მუსიკა ყველაზე მეტჯერ რომელი სიტყვაა ნახსენები გოგი ცაბაძის სიმღერებში?–დიდი მაესტროს წინათგრძნობა 2023, 24 აგვისტო, 11:14
დღეს, 24 აგვისტოს ლეგენდარული კომპოზიტორის, ქართული ქალაქური საესტრადო სიმღერების, ოპერეტის, მუსიკალური კომედიების ავტორის და ქართული მიუზიკლის ფუძემდებლის, გოგი ცაბაძის დაბადების დღეა.
გთავაზებთ ერთ საინტერესო მოსაზრებას, რომელსაც მისი შვილი, ასევე კომპოზიტორი კახა ცაბაძე მოგვითხრობს: "მამა ქვეტექსტებით მღეროდა. რატომღაც ყველას მიაჩნია, რომ გოგი ცაბაძე ყველაზე ხშირად თბილისზე მღეროდა. მე კი სულ ვამბობ, თბილისის მომღერალს კი ეძახდნენ, მაგრამ რომ დავთვალე, სიტყვა თბილისი სულ 12 სიმღერაში აქვს გამოყენებული, სამაგიეროდ, სიტყვა გული 74 სიმღერაში გამოიყენა. “თვითონ ღმერთი წამებული შენ ერთს გწყალობს ისევე, მხოლოდ გულში განისვენებს, მხოლოდ გულში ისვენებს, გულო, სანამ გული გქვია, გულო, უნდა მტკიოდე, გულო, უნდა მიერთგულო, მიმყვე საიქიომდე” – საოცარი სიტყვებია. არ ვიცი, სიკვდილსა და საიქიოზე არასოდეს საუბრობდა, მაგრამ ალბათ ფიქრობდა კიდეც. მამას თავისებური დამოკიდებულება ჰქონდა ყველაფრისადმი. რა თქმა უნდა, უყვარდა თბილისი, იმიტომ, რომ იყო ამ ქალაქის შვილი, ამ ქალაქის გადმოსახედიდან ხედავდა საქართველოსაც, სიყვარულსაც, მეგობრობასაც. გოგი ცაბაძე თბილისს კი არ უმღეროდა, მისი სიმღერები თბილისელი კაცის ნამღერი იყო. მამა სიმღერებს ძირითადად მორის ფოცხიშვილისა და პეტრე გრუზინსკის ლექსებზე წერდა. მას მართლაც ოქროს ხანის თბილისში მოუწია ცხოვრება. ამ ქვეყანაში მამაჩემისთვის გული იყო მთავარი და მართლაც გულმა უმტყუნა. მამაჩემს დაახლოებით ას სიმღერაში აქვს გული ნახსენები. ალბათ, ეს ყველაფერი ღმერთის ნებით მოხდა. მამაჩემს წინათგრძნობა ჰქონდა, გული უგრძნობდა, რაც ელოდებოდა.”-აღნიშნავს კახა ცაბაძე. შეგახსენებთ, გოგი ცაბაძე 1986 წლის 30 ნოემბერს გორის თეატრის სცენაზე გამოსვლის დროს გულის შეტევით გარდაიცვალა.მაესტრომ დაასრულაა სიმღერა, წამოდგა, გულზე ხელი მოიკიდა და კულისებისკენ გაემართა..... კომპოზიტორი 62 წლის იყო. 81 2-ს მოსწონს
|