პროზა "მიხეილ ჯავახიშვილი, ჯაშუში და დივერსანტი, განდევნილ იქნას მწერალთა კავშირიდან და ფიზიკურად განადგურდეს" 2023, 20 ნოემბერი, 11:32 20 ნოემბერი XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი პროზაიკოსის, მიხეილ ჯავახიშვილის დაბადების დღეა, მწერალი, რომელმაც ქართულ საზოგადოებას განხილვისთვის და გარჩევისთვის დაუტოვა ისეთი შესანიშნავი მოთხრობები, როგორიცაა "ჩანჩურა", "კურკას ქორწილი", "ლამბალო და ყაშა" და სხვა, და კლასიკად ქცეული რომანები "კვაჭი კვაჭანტირაძე", " ჯაყოს ხიზნები", "თეთრი საყელო" და სხვა. სამწუხაროდ მწერალი 1937 წლის რეპრესიებს შეეწირა და მხოლოდ სტალინის სიკვდილის შემდეგ მოხდა მისი რეაბილიტაცია, თუ როგორ მოხდა მწერლის დაპატიმრება და დახვრეტა ქვემოთ გაეცნობით: 1930 წელს ჯავახიშვილი დაუპირისპირდა ტროცკისტ მალაქია ტოროშელიძეს, საქართველოს მწერალთა კავშირის პრეზიდენტსა და განათლების სახალხო კომისარს, ამ უკანასკნელის მიერ ქართული ლიტერატურის კლასიკის აკრძალვის გამო. ლავრენტი ბერიას ძალაუფლებაში მოსვლის შემდეგ ეს აკრძალვა მოიხსნა და ჯავახიშვილმაც მცირე ხნით მხარდაჭერა მიიღო. მისი "არსენა მარაბდელი" ხელმეორედ გამოიცა, დაიდგა თეატრში და გამოვიდა ფილმად. თუმცა 1936 წელს "ქალის ტვირთის", სოცრეალისტური რომანის ადრეული ნიმუში, გამოქვეყნების შემდეგ ბოლშევიკ აქტივისტთა მწვავე კრიტიკას ვერ გაექცა. თუმცა საქართველოს კომუნისტური პარტიის მეათე ყრილობაზე სიტყვით საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი ლავრენტი ბერია გამოვიდა. ბერიამ თავისი გამოსვლა მთლიანად ქართველ მწერლებს მიუძღვნა. ბერია ქართველი მწერლების მიერ შექმნილ ყველა დაჯგუფებას შეეხო და აცხადებდა: „ჯგუფში „არიფიონი”, რომელიც 1928 წელს დაარსდა, შედიოდნენ მწერლები: მიხეილ ჯავახიშვილი, შალვა დადიანი, სანდრო შანშიაშვილი, ლეო ქიაჩელი, გერონტი ქიქოძე, ილო მოსაშვილი და სხვები... ბერიას გამოსვლაში აღნიშნა, რომ ამ ჯგუფში იყო აშკარა კონტრრევოლუციური მოწოდებები, რომელიც მიმართული გახლდათ საბჭოთა ხელისუფლებისა და სოციალისტური მშენებლობის წინააღმდეგ. ლავრენტი ბერიამ თავისი გამოსვლა შემდეგი სიტყვებით დაასრულა: „...პაოლო იაშვილმა, რომელიც უკვე ასაკით ორმოცს გადაცილებულია, დროა ჭკუა ისწავლოს... ზედმეტი არ იქნება სერიოზულად ჩაუფიქრდნენ თავის საქციელს. აგრეთვე გამსახურდია, ჯავახიშვილი, მიწიშვილი, შევარდნაძე და კიდევ ზოგიერთები." 1937 წლის 22 ივლისს მწერალთა კავშირის შენობაში პაოლო იაშვილმა თავი მოიკლა. კავშირის სხდომამ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც პოეტის საქციელი ანტისაბჭოთა პროვოკაციად შერაცხეს. მიხეილ ჯავახიშვილი ერთადერთი ადამიანი იყო, რომელმაც პოეტის გამბედაობას მხარი დაუჭირა. ოთხ დღეში, 26 ივლისს, კავშირის პრეზიდიუმმა კენჭის ყრით მიიღო გადაწყვეტილება: "მიხეილ ჯავახიშვილი, ჯაშუში და დივერსანტი, განდევნილ იქნას მწერალთა კავშირიდან და ფიზიკურად განადგურდეს". მისი მეგობრები და კოლეგები, მათ შორის ციხეში მყოფნიც, აიძულეს ეღიარებინათ ჯავახიშვილი, როგორც კონტრ-რევოლუციონერი ტერორისტი. მხოლოდ კრიტიკოსმა გერონტი ქიქოძემ დატოვა კავშირის სხდომა პროტესტის ნიშნად. მწერალი 1937 წლის 14 აგვისტოს დააპატიმრეს, ხოლო სამი დღის შემდეგ, 1937 წლის 17 აგვისტოს მწერალთა კავშირმა მიიღო დადგენილება: „დაისვას საკითხი საქ. საბჭოთა მწერ. კავშირის პრეზიდიუმის წინაშე, ხალხის მტრის, მიხეილ ჯავახიშვილის პრეზიდიუმიდან გამოყვანისა და მწერალთა კავშირის რიგებიდან გარიცხვის შესახებ. ეცნობოს საკავშირო მწერალთა ორგანიზაციას, რათა გამოყვანილი იქნეს იგი საკ. მწერ. კავშირის პრეზიდიუმის წევრობიდან, როგორც ხალხის მტერი. დაევალოს „ლიტ. საქართველოს” რედაქციას, მოათავსოს ერთი განმანადგურებელი წერილი მიხ. ჯავახიშვილის მოქმედების შესახებ”. ჯავახიშვილის საქმეს იძიებდნენ, ლევან აბაშიძე და მიხეილ ნაცვლიშვილი. მწერლის პირველ დაკითხვას ბერია და ქობულოვიც ესწრებოდნენ. მიხეილ ჯავახიშვილს პირველად აბაშიძემ დაარტყა. ჯავახიშვილი იატაკზე გულაღმა დაეცა. ბერია იცინოდა, მივიდა, გულზე ფეხი დაადგა და უთხრა: "ახლა გადგას ჩეკისტი თავზეო!", რატომ უთხრა ასე? საქმე იმაშია, რომ როდესაც ბერია საქართველოს ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივნად დანიშნეს, ჯავახიშვილს უთქვამს: "ესღა გვაკლდა, ჩეკისტი დაგვდგომოდა თავზეო." ბერიამ ჯავახიშვილს ნათქვამი ზუსტად შეახსენა. არნახული ფიზიკური წამების შემდეგ ჯავახიშვილი იძულებული იყო ხელი მოეწერა წინასწარ შეთითხნილ ჩვენებაზე, რომელიც „ადასტურებდა”, რომ ის იყო ქართველი მწერლების მიერ შექმნილი, ფაშისტური ორგანიზაციის ხელმძღვანელი. ჩვენებაში ჯავახიშვილი აცხადებდა: „ჩვენ გადანაწილებული გვქონდა როლები, მე ვხელმძღვანელობდი ფინანსებს. გერონტი ქიქოძეს ევალებოდა კავშირის დამყარება სხვადასხვა ანტისაბჭოურ ორგანიზაციებთან და ჯგუფებთან. უცხოელებთან მოლაპარაკებების წარმოება თავის თავზე აღებული ჰქონდა პაოლო იაშვილს, ხოლო საორგანიზაციო საქმეების მოგვარება მოსაშვილს ევალებოდა... საბოლოო ჯამში იტალიური ფაშიზმის პროგრამა მივიღეთ, რომელიც ქართული რეალობისთვის უნდა მოგვერგო“. ჩვენების მიხედვით თითქოს ამ ჯგუფის მიზანი იყო: მომზადებულიყვნენ აჯანყებისთვის, კონსულტაციები გაევლოთ პოლონურ, გერმანულ და იტალიურ ცენტრებთან, სწორედ ამ ქვეყნების ჯაშუშად და აგენტად მოინათლა ჯავახიშვილი. ჯავახიშვილი უნდა დაკავშირებოდა საქართველოს ემიგრანტულ მთავრობას. საგულისხმოა ჯავახიშვილის სიკვდილის წინ ნათქვამი სიტყვები: " მე უდანაშაულო ვარ! ქართველი ხალხისა და ჩემი სამშობლოს წინაშე არავითარი დანაშაული არ მიმიძღვის. მაგრამ, რადგან ზვარაკია საჭირო, მზად ვარ საქართველოს თავი შევწირო, თქვენ მე მომსპობთ, მაგრამ იმას ვერასოდეს წაშლით, რაც დავტოვე. საქართველოს მიწა-წყალზე ისეთი მუხა დავრგე, რომლის ფესვებს ვერასოდეს აღმოფხვრით”. ჯავახიშვილის საქმის „ძიება” 1937 წლის 19 სექტემბერს დამთავრდა, 30 სექტემბერს კი ის დახვრიტეს და მისი ნაწარმოებები აკრძალეს. მისი რეაბილიტაცია მხოლოდ სტალინის სიკვდილის შემდეგ მოხდა. 1954 წლის 4 მაისს საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ბიუროს სხდომა გაიმართა, სადაც მას ყველა ბრალდება მოუხსნეს. მიხეილ ჯავახიშვილის თხზულებათა მომდევნო კრებული გამოქვეყნდა ხანგრძლივი ინტერვალის შემდეგ - 1958 წელს. 259 3-ს მოსწონს
|