საქართველო "მე რა ინფორმაციაც მაქვს, მოლაპარაკებებიც მიდიოდა მორიგებაზე" - რას აცხადებს გია ხუხაშვილი 2023, 3 ნოემბერი, 20:39
ექსპერტი გია ხუხაშვილი მიხეილ სააკაშვილის "ენმ"-სთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და ორად გაყოფილ ოპოზიციური პარტიის წევრებს შორის გარკვეული სახის გარიგებაზე საუბრობს:
"ვფიქრობ, რომ პოლიტიკურად არცთუ გაწონასწორებული გზავნილია. აქამდე რასაც ვაკვირდებოდი, იმაში რაღაც გარკვეული პოლიტიკური ლოგიკა იყო – იყო ორი დაპირისპირებული მხარე პარტიაში, მან შექმნა პარალელური მენეჯმენტი სოფო ჯაფარიძის ოფისის სახით და ეს პარალელური მენეჯმენტი რაღაცნაირად ამ დაპირისპირებას აბალანსებდა. მე რა ინფორმაციაც მაქვს, მოლაპარაკებებიც მიდიოდა, რაღაც ტიპის მორიგებაზე და ამ დროს აკეთებს ამ ტიპის განცხადებას, არ ვიცი, ალბათ რაღაც მოხდა შიგნით.
გასაგებია, რომ პარტიაში იყო სისტემური დაპირისპირება – პრობლემა იმაში კი არ არის, რომ პარტიული ელიტა იყო გაყოფილი, პრობლემა არის იმაში, რომ ელექტორალურად გაიყო პარტია, შეუთავსებლობა იყო და პარტიას განსაზღვრავს მხარდამჭერი.
ენმ, როგორც პოლუსი, როგორც პარტია ის არ გაქრება და სერიოზული ელემენტი იქნება, მაგრამ როგორც ალტერნატიული პოლუსი ქართული ოცნების, რაც უფრო მალე დასუსტდება, საერთო საქმეს წაადგება. სააკაშვილის განცხადება საკმაოდ გამჭვირვალეა, ქვეტექსტების ძებნა – კარისკენ მიუთითა, გადით და გააკეთეთ გარეთო – ის კი არა, რომ დაჯექით და შეთანხმდით, მან ეს კი არ თქვა, თქვა, რომ დამთავრდეს ეს ყველაფერი და ვისაც არ მოსწონს ხაბეიშვილი, ადგეს და წავიდეს და თვითონ გააკეთოს რაღაცო. "- აცხადებს გია ხუხაშვილი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიენტმა მიხეილ სააკაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს მოუწოდა დატოვონ პარტია თუ მათთვის ახალი მენეჯმენტი მიუღებელია. სააკაშვილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"ყოველთვის ყველაზე დაუძინებელ მტერს შევურიგდები თუ საქართველოს ინტერესებს ეხება. მაგრამ მინდა შემდეგი რაღაც ვთქვა – თუ პარტიის შიგნიდან გინდა პარტიის ლანძღვა, სჯობია, გახვიდე და რაღაც თქვენი გააკეთოთ, ეს სჯობია, ვიდრე დაასუსტო შიგნიდან პარტია, მერე მეტი შანსია, რომ ერთად შეიკრიბოთ, მაინც ერთობლივად მოგვიხდება ერთიანობა. გარეთ გადით, შექმენით ახალი, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ.
მინდა გითხრათ, რომ ეს კბენები და რაღაცები უნდა დასრულდეს, ყველამ თავის გზა იპოვეთ, რატომ ვიყოფთ მოუკლავი დათვის ტყავს, ჯერ ეს დათვი ძლიერია, ამიტომ სხვადასხვა მხრიდან მოუაროს ამ დათვს, საბოლოო ჯამში, მაინც გამარჯვება დაგვრჩება ჩვენ. ყველას მიმართ უკიდურესად კეთილგანწყობილი ვართ, მიუხედავად იმისა, ვინ რა დროშას დაიჭერს ხელში, " – განაცხადა სააკაშვილმა.
|