x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"პრემიერის 4 სირცხვილი" - რას წერს ლევან ლორთქიფანიძე

image


პოლიტოლოგი და "კავკასიური სახლის" საბჭოს წევრი, ლევან ლორთქიფანიძე, ირაკლი ღარიბაშვილის ვაჟთან ერთად ჩარტერული რეისით აშშ-ში გამგზავრებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ქვეყნის პრემიერის საქციელს "ამაზრზენს" და "თავხედურს" უწოდებს:


"დიდ ბრიტანეთს ჰყავდა ერთი შესანიშნავი პრემიერ-მინისტრი – ჰაროლდ უილსონი!


ცხადია, ბენჟამინ დიზრაელის, დევიდ ლოიდ ჯორჯისა და თვით ჩერჩილის ფონზე, ოქსფორდელი ეკონომისტი არავის ახსენდება, მაგრამ ფაქტია – ლეიბორისტმა ურთულეს პერიოდში ძალიან ბევრი შეძლო …


უილსონი საზოგადოებაში ყოველთვის ჩიბუხს ეწეოდა. სახელი გაითქვა იმითაც, რომ ფეშენებელური კურორტების ნაცვლად შვებულებას ხშირად ატარებდა სამხრეთ ინგლისში, სილის კუნძულებზე.


ოპონენტები მას სიყალბესა და იაფფასიან პოპულიზმში ადანაშაულებდნენ. უილსონს კი უბრალოდ სრცხვენოდა თავისი ამომრჩევლების, ლივერპულელი მუშების წინაშე! ისედაც მათზე ასჯერ უკეთესი სოციალური პირობები ჰქონდა და დამატებითი ატრიბუტებით თავისი უპირატესობის ხაზგასმა ეხამუშებოდა, ესიკვდილებოდა.


არ ვიცი, შეიძლება ბ-ნი ღარიბაშვილი ადამიანის მიერ დაწერილ არცერთ კანონს არ არღვევს! მაგრამ ის უხეშად ფეხქვეშ თელავს დაუწერელ, მორალურ კანონებს.


სირცხვილია, როდესაც ქვეყანაში მოხუცებს პენსია წამლის ფულად არ ჰყოფნით, პრემიერ-მინისტრის პენსიონერ მშობლებს კი მოულოდნელად უგროვდებათ 150 000 ლარი შვილისთვის საჩუქრის გასაკეთებლად.


სირცხვილია, როდესაც ადამიანებს მამაპაპისეული მიწის დამტკიცება უჭირთ, პრემიერ-მინისტრის მეუღლე კი ბაკურიანში სარფიანი გარიგებით ახერხებს უძვირესი მიწის ნაკვეთის ხელში ჩაგდებას.


სირცხვილია, როდესაც მთელი საქართველოს ბავშვები გაუბედურებულ, მახინჯ სკოლებში არიან შეყრილნი, პრემიერ-მინისტრის შვილები კი მხოლოდ კერძო სკოლებში სწავლობენ ( ერთი სახელმწიფო სკოლა ვერ მოიძებნა ქვეყანაში, რომელსაც პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლები შვილს მიანდობნენ).


სირცხვილია, როდესაც პრემიერ-მინისტრი ჩვეულებრივი რეისებით, მათი ბიზნეს-კლასით მგზავრობასაც კი ვეღარ ეგუება და საზღვარგარეთ შვილთან ერთად ჩარტერით დაფრინავს (ისე ყვებიან ამ ამბავს, თითქოს ტელეფონით ტაქსი გამოიძახა).


კულტურული და თავმოყვარე ადამიანი ანგარიშს უწევს თავისი ხალხის მდგომარეობას; პრივილეგიებით დემონსტრაციულად სარგებლობა, ზედმეტი ფუფუნებით საკუთარი თანამოქალაქეების გაღიზიანება ამაზრზენი საქციელია. ასმაგად შემაშფოთებელია, როდესაც ასე თავხედურად პოლიტიკური ლიდერი იქცევა."- წერს ლევან ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის სტრატკომის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის ერთ-ერთ ქალაქში ჩარტერული რეისით ჩაფრინდა, ხოლო იქიდან აშშ-ში რეგულარული რეისით გაემგზავრა:


"საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, მიზანმიმართულად ვრცელდება ცრუ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შვილთან ერთად აშშ-ში თითქოსდა ჩარტერული რეისით გაემგზავრა. საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ პრემიერ-მინისტრი როგორც ოფიციალური და სამუშაო, ისე კერძო ვიზიტების დროს აშშ-ში მგზავრობს სამგზავრო თვითმფრინავით, სხვადასხვა ავიაკომპანიის რეგულარული, კომერციული რეისებით.


კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ საუბარი იყო ჩარტერულ ფრენაზე, რომელიც განხორციელდა თბილისიდან ევროპის ერთ-ერთი ქალაქის მიმართულებით, ხოლო აშშ-ის მიმართულებით პრემიერ-მინისტრი რეგულარული რეისით გაემგზავრა. კერძო ვიზიტისას პრემიერ-მინისტრის მგზავრობის, ასევე ჩარტერული (კომერციული) რეისის თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა", - ნათქვამია სტრატკომის განცხადებაში.


ცნობისთვის, 6 სექტემბერს, სტრატკომის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა ფეისბუქგვერდზე დაწერა, რომ ღარიბაშვილი აშშ-ში საკუთარ შვილთან ერთად გაემგზავრა, რომელსაც ახალი სასწავლო წელი ეწყებოდა პენსილვანიის უნივერსიტეტში. მისი სიტყვებით, “კონკრეტული მედიასაშუალებები ცდილობენ სკანდალის აგორებას”, თუმცა “სკანდალური არაფერია”.






0
399
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
399