სისხლის სამართალი პროკურატურა: საჯარო სკოლის პედაგოგი თავის კოლეგას დაჟინებით სთხოვდა სქესობრივ ურთიერთობას 30 იანვარი, 16:49 საქართველოს პროკურატურის განცხადებით პროკურატურამ ერთ პირს ადევნების ფაქტზე ბრალი წარუდგინა. პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია რომ ბრალდებული, რომელიც არის საჯარო სკოლის პედაგოგი 3 წლის განმავლობაში ახორციელებდა სექსუალური სახის შევიწროებას თავისივე კოლეგასთან. "შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლიდან 2023 წლამდე პერიოდში, თერჯოლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, საჯარო სკოლის პედაგოგი თავის კოლეგასთან არასამსახურებრივ და არასასურველ კომუნიკაციას სისტემატურად ამყარებდა. კერძოდ, ბრალდებული დაზარალებულს დაჟინებით სთხოვდა სქესობრივ ურთიერთობას და კატეგორიული უარის მიუხედავად, მასთან დაახლოების მცდელობებს მაინც განაგრძობდა. დაზარალებული იძულებული გახდა მნიშვნელოვნად შეეცვალა ცხოვრების ჩვეული წესი და სამსახურიდან ხანგრძლივ უხელფასო შვებულებაში გასვლის შესახებ გადაწყვეტილება მიეღო", - წერია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში. სკოლის პედაგოგს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ადევნება, რამაც დაზარალებულის ფსიქიკური ტანჯვა და ძალადობის გამოყენების შიში გამოიწვია) წარედგინა. აღნიშნული დანაშაული ისჯება ჯარიმით, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომითი საათებით, ან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
77 შეფასება არ არის
|