სხვა ნახევარი პორცია ყველაზე საშიშია! 2023, 8 სექტემბერი, 23:17 ყველაზე საშიში ნახევარი პორციაა.
როცა მთელ პორციაას გვთავაზობენ, ყველაფერი კარგადაა. ვიღებთ ჩვენს ნაწილს, ვივსებთ ენერგიას და ვაგრძლებთ ცხოვრებას, შრომას, დასვენებას ბალანსირებულად.
როდესაც შემოთავაზებული თეფში ცარიელია, რა თქმა უნდა, ეს არ არის კარგი., მაგრამ ეს არის ზუსტად ის, რაც გაიძულებს, ადგე, წახვიდე, იშრომო და მოიპოვო, რადგან იცი, რომ შიმშილით მოკვდები.
მაგრამ ნახევარი პორცია საშიშია, რადგან ის არ იძლევა არც დანაყრების და არც თავისუფლების საშუალებას.
ამ ნახევარმა პორციებმა გაანადგურა ბევრი ჭკვიანი, უნარიანი, კარგი ადამიანი. ისინი ვერ ბედავენ წასვლას, რაც ნელ-ნელა, მაგრამ აუცილებლად ართმევთ რესურსებს: ძალას, ნდობას, ენერგიას. ადამიანები სუსტდებიან და იღლებიან ამ ნახევარი პორციით, მაგრამ კიდევ უფრო დიდი მონდომებით იბრძვიან ამ ნახევარი პორციებისთვისაც კი, რადგან წინასწარ არავინ იცის, წასვლა არის თუ არა მთელი პორციის მიღების გარანტი. მოსალოდნელი შიმშილის გამო ისინი სულ უფრო მეტად აფასებენ და ეჭიდებიან იმას, რასაც იღებენ - ნახევარ პორციას.
სამსახურები ადამიანებს უხდიან იმის ნახევარს, რაც ნორმალური ცხოვრებისთვისაა საჭირო. და ადამიანები როგორღაც ახერხებენ საშველი იპოვონ, იღებენ სესხებს, ოვერდრაფტებს, ჩუმჩუმად მუშაობენ ღამის ცვლებში ან ცდილობენ სამსახურის გარდა სხვა წყაროც იპოვონ შემოსავლის გასაზრდელად, რაც ლიმონივით გამოწურავთ და გაასავათებთ, რადგან შინაგანი რესურსების აღსადგენად დასვენების დრო, ფაქტობრივად, აღარ რჩებათ.
ურთიერთობებშიც ასეა: სიყვარულისა და ყურადღების ნახევარი პორცია საშიშია, რადგან ადამიანი რჩება ასეთ ნახევრად მშიერ ურთიერთობაში, კმაყოფილდება და აფასებს იმ ნამცეცებს, რომელსაც იღებს.
ცნობილი პარადოქსია, რომ რაც უფრო დიდხანს გრძელდება არასრულფასოვანი კვება, მით უფრო ღირებული ჩანს საკვების ყოველი ნამცეცი. რაც უფრო ნაკლებია ხელფასი, მით უფრო ეჭიდება ადამიანი ამ ხელფასს.
ეს ნახევარი ნაწილი არ გაძლევს მოძრაობის და განვითარების, ახალი შესაძლებლობების ძიების საშუალებას. ადამიანები ცდილობენ, დაკმაყოფილდნენ იმით, რაც აქვთ, დაკმაყოფილდნენ ნამცეცებით, ნახევარი პორცია საკვებით ან ნახევარი პორცია სიყვარულით. ამიტომ რჩებიან ისინი საშინელ სამსახურებში, იტანენ საზიზღარ ურთიერთობებს, საშინელ სამუშაო პირობებს, საშინელ ცოლებს, ქმრებს და ეშინიათ წავიდნენ იქ, სადაც მეტი შესაძლებლობაა. ბოლოს და ბოლოს, "აქ მაინც არის რაღაც. და იქ - არავინ იცის, რა იქნება".
კიდევ უფრო ცუდი ის არის, რომ მათ, ვინც ფულის ან სიყვარულის ნახევარ ნაწილს გასცემენ, კარგად იციან, რომ პარადოქსი მუშაობს, ჰოდა: "თუ არ მოგწონთ, მიბრძანდით" და ნახევარი პორცია იცვლება მეოთხედი პორციით, ან ერთი მერვედით... ან უფასურდება პროდუქტებზე ფასების უსაშველო ზრდის პარალელურად. გასცემენ ნამცეცებს, რომლებიც უბრალოდ ასულდგმულებენ ადამიანებს, კი არ აცხოვრებენ. რატომ დახარჯავენ ფულს მათზე, ვინც ნახევარ პორციაზეც თანახმა არიან? უბრალოდ, ააცილებენ სრულ შიმშილს, ამისთვის კი ნამცეცებიც საკმარისია!
ასეთ დროს უნდა მიიღო გადაწყვეტილება - "საკმარისია!" და წახვიდე შენთვის საუკეთესოს, სრულფასოვნის საძიებლად, სანამ ჯერ კიდევ გაქვს ძალა. მაგრამ ეს ძალიან რთულია, როდესაც რეგულარულად და საიმედოდ გაძლევენ იმის ნახევარს, რაც გჭირდება. ან კიდევ უფრო ნაკლებს...
ვინც იმის ნახევარს გაძლევს, რაც გაცემული ენერგიის აღსადგენად და სრულფასოვანი არსებობისთვის გჭირდება, ძალიან ვერაგია, დაუნდობელი, ადამიანობას მოკლებული ეგოისტი, საკუთარტყავა და საკუთარმუცელა. მან კარგად იცის, რომ ერთ დღესაც წახვალ, მისი მიზანიც შენი და შენნაირების თავიდან მოშორებაა, რომ თვითონ ქაფოს პორციის მეორე ნახევარი. მაგრამ უნდა იყო ძალიან ძლიერი, რომ შენ კი არ წახვიდე, არამედ ისინი გაუშვა - შენს ხარჯზე მაძღარი ბონძღები ან კიდევ შენი სიყვარულით ნაკვები იდიოტები.
და ეს იქნება სამართლიანი.
237 3-ს მოსწონს
|