"ფაქტიურად აღიარა დანაშაული, აი, თუნდაც ამიტომ....."- ვისზე საუბრობს გია ხუხაშვილი
პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ონში, ჟურნალისტებთან გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ძალოვანი მინისტრის მხრიდან დანაშაულის აღიარებაზე საუბრობს:
"რატომ არ უშვებთ, რომ ეს გომელაურმა არა სიბრიყვით, არამედ გამიზნულად თქვა?
ფაქტია, რომ ის ადგილზე არ იყო, ანუ ან გადაწყვეტილებას სხვა იღებდა, ან მას მიაწოდეს არასწორი ინფორმაცია არსებულ ვითარებაზე და შეცდომაში შეიყვანეს.
ახლა მან ამ კომენტარით, ფაქტიურად აღიარა სისტემის მხრიდან პროტოკოლის დარღვევა (თუ ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება) და შესაბამისად დანაშაული.
ახლა მთავარი კითხვაა – ვინ მიიღო რეალურად გადაწყვეტილება იმ ღამით სამაშველო ოპერაციის შეწყვეტაზე?
აი, თუნდაც ამიტომ არის აუცილებელი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა."- ვკითხულობთ ექსპერტის პირად გვერდზე.
"ვერტმფრენები ჩამოვიდა დაახლოებით 3 საათში. ვერტმფრენი არც ველოსიპედია და არც მანქანა, რომ დაჯდე და უცებ გავარდე. ამას მომზადება სჭირდება" - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა ონში ჟურნალისტებთან საუბრისას:
"ამინდი იყო ძალიან ცუდი. თითქმის 2 საათი ღრუბლებს უვლიდნენ, რომ შემოფრენილიყვნენ ხეობაში. მაინც ჩამოვიდა ვერტმფრენი, იმუშავეს – კუნძულზე იყო 70 ადამიანი, გამოიყვანეს უსაფრთხო ადგილას. მეორე მხარეს, ფერდობზე ჩვენი პოლიციელები იყვნენ. დაღამდა. იქიდან გამომდინარე, რომ საფრთხე იყო, აღარ გავრისკეთ. მეორე დღეს გამოვიყვანეთ დანარჩენი ადამიანები", – განაცხადა მინისტრმა, რომლის თქმითაც, სტიქიის ზონაში ღამე ვერტმფრენები რისკების გამო არ მუშაობდნენ:
"რაც შეეხება იმას თუ რატომ არ დაფრინავდნენ ვერტმფრენები ღამე – ასჯერ მაქვს ახსნილი. ვინც ერკვევა ავიაციაში, ყველას კარგად ესმის, რომ გვაქვს ჩვენ ღამის ფრენის საშუალებები, შეძენილი გვაქვს, შეგვიძლია ვიფრინოთ. მაგრამ რისკია. ღამე არ არის ისეთი ხედვა. ხეობაა, მთებია, ხეებია. შეიძლება რაღაცას წამოედოს, რაც მოხდა სამწუხაროდ გუდაურში, გამოძიება კიდევ მიმდინარეობს. იქაც გარისკეს პილოტებმა, იმიტომ რომ ადამიანი ცოცხალი იყო და სიცოცხლისთვის იბრძოდა, თუმცა მოხდა უბედურება. შეიძლება იგივე განმეორდეს. როცა ადამიანების უსაფრთხოდ არიან მთაზე, რატომ უნდა გარისკო?" – განაცხადა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ გომელაური შოვში შეხვდა ასევე იმ მამაკაცს, რომელიც ღვრცოფში დღემდე უშედეგოდ დაეძებს თავის მესამე გარდაცვლილ შვილს მისივე თოჯინით ხელში, რომელსაც უთხრა რომ გადამწყვეტ ღამეს ვერტმფრენის გამოყენება გარისკვად არ ღირდა.
ცნობისთვის, მაშველების მიერ ამ დროისთვის სტიქიის ზონაში აღმოჩენილია 24 ცხედარი, სამძებრო სამუშაოები 9 პირთან დაკავშირებით მიმდინარეობს. რაჭაში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა.