x
image
L.C.
ძახილი წარსულიდან




imageალბათ ხშირად გინახავთ, როგორ
ხვდებიან ძველი ნაცნობები ქუჩაში ერთმანეთს...ჯერ სასიამოვნოდ გაკვირვებული სახე, მერე
ღიმილი და ხალისიანი მისალმება, იწყება ერთმანეთის მოკითხვა და ზოგჯერ ძველი დროის გახსენება...ბევრჯერ
ეს ძველი ნაცნობი თავადაც ყოფილხართ და ეს ყველაფერი თქვენ ისედაც იცით, მაგრამ ოდესმე
დაფიქრებულხართ თითოეული ასეთი შეხვედრის უკან რა ისტორია იმალება?

ჩვენ ყოველდღიურ მოვლენებს
მხოლოდ გარედან ვხედავთ, თუმცა ასე რომ არ იყოს ალბათ ჭკუიდანაც კი შევიშლებოდით, მაგრამ
მაინც მინდა ერთი ხანმოკლე შეხვედრა დაგანახოთ და იქნებ შევძლოთ იმის შემჩნევა რასაც
მეც და თქვენც ყოველთვის შეუმჩნევლად ვტოვებთ...


გადავინავცლოთ თბილისის
ერთ-ერთ წყნარ უბანში.წარმოიდგინეთ გაზაფხულის თბილი დღე, ჰაერში უკვე გაერია ახლადამოსული
ბალახისა და ფოთლების სუნი, ქუჩებში ხალხი ირევა, ზოგს სადღაც მიეჩქარება, ზოგი უბრალოდ
სასეირნოდაა გამოსული, ვიღაც ალბათ საყვარელ ადამიანთან პაემანზე მიდის, ვიღაცას კი უბრალოდ სამსახურში აგვიანდება და ასე
შემდეგ...კანონზომიერი ქაოსია, მაგრამ გეშლებათ, მოქმედება აქ არ ხდება, მე მინდა მიგაქცევინოთ
ყურადღება მარჯვნივ, აი იმ კუთხისაკენ, სადაც ამწვანებული სკვერია...ხედავთ?პატარაა, მაგრამ
საკმაოდ ბევრი ხალხი ირევა, წითლად შეღებილი საქანელები სავსეა ბავშვებით, კუთხეში სკამზე
მიყუჟული მოხუცები მზესუმზირის წკაპუნსა და ლაპარაკში ერთობიან, გვერდით კი პატარა ბიჭი
თავის უზარმაზარ ძაღლს ასეირნებს...მოკლედ, ჩვეულებრივი დღეა, მშვიდი და თბილი, მაგრამ
თქვენ წარმოდგენაც არ გაქვთ, რამდენად ბობოქარია ის იმ ორი ადამიანისათვის, რომლებიც
რამდენიმე წუთში, სრულიად შემთხვევით, სწორედ ამ სკვერში უნდა წააწყდნენ ერთმანეთს...ბევრს
აღარ მოგაცდენთ, გაიხედეთ პირდაპირ...ალბათ შეამჩნიეთ, როგორ გამოეყო საერთო სურათს მოხდენილი, თქვენთვის უნობი ქალი...მაღალია, გემოვნებით
აცვია, ტალღოვანი წაბლისფერი თმა კოხტად აქვს შეკრული კეფაზე, ყურებზე მოზრდილი მარგალიტის
საყურეები უკეთია, მის ცოტათი ბავშვურ სახეს, უფრო ზრდასრულ იერს აძლევს.გვერდით პატარა
გოგონა მოჰყვება, დედის ზუსტი ასლია, ოღონდ ცოტა უფრო ცოცხალი მზერა აქვს და ღია თმა.მოუსვენრად
აცეცებს აქეთ-იქით თვალებს და შემდეგ ბავშვების პატარა ჯგუფისკენ გარბის სათამაშოდ.ამჩნევთ, როგორი
თბილი მზერა გააყოლა ქალმა, ზუსტად ისეთი, როგორსაც ჩუქნიან ადამიანებს, რომლებიც ყველაზე
მეტ სიხარულს გვანიჭებენ ცხოვრებაში.თვითონ ქალი იქვე, სკამზე ჯდება და ალბათ აპირებს
ამ პატარა გოგონას ცქერით დატკბეს, მაგრამ რატომღაც მის გულისთქმას რაღაც სხვა ექაჩება
და სრულიად დაუფიქრებლად იხედება საპირისპირო მხარეს და თქვენ, რა თქმა უნდა არ შეგიმჩნევიათ, როგორ
შეცვალა ერთ წამში უყურადღებობა დაკვირვებამ, დაკვირვება-გაოცებამ ხოლო გაოცება ისეთმა
მღელვარებამ, რომ ქალს გული ტკივილამდე შეეკუმშა, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, ეს მხოლოდ ერთი
წამია...აი, გვიახლოვდება ქერა, სწორთმიანი კაცი მომღიმარი სახით და თუ დააკვირდებით, შეამჩნევთ, რომ
მისთვის ეს შეხვედრა იმდენად მოულოდნელი არაა როგორიც ქალისთვის, მაგრამ მას რომ იცნობდეთ, ადვილად
მიხვდებოდით როგორი დაბნეულია, რადგან ასეთ დროს ის ყოველთვის თითებს ათამაშებს, ისევე
როგორც ახლა, მაგრამ თქვენ ცხადია ეს ნერვიული მოძრაობაც არ შეგიმჩნევიათ...


- გამარჯობა, ანა... -საკმაოდ
მტკიცე ხმით ესალმება, ქალი დგება, გაუბედავად უღიმის და თითქმის ჩურჩლით ამბობს მის
სახელს:


-ლუკა...


აი შეხვედრის პირველი ეტაპი-მისალმება სწორედ აქ
მთავრდება.მართალია, ქალმა მას მხოლოდ სახელი დაუძახა, მაგრამ ზოგჯერ სახელში „გამარჯობაც“
იგულისხმება, თუმცა ხანდახან უფრო მეტიც... სანამ დასკვნას გავაკეთებდეთ, იწყება მეორე
ეტაპი.


-როგორ ხარ?-ეკითხება
კაცი.სხვათაშორის, ეს სწორედ ის ბანალური შეკითხვაა, რომელსაც ყოველთვის დაუფიქრებლად
სვამთ თქვენც და კიდევ უფრო დაუფიქრებლად პასუხობთ, რადგან ხშრად ტყუილი გამოგდით.


-კარგად...ღმერთო ჩემო, რამდენი
წელი გავიდა, რვა თუ ცხრა?


-ათი...


სიჩუმეა.ალბათ ახლა გესმით, როგორ
ხმაურით მოვიდა ქუჩის მოპირდაპირე მხარეს ავტობუსი, როგორი ხმაურით იღება კარი და შემდეგ
იხურება, წყლის ჩხრიალიც აღწევს ყურთასმენას პატარა შადრევნიდან რომ ისმის და ასე გვაღიზიანებს
ამ წუთში, რადგაც ეს წუთი გაუსაძლისად იწელება და, სხვათაშორის, არა მარტო თქვენთვის...


-ჰო, ათი...იცი, საერთოდ
არ შეცვლილხარ-ამჯერად სიჩუმეს არღვევს ქალი.ორივე თითქოს ერთდროულად მშვიდდება.საერთოდ, თავიდან
უფრო რთულია მოულოდნელ წუთში თავი სწორად დავიჭიროთ, მერე კი თითქოს ყველაფერი თავის
ადგილზე დგება...კაცი იღიმება.


-აი შენ კი შეიცვალე, იმ
პატარა გოგონასგან, რომელსაც ვიცნობდი, -სხვათაშორის, სიტყვა "ვიცნობდიზე" ორივეს
რაღაც უხერხული შეგრძნება ეუფლება, მაგრამ თქვენ ამას ვერ ხედავთ, - მომხიბლავ, დახვეწილ
ქალბატონად ქცეულხარ, თუმცა ის ბავშვური სახე მაინც შემოგრჩა...


ქალი ნაზად იღიმება, უფრო
თვალებით ვიდრე ტუჩებით და ამ მომენტში პასუხის
გაცემა, მე თუ მკითხავთ, საერთოდაც არაა საჭირო, მაგრამ რაღაც უნდა ითქვას მაინც, თითქოს
რომელიმე უხილავი წესი არსებობდეს...


-როგორ მიდის შენი საქმეები, ლუკა?გავიგე, რომ
ძალიან კარგი წიგნი დაგიწერია, ყველა აღფრთოვანებულია...


დააკვირდით, როგორ მოუსვენრად აათამაშა თითები კაცმა.


-განსაკუთრებული არაფერი, მერწმუნე.თანამედროვე
ლიტერატურა დიდ ნიჭს არ მოითხოვს, ხალხს უბრალოდ ის მოსწონს, რომ თვითონ ამბავი ნამდვილია.თუ
არ წაგიკითხავს, გირჩევ დრო არც დაკარგო.


და ხედავთ, რომ სწორედ
ახლა მოირბინა იმ პატარა გოგონამ, რომელიც დასაწყისში აღვწერეთ და დედას გახსნილი ზონრის
შეკვრა სთხოვა.


-ოჰ, ესაა ჩემი მოუცლელობის
მიზეზი..-სიცილით ამბობს ქალი და ფეხსაცმლის ზონრის შეკვრას იწყებს, შემდეგ კი მხარზე
ადებს ხელს ბავშვს, გაქცევისგან რომ შეაჩეროს, -ჩემი შვილია, ისეთი მოუსვენარია, რომ წამით
ვერ დატოვებ, ამიტომაც წიგნების საკითხავად ვერ ვიცლი...


-რა ლამაზი გოგონაა, -ღიმილით
იხრება კაცი და ბავშვს ლოყაზე ჩქმეტს მსუბუქად, -დედას ჰგავს...-ბავშვი მორცხვად უყურებს, მერე
დედისკენ ბრუნდება, თითქოს ნებართვას სთხოვს და ისევ ბავშვებისკენ გარბის.


-მართლა შენ გგავს-ამატებს
კაცი, თითქოს წინა ფრაზა მხოლოდ ბავშვს უთხრა, -დიდი ხანია დაოჯახდი?


- ხუთი წელია...- რა თქმა უნდა
არც თქვენ და არც კაცმა არ იცით, რომ ქალი ახლა ცრუობს.


(მიზეზიც თითქოს გაუგებარია, მაგრამ ნუ ვიჩქარებთ, ბოლომდე
მოვუსმინოთ)


-შენ არ დაქორწინებულხარ?


-არა, როგორც იტყვიან, ჯერ
ისევ ძიებაში ვარ, კლასიკური ფრაზა...-აი კაცმა კი შეგნებულად არ იცრუა, იგი ცნობილი
მწერალია და მისი პირადი ცხოვრება დიდი ხანია უკვე პირადი აღარაა.


ქალი თვალს არიდებს და
ბავშვის მხარეს იხედება, თითქოს შემოწმება უნდა, ხომ არ წაიქცა ან რაიმე მსგავსი, მაგრამ
უბრალოდ პასუხს ვერ პოულობს, გვერდიდან კი ყველაფერი უბრალოდ ჩანს, ისევ კაცი ეშველება...


-კარგი...ისედაც შეგაყოვნე, ანა, მეც
უნდა წავიდე, მეჩქარება...


-ძალიან გამიხარდა შენი
ნახვა ლუკა...-ხმას და გამომეტყველებას დააკვირდით, მგონი ქალს თითქოს თან გულზე მოეშვა
და, თან პირიქით.


-იმედია, კიდევ შევხვდებით...


-კარგი იქნება...


ორი ჩვეულებრივი, მომღიმარი
სახე...მაგრამ არის რაღაც, რასაც ტყუილი არ ეხერხება და მიუხედავად იმისა, რას ამბობთ, ყოველთვის
გაგცემთ და სიმართლეს იტყვის უსიტყვოდ-თვალები...


ამ შემთხვევაშიც ჩვენმა
ორმა გმირმა სწორედ ერთმეანეთის თვალებში დაინახა ის, რისი დაფარვაც მათ ბაგეებს სურდათ
და სწორედ ქალის უკანასკნელმა მზერამ, რომელიც ალბათ წამის მეათედს გაგრძელდა, (ისე, მე
თუ მკითხავთ, სწორედ ასეთი წამის მეათედებია ნამდვილი ცხოვრება) აიძულა კაცი, ბოლო წუთში
შემოტრიალებულიყო და ის კითხვა დაესვა, რომელსაც უკვე შეხვედრის მესამე ეტაპზე გადავყავართ-მოგონებები...


-ანა, მითხარი..რატომ არ
მოხვედი მაშინ?


აი ახლა თქვენც კი ცხადად
ხედავთ, როგორ აღელდა ქალი და მიხვდებით, რომ ამ კითხვის მთელი ეს დრო ეშინოდა...


-ამას იმიტომ გეკითხები, რომ
ახლა უკვე აზრი აღარ აქვს, -კაცი ამით მის დამშვიდებას უფრო ცდილობს არა?-უბრალოდ მაინტერესებს..


შეხედეთ, ქალმა მგონი ნებისყოფა
მოიკრიბა და გაღიმებას ცდილობს.


-ეს...ჩვენ ჯერ კიდევ
ბავშვები ვიყავით, ლუკა...უბრალოდ ვერ გავბედე...


ახლა ქუჩაში საშინელი
ხმაურია, მაგრამ უკვე ალბათ თქვენც აღარ გესმით.


-ჰო, მართლა ბავშვები
ვიყავით...-კაცის წამიერი ჩაფიქრება უკვე გულწრფელ ღიმილში გადადის, -ბედნიერებას გისურვებ, ანა....


ის ცდილობს უხმოდ მიტრიალდეს, მაგრამ
მგონი ქალს რაღაცის თმა უნდა.


-ლუკა...-კაცი ტრიალდება
და...


თქვენ ახლა ალბათ ელით, რომ მოხდება რაღაც ძალიან
მნიშვნელოვანი, მაგალითად, ქალი მოულოდნელად აკოცებს (ეს იდეა უფრო რომანტიკოსებს მოუვათ თავში), ან ეტყვის რომ ნანობს, ეტყვის
რომ ის, რაც აქამდე უნდა მომკვდარიყო ჯერ კიდევ ცოცხალია და ისინი გულში ჩაიკრავენ ერთმანეთს, ქუჩის
ხმაური შეწყდება და ირგვლივ ყველაფერი გაქრება მაგრამ...თქვენ დაგავიწყდათ, ეს ერთი
ჩვეულებრივი შეხვედრაა, რომელსაც თქვენ გვერდიდან უყურებთ.


-მინდა იცოდე, რომ გულწრფელად
მიხარია შენი წარმატებები...


და ხედავთ?კაცი უხმოდ
უქნევს თავს და მიდის...


სულ რაღაც ხუთიოდე წუთი და თქვენ წარმოდგენაც არ გაქვთ რამდენად უკან წავიდა
დრო და წლების ნაშენები სიმშვიდე როგორ წამში დაინგრა…მხოლოდ იმედგაცრუებას გრძნობთ, რომ ასე უაზროდ დასრულდა ის, რასაც სინამდვილეში
დასრულება არც უწერია.მიხვდით კიდეც, რა აკავშირებთ ჩვენს მთავარ გმირებს, მაგრამ სანამ
მათ გამტყუნებას ან გამართლებას დაიწყებთ, უყურებთ ქალს, რომელიც ისევ სკამზე ჩამოჯდა
და ისევ ბავშვის მხარეს იყურება, მაგრამ მისი მზერა უფრო შორ სივრცეს სწვდება და თქვენც
იცით, რომ იგი ფიქრებით ახლა
სხვაგანაა და ვერ გრძნობს, როგორ უბერავს გრილი სიო და უთამაშებს მარჯვენა ყურთან ოდნავ
ჩამოშლილ თმას, როგორ მცხუნვარედ აჭერს მზე პირდაპირ იმ ადგილას, სადაც ზის და როგორ
უღიმის მოპირდაპირე მხრიდან თავისი პატარა გოგონა, რომელიც საქანელაზე ზის და უდარდელად
ქანაობს ჰაერში...


დავტოვოთ ქალი ფიქრებთან
მარტო და გავუყვეთ იმ გზას საითაც წავიდა კაცი.ამ მხარეს ხეების მწკრივია, ხოლო მათ
რომ გაცდებით - პატარა კაფე.ხედავთ?კაფე ისეთ ადგილზეა, რომ იქიდან თავისუფლად ჩანს, რა
ხდება სკვერში, თანაც, მაგიდები გარეთაა, მაგრამ სკვერიდან ვერაფერს შეამჩნევთ.გაიხედეთ
შუაში, პირდაპირ შუშის ვიტრინასთან და დაინახავთ უცნობ ახალგაზრდას, რომელიც სიგარეტს
ეწევა.ისიც ჩვენსავითაა ახლა, უბრალოდ გარედან აკვირდება შეხვედრას და ხედავს, როგორ დატოვა
კაცმა ქალი სკვერში და თავად მისკენ გამოემართა.მოუახლოვდა უხმოდ და ახლა კი აშკარად
ამჩნევთ, რომ სახე გაჰქვავებია.უღონოდ ეშვება სკამზე, შემდეგ კი უთქმელად იღებს სიგარეტს
და ისიც უკიდებს.


-როგორ ჩაიარა?-ეკითხება
უცნობი და დაძაბული ელოდება პასუხს.


-ჩვეულებრივად...მოვიკითხე.


დააკვირდით, როგორ აზიდა
წარბები უცნობმა.ახლა სიგარეტს აქრობს, წამით რაღაცაზე ფიქრობს და მგონი ისიც ისეთივე
იმედგაცრუებულია, როგორიც თქვენ.


-ლუკა, ათი წელია ამ ქალს
ეძებ და...მოიკითხე?


(აი ახლა თითქოს ვხედავდეთ, რა
ხდება კულისებში, როცა მსახიობები სცენას ტოვებენ)


-ჰო...


კაცი ჩუმდება და ქალის
მხარეს იხედება, ის კი უძრავად ზის.უცებ ყველაფერი გარშემო გამაღიზიანებელი ხდება, ფოთლების
რხევაც კი, მაგრამ ეს მხოლოდ მისთვის და არა თქვენთვის...შეხედეთ, როგორ თანაგრძნობით
უყურებს უცნობი, მგონი აპირებს სასმელი შესთავაზოს, მაგრამ სანამ რამეს ეტყვის, კაცი აგრძელებს:


-მართალი იყავი, არ ღირდა.მას
თავისი ცხოვრება აქვს, სისულელე იყო მთელი ეს წლები სასწაულის ლოდინი.


-რა გითხრა?რაზე ილაპარაკეთ?


ამჯერად უცნობიც ქალისკენ
იხედება და უცებ ორივე ამჩნევს, როგორ უახლოვდება მას ვიღაც მაღალი, უხეშნაკვთებიანი
კაცი და ნაზად კოცნის კისერში.ქალი კრთება, უკან იხედება და მგონი ცოტათი დაბნეული უღიმის.(არ დაგავიწყდეთ, რომ ეს ორნიც ახლა მხოლოდ
გარედან ხედავენ ყველაფერს, მაგრამ დაბნეულობას მარტო ჩვენ ვამჩნევთ).


-ახლა გასაგებია...შეგიძლია
აღარც მომიყვე.იცი რა, ლუკა, დროა ეს ყველაფერი დაივიწყო, ისედაც საკმარისად იტანჯე, სადმე
ქალაქგარეთ წადი, ან უფრო შორს.გაერთე და დაისვენე, იქნებ ახალი წიგნის სიუჟეტიც მოგივიდეს
თავში, რა იცი...ეს დასასრული არ არის, პირიქით, როგორც იქნა ცხოვრებას დაიწყებ.


თქვენ ხედავთ, როგორ უქნევს
თავს თანხმობის ნიშნად კაცი, მაგრამ ამ უცნობივით არ იცით, რომ მას არც კი მოუსმენია
ეს სიტყვები, უბრალოდ გაუაზრებლად მიხვდა, რომ თანხმობა უნდა გამოეხატა, ის ისევ ქალისკენ
იხედება, რომელსაც ის უხეშნაკვთებიანი უცნობი რაღაცას აძლევს ხელში, ქალი კი უცინის და
ლოყაზე ეფერება.ცოტა ხანში ისინი პატარა გოგონას ეძახიან და ტროტუართან გაჩერებულ მანქანასთან
მიდიან.ქალი კარს აღებს, ჯდება და მალე მანქანა
მოსახვევში უჩინარდება. კაცი რამდენიმე წამით ისევ მოსახვევს უყურებს და შემდეგ სკვერისკენ ზურგშექცევით ჯდება.


-საკმარისია.რამე დამისხი...


ამ წუთიდან კი თქვენ მეტს
ვეღარაფერს გაიგებთ ან დაინახავთ.ალბათ ფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი უაზრობაა, სისულელე
ან უბრალოდ გაუბედაობა...ალბათ გამოეცლებით იმ სკვერს იმედგაცრუებული და გაუყვებით
ქუჩას იმის ფიქრში, როგორ უბრძოლველად თმობენ ბედნიერებას ზოგჯერ...ძალიანაც ნუ გაკიცხავთ
ადამიანებს, რადგან თქვენ მხოლოდ ერთი შეხვედრა ნახეთ და იმ კაცივით, რომელიც ახლა სულდამძიმებული
კაფეში სასმელს წრუპავს, ვერც თქვენ დაინახავთ, როგორ ჩაჯდება ქალი მანქანაში და მძიმედ
დაეშვება წინა სავარძელზე იმის ფიქრში, რა სულელია რომ კისერში კოცნისას ლუკას მოლოდინში
შემოტრიალდა.უხეშნაკვთებიანი კაცი კი დროდადრო თვალს გააპარებს, სანამ შუქნიშანთან გაჩერებისას
დროს იხელთებს და ჰკითხავს...


-მოგწონს?


ქალი უპასუხებს, რომ ძალიან
მოსწონს და ხელში ჩაბღაუჭებულ ნივთს დახედავს, მის ყალბ ღიმილს კი ვერავინ შეამჩნევს.ამ
დროს პატარა გოგონა, რომელიც მთელი ეს დრო უკანა სავარძელზე ზის და ხელში ფუმფულა ვარდისფერ
ბაჭიას ათამაშებს, ცნობისმოყვარედ იკითხავს:

-დედიკო, ეგ რა არის?


-ეს მისი საყვარელი
წიგნია-აუხსნის კაცი.


-მაგრამ ასეთი სახლშიც
ხომ გვაქვს?-ისევ ჰკითხავს ბავშვი და წინ გადმოიხრება, რომ წიგნს კიდევ უფრო კარგად
დააკვირდეს.


კაცი თბილად გაიღიმებს
და მისი ნაკვთები იმ წუთში სულაც აღარ გამოჩნდება უხეში, ჯერ ბავშვს გახედავს, მერე ქალს
და გაიფიქრებს, რა სიამოვნებით აკოცებდა მას ახლა.


-ეს საკოლექციო გამოცემაა, შემთხვევით
დავინახე მაღაზიის ვიტრინაში და დედიკოს ვუყიდე, თანაც ამაზე ავტორის ავტოგრაფიცაა.


დიალოგი გაგრძელდება, მაგრამ
ქალი არ მოუსმენს და ამქვეყნად ვერავინ ვერასდროს გაიგებს, რომ ის ახლა გაიხსენებს, როგორ უნდა
გაპარულიყო გამთენიისას სახლიდან და შეხვედროდა ლუკას, შემდეგ ჯვარი უნდა დაეწერათ და
ეცხოვრათ დიდხანს და ბედნიერად, ზუსტად ისე როგორც ზღაპრებში.გაიხსენებს, როგორ შეაჩერეს
და ოცნებები დაუმსხვრიეს, მეორე დღესვე გაამგზავრეს საზღვარგარეთ და რადგანაც იცოდნენ, რომ
ადრე თუ გვიან მაინც მას დაუბრუნდებოდა, რამდენიმე თვეში წერილი მისწერეს, რომ იგი „ურცხვად
გაცვალეს სხვაში“, თუმცა ურცხვი აქ მხოლოდ ტყუილი აღმოჩნდა, რომელიც წლების შემდეგ გაირკვა, როცა უკვე ძალიან გვიანი იყო.გაიხსენებს, როგორ
დაეხოცა ყველა უბედური შემთხვევის წყალობით და საზღვარგარეთ მარტო დარჩენილმა დაბრუნებაც
კი ვეღარ შეძლო, რადგან ყველაფერი, რაც მისი უნდა ყოფილიყო, სხვებმა მიითვისეს.გაიხსენებს, როგორ
შიმშილობდა დღეების მანძილზე...რას გრძნობდა, როცა სასოწარკვეთილმა და იმედდაკარგულმა
ყველაზე საშინელი ნაბიჯი გადადგა ცხოვრებაში, დაუშვა გადამწყვეტი შეცდომა და სწორედ
ამის შემდეგ, ისე რომ თითქოს ვერც კი გააცნობიერა...იქცა მეძავად.იმასაც გაიხსენებს, რომ
ახლა, კაცი, რომელიც გვერდით უზის, მასზე გიჟდება, მზადაა ასეთიც მიიღოს, მის შვილსაც გაუწიოს
მამობა და ყველაფერზე თანახმაა, ოღონდაც ცოლად გაჰყვეს.


გაიხსენებს, როგორ ნანობს, როგორ
სტკივა, როგორ უყვარს...


მერე ქალს კაცის ხმა გამოიყვანს
ფიქრებიდან.


-რას იტყვი, ვუყიდოთ ის
თოჯინა?


ქალი უცებ გამოერკვევა, გაიღიმებს
და იტყვის:


-კი, დღეს ნამდვილად დაიმსახურა.


და სანამ ბავშვი სიხარულით
დაიწყებს სავარძელზე ხტუნვას, ხოლო კაცი მის დამშვიდებას, ქალი ნაზად გადაუსვამს თითებს
ყდაზე ამობეჭდილ სახელს და თქვენ არ გეცოდინებათ, რომ ეს სწორედ იმ კაცის სახელია, რომელიც
სკვერში ვნახეთ.თქვენ ვერც იმას დაინახავათ, როგორ ფრთხილად გადაშლის ქალი წიგნს ბოლო გვერდზე, თავის საყვარელ
ადგილას და...ვერც იმ სტრიქონებს წაიკითხავთ, რომლებსაც იგი წლების მანძილზე მრავალჯერ
დაასველებს ცრემლით:


„და მე გწერ ამ წერილს იმ იმედით, რომ ოდესმე
ხმას მოგაწვდენ და თუ შენ ახლა გესმის ეს განწირული ძახილი წარსულიდან, გთხოვ, უპასუხოდ
ნუ დამტოვებ, რადგან სწორედ ახლა, როცა შენ ამ სტრიქონებს კითხულობ, ჩემი გული ძგერს შენით
და ტკივილით ელოდება წუთს, როცა ისევ დაბრუნდები...“








3
48
2-ს მოსწონს
ავტორი:L.C.
L.C.
48
  
2012, 7 ოქტომბერი, 21:41
კი,ცოტა დიდია და ალბათ კითხვა დაეზარებათ,მაგრამ მიყვარს წერა და ვიფირე გამოვაქვეყნებ მეთქი:)მადლობ:))
2012, 7 ოქტომბერი, 21:39
მაგარია... შენ დაწერე ეს ყველაფერი?
0 1 3