საქართველო რატომ იღუპებოდნენ ზედიზედ ერეკლე II -ს ევროპაში წარგზავნილი ელჩები? 2023, 7 ნოემბერი, 10:05 7 ნოემბერს (1720 წ.)ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე II დაიბადა, ამ თარიღთან დაკავშირებით დღეს წარმოგიდგენთ ერთ საინტერესო ფურცელს დიდი მეფის ისტორიიდან. ბრიტანულ და ირლანდიურ პრესაში გამოქვეყნებული მასალა ახლებურად წარმოაჩენენ ერეკლე II-ის ურთიერთობებს ევროპის სახელმწიფოებთან. საბჭოთა ისტორიოგრაფიაში ნაკლებად ხაზგასმული და ხშირად მიჩქმალული ფაქტები მეტყველებს, რომ ერეკლე გამორჩეულად ევროპული ორიენტაციის ლიდერი იყო. საქართველოს ისტორიაში ძნელია ვიპოვოთ მეორე ისეთივე მონარქი, ვისაც იმდენი კორესპონდენცია და ელჩი გაეგზავნოს ევროპაში, ეს განსაკუთრებით ეხება გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმების წინა პერიოდს. იმედგაცრუებული პატარა კახი ორჭოფობდა და ჩრდილოეთისთვის ზურგის შექცევას ცდილობდა, გამოსავალს კი დასავლეთის სახელმწიფოებში ეძებდა, თუმცა ამ დიპლომატიურ სვლებს რუსეთის საიმპერიო ხელისუფლებას უმალავდა. ქართველი მონარქი კარგად აცნობიერებდა, რომ ამ ამბის გამჟღავნების შემთხვევაში, პირველ ყოვლისა, ჩრდილოეთით მდებარე იმპერია გაღიზიანდებოდა. ცხადია, ამ დროს არც რუსეთის ჯაშუშობა და დიპლომატია იჯდა გულხელდაკრეფილი... შესაძლოა ამიტომაც იგვიანებდა ერეკლეს წერილები ევროპაში და ზედიზედ იღუპებოდნენ საქართველოდან წარგზავნილი ელჩები.. ევროპაში ბოლო ელჩი ერეკლემ 1782 წლის 14 ნოემბერს გაგზავნა, თუმცა მას არც ამჯერად გაუმართლა. ელჩი საქართველოს საზღვრებს გასცდა, მაგრამ ევროპელ ხელმწიფეთა კარამდე მაინც ვერ ჩააღწია. გზაში მოულოდნელად, საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა. მისი გვამი 1783 წლის მაისში პოლონეთში, ბერდიცკოვოში ადგილობრივმა მისიის წარმომადგენელმა იპოვა და თავი არ დაზოგა, რომ ქართველი მეფის წერილები ვენაში დროულად ჩაეტანა. ევროპელთათვის გაუგებარ ენაზე, ქართულად დაწერილი გზავნილები პადრე ჯუზეპემ 1783 წლის 19 ივნისს სათარგმნად ვენიდან იტალიაში გაგზავნა, თუმცა უკვე გვიანი იყო ამავე წლის 12 სექტემბერს ავსტრიის ელჩი პეტერბურგში, კობენცლი ვენას ატყობინებდა: “უბრწყინვალესად ღრმად პატივცემულო სახელმწიფო მეთაურო! მოწყლეო ხელმწიფევ!… ჩემი უკანასკნელი ცნობების მიხედვით, შესაძლებლობა მქონდა უფრო ახლოს გამეცნო ობერ ლეიტენატი ტამარა, მან არა მარტო გადააწყვეტინა პრინც ერეკლეს რუსეთის ქვეშემრდომობა, არამედ დაიყოლია კიდეც მოაწყოს დივერსია თურქების წინააღმდეგ ანატოლიაში!” დაკვირვებული მკითხველი ელჩის ჩანაწერში ერთ მთავარ ფრაზას მიაქცევს ყურადღებს, – თურმე ობერლეიტენატმა ტამარამ “გადააწყვეტინა პრინც ერეკლეს რუსეთის ქვეშერმდომობა! დიახ, ცხადია, რომ იმედგაცრუებული “პატარა კახი” ჩრდილოეთითვის ზურგის შექცევას ცდილობდა და გამოსავალს დასავლეთის სახელმწიფოებში ეძებდა. ვინ იყო და ვის კარზე მსხურობდა ის პირი, რომელიც ასე კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ერეკლეს წერილების ევროპაში გაგზავნას? – კითხვები მრავლად არის, თუმცა, მათი არსებობა უკვე სერიოზული კითხვის ქვეშ აყენებს დამკვიდრებულ აზრს, რომ ერეკლე რუსეთთან ტრაქტატის გაფორმებას უალტერნატივო გზად მიიჩნევდა… ეს ცნობები ცხადჰყოფს, რომ გამეფებული აზრი, თითქოს ერეკლე მხოლოდ ჩრდილოეთისკენ იყურებოდა, არასწორია. იგი დასაყოლიებელი გახდა, რომ ეს ნაბიჯი გადაედგა. ამ დიდებულმა ქართველმა მეფემ უმძიმეს ჟამს თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმი გააკეთა. 534 4-ს მოსწონს
|