x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
სამი სახალისო ისტორია ვასო გოძიაშვილზე
image

დღეს 27 ნოემბერს (1905წ.)დაიბადა ქართული კინოს და თეატრის ერთ-ერთი უდიდესი ვარსკვლავი, ვასო გოძიაშვილი, მის იუბილესთან დაკავშირებით გავიხსენებთ სამ სახალისო ისტორიას მსახიობზე:




იხსენებს მსახიობი დოდო ჭიჭინაძე:




“რაჭაში მივდიოდით, მისმა მეუღლემ ჟენიამ ვასო მე ჩამაბარა, ყურადღება მიაქციეო. ვასო უკვე მოხუცი იყო საკმაოდ. ვაგონში, როგორც იყო, დავაწვინე, ფერხთ გავხადე და მე ზემოთა თაროზე ავედი დასაწოლად.


წევს ვასო და ოხრავს, ოხრავს და რაღაცის თქმას აპირებს…

– მოხდა რამე, ბატონო ვასო? – ვეკითხები.

– ეჰ, დროება შეიცვალა – ადრე ქალები ქვემოთ იყვნენ, მე ზემოთ, – ისევ ამოიოხრა ბატონმა ვასომ.”



იხსენებს რეჟისორი გიორგი კახაბრიშვილი:




“არასდროს დამავიწყდება, როცა “ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს” დავდგით, ქალბატონმა სესილიამ დამირეკა და მადლობა გადამიხადა: “გიორგი კახაბრიშვილი მინდოდაო, – თქვა. გისმენთ, – ვუპასუხე. – კახა კახაბრიშვილი? – დიახ, მე გახლავართ. – რა უბედურებაა ორი სახელი?! ხმაზე ვიცანი და მივმართე: რა ვქნა, ქალბატონო სესილია, ბედმა ორი სახელი მარგუნა-მეთქი. დიდებული ქალბატონი მეუბნება: გმადლობ, შვილო, რომ ეს გენიოსი კაცი საქართველოს კიდევ ერთხელ აჩვენეო. ეს სიტყვები ყველაზე დიდი ჯილდო იყო ჩემთვის.

თავიდანვე გადაწყვეტილი მქონდა, რომ ოსეფას როლზე ვასო გოძიაშვილის მოწვევა მინდოდა. მასთან თეატრში მივედი, ვუთხარი, რომ დამწყები რეჟისორი ვიყავი და ოსეფას როლზე მისი მიწვევა მსურდა. პიესა მივაწოდე, – თვალი გადაავლეთ-მეთქი. უცებ, მომიბრუნდა და მეუბნება: შენ გგონია, წაკითხული არა მაქვს? ვიფიქრე, უარს მეუბნება-მეთქი და წასვლა დავაპირე. – სად მიდიხარ? ახალგაზრდა რეჟისორებმა რატომ დამივიწყეთ, გგონიათ, თამაში აღარ შემიძლია? და დავიწყეთ მუშაობა.

დადგმაში არის ეპიზოდი, როდესაც გივი ბერიკაშვილი ბატონ ვასოს ეუბნება: გადაუხადე, რა, შენს შვილს ვალები და ბარემ დავაქორწინოთო. რაფიელ ერისთავს თავის პიესაში ასე უწერია: “მაგის ჯიბეში თაგვები რომ ირბენენ, მაშინ ნახავს, როგორ უნდა ბანქოს თამაში”. ბატონმა ვასომ გვთხოვა, – მოდით, ეს ადგილი ასე შევცვალოთ “მაგის ჯიბეში თაგვები რომ “პოლკა-მაზურკას” ითამაშებენ, აი, მერე ნახოს მაგანა.” დავთანხმდი. დავიწყეთ გადაღება. ყველაფერი მშვენივრად მიდიოდა, მაგრამ სიტყვა “პოლკა-მაზურკასთან” რომ მივიდა, დაავიწყდა რა უნდა ეთქვა. ეს რამდენჯერმე განმეორდა. შემდეგ გივი ბერიკაშვილმა გამოსავალი იპოვა: ბატონო ვასო, ამ ადგილამდე რომ მიხვალ, მე მოაჯირზე თითებს დავაკაკუნებ, რაც “პოლკა-მაზურკას” ნიშნავსო. სპექტაკლში ახლაც ჩანს, ბატონი ვასო როცა ადის კიბეზე, ამბობს “აი, მაგის ჯიბეში რომ…” გივი ამ დროს მოაჯირზე თითებს აკაკუნებს და ბატონი ვასო აგრძელებს: “…ჰო, პოლკა-მაზურკას ითამაშებენ…”



იხსენებს თავად ვასო გოძიაშვილი:



„ერთ გაზაფხულს ბიჭვინთაში „მსახიობთა სახლის“ კოტეჯებში ვისვენებდი. ჩემ გვერდით ცნობილი კინოვარსკვლავი – ლუბოვ ორლოვა ისვენებდა, თავის მეუღლე, გრიგორი ალექსანდროვთან და პატარა „ნადკასთან“ ერთად. ნადკა რაღაც განსაკუთრებული ჯიშის კურდღელი იყო. თეთრი, ფუმფულა და მას ორლოვა დღეში სამჯერ, ძვირფასი შამპუნებით აბანავებდა. ისე უვლიდა, როგორც ღვიძლ შვილს. ორლოვასგან განსხვავებით, მე ოთხი თვის კავკასიური ნაგაზი მყავდა, რომელიც ჩემმა ადგილობრივმა თაყვანისმცემლებმა მაჩუქეს და იქვე, ეზოში მყავდა გაშვებული. თან, ყურადღებას ვაქცევდი, რომ ორლოვას კოტეჯში არ გადასულიყო და მისი ნადკა არ დაეგლიჯა, რომელსაც ჩემი ნაგაზი ავი თვალით უყურებდა ხოლმე... ერთ დღეს, ჩემმა ლეკვმა ორლოვას ნადკა მომითრია სახლში, რომელიც სულ ერთიანად მიწაში იყო ამოსვრილი. ძაღლს კბილებით ეჭირა და რა თქმა უნდა, მკვდარი იყო... „ეს რა ხათაბალაში გავები. ორლოვამ რომ გაიგოს, ჩემმა ლეკვმა მისი კურდღელი მოკლა, ამ ქვეყანას არ დამაყენებს-მეთქი“, – გავიფიქრე და ძაღლს ჯერ ნადკა გამოვგლიჯე პირიდან და შემდეგ მკვდარი კურდღელი ძვირფასი შამპუნით ვაბანავე, გავაქათქათე. შემდეგ სტაფილო ჩავუდე პირში, ორლოვას უჩუმრად კოტეჯში გადავედი, კურდღელი კართან დავუსვი, ვითომ ცოცხალი იყო და უკან გამოვბრუნდი. ერთი საათიც არ იყო გასული, რომ ჩემთან ორლოვას ქმარმა მოირბინა და მითხრა:

– ვასო, ძვირფასო, კარდიამინი ხომ არ გაქვს, ლუბას გულმა შეუტია და უნდა ვუწამლოო.

– რატომ, რა სჭირს-მეთქი? – ვკითხე ალექსანდროვს.

– რა და გუშინ ჩვენი კურდღელი, ნადკა მოკვდა და მიწაში დავმარხეთ. ახლახან კი მან კართან მოგვაკითხა, თან პირში სტაფილო აქვს გაჩრილი და ლუბამ რომ ეს ნახა, გული წაუვიდაო, – მიპასუხა ცნობილმა კინორეჟისორმა.

ძნელი მისახვედრი არაა, რომ ჩემმა ლეკვმა კურდღელი მიწიდან ამოთხარა და სახლში მოიყვანა, რაც ორლოვას ლამის ინფარქტად დაუჯდა.

0
733
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
733
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0