ჭიდაობა "ნუთუ ქართლსა და კახეთსა ვაჟკაცი შემოელია, აქ რაღაც ცბიერობაა უთუოდ საეჭველია"-ლეგენდარული ნესტორ ესებუა 11 თებერვალი, 11:28 160 წლის წინ, 1864 წლის 11 თებერვალს დაიბადა ლეგენდარული მოჭიდავე, იშვიათი ღონის, მოქნილობის და სისწრაფის ფალავანი ნესტორ ესებუა, რომლის საოცარი ოსტატობა თაობიდან თაობას გადაეცემა.
დაიბადა სენაკის რაიონის სოფელ სორტაში.- ფოცხვერივით სწრაფი და ხარივით ღონიერი, ამბობენ, როცა ბათუმში როშტილდის ქარხანაში მტვირთავად მუშაობდაო, რელსების მარტო ეწეოდაო, როცა ჩვეულებრივ რელსის აწევას რამდენიმე კაცი სჭირდებოდა. კიდევ ერთი საინტერესო ისტორია არსებობს. ნესტორს მედუქნის ვალი დასდებია. ამას უთქვამს, ქარხნიდან კალა მომიტანე და ვალს იმაში გაგიქვითავო. ერთ დღესაც ნესტორს ნაბდის ქვეშ ამოუჩრია ორი ყუთი კალა და ქარხნიდან ღამით დუქანში მიუტანია. კარგა ხანს ეჯაჯგურნენ მედუქნე და მისი ხელის ბიჭები ამ ყუთებს, მაგრამ ადგილიდან ძვრა ვერ უყვეს. თავად ნესტორს დაუწყია მერე სასწორზე და 16 ფუთი გამოსულა… ანუ 180 კილოიანი ყუთები ამხელა გზაზე უტარებია. როგორც ამბობენ ამ ამბიდან კარგა ხნის მანძილზე დუქანში მუქთად საუზმობდაო. საჭიდაო ასპარეზზე 1985 წლიდან, 21 წლის ასაკში გამოჩნდა, სწორედ იმ პერიოდში ბათუმში საჭიდაოდ ჩასულა საქართველოში უკვე სახელგანთქმული ფალავანი კულა გლდანელი და ერთიმეორის მიყოლებით 12 მოჭიდავე წაუქცევია. ხალხი ნესტორ ესებუას მიაწყდა, არიქა გვიშველე შეგვარცხვინა ამ თბილისელმაო. სწორედ ამ დღეს 1885 წლის 14 აპრილს დაიწყო ამ ორი დიდი ფალავანის დაპირისპირება. ბათუმელთა გასახარად ნესტორს გაუმარჯვია. სულ ოთხჯერ შეხვედრიან ერთმანეთს და ყველა ეს დაჭიდება ნამდვილი ზეიმი იყო სპორტის ამ სახეობის მოყვარულთათვის, უნდა ითქვას რომ ოთხივეჯერ ნესტორს გაუმარჯვია. ყველაზე გახმაურებული კი მეორე შეხვედრა გამოდგა, რომელსაც აკაკი წერეთელმა მესტვირული ლექსი (`ჭიდაობა) მიუძღვნა. "ეს ქუთაისში შეიტყვეს შუბლში იტკლიცეს ხელია, ნუთუ ქართლსა და კახეთსა ვაჟკაცი შემოელია, აქ რაღაც ცბიერობაა უთუოდ საეჭველია უნდა უშველოთ როგორმე თუ სადმე მისაშველია. როგორ თუ მთელი ქვეყანა მან ასე აიბუაო? მოდი გავგზავნოთ აქედან მეგრელი ესებუაო. ისე დაბლაგვოს, იცოდეთ, როგორც რომ დანის ყუაო. მაშინ იტლინკოს გლდანელმა, მერე ისწავლოს ჭკუაო. მაშინ წამოდგა ნესტორა სიმდაბლით მოუბარია: უფროსები ხართ და ჩემგან არ გეკადრებათ ვარია. თუ გავიმარჯვე აქავე ჩამოვალ მომცინარია, თუ ვერა კომბალს ავიღებ და წავალ სადაც ცხვარია. გლდანელის საპირდაპიროდ აქ ვიღაც ჩამოსულაო, მაგრამ ყურებსაც არ იბერტყს ჩვენი ნაქები კულაო, ამბობს, ამისი ტოლები აქ ბევრი გალახულაო, და ესეც ისე გავპენტო როგორც რომ ბამბის ქულაო. გამოდის კულა გლდანელი მხარბეჭა და შიშველია, ჯეირანივით ნავარდობს, მაღლა ხტის როგორც შველია, ტანზედაც ერბო წაუსვამს, რომ ვერ მოავლონ ხელია, გარს ახვევია ამქრები, სუყველა მისი მშველია. მეორე მხრიდან მეგრელი გამოძვრა როგორც ტურაო, რომ დაინახა გლდანელი ლომივით მიაშურაო, მკლავებში ხელი მოავლო და ერბომ აიცურაო, კინაღამ უცბად გაფუჭდა და ბედმა მოიმდურაო. განზე გადუხტა მატყუარს, სისწრაფით მოიშორაო. ამბობს, ხელს ვერსად ვკიდებ, რა ცუდად მომაღორაო. მივარდა, გულში ხელი ჰკრა, ბურთივით გააგორაო. ვეფხვივით ზურგზე დაახტა, დათვივით მოიტორაო. ქვეშ დევს, ფართხალობს გლდანელი, ცდილობს ზე წამოდგომასა. ზემოდან მტკვალავს ნესტორა, თითქო იღებდეს ზომასა. თან ეუბნება დაცინვით: კულა ნუღარ სწევ შრომასა, უფრთხილდი თან არ გადაყვე შიშსა და გულისწყრომასა. ფეხებში ხელი მოჰკიდა, თავდაღმა დააყირაო, საცეცხლურივით დაკმევა ოთხკუთხივით დაუპირაო. იმისი მაყურებელი სუყველა გააკვირაო, კულა გლდანელის მომხრენიც უწყალოდ აატირაო." ფოტოზე: ნესტორ ესებუა და კულა გლდანელი ნესტორ ესებუას სხვადასხვა დროს დამარცხებული ჰყავს საქართველოსა და უცხოეთის არაერთი სახელოვანი მოჭიდავე, მათ შორის @კულა გლდანელი, კლემენს ბული, გეორგ ლურიხი, ივან პოდდუბნი, სარი სულეიმანი, ყაზბეკ გარა, ემილ ფორი და სხვები. წარმატებით გამოვიდა პეტერბურგის, თეირანის, სტამბოლისა და ბრიუსელის დიდ ტურნირებში. პერსონალურად იყო მიწვეული პარიზის საერთაშორისო გამოფენის გახსნასთან დაკავშირებით გამართულ შეჯიბრებაში, რომელშიც მსოფლიოს 300-ამდე საუკეთესო მოჭიდავე მონაწილეობდა. დაამარცხა 10 მეტოქე, რისთვისაც ჯილდოდ გადასცეს 1000 ფრანკი და ოქროს ჟეტონი. ქართული ჭიდაობის ისტორიაში განსაკუთრებულ მოვლენად იქცა ნესტორ ესებუასა და მანამდე უძლეველი ფალავნის, კულა გლდანელის მეტოქეობა. 1880-იან წლებში ეს მოჭიდავეები არაერთხელ ეხვდნენ ერთმანეთს (დაუზუსტებელი ცნობით - ხუთჯერ). საბოლოო გამარჯვებულად ესებუა გამოცხადდდა. ფართოდ გახმაურდა 1886 წლის 1 აგვისტოს თბილისში - "იტალიელების ბაღში" გამართული ორთაბრძოლა, რომელაც აკაკი წერეთელმა მესტვირული ლექსი ("ჭიდაობა") უძღვნა, გაზეთი "დროება" კი წერდა: "ჩაჰკიდეს ხელი ერთმანეთს მოწინააღმდეგეებმა. შეტაკებაში პირველმა გლდანელმა წააქცია ესებუა, მან ისე რიხიანად დაატრიალა ის, რომ ყველას ეგონა, მიწიდან მოწყვეტს და ჰაერში აისვრისო, მაგრამ ახალგაზრდა მოჭიდავე გამაგრდა და საპასუხოდ დასცა მოწინააღმდეგე პირქვე, მაგრამ კულა მალე წამოხტა ფეხზე, მივარდა ესებუას გამხეცებული და კისრულით დასცა მიწაზე, მხოლოდ ერთი მხარით. ესებუას დამარცხება ვერც ამჯერად შესძლო გლდანელმა, ისინი ორივენი წამოდგნენ ფეხზე და განაგრძეს ჭიდაობა. კულამ მეორედ გადმოიტანა კისრულზე ნესტორი უფრო უკეთესად, ვიდრე პირველად, მაგრამ მაინც ვერ შესძლო მისი საბოლოოდ დამარცხება. ისინი ხელმეორედ წამოდგნენ ორივენი ფეხზე და მესამედ შეეჯახნენ ერთმანეთს. ახლა კი გაცეცხლებული მეგრელი ვეფხვივით მივარდა კულას და დასცა ბეჭებზე, რითაც მოიპოვა საბოლოო გამარჯვება”. მრავალი წარმატებული ჭიდაობის შემდეგ ნესტორ ესებუამ საჭიდაო არენაზე გასვლა შეწყვიტა და ხელი მწვრთნელობას მიჰყო. ის სხვადასხვა დროს ჭიდაობებს აწყობდა სამტრედიაში, სურამში, ჭიათურაში, ქუთაისში, ზესტაფონში და სხვაგან. გამოირჩეოდა ასევე ქველმოქმედებით; 1919 წელს ჭიდაობიდან აღებული ფულიდან 400 მანეთი შესწირა სენაკის სკოლის მშენებლობას. ფულით ეხმარებოდა წითელი ჯვრის საზოგადოებას. ერთხელ, როდესაც ის მშობლიურ სოფელ სორტაში მიდიოდა, მოულოდნელად, მოსახვევში ეტლი გადაუბრუნდა და სხეული დაუზიანდა. იგი ორი თვის ავადმყოფობის შემდეგ, 1931 წლის 7 აგვისტოს, 67 წლის ასაკში გარდაიცვალა. 455 3-ს მოსწონს
|