x
image
ლურჯი თოლია
ანიტა რაჭველიშვილი მშობიარობის შემდგომ დეპრესიასა და სირთულეების გადალახვაზე

ანიტა

"მშობიარობის შემდგომ პერიოდში იყო სრული გაუგებრობა, სხეული ვერ ხვდებოდა, რა მოხდა.


რეაბილიტაციის პერიოდი იყო ძალიან რთული. გვეძინა, პატარა იზრდებოდა, ყველაფერი რიგზე იყო, მაგრამ ჩემი სხეული სხვანაირი იყო. ხმა იყო დამჯდარი, ბანის ხმაზე უფრო ვიყავი, ვიდრე მეცო-სოპრანოსაზე. როგორც კი პირს გავაღებდი და სიმღერას ვიწყებდი, ხმა კიდევ უფრო დაბლა ჩადიოდა. ეს გრძელდებოდა თვეების მანძილზე. თავიდან ევროპაში ჩავიტარე გამოკვლევები და ვერაფერი დამიდგინეს, ძალიან დიდი ხანი მაწვალეს, მათ შორის ფონიატრებმაც. ძალიან დიდხანს ვერ ვხვდებოდით, რა ხდებოდა, სანამ თბილისში ჩამოვედი და ჩემს ექიმთან მივედი. დავადგინეთ, რომ ჰორმონები იყო ძალიან არეული, მშობიარობის შემდგომ სხეული სრულიად შეცვლილი, ხმა კი, გადიდებული.


ამ ყველაფრის ერთად გადახარშვა ჩემს ტვინს და სხეულს ძალიან გაუჭირდა. ამას მოჰყვა თვეობით მეცადინეობების გაუქმება. ყოველ ეტაპზე იმის იმედი მქონდა, რომ შევძლებდი სიმღერას – აი, ახლა გამომივა, ახლა გამომივა… ძალიან რთული იყო ჩემთვისაც და ჩემი მეუღლისთვისაც – ორივესთვის უმძიმესი იყო იმის გააზრება, რომ ჩემმა ხმამ გადაწყვიტა, უარი ეთქვა სიმღერაზე და ჩემი სხეული აღარ მპასუხობდა ისე, როგორც ადრე.


ყველაფერი ძალიან მძიმე აღმოჩნდა. ამის გამო ივნისში საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ გავჩერებულიყავი, რადგან ჰორმონალური პრობლემებისა და სხეულის ცვლილების გარდა, წელიწად-ნახევარზე მეტი ვეომებოდი ჩემს სხეულს და არ მივეცი ადაპტაციის საშუალება. მშობიარობის შემდეგ ეგრევე, ოცი დღის შემდეგ დავიწყე სიმღერა. წელიწად-ნახევარზე მეტი ვაძალებდი სხეულს, რომ მემღერა. სხეულმა ბოლოს მითხრა, რომ ცოტა ხნით დაისვენეო. გადავწყვიტე გავჩერებულიყავი. წლების მანძილზე გასტრიტის პრობლემა მქონდა და ესეც მოვაგვარე, როგორც იქნა.



ივნისის ბოლოდან მოყოლებული უკვე შევუდექი საკუთარი თავის რეაბილიტაციას და აგვისტოს შუა რიცხვებიდან ძალიან ნელა დავიწყე მეცადინეობა, ნაბიჯ-ნაბიჯ, მარტივი არიებით აღვადგინე სხეული და ხმა. ახლა იმ ეტაპზე ვართ, რომ უკვე ვხვეწთ თითოეულ ნოტსა და ფრაზას. ერთადერთი დადებითი, რაც ამ ორი წლის მანძილზე მოხდა (30-ში ლილიანა 2 წლის ხდება), არის ის, რომ ეს ორი წელიწადი შევძელი და ჩემს შვილთან მაქსიმალურად ახლოს გავატარე. ვიცი, იმ ინტენსიურობით რომ მემუშავა, რა ინტენსიურობითაც ვმუშაობდი, მიუხედავად იმისა, რომ ყველგან თან ვატარებ, ჩემს შვილთან ასე ახლოს ვერ ვიქნებოდი.


ფინანსურად, მორალურად, ფსიქოლოგიურად – ყველანაირი თვალსაზრისით ძალიან რთული წელი იყო. დავინახე, ვინ იყო ჩემი ნამდვილი მეგობარი და ვინ არა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გამიჭირდა, გული დამწყდა, იყო დეპრესიის ძალიან მძიმე მომენტები, იყო ფინანსური გაჭირვების მომენტები, მაინც ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამ ორ წელიწადს, რათა ყველაფერი ისე დალაგებულიყო, როგორც დალაგდა'', - ამბობს მომღერალი

0
40
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
40
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0