კინო "კაცი, რომელიც საბჭოთა იმპერიას შეება და დაამარცხა" 31 იანვარი, 11:49
100 წლის წინ, 1924 წლის 31 იანვარს დაიბარა ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ქართველი კინორეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი, თენგიზ აბულაძე, რომლის ფილმებიც მრავალი საერთაშორისო კინოფესტივალების გამარჯვებულები გახდნენ.
გთავაზობთ რეჟისორ ნანა ჯანელიძის მოგონებებს დიდ რეჟისორზე, რომელიც არის ავტორი წიგნისა " „თენგიზ აბულაძე, ანარეკლები“, სადაც თავმოყრილია სხვადასხვა ადამიანთა მოგონებები და კიდევ უნიკალური ფოტომასალა: “თენგიზ აბულაძეს სულ 7 ფილმი აქვს გადაღებული. ყველაზე დიდი აღიარება „მონანიებამ“ მოუტანა, თუმცა თვითონ ყველაზე მეტად „ვედრება“ უყვარდა. ტრილოგიის გარდა – “ვედრება”, “ნატვრის ხე”, “მონანიება” – არცერთი თავისი ფილმი არ მოსწონდა, ეს ფილმები კი იყო: “მაგდანას ლურჯა”, “სხვისი შვილები”, “მე ბებია, ილიკო და ილარიონი”, “ყელსაბამი ჩემი სატრფოსთვის”… ბოლოს, მძიმე ავადმყოფობის მიუხედავად, სჯეროდა რომ ფილმის გადაღებას კიდევ შეძლებდა. ამბობდა – რაც გადავიღე არაფრად ვარგა, უნდა გადავიღო რაღაც სრულიად ახალი, ფორმითაც და სტილითაც. ერთხელ მის ოთახში შევიხედე, რაღაცას წერდა. ვკითხე: – ბატონო თენგიზ, სცენარის წერა დაიწყეთ? – შეცბუნებულმა გამომიწოდა ფურცელი, რომელიც ერთადერთი ფრაზით იყო გადავსებული: ვინ ვართ? საიდან მოვდივართ? საით მივემართებით? უკანასკნელ გზაზე გაცილებისას, რეზო ჩხეიძემ იგი პატარა მწყემსს, დავითს შეადარა, რომელიც გოლიათს – საბჭოთა იმპერიას შეება და დაამარცხა.” "მე ოცი წელი გავატარე თენგიზ აბულაძის გვერდით - ჯერ მისი სტუდენტი ვიყავი, შემდეგ ოჯახის წევრი გავხდი, "მონანიების" გადაღების დროს თანამოაზრე და კოლეგა. ამის მიუხედავად მიჭირს რამე გამორჩეული ვთქვა მასზე, რადგან სიცოცხლე მთლიანად კინოს მიუძღვნა. აბულაძის შემოქმედება უფრო საინტერესოა, ვიდრე ყოფითი ცხოვრება. მან მხოლოდ შვიდი ფილმი გადაიღო, მათში არც ერთი არ ყოფილა შემთხვევითი. ყოველი ფილმი, ყოველი კადრი, ყოველი ნაბიჯი მისი ცხოვრებისა ღრმად იყო გააზრებული. ...."ნატვრის ხის" შემდეგ აბულაძე მძიმე ავტოავარიაში მოხვდა, მძღოლი ადგილზე დაიღუპა, ბატონი თენგიზი სასწაულებრივად გადარჩა. მას გაუჩნდა რწმენა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი რამ უნდა შექმნას. ერთხელ თენგიზ აბულაძეს ქუჩაში აკაკი ბაქრაძე შეხვდა. თენგიზმა უთხრა, რომ სცენარს ეძებს ახალი ფილმისთვის. აკაკი ბაქრაძემ გაიხსენა ამბავი, რომელიც დასავლეთ საქართველოში მოხდა: ვიღაცამ წარსული ცოდვებისთვის მიცვალებული საფლავიდან ამოთხარა და ჭირისუფალს მიუყუდა ჭიშკართან. ისიც დაუმატა, რომ ამ თემაზე მწერალი ნოდარ წულეისკირი მუშაობდა. 1937 წელს მაღალჩინოსან ჩეკისტს ბუღალტრის ლამაზი ცოლი მოეწონა. ჩეკისტმა ბუღალტერი გულაგში გაუშვა, ცოლი კი საყვარლად გაიხადა. ქალმა თავი ჩამოიხრჩო... გავიდა წლები, ჩეკისტი გარდაიცვალა და შურისძიება შეუძლებელი გახდა. მაშინ მსხვერპლის ვაჟმა საზარელი სასჯელი მოიფიქრა - მიცვალებული ამოთხარა და პატრონს სახლთან მიუგდო. ეს ზუსტად ის იყო, რასაც აბულაძე ეძებდა. ეს ფაბულა იქცა მომავალი ფილმის კვანძად, სცენარს "აფთარი" დაერქვა. ამ სიუჟეტში წარსული აწმყოს დრამატურგიულად უკავშირდებოდა"... 350 3-ს მოსწონს
|