე II-ის ჰეგემონისტური მისწრაფებები ხელს უშლიდა მის მიზნებს, ამიტომ იგი ქართლ-კახეთის სამეფოს თანამიმდევრულ დასუსტების პოლიტიკას დაადგა. მართალია ერეკლე II-მ ქართულ სამეფო-სამთავროთა დროებითი შეკავშირება თითქოს შეძლო კიდეც 1790 წელს, მაგრამ იგი უკვე თითქმის დაუძლურებული იყო. ცენტრალურ ხელისუფლებას აგრეთვე მნიშვნელოვნად ასუსტებდა ერეკლე II-ის მრავალრიცხოვანი შვილებისა და შვილიშვილების პრეტენზიათა დასაკმაყოფილებლად დედოფლის გავლენით მიღებული ტახტის მემკვიდრეობის ახალი წესი (1791), რომლის მიხედვით მეფობა უნდა გადასულიყო ძმიდან ძმაზე და საუფლისწულოების ჩამოყალიბების დაკანონება (1792), კრწანისის ტრაგედიაც შექმნილ სიტუაციაში ერთობ სიმბოლური ჩანდა, თუმცა მეფის ავტორიტეტი ვერც ამ მძიმე მარცხმა შეარყია. ხალხის მეხსიერებაში ის ქვეყნის დამოუკიდებლობისა და აღორძინებისთვის მებრძოლ რაინდად დარჩა. რუსეთის მიერ ტრაქტატით ნაკისრი ვალდებულებების რეალიზაცია კი ერეკლე II-მ მომავალ თაობებს უანდერძა.

ერეკლე II იმავე ოთახსა და იმავე საწოლში გარდაიცვალა, სადაც დაიბადა. მეფის სიკვდილის ამბავი რომ გახმაურდა, ხალხი ყოველი მხრიდან თელავს მიაწყდა. სამგლოვიარო პროცესში მონაწილეობას იღებდა ქართული ჯარი თავისი დროშებითა და ქვემეხებით. მისი შვილიშვილის, თეიმურაზ ბატონიშვილის გადმოცემით, მეორმოცე დღეს ერეკლე II-ის ცხედარი მცხეთაში წაასვენეს და სვეტიცხოვლის ტაძარში დაკრძალეს.

*
*

წყარო: გურამ მაისურაძე, საქართველო, ენციკლოპედია, ტ. III, 2014 წ. ირაკლი აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია. გვ. 38.

4
232
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
232
  
17 თებერვალი, 10:30
ერთი კაცი იყო,ვინც სამარცხვინო საციელი ჩაიდინა და მას პასუხი მხოლოდ კახეთში მოსთხოვეს,თითქოს ერეკლე მარტო კახეთის კუთვნილება არის. ვისაც უნდა ეწყინოს,კახეთი და კახელები ყოველთვის სწორ პოზიციას იჭერენ ხოლმე,ასე იყო ისტორიულად. როცა ქვეყანა სამეფო სამთავრობეად დაიშალა,გიორგი VIII მხოლოდ კახელებმა უერთგულეს და ის გახდა კახეთის მეფე გიორგი I. დავანებოთ თავი იმ პერიოდს,2008 წლის ომში მონაწილე ხალხს გადახედეთ,კახეთის და აღმოსავლეთ მთიანეთის მცხოვრებნი იყვნენ პროცენტულად მეტნი,მაშინ როცა ქართლელები ცხინვალიდან გამორბოდნენ,კახელები იქ იყვნენ და იბრძოდნენ საქართველოსთვის. კახელები იცავენ არამარტო ერეკლეს,კახეთი მომხრეა და ასე იყო ყოველთვის ერთიანი ქვეყნის იდეას,მეგრელებისგან და გურულებისგან გასხვავებით,სამცხე ცალკე საკითხია კიდევ. რა თქმა უნდა კახეთს ყავდა ავ გიორგები და გამოსირებული სხვა მთავრები,თუმცა საერთო იდეა ყოვლეთვის იყო ერთიანი საქართველო. კახეთის მეფეების პრეტენზია საქართველოს ტახტზე იყო სამართლიანი,რადგან ერთიანი საქართველოს მეფეთა ხაზი კახეთში გაგრძელდა,თუმცა ისტორიამ ნუმერაცია დაარღვია,რაც შეცდომა არის და ბევრი რამე შეცდომით გვაქვს ნაღიარები და ნასწავლი. გიორგი სააკაძე არის ერთერთი მაგალითი იმისა,რომ ერი მოღალატეს და საკუთარი ინტერესების გამტარებელს ძეგლებს უდგავს,პატივს მიაგებს რაზეა საუბარი. სააკაძე ძლერი მხედარი იყო,თუმცა სახელმწიფო გადატრიალებაში იღებდა მონაწილეობას,დარბოდა ირანებში და ოსმალებში,რა უნდოდა თვითონაც ვერ ხვდებოდა. ეს იგივეა,იგორ გიორგაძეს რო მომავალში ძეგლი დაუდგან,რადგან ედიკას ტერაქტი მოუწყო და რუსებს მიეკედლა. ირანი იყო ჩვენი მტერი და იქ გაქცევა იგივეა,რასაც საქართველოს მტრები ეხლა აკეთებენ ანუ რუსეთში გაქცევა. დარწმუნებული ვარ უყვარდა სააკაძეს თავისი ქვეყანა,გიორგაძესას უყვარს ალბათ,თუმცა არასწორი ნაბიჯები აირჩიეს და ისინი მოღალატენი არიან. ვიცოდეთ ჩვენი ქვეყნის ისტორია და ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ.
17 თებერვალი, 10:15
თუ ვინმეს გონია,რომ ახლანდელი რუსეთი მაშინდელზე ძლიერია,რატომ ვერ გავთავისუფლდით და რატომ ვერ გავაერთიანეთ ქვეყანა? ერეკლე ხიხია იყო და ეხლა რას ვაკეთებთ? მაშინდელი რუსეთი ძალიან ძლიერი მოთამაშე იყო,რომელსაც ვერაფერი უქნა ნაპოლეონის და ევროპის კუოლიციამ,მიუხედავად იმის რო ბოროდინოზე გაიმარჯვეს,მაინც ვერ დაამარცხეს რუსები და ეს გახდა ნაპოლეონის დასარული. ამიტომაც ამბავს ლოგიკური დასასრული ქონდა,საქართველო მაინც რუსების შემადგენლობაში შევიდოდა,შეიძლებოდა ნაკლები დანაკარგებით გამოსვლა აქედან,თუმცა შეცდომების დაშვებას მივყავით ხელი და დიდი დანაკარგები ვნახეთ,ასე იყო 90იანებშიც. ამიტომაც ყველა ქართველმა უნდა იცოდეს საკუთარი ისტორია და მას კრიტიკული თვალით შეხედოს.ჩვენ რუსებმა არ დაგვიპყრეს ან გაგვაფარჩაკეს,ეს თავად გავაკეთეთ და ამის შედეგებს ახლაც ვიმკით. ჩვენივე თავი ისეთ სიტუაციაში შევიყვანეთ,საიდანაც უმტკივნეულოდ ვერ გამოვალთ და მერე დავაბრლებთ ვიღაცას,ან პუტინს ან გამსახურდიას,თუმცა მთლიანი ქვეყნის ბრალია ეს. ბოლო საუკუნეებში,ერთი ადამიანი გვყავდა,ვინც უანგაროთ იქნევდა ხმალს 60 წელი და იბრძოდა ამ ქვეყნისთვის,ჩვენ მასაც ვცდილობთ ჩირქი მოვცხოთ და გავაპარტახოთ,რაც იდეაში სირცხვილია. ბოლო სამასი წლის მანძილზე საქართველოს არ ყოლია მსგავსი ტიპის ლიდერი,არც ილია ჭავჭავაძე,არც ჩოლოყაშვილები ან გამსახურდიები,მხოლოდ ერეკლეზე შეგვიძლია ვთქვათ,რომ ის იყო ნამდვილი ქართველი და ქართველ ხალხზე შეყვარებული ადამიანი,რომელმაც საქმით დაამტკიცა ეს ამბავი და მოკვდა კიდეც ამ ქვეყნისთვის.
17 თებერვალი, 10:02
როგორც სტატიაშია ნახსენები,მეფის კურთხება ტრადიციული ქრისტიანული წესით უკვე დიდი ამბავი იყო,ამიტომაც ერეკლეს უპირველესი ამოცანა იყო შეენარჩუნებინა ეს მიღწევა და სარწმუნოებას საფრთხე არ უნდა დამუქრებოდა,რასაც იდეაში ქვეყნისთვის ხსნა უნდა მოეტანა და მოუტანა კიდევაც,ეს სწორი გათვლა იყო. ყველამ იცის,რომ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების საქმეში უდიდესი წილი სასულიერო პირებმა დაიდეს და ავტოკეფალიის აღდგენამ,ამიტომაც რუსეთზე სწორება იმ პერიოდში იყო სწორი. ერეკლეს ვერ ეცოდინებოდა რას გადაწყვეტდა ახალგაზრდა იმპერატორი ალექსანდრე,როცა მას ურთიერთობა ეკატერინესთან ქონდა. როგორც თანამედროვეობაში რო გადმოვიტანოთ,ბუშის ადმინისტრაცია და რესპუბლიკელები მხარს უჭერდნენ საქართველოს,ხოლო ობამას ადმინისტრაციამ შეცვალა მიდგომა და დათბობის პოლიტიკა აწარმოა რუსეთთან,რატომ მოხდა ასე? ან ავიღოთ უკრაინის ამბავი,ბაიდენის ადმინისტრაცია მხარს უჭერს,თუმცა ტრამპი რადიკალურად სხვა მიდგომებით გამოდის. ამიტომაც იმის მტკიცება რო ერეკლემ შეცდომა დაუშვა არის უაზრობა და სიტუაციის არ ცოდნა. მეც რო ვყოფილიყავი მის ადგილას და დღევანდელი ინფრომაცია მქონდა,მაინც იმავეს გადავწყვეტდი,რაც ერეკლემ გადაწყვიტა.

ასევე,სტატიაში ნახსენები არ არის(გაკვრით არის საუბარი) და რატომღაც ამას არ ახენებენ,კრწანისში 5 ათასი მეომარიც არ ყავდა და 1798 წელს,როცა თელავიდან მცხეთაში მიასვენებდნენ,12000 მხედარი მიაცილებდა და ეს როგორ არის შესაძლბელი? როგორც დღეს,ისევე მაშინაც აგენტურა მუშაობდა და ბევრი თავადი სხვადასხვა იმპერიების ინტერესებს ატარებდა და ასე ცდილობდა ქონების დაგროვებას,რა უნდა გაეკეთებინა ეკრეკლეს ასეთ დროს? შეეძლო სათითაოდ მოეკლა ისინი,თუმცა ქვეყანას გამოადგებოდა ეს? ასევე,დასავლეთ საქართველოს მეფე სოლომონს დიდი პრობლემა ქონდა,ბავშვებს იტაცებდნენ და ყიდდნენ სტამბულის ბაზარზე,რა ესეც ერეკლეს და სოლომონი ბრალი იყო? თუ გგონიათ,სხვა ხალხი შემოდიოდა ამ საქმისთვის? ამიტომაც სანამ ერეკლეზე რაიმეს იტყვით,ჯერ კარგად უნდა დაფიქრდეთ და გაითვალისწინოთ მაშინდელი ამბები.
17 თებერვალი, 9:48
არასწორია,როცა "ერეკლე II-ს თავისი მიზნების განხორციელების ერთადერთ საშუალებად ერთმორწმუნე რუსეთზე ორიენტაცია მიაჩნდა" ამას ამბობთ,რადგან ეგრე არ იყო. უბრალოდ,დღეს მოდაშია ამ კუთხით შეფასება ამ დიდებული მეფის და მთავარსარდლის,რასაც არანარი ლოგიკური ახსნა არ გააჩნია. ერეკლე 4 მიმართულებით პოზიციონირებდა,რაც ლოგიკური იყო იმ პერიოდში. სამეზობლოში სამი დიდი იმპერია ყავდა და მათ ინტერესებს ვერ უგულვეყოფდა და ამიტომაც ითვალისწინებდა,ასე დგავდა ნაბიჯებს,ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს ელჩობის გაგზავნა ევროპის სახელმწიფოებში. თამამად შეიძლება ითქვას,რომ მან ყველა გზა და ხერხი მოსინჯა სიტუაციის შესაცვლელად,თუმცა გეოპოლიტიკურმა სიტუაციამ და თავადების საკუთარი ინტერესების გატარების მცდელობებმა ეს ყველაფერი უაზრობად აქცია. ულაპარაკოდ,ერეკლე იყო საქართველოს ისტორიაში ერთიერთი საუკეთესო მხედარი და მეფე,რომელმაც ბევრი რამე შეცვალა ქართლ-კახეთში და ერს დაუბრუნა ბრძოლის უნარიანობა. ისეთი გაპარტახებული ქვეყანა,როგორიც მაშინ იყო,არ ყოფილა არცერთი დიდი მეფის მოსვლამდე,თვით დავით აღმაშენბლის მოსვლამდეც კი არ იყო ასეთი ცუდი მდგომარეობა,რამეთუ მაშინ ადამიანებს ის მაინც ახსოვდათ რა იყო ერთიანობა და რა იყო დამოუკიდებლობა. ერეკლემდე სრული კატასტროფა ხდებოდა,ქვეყანა გაპარტახებული იყო როგორც მორალურად,ასევე ეკონომიკურადაც. ქვეყანას გამოვლილი ქონდა ჯერ ოსმალობა და მერე ყიზილბაშობა,ქვეყანაში სარწმუნობის ყოფნა არ ყოფნის საკითხი იდგა,შიდა დაპირისპირებები უფრო აფარჩაკებდა ქვეყანას.
0 1 4