საზოგადოება რისთვის დაიბარეს თენგიზ არჩვაძე "კაგებეში" და რომელი ფილმი დაამახსოვრდა მეტად? 2023, 30 ოქტომბერი, 16:48 "მე და რეზო ლაღიძეს ერთხელ გვითხრეს - პარიზში უნდა წახვიდეთ, ფესტივალზე გაიმარჯვეთ და პრიზებით გაჯილდოებენო. დაგვიბარეს "კაგებეში" და თავიანთ პოლიკლინიკაში წაგვიყვანეს... შეგვიყვანეს ერთ ოთახში, სადაც სავარძელში მჯდარი ჩინოვნიკი დაგვხვდა. ჩვენთვის სკამიც არ შემოუთავაზებია, პირდაპირ შეუდგა ანკეტის შევსებას: - სახელი? - რევაზი, ბატონო!... რეზოს მეძახიან. - გვარი? - ლაღიძე. - პროფესია? მეგობარმა, რომელიც თან გვახლდა, ვეღარ მოითმინა და გაკვირვებულმა განმარტება სცადა: - კომპოზიტორია, ბატონო, ნუთუ "თბილისო" მაინც არ... პოლკოვნიკმა მეგობარს სიტყვა არ დაამთავრებინა და იმავე კითხვებით მე მომმართა. ანკეტის შევსების შემდეგ მე და რეზოს რაღაც ნემსები გაგვიკეთეს, იმხელა შპრიცები იყო, ახლაც შიშით მახსენდება. ბევრი რომ არ გავაგრძელო, როგორც იქნა, ჩავსხედით მე და რეზო თვითმფრინავში, ჯიბეში 200-200 დოლარი გვიდევს და სადაცაა გავფრინდებით. რეზო შეფიქრიანებული მეკითხება: - კაცო, ეს 200 დოლარი რაში გვეყოფაო?! მე ვამშვიდებ: - შენი 200, ჩემიც 200, უკვე ოთხასია! პარიზში რომ ჩავალთ, იქაური ქართველები გვნახავენ და გვიპატრონებენ-მეთქი. ამ ლაპარაკით ვართ გართულნი და ასაფრენად დაქოქილ თვითმფრინავს ტრაპი ისევ მოაყენეს და მე და რეზო ჩამოგვსვევს... ბუნებრივია, ის 200-200 დოლარიც ჩამოგვართვეს. ...რეზო ისე წავიდა ამქვეყნიდან, რომ ამ ამბის გამხელის უფლება არ მისცემია, მეც გაჩუმებული ვიყავი აქამდე. * * * განსაკუთრებით დამამახსოვრდა ფილმი "წითელი კარავი", რომელსაც მიხეილ კალატოზიშვილი იღებდა (რუსეთში - კალატოზოვი, რომელსაც ეკუთვნის ბევრი ცნობილი ფილმი და მათ შორის "მიფრინავენ წეროები"). ფილმის ერთი ნაწილი მოსკოვში გადავიღეთ, მეორე კი ფრანც იოსების მიწაზე, ჩრდილოეთ პოლუსთან. იქ გატარებულმა სამმა თვემ წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე: თეთრი ღამეები, თეთრი დათვები.... ისინი ისე ახლოს მოდიოდნენ ჩვენთან, რომ პურს ვუყრიდით კიდეც. ფრანც იოსების მიწაზე მურმანსკიდან ყინულმჭრელით გავემგზავრეთ, ხუთი დღე ვიყავით ზღვაში. ამ ფილმში დასავლეთის კინოს ისეთი ვარსკვლავები მონაწილეობდნენ, როგორებიც არიან: შონ კონერი, პიტერ ფინჩი, მასიმო ჯიროტი, კლაუდია კარდინალე, მაგრამ ფრანც იოსების მიწაზე ისინი რატომღაც არ წამოიყვანეს და დუბლიორებით შეცვალეს. შონ კონერისთან დაკავშირებით ასეთი რამ მახსნდება: იგი წარმოშობით შოტლანდიელია და საბჭოთა კავშირში გამომგზავრებამდე თურმე ურჩიეს - კავკასია მოინახულე, იქ ბევრი მთაა, როგორც შოტლანდიაშიო. ჰოდა, მე ვიფიქრე ორი კვირით ჩამომეყვანა საქართველოში, შევუთანხმდი კალატოზოვს, მაგრამ ჩემი ფიქრი ფიქრადვე დარჩა... ორი კვირა "შესაბამის ორგანოებში" მაწვალეს დაკითხვებით და შონ კონერიც ვეღარ ჩამოვიყვანე. მან ამის მიზეზი უჩემოდაც გაიგო. "საქართველოში ჩამოსვლა აღარ მინდაო" - სიცილით მეუბნებოდა. საქართველოს სანაცვლოდ ჩემს უცხოელ კოლეგებს, შონ კონერის და პიტერ ფინჩს, კვირა დილით რესტორან "არაგვში" ვეპატიჟებოდი... ეს შეიძლებოდა. კონერის ისე მოეწონა ჩვენებური ხაში, რომ კვირამდე ვეღარ ითმენდა და სულ იმას მეკითხებოდა - რატომ არ შეიძლებოდა, დილის გარდა, სხვა დროსაც ვჭამოო ხაში?! ერთხელ კი პიტერ ფინჩმა მითხრა - "დანახარჯს ყოველთვის შენ რატომ იხდი, მილიონერები ხომ ჩვენ ვართო." მე ვუპასუხე: "- თქვენ მილიონერები ხართ, მე კი ქართველი-მეთქი". 442 შეფასება არ არის
|