x
image
მანანა თურმანიძე
მოვლენა, რომელსაც ათეისტებმა ახსნა ვერ მოუძებნეს
image

მრავალ ქრისტიანულ სასწაულთა შორის კეფალონიის სასწაული გამორჩეულია იმით, რომ ათეისტებმა ამ მოვლენას ვერანაირი ახსნა ვერ მოუძებნეს. ამ ფენომენს ადგილი აქვს კუნძულ კეფალონიაზე, რომელიც იონიის ზღვაში მდებარეობს და მხოლოდ იმით არ არის გამორჩეული, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი კუნძულია ამ ზღვაში. სწორედ ამ კუნძულზე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღეს, ყოველწლიურად აღესრულება სასწაული, რომელიც მნახველებს ანცვიფრებს - სოფელ მარკო პოლოში, ღვთისმშობლის მიძინების სამლოცველოში, დღესასწაულზე დასასწრებად და ხატის თაყვანის საცემად ტაძარში შხამიანი გველები მოდიან.


ეკლესია კეფალონიის ყველაზე ცნობილი ეკლესიაა, რომელიც აგებულია ძველი მონასტრის ნანგრევებზე. გველები საოცრად მეგობრულები არიან და ადვილად უმკლავდებიან ყველას, ვინც მათთან კონტაქტს არ ერიდება. გველებს თავზე პატარა ჯვარი აქვთ გამოსახული და მათი ენაც ჯვრის ფორმისაა. ხატს, რომელლსაც სტუმრობენ ”გველის ღვთისმშობელს” უწოდებენ. მარიამობას მათ დანახვას არავინ უფრთხის-ადგილობრივი თუ სტუმრად ჩასული მორწმუნეები სიხარულით ელიან ამ დიდი სასწაულის ხილვას, ხელში იყვანენ და ეფერებიან "მომლოცველ" გველებს. ღვთისმშობლის გველები წელს, ჩვეულებისამებრ, კვლავ გამოჩნდნენ კუნძულ კეფალონიის ეკლესიაში.


გადმოცემის თანახმად, იმ ადგილას, სადაც ახლა სამლოცველოა, ადრე ყოვალდწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტერი ყოფილა. 1705 წელს საბერძნეთის კუნძულ კეფალონიაზე მცხოვრები მართლმადიდებელი მონაზვნების ჯგუფი შეაშფოთა მეკობრეების გამოჩენამ, რომლებიც ემუქრებოდნენ მათ მონასტერს. სოფლის ყველა მამაკაცი ზღვაში სათევზაოდ იყო გასული, მონაზვნებმა, როგორც კი მეკობრეთა გემი დალანდეს, შეშინებულებმა ჩარაზეს მონასტრის ჭიშკარი, თავად კი გულმოდგინედ ევედრებოდნენ დედა ღვთისმშობლის ხატს, დაეცვა ისინი ღირსების აყრიდან. საბოლოოდ, ხის ალაყაფმა მეკობრეთა შემოტევას ვერ გაუძლო, მაგრამ, როდესაც ისინი მონასტერში შეცვივდნენ, იქ, მონაზონთა ნაცვლად, შავი გველები დახვდათ. მოძალადეები თავზარდაცემულნი გაერიდნენ იქაურობას.


როგორც მარკო პოლოს მცხოვრებნი ამტკიცებენ, მათ სამლოცველოში სწორედ ის ხატია დაცული, რომელსაც ასე გულმოდგინედ ევედრებოდნენ მონაზვნები მეკობრეთაგან ხსნას და ეს ხატი პანაგია ფეტუსა (Παναγία Φετούσα) გახლავთ.



image

ყოველი წლის მარიამობას, რომელიც მართლმადიდებლურ საბერძნეთში 15 აგვისტოს აღინიშნება, მთებიდან ჩამოდიან შხამიანი გველები და სწორედ ამ სამლოცველოსთან იკრიბებიან, ტაძარში მორწმუნეებთან ერთად შედიან და წირვას ესწრებიან. მიუხედავად იმისა, რომ სამლოცველოში უამრავი ხატია, გველები ღვთისმშობლის ხატისაკენ მიიწევენ და მასზე განრთხმულები უსმენენ ღვთისმსახურებას. რაოდენ დაუჯერებელიც არ უნდა იყოს, ეს შხამიანი გველები ამ დღესასწაულზე სრულიად უვნებელნი ხდებიან-მლოცველებს ისინი ხელში აჰყავთ, ტაძარში შესვლაში ეხმარებიან, ეთამაშებიან და ეფერებიან ხოლმე. წირვის დასრულებისთანავე გველები ჩამოცოცდებიან ღვთისმშობლის ხატიდან და კვლავ მთებს მიაშურებენ. იმ წუთებიდან მათთან შეხებას არავის ურჩევენ, რადგან მათი შხამი მომაკვდინებელია.


ისტორიის თანახმად, ღვთისმშობლის გველები ბოლო 100 წლის განმავლობაში მხოლოდ ორჯერ არ გამოჩენილან. პირველად 1940 წელს, მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე და მეორედ 1953 წლის აგვისტოში, როდესაც კეფალონიამ განიცადა უზარმაზარი დამანგრეველი მიწისძვრა. ცნობისათვის, ფაშისტებმა იქ უამრავი ადამიანი დახვრიტეს მეორე მსოფლიო ომის დროს - თითო ოჯახიდან თითო კაცი. ამრიგად, მიჩნეულია, რომ ავის მომასწავებელია, თუ გველები არ გამოჩნდებიან, ეს ნიშნავს, რომ იმ წელს გვალვა ან მიწისძვრა, ან რაიმე უბედურებაა მოსალოდნელი.


ის ფაქტი, რომ გველები ღვთისმშობელ მარიამთან ცხადდებიან, საყურადღებოა იმ თვალსაზრისით, რომ ბიბლიური გადმოცემის თანახმად, ღმერთი ესაუბრებოდა სატანას გველის სახით და დასწყევლა ის: „უთხრა უფალმა ღმერთმა გველს: რაკი ეს ჩაიდინე, წყეულიმც იყავ ყველა პირუტყვს შორის, ყველა გარეულ ცხოველს შორის! მუცლით იხოხე და მტვერი ჭამე მთელი სიცოცხლე. მტრობას ჩამოვაგდებ შენსა და დედაკაცს შორის, შენს თესლსა და დედაკაცის თესლს შორის: ის თავს გიჭეჭყავდეს, შენ კი ქუსლს უგესლავდე!"(დაბადება 3:14-15). ამ მიზეზით ნეტარი დედა ტრადიციულად გამოსახულია როგორც გველის თავზე მდგარი.


გარკვეული გაგებით, ეს გველები შეიძლება გამოხატავდნენ ღვთისმშობლის ძალაუფლებას სატანაზე და იმაზე, თუ როგორ პატივს სცემენ მას გველებიც კი. გარდა ამისა, ეს ფაქტი ასევე გვახსენებს ჩანაწერს მარკოზის სახარებიდან, „ხოლო მორწმუნეთაგან განუყრელნი იქნებიან ეს სასწაულნი: "ვინც იწამებს და ნათელს იღებს, ცხონდება, ვინც არა და, განიკითხება. ჩემი სახელით განდევნიან ეშმაკთ და ახალ ენებზე იმეტყველებენ. აიყვანენ გველებს, და თუ სასიკვდილოს დალევენ რასმე, არ ავნებს მათ; ხელს დაადებენ სნეულთ და განიკურნებიან ისინი.“ (მარკოზი 16:16-18).

როგორიც არ უნდა იყოს ამ გველების გამოჩენის მოტივი, ადგილობრივი მოსახლეობა და ყველა მორწმუნე ქრისტიანი ამ გველებს ყოვლისშემძლე ღვთიური ძალის შეხსენებად და მისი ხალხის სასწაულებრივ მფარველობად აღიქვამს.

"ნეტარ არიან წმიდანი გულითა, ვინაიდან ისინი ღმერთს იხილავენ. ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი, ვინაიდან ისინი ღმრთის ძეებად იწოდებიან. ნეტარ არიან სიმართლისათვის დევნილნი, ვინაიდან მათია ცათა სასუფეველი. ნეტარნი ხართ თქვენ, როცა დაგიწყებენ გმობას, დევნას და ცრუმეტყველნი დაგწამებენ ყოველგვარ ბოროტს ჩემი გულისთვის. გიხაროდეთ და ილხენდეთ, ვინაიდან დიდია თქვენი საზღაური ცაში, რადგან ასევე სდევნიდნენ წინასწარმეტყველთაც, რომელნიც თქვენზე უწინარეს იყვნენ." (მათეს სახარება 5:8-12)


0
429
შეფასება არ არის
ავტორი:მანანა თურმანიძე
მანანა თურმანიძე
429
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0