სისხლის სამართალი რატომ მიუსაჯეს ჭაბუა ამირეჯიბს დახვრეტა? 2023, 18 ნოემბერი, 13:32
18 ნოემბერს დაიბადა XX საუკუნის ქართული ლიტერატურის კლასიკოსი, მწერალი ჭაბუა ამირეჯიბი, ბევრისთვის ცნობილია, რომ "დათა თუთაშხიას" ავტორმა წლები გაატარა ციხეში და გადასახლებაში და მეტიც, სიკვდილიც კი მიუსაჯეს, თუ რა იყო ამის მიზეზი, ქვემოთ გაეცნობით.
1943 წელს, 22 წლის ასაკში უნივერსიტეტში მეორე კურსზე სწავლისას, მომავალი მწერალი ორგანიზაცია "თეთრი გიორგის" წევრი ხდება, ჭაბუას გარდა ორგანიზაციის წევრები იყვნენ: მუსტაფა შელია, ამირან მორჩილაძე, ვახტანგ ჯორჯაძე, რეზო ტყავაძე, ლუკა ტყემალაძე, გოგი წულუკიძე, არჩილ წულუკიძე, ალექსანდრე (საშა) პაპავა, დავით კვიტაიშვილი; მათი მიზანი იყო „საქართველოში საბჭოთა წყობილების დასამხობად შეიარაღებული აჯანყების მომზადება" და საქართველოს გათავისუფლება. 1944 წლის აპრილში ჭაბუას მიესაჯა 25 წლის პატიმრობა. პროკურორის მიერ განაჩენის გასაჩივრების შემდეგ მოსამართლემ ის უფრო ლმობიერად ჩათვალა და შეიცვალა უმაღლესი ზომით – დახვრეტით. 22 წლის ყმაწვილმა კაცმა სამი თვე გაატარა სიკვდილმისჯილთა საკანში. მერე ღიმილით ჰყვებოდა ხოლმე ამ ყველაფერს. ჩაკეტილ საკანში იყო და კორიდორში ფეხის ხმას რომ გაიგონებდა, თურმე ფიქრობდა: "ეჰ, ჭაბუკჯან, მოდიან შენს წასაყვანად, დღეს, ალბათ, მოკვდები" თუმცა საბოლოოდ დახვრეტას გადაურჩა, პატიმრებს ავჭალაში შამპანურის ქარხნის მშენებლობაზე ამუშავებდნენ. ჭაბუა იქიდან გაიქცა, ეს საოცარი გაქცევა იყო... ქარხანა მტკვართან ახლოს იყო და ჭაბუას ყველაფერი წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი. მან მტკვარი გადაცურა და ისევ უკან გადმოცურა. სროლით დაედევნენ და გაღმა ეძებდნენ, ეს გამოღმა იყო. ამასობაში მან დრო მოიგო, აქ მეგობრებმა პასპორტი უშოვეს, როგორღაც ჩრდილო კავკასიაში გადავიდა, სადაც სხვისი გვარით მუშაობდა. ჭაბუა ამირეჯიბი კარგა ხანს გარდაცვლილი ეგონათ თბილისში. იმდენი მოახერხა, რომ ბელორუსიაში ქარხნის დირექტორად მუშაობდა სხვა გვარით.…გაქცეულ პატიმარს მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით ეძებდნენ და საბოლოოდ იქ ჩაავლეს ხელი; სასამართლომ გადასახლება მიუსაჯა, სადაც 16 წელი გაატარა. პატიმრობის პირველ წლებში 6-ჯერ მოახერხა გაქცევა და ყოველ გაქცევაზე წლებს უმატებდნენ .საბოლოოდ 83 წელი დაუგროვდა. ჭაბუას ერთ-ერთ გაქცევას იხსენებს, მისი დისშვილი სანდრო: " ლაგერიდან გაქცეული პატიმრები ზონას გასცდნენ და რომელიღაც სოფლის განაპირას სახლი ნახეს. ამ სახლს გვერდზე საბძელი ჰქონია, სადაც თივას ინახავდნენ. გაქცეულები სხვენში ავიდნენ და თივაში ჩაეძინათ. დილას გამოვიდა პატრონი, საქონლისთვის თივა უნდა აიღოს და ხედავს, თივიდან გამოშვერილ ორ წყვილ ფეხს. ქალს ისე შეეშინდა, მილიციაში გაიქცა. ჭაბუა დაიჭირეს და 13 წელი დაუმატეს. " სანდრო იმასაც ამბობს, ბიძაჩემი თივაში რომ დაიმალა, ფეხების ნაცვლად თავი რომ გამოსჩენოდა, ისეთი ლამაზი იყო, ის ქალი არავითარ შემთხვევაში არ დააბეზღებდაო. სტალინის სიკვდილის შემდეგ აღარ გარბოდა, რადგან რეჟიმი შეარბილეს, პოლიტპატიმრებს ამნისტიით ათავისუფლებდნენ ნელ-ნელა, და 1959 წელს ჭაბუა ამირეჯიბიც გაათავისუფლეს. P.S. უფრო დაწვრილებით შეგიძლიათ იხილოთ ქუცნა ამირეჯიბის მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი "მარბენალი" 623 2-ს მოსწონს
|