სხვა გიულის ბედნიერება (სოციალურ-რომანტიკულ-პოლიტიკური ნოველა)-გელა ზედელაშვილი 2023, 3 დეკემბერი, 14:44 ინტერნეტგამოცემა "ლიდერის' აღმასრულებელი დირექტორი გელა ზედელაშვილი იუმორისტულ პოსტს(ნოველას) აქვეყნებს სოციალურ ქსელში ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედაზე, გიული ალასანიაზე, რომელსაც ქვემოთ შემოგთავაზებთ.შეგახსენებთ, ორიოდე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია აშშ-დან;კერძოდ ნიუ-იორკში, მანჰეტენზე, სარეკლამო მონიტორიდან მიხეილ სააკაშვილის დედას გიული ალასანიას და პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს გიორგი ჩალაძეს დაქორწინებას ულოცავენ. "გიულის ბედნიერება
(სოციალურ-რომანტიკულ-პოლიტიკური ნოველა)
ქალი სარკესთან გაჩერდა, საკუთარ “მე''-ს გაუღიმა. ატლასის წითელი კაბა ტანზე შემოტმასნოდა. კარგ განწყობაზე აყენებდა. ძალიან უყვარდა წითელი ტანისამოსი. ამას წინებზე იმან უთხრა, ეგ წითელი ატლასი რომ გიხდება, ეგრე არაფერიო, ვაფრენო, ჭკუიდან გადავდივარო, დედოფლად გამაიყურები, შენი მუხლების ჭირიმე, აფეთქებულ ბროწეულსა ჰგავხარო. არა, ნებისმიერ ტანისამოსში, თუნდაც ტატრაყუნა იყო, მაინც დედოფალი ხარ, მაგრამ წითელი ღრუბლებამდე გამაღლებს, ხშირად იმის ზემოდანაც კი გადმოგვყურებო. მისმა სიტყვებმა უსაზღვრო აღმაფრენა მოჰგვარა, ზებუნებრივად აღატყინა, ჰასაკი საერთოდ გადაავიწყდა, სტუდენტობისას რო ანცობდა, იგეთივე გრნობა დეეუფლა... მეტიც, ენერგიით აღივსო და გადაივსო.
იმან ხელი სთხოვა, ცოლად უნდა წამომყვე, ერთი ნახვით შემიყვარდი, თავი დავკარგე, სანამ ხელში არ აგიტატებ, ვერ მოვისვენებო. არ გაჰკვირვებია, თითქოს ელოდა კიდევაც, ღაწვებზე ატყობდა, გულგრილი არ იყო. უნდა ეთქვა, ჯერ ჩემ მშობლებთან მიდი, დაელაპარაკე, გაპარვა არ გამოვა, გოგო-ბიჭი აღარ ვართო, მაგრამ უცებ გაახსენდა, რომ მშობლები იმ სოფელში იყვნენ გარდასულები და გული დასწყდა. უცებ გონება გაუნათდა, სარკის წინ შეხტა, ჰაერში შემოტრიალდა და ზურგს უკან ქოშებიც შეათამაშა. ქოშების შეთამაშება დედა-დედოფლობის პერიოდში ისწავლა, როცა მისი ვაჟი პირველკაცობდა. მაშინ მთელი ქვეყნიერება ფეხქვეშ ეგებოდა, ცაში აჰყავდათ, ლექსებს უძღვნიდნენ, მის სილამაზეს უმღეროდნენ. მერე, როცა მისი ვაჟი პირველკაცობიდან ჩამოაგდეს, ყველაფერი ჩაცხრა. თუმცა აგერ, გამოჩნდა მოთაყვანე, რომელმაც მთელი სამყარო გადაფარა. იცის, ეს ჭორიკანა საზოგადოება მთელ დუნიას შეჰყრის - რათაო? რისთვინაო? რა დროს ეგ იყოვო? შვილი ტუსაღობაში ჰყავს, ეგ კიდენა ნირვანაშია ჩავარდნილიო. მოჰყვებიან ათას დოზანასა და ოხრობას, აღარ გაჩერდებიან. ნეტავ მისი პირადი ცხოვრება ვისი გასარჩევია?
გუშინ ტელეფონით სადედამთილოს ელაპარაკა. მე მესმის შენიო, ჩემი შვილისაცო, სიყვარულს რას გაუგებ, ჩემო ოლღავ კი არა, ჩემო გიულიო? გინდა ოლღა ყოფილხარ, გინდა - გიული, მნიშვნელობა არ აქვს, ვისაც ჩემი შვილი ინდომებს, მეც ის მენდომება, მეც იმას მივიღებო... ამ შაბათ-კვირას რაღა იქნება და იმ შაბათ-კვირას ლილოს ბაზრობაზე წაგიყვან, ბეწვეულს გიყიდიო. საუბრის პირველი ნაწილი ძალზედ ესიამოვნა, მეორე - არა, ეტყობა, სადედამთილო აზრზე არ არი, რომ გიული “კლეჩატი პრავიზონკით'' ლილოს ბაზრობაზე არ დადის, ჩინურ ტანისამოსს არ ყიდულობს. არაუშავს, როცა ოჯახში შევა, როცა მოშინაურდება და “პალაჟენიასაც'' დაამყარებს, მაგ საკითხსაც უცილობლად მოაგვარებს - ქალი ვარსკვლავებ ეთამაშება, მზეს ეუბნება, შენ ჩადი, მე უნდა ამოვიდეო და ეს კიდე, ლილოს ბაზრობაზე წაგიყვან და ზიზიებს გიყიდიო. ბოლო ფრაზამ ნამეტნავად გააღიზიანა, მაგრამ ამ ეტაპზე თავი შეიკავა, თემა შეცვალა, სამამამთილო მოიკითხა - რასა იქმს, რასა სჩადისო? რას უნდა იქმდეს და რას უნდა სჩადიოდეს, წელებზე ფეხებს იდგამს და იღლიებიდან ოფლსა ჰღვრისო, - მიუგო სადედამთილომ. ცოტა კიდე მოითმინოს, შემოვალ ოჯახში და მაგ საკითხსაც მოვაგვარებ, ეგღა მაკლია, ჩემმა მამამთილმა იღლიებიდან ოფლი ღვაროს და მერე მუწუკები გამოუვიდესო. სამულეც მოიკითხა, რას შვრება, რატომ არ თხოვდებაო? ეჰ, იგეთი ტალიკ-ტალიკა ბიჭები თხოულობდნენ, იგეთი ხმლებამოღებული ვაჟკაცები ეძლეოდნენ, იტყოდი, ნეტავ თქვენ არ გიყუროთ, მა ვის უნდა ვუყუროვო? ყველა დაიწუნა, ყველას ხელი ჰკრა და ყველა განაგდო, - მიუგო სადედამთილომ და გულისთქმას თან ოხვრაც დააყოლა. არაუშავს, შემოვდგამ ფეხსა ოჯახში და გავათხუებ, იგრე არ დავტოვებ, მაგასაც მივხედავო, - ჩაილაპარაკა საპატარძლომ და დასძინა, მამას მოკითხვა გადაეცი, გავიგე, თურმე ჩემ ხსენებაზე ტლინკები უყრიაო. არა, ეგ მოულოდნელი ელდისაგან დეემართა, თითქოს მეხი დეეცა, მაგრამ უკვე გადაუარაო, - დაიწყო ქმრის “გაპრავება'' სადედამთილომ და თემის შეცვლა მოიწადინა - ბიჭი, როგოა, მართლა სუნი ასდის თუ უგონებენო? მთლად არ უგონებენ, სუნი კი ასდის, მაგრამ მტრის ჯინაზე ჯერ არა ლპება. ღმერთმა ნურც დაალპოს, ეგ კიდე იტყვის თავის მჭახე სიტყვასო, - აუწია ხმას სადედამთილომ. იტყვის, მა არ იტყვის?! - აჰყვა სადედამთილოს საპატარძლო და ტელეფონით ხმოვანი კოცნა გაუგზავნა - პრუწუნიიიი!
გიული ნიკოლოზის გამოჩორკნილ “ტაბურეტკაზე'' ჩამოჯდა, თითქოს დაიღალა, თითქოს მუხლებში წყალი ჩაუდგა და დაუმძიმდა. ეგრე არასდროს მოსვლია, ადრე უფრო მეტი სტრესული მდგომიარობა განუცდია, მაგრამ ენერგია არასდროს გამოსცლია. ამას წინებზე ექიმმა უთხრა, ეგ ჰასაკობრივი ამბავიაო. ჰმ... რა ჰასაკობრივი, მაგას ხო არ ძმარავს? ქალი ყოველდღიურათ იფურჩქნება და ეს კიდე - ჰასაკობრივიო. არა, ეს ალბათ სოციალური გადაღლილობაა, ჩაივლის ყველაფერი, ვაჟიც განტუსაღდება და ერთად წავლენ ბადენ-ბადენში, ყოველ დილა-საღამოს ისეირნებენ მდინარე ოსის სანაპიროზე და სულაც გადაივიწყებენ ამ უსიამოვნო წუთებს.
ტელეფონის ეკრანი აინთო, წითელზე ყვითლად დაიწერა: “ჩემი სუყველაყა''. გიულის თვალები გაუცისკროვნდა, “ტაბურეტკიდან'' წამოხტა, ანაზდეულად სარკეში საკუთარ თავს გახედა, მერილინ მონროს სტილში აყალყულ თმაზე ხელი ნაზად გადაისვა და ტელეფონის სენსორულ “კნოპკას'' თითი დააჭირა:
- დიახ, ჩემო სუყველაყავ!
- რასა სჩადიხარ, ჩემო ციცქნავ? - გაისმა მეორე მხრიდან კაცის თაფლივით ხმა.
- ვერაფერსაც ვერა ვჩადივარ, დაჭიმული ვარ “პრუჟინასავით'', ირგვლივ უამრავი საქმეა და მე კიდე ვარ აეგრე გაოჩნებული!
- გაოჩნებული?
- ჰო, გაჩერებული... აი, სახედარი რო გაჩერდება ხოლმე ვენახის თავში.
- ოჰ, გიული, ჩემო აღმაფრენავ, შენ მე ყოველი დღის დასაწყისში თუ არა, დასასრულში მაინც მაოგნებ, საიდან ამხელა ერუდიცია და განათლება?
- რას გულისხმობ, ჩემო შოკმანჯევ?
- იმას ვგულისხმობ, რომ დედაქალაქში დაბადებულმა და გაზრდილმა ქალმა საიდან უნდა იცოდეს, როგორ ჩერდება სახედარი ვენახის თავში, ანუ როგორ ოჩნდება?
- ეჰ... დედული შემოევლოს ჩემ ტუსაღ შვილსა, მაგან მასწავლა ყვარელში მოღვაწეობისას, როცა ვენახი იყიდა და იქაურმა გლეხებმა ერთი ჩუტრუკიც აჩუქეს. როცა ეს ჩუტრუკი გაიზარდა და სახედრად, ანუ ვირად იქცა, რატომღაც ვენახის თავში გაოჩნდებოდა ხოლმე, დადგებოდა და ვეღარ გაეგო, რომელ პლანში უნდა შესულიყო. არადა, ჩემ მიხოს ძალიან უყვარდა სახედრით მოტანილი წყლის დალევა, აქეთ-იქიდან კოკურებს გადაჰკიდებდა ხოლმე და მიდიიი, გააცუხცუხებდა იქვე მიწიდან ამოჩუხჩუხებული წყაროსკენ. როცა მიხო სახედარს გადააჯდებოდა, ძალზედ სასაცილოდ გამოიყურებოდა, ფეხები ძირს ეთრეოდა, მაგრამ რაკი ამ პროცესითა ტკბებოდა, ხმასაც ვერ ვიღებდი.
- ეჰ, მეც კი მიყვარს სახედრით მოტანილი წყლის ჩარაკრაკება, დაცვარულ კოკურას რომ ამოიღებ მოწნული გოდრიდან, განა მაგას რამე შეედრება? - ჩაიხვიხვინა კაცმა.
- არაფერიც არ შეედრება, დანამულ კოკურას რო წამოიყუდებ და ყელს ჩაიკოკლოზინებ, ცხონებაა. ეგ იქით იყოს, ბოლო-ბოლო, რა გადავწყვიტეთ, ქორწილი ამ კი არა, იქით შაბათს გვექნება?
- რა თქმა უნდა, მაგაზე ხომ უკვე მოვილაპარაკეთ?
- ჰო, მაგრამ უკვე იმნაირი რაღაცები ხდება ამ ქვეყნიერებაზე, მეშინია, არ ჩაგვეშალოს!
- ეგ არ მოხდება, წინ ვერავინ დაგვიდგება!
- განა დაგვიდგება? ბიძინა ივანიშვილისას ვერაფერს გაიგებ, შეიძლება ისეთი რამე მოიგონოს, ქორწილის გადახდა შეუძლებელი გახდეს!
- ეგ მეც ვიფიქრე, - ამოიხვნეშა კაცმა.
- იცი, მაგას რანაირი ჩვევა აქვს? დილით სტაფილოს წვენს რო დალევს, მიუჯდება ხოლმე “სტოლსა'' და ჩამოსწერს ცუდი რაღაცების ნუსხასა: ამას სიკვდილი, იმას ჩამოხრჩობა, ამას გაუპატიურება, იმას ბიზნესის წართმევა, ამას ცოლის ჩამორთმევა. როცა ნუსხის შედგენას მორჩება, აიღებს, სათუთად ჭერში დებს და საჭიროების შემთხვევაში იღებს. სუ თვისა, რიცხვისა და წლის მიხედვით აქ დალაგებული, თანაც ზონარგაყრილ წიგნში გატარებული. ეგე, ჩემი შვილის ბედი სწორედაც მაგ ზონარგაყრილ წიგნში ჰქონდა შეტანილი, თვითმხილველებმა მითხრეს, მიშას გვარი წითელი პასტით შემოხაზა და იქვე რეზოლუციაც დაადო, აპრუწუნი და პრუწუნიო.
- ეგ რას ნიშნავს?
- სუ ციხეშიო... ანუ რამდენიც არ უნდა აპრუწუნოს, მაინც დაიჭირეთო. ეხლა რო იძახიან, ესაო და ისაო, ეგრე არ არი, ჩემი შვილის ბედი მაგან დიდი ხნის წინათ გადაწყვიტა.
- თუმცა ჩვენ ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რო მრავალჭირნახული საქართველოს ყველაზე დიდი მხედართმთავარი ტყვეობიდან დავიხსნათ! - აბობოქრდა კაცი.
- დიახაც, განა დღეს დედამიწის ზურგზე მსგავსი მხედართმთავარი არსებობს?! - აჰყვა გიულიც.
- ის არის სარდალი სრულიად უკრაინისა, ამერ-იმერისა, ცხუმ-აფხაზეთისა, პაკისტანისა, გაერთიანებული საემიროებისა, ქვემო და ზემო ბოდბისა, ქვემო და ზემო მონღოლეთისა, ქვემო და ზემო კორეისა, ბელადი ვინიტუ ინჩუჩუნას ტომისა, შემმუსვრელი თვალუწვდენელი რუსეთისა და დამჩოქებელი გათახსირებული პუტინისა. ხომ არაფერი გამომრჩა? - შეყოვნდა კაცი.
- გამოგრჩა... შენ ხაზგასმით უნდა აღნიშნო, რომ იგი არის დამაარსებელი და დამფუძნებელი არაერთი სახელმწიფოისა - სად იყო უკრაინა მანამ, სანამ მას ოდესის გუბერნატორად დანიშნავდნენ? სად იყო საქართველო, სანამ მას პრეზიდენტად აირჩევდნენ? ქართველებმა კიტრის მწნილის ჩადებაც კი არ იცოდნენ. აღარაფერს ვამბობ ყაბაყისა და ბადრიჯნის მოყვანაზე!
- გეთანხმები, ჩემო სუყველაყავ, კიდევ ბევრია დამსახურებანი ჩემი მომავალი შვილისა და ამას ვერავინ დაივიწყებს, ეგრე სად არი, თაყაო?!
- თაყა ვინ არი?
- არ ვიცი, წინაპრები იტყოდნენ ხოლმე ეგრე, როგორცა სჩანს, ერთი თავნება ვინმე იყო სოფელ ყიზილაჯლოში!
- ააა... ბებიაჩემ მაკრინესგან მახსოვს, იყო ეგეთი ვინმე ყიზილაჯლოს მისადგომებთან მოურავი თაყა.
- დიახ, როგორც ჩემი მეგობარი იულონ გაგოშიძე იტყოდა, ძველი სიგელ-გუჯრების თანახმად, იგეთი თავხედი მოურავი ყოფილა, თურმე მისი შიში და ზარი ავლაბრამდე აღწევდა. მერე გამოჩენილა ვინმე ჭუჭუნტალა, რომელსაც უთქვამს, ეგრე სად არი, თაყავო, შენ რომ მამული გაჰყავო? ეტყობა, მაგ მაჭუნტალას მამული გაუყო და ამან ვეღარ მოითმინა. სხვათა შორის, ადამიანი, რომელიც მოურავ თაყას შეეწინააღმდეგა, ძალიან მაგონებს მიშას, ესეც ეგეთი იყო ციხეში ჩაჯდომამდე, არავის ეპუებოდა, სიმართლითვინ კედელს გაარღვევდა, ცხრა მთას გადაახტებოდა და უკან არასგზით არ დაიხევდა.
- აფერუმ, მა ეგ სატუსაღოში უნდა იჯდეს და ბიძინა კიდე გარეთ დადიოდეს? - ამოიხვნეშა კაცმა და მრავალმნიშვნელოვნად ჩაახველა.
- აბა, დროებით, ჩემო სანუკვარო სუყველაყავო, მიუგო გიულიმ და ტელეფონი გათიშა.
ადგა, მერილინ მონროს სტილში დავარცხნილ თმაზე თითები კიდე ერთხელ სათუთად გადაისვა, საკუთარ თავს გაუღიმა და ჩაიდუდუნა - ეგრე არ არი, თაყავო, შენ რომ მამული გაჰყავო!"
191 2-ს მოსწონს
|